ვანო მერაბიშვილი:

ვანო მერაბიშვილი: "ტყეს ნუ უნახავთ შვილებსა!"

 

იმის ნაცვლად, რომ ტყეების «პრივატიზება» და შემდგომ გაჩეხვა საერთოდ შეჩერებულიყო, მთავრობამ ყველაფერი თავის ნებაზე მიუშვა. პრემიერი მერაბიშვილი ტყეების გასხვისებაში ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნის აუცილებლობაზე საუბრობს, ფინანსთა სამინისტრო კი ხე-ტყის მოჭრისთვის საჭირო ნებართვებს ამარტივებს. პრემიერ-მინისტრის ინიციატივას სპეციალისტები მიუღებელს უწოდებენ.

ფინანსთა სამინისტრომ ხე-ტყის რესურსების მოპოვების გადასახადების ახალი კონცეფცია შეიმუშავა. კონცეფციის მიხედვით, მკვეთრად შემცირდება ხე-ტყის კომერციულ და სოციალურ ჭრაზე დაწესებული მოსაკრებელის რაოდენობა და მისი მოცულობა. გარდა ამისა, გამარტივდება ხე-ტყის მოჭრისთვის საჭირო ნებართვების გაცემის პროცედურა.

პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა კი ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის წარმოების ხელისშემშლელი ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნის აუცილებლობაზე.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა მსოფლიოში ბიზნესის დაწყების კუთხით, კვლავ უამრავი დაბრკოლება არსებობს საკანონმდებლო დონეზე, რაც ხელს უშლის ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას.

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრებს დაავალა სამინისტროებში არსებული რეგულაციების შესწავლა და მათი გამარტივება.

ვიდრე ფინანსთან სამინისტრო ხე-ტყის რესურსების მოპოვების გადასახადების ახალი კონცეფციას შეიმუშავებდა, ენერგეტიკის სამინისტრომ ტყეების ეფექტური მართვის მიზნით რეფორმები განახორციელა, სხვადასხვა კანონში უამრავი ცვლილება შევიდა.  თუმცა, სპეციალისტები დღესაც მიიჩნევენ, რომ აღნიშნული რეფორმა ეფექტური ვერ იქნება და სატყეო სექტორში სავალალო მდგომრეობა არ შეიცვლება.

მწვანეთა მოძრაობის თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე აცხადებს, რომ ტყეების გასხვისების პროცესი გამარტივებას კი არა, პროცესის საერთოდ შეწყვეტას საჭიროებს. მისივე ინფორმაციით, მსოფლიოში ისეთი ლიბერალური საბაზრო პოლიტიკის ქვეყნები, როგორებიც არიან საფრანგეთი, გერმანია და ამერიკა, სპეციალურ სატყეო ფონდებს ქმნიან ტყეების სახელმწიფო მფლობელობაში დარჩენის მიზნით.

ჩხობაძის თქმითვე, ამის ფონზე საქართველოს სწრაფვა რაც შეიძლება ნაკლები ბიუროკრატიული საფეხურები არსებობდეს სახელმწიფო ტყეების კერძო საკუთრებაში გადასვლის პროცესში, სრულიად დაუშვებელია.

«პროცედურების გამარტივების შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ კიდევ დამატებით ეროზირებულ მიწას და უწყლობას, რომელიც აგრეთვე პრობლემატური შეიძლება გახდეს. იმ ადამიანებს, ვინც ამ ბიზნესშია ჩართული, ვერაფრით გავაგებინე, რომ ჩვენი ტყე არის დაბალპროდუქტიული. ეს არ არის ციმბრის და ამაზონის ტყეები, რომელთაც ძალიან მაღალი პროდუქტიულობა აქვთ», - აცხადებს ჩხობაძე.

ტყეების კერძო საკუთრებაში გადასვლა ეკონომიკის ყოფილი მინისტრის კახა ბენდუქიძის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინიციატივია იყო. მოგვიანებით, როდესაც ეკონომიკის მინისტრად ლაშა ჟვანია დაინიშნა, მან ტყეების გასხვისების პროცესის გადახედვა გადაწყვიტა. საბოლოოდ, ამ და სხვა ამგვარ ინიცატივებს ლაშა ჟვანიას თანამდებობა შეეწირა კიდეც. იგი ერთადერთი მინისტრი აღმოჩნდა საქართველოს მთავრობაში, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით საჯაროდ «მოხსნეს».