რა საჭიროა 100-წლიანი ინდუსტრიული ზონა?

რა საჭიროა 100-წლიანი ინდუსტრიული ზონა?

თავისუფალი ინდუსტრიული ზონების საკითხში სიახლეა.  რადგანაც 25 და 49-წლიანმა თიზ-ებმა ვერ გაამართლა, ახლა 99-წლიანი ზონები იქმნება. ქუთაისის და ფოთის შემდეგ ახალი თიზ-ი ყულევში უნა შეიქმნას. 600 ათასამდე კვადრატულ მეტრზე ახალ ინდუსტრიულ ზონას “სოკარ ჯორჯია ინვესთმენთი” გააშენებს.

სტრატეგიული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ივა დავითაია აცხადებს, რომ ყულევის ინდუსტრიული ზონის მთავარი მიზანი ინვესტორებისთვის სასურველი გარემოს და დამატებით სამუშაო ადგილების შექმნაა.

მისი განცხადებით, “სოკარ ჯორჯიამ” 2013 წილის ბოლომდე ყულევის ინდუსტრიული ზონის განვითარების სტრატეგიული გეგმა ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით უნდა დაამტკიცოს და 2014 წლიდან აამოქმედოს. ახალი ინდუსტრიული ზონა 99 წლის ვადით შეიქმნება. 

“სოკარის” ქართულ წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ ინდუსტრიული ზონის სტატუსის მიღება მათ წარმოების მოცულობიდან გამომდინარე გადაწყვიტეს. მათი თქმით, საუბარია წარმოების სრულ ციკლზე, ამიტომ უკვე არსებულ ინდუსტრიულ ზონაში ვერ შევიდოდნენ.  ამ სპეციფიკიდან გამომდინარე, კომპანია, საქართველოში არსებული ინდუსტრიული ზონებისგან განსხვავებით, სხვა კომპანიებს არ მიიზიდავს. ზონაში წარმოებული პროდუქციის ძირითადი ნაწილი უცხოეთის ბაზრებზე გავა.

ქუთაისის თიზ-ის გარდა დღესდღეობით საქართველოში არც ერთი ინდუსტრიული ზონა არ ფუნქციობს. სადღაც ფოთის პორტის შორიახლოს მოიაზრება ფოთის თიზ-ი, თუმცა მისი მპოვნელი და აღმომჩენი საქართველოში კაცი არ დადის.

ინდუსტრიული ზონის მენეჯმენტის წარმომადგენლის სოსო ნიბლაძის თქმით, მოლაპარაკებები ირანულ მხარესთან იყო, თუმცა ამ დროისთვის ამაზე საუბარი აღარ არის. მისივე განმარტებით, ინდუსტრიული ზონა ღიაა ინვესტორების შემოთავაზებებისთვის, მაგრამ ამ დროისთვის რომელიმე კონკრეტულ ჯგუფთან მოლაპარაკებები არ არის და ზონის განვითარებას არსებული მენეჯმენტი საკუთარი ძალებით ახდენს.

რამდენიმე წლის წინათ იყო საუბარი, რომ ინდუსტრიული ზონები თბილისში (თანაც ორი), რუსთავსა და ხულოში უნდა გაკეთებულიყო. რა თქმა ნუდა ყველა ეს წამოწყება სასტიკად ჩაფლავდა.

ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში კი რაღაცას მართლაც ჩხირკედელაობენ. რამდენიმე დღის წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თიზ-ში ახალი ეგვიპტური კომპანიები “პრეფქიმიკალი” და “კარტობოქსი” შევლენ.  ზონის ოპერატორი კომპანიის, “ჯორჯია ინტერნეიშენალ ჰოლდინგის” გენერალური დირექტორის მიხეილ თიგიშვილის განცხადებით, “პრეფქიმიკალი” საშენი მასალების ქიმიურ კომპონენტის წარმოებას დაიწყებს, ხოლო “კარტობოქსი”  მუყაოს წარმოებით დაკავდება. კომპანიების შემოსვლას კი 2012 წლის ბოლომდე ვარაუდობენ.

ამასთან, როგორც თიგაშვილი “კომერსანტთან” საუბრისას აღნიშნავს, ზონაში უკვე გაიხსნა განათების საშუალებების საწარმო, რომელიც დღის ნათების მრგვალ და მოგრძო ნათურებს აწარმოებს. მას ჩინური ნათურების ფასი აქვს, თუმცა იგი ხარისხით უკეთესია და ერთწლიანი გარანტიით იყიდება.

ექსპერტების აზრით, საქართველოში თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონებმა ვერ გაამართლეს იმედები ვერც ხარისხობრი და ვერც რაოდენობრივი მაჩვენებლებით. ისინი განვითარების დაგეგმილ ფაზებს საგრძნობლად ჩამორჩებიან. ექსპერტ დავით ნარმანიას აზრით, ამის სუბიექტური და ობიექტური მიზეზები არსებობს.

პირველ რიგში, საქართველოს არა აქვს ისეთი საკვანძო გეოპოლიტიკური მდებარეობა, რომელიც განსაკუთრებულად იმოქმედებდა ზონების განვითარებაზე. ინვესტორებისათვის, რომლებიც დიდი მოცულობის ტვირთების შემოტანა-გადამუშავება-გატანით არიან დაკავებულნი, საქართველოს და მთლინად რეგიონს არ მოიაზრებენ ისეთ დიდ ბაზრებად როგორიც სინგაპური და ჰონგ-კონგია, შესაბამისად, ზონებში სერიოზული და დიდი ინვესტიციები არ შედის.

გარდა ამისა, ჩვენთან საკუთრების უფლებების დაცვის კუთხით არამდგრადი ბიზნეს გარემოა შექმნილი. ეს კი ინვესტორებს ყველაზე მეტად აფრთხობს.