პენსიონერები სადაზღვევო კომპანიებს და სტაციონარებს მიაწყდნენ

პენსიონერები სადაზღვევო კომპანიებს და სტაციონარებს მიაწყდნენ

ახალი სადაზღვევო პაკეტის ამოქმედებისთანავე სადაზღვევო კომპანიებსა და პოლიკლინიკა-სტაციონარებს უამრავი ადამიანი მიაწყდა. უფასო სამედიცინო მომსახურება განსაკუთრებით პენსიონერებისათვის ძალიან მომხიბლავი აღმოჩნდა. სპეციალისტები ეჭვობენ, რომ სადაზღვევოები და მათი ინფრასტრუქტურა ასეთ მოზღვავებას ვერ გაუძლებენ და პროგრამა ჩავარდება.

2012 წლის 1-ლი სექტემბრიდან ჯანმრთელობის დაზღვევის ახალი სახელმწიფო პროგრამის ამოქმედების შემდეგ, სექტემბრიდან ქვეყანაში დაზღვეულთა რაოდენობამ მთლიანობაში 2.4 მილიონს მიაღწია, რამაც 200%-ით გაზარდა სამედიცინო დაწესებულებში მიმართვიანობა. ახალმა სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამამ მიმდინარე წლის სექტემბრიდან ყველა ასაკობრივი პენსიონერისა და 0-5 წლამდე ბავშვის სამედიცინო დაზღვევა მოიცვა.

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განმარტებით, სამედიცინო მომსახურებით დღეში 12 000-ზე მეტი ახალი დაზღვეული სარგებლობს. ამ ინფორმაციას ადასტურებენ სადაზღვევო ბაზრის მსხვილი მოთამაშეებიც. ისინი საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში მიმართვიანობის საგრძნობ მატებაზე საუბრობენ.

კომპანია  “ ალდაგის  “ ინფორმაციით, დაზღვეულთა მატება რეგიონალურ ფილიალებში შესამჩნევია და ყოველდღიურად კლინიკებს 1000-მდე მოქალაქე აკითხავს. მათივე თქმით, დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით გაზრდილია ზარები „ალდაგის“ „ქოლ-ცენტრშიც“.

მიმართვიანობის მატებაზე საუბრობენ სადაზღვევო კომპანია `ჯიპიაი ჰოლდინგშიც~. მენეჯმენტის ცნობით, დაზღვეულთა ნაკადი საშუალოზე მაღალია, თუმცა, კონკრეტულ მაჩვენებლებს ვერ ასახელებენ. 

ექსპერტები სამართლიანად შიშობენ, რომ სადაზღვევო კომპანიები და სტაციონარები ვერც ფინანსურად და ვერც მატერიალურ-ტექნიკური ბაზით ამხელა დატვირთვას ვერ გაუძლებენ. სახელმწიფომ არასწორი გათვლები გააკეთა, ახლა კი პრობლემები არ გამოსწორდება.

„სახელმწიფო დაზღვევის ახალი პროგრამა 10დღის დაწყებულია და სტაციონარებში მიმართვიანობის მაჩვენებელიკი უკვე 200%-ით გაიზარდა, ეს ნიშნავს, რომ სადაზღვევო სექტორი კატასტროფულ ზარალზე მიდის. დაზღვევა მხოლოდ ჯანდაცვის დაზღვევა არ არის და სხვა მიმართულებებიც აქვს. საბოლოოდ, ჩამოიშლებასადაზღვევო ბაზარი და ჩამოშლის პირას დადგება საბანკო სექტორიც. შემდეგ კი სადაზღვევო სისტემის ამოქაჩვას ლამის მთელი ბიუჯეტი დასჭირდება“, - აცხადებს ექსპერტი ლევან ალაფიშვილი.

გამოდის, რომ სადაზღვევო სფეროში პრობლემები ვერაფრით მოგვარდა. 2 სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებას ბაზარზე ვითარება რადიკალურად არ შეუცვლია. საჭიროა ახალი მოდელის შექმნა, რომელიც გარკვეული პერიოდი მაინც შეუფერხებლად იმუშავებს.

ასეთი ინიციატივა ჯერჯერობით მხოლოდ „ქართული ოცნებას“ აქვს. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ეს პოლიტიკური ძალა სადაზღვევო კომპანიებს კონკურენტს შეუქმნის. ივანიშვილის გუნდის ერთ-ერთმა ლიდერის ნოდარ ხადურის თქმით, შეიქმნება სახელმწიფო სადაზღვევო კომპანია, რომელიც სახელმწიფოს მიერ დაზღვეულ მოქალაქეებს მოემსახურება. მისი მიზანი იქნება დაზღვეულებმა მათთვის განკუთვნილი მომსახურება მიიღონ.

ხადურის თქმით, სადაზღვევო სექტორს მოუწევს კონკურენტულ გარემოში მუშაობა. „სახელმწიფო სადაზღვევო კომპანია იქნება არამომგებიანი ორგანიზაცია, რომლის მართვის პრინციპი იქნება ღია, გამჭვირვალე და ფართო ფენების მონაწილეობით“, - აცხადებს ხადური.