გაჭირვებულმა შსს-მ შევარდნაძის ბრძანებულება მოიშველია

გაჭირვებულმა შსს-მ შევარდნაძის ბრძანებულება მოიშველია

for.ge  ითხოვს მოსამართლემ შსს-ს დაავალოს მოგვცეს საჯარო ინფორმაცია, 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე რომელმა სპეცრაზმებმა დაარბიეს მშვიდობიანი აქცია, რა დროსაც: ოთხი ადამიანი დაიღუპა, ასეულობით მძიმედ დაშავდა, ერთმა ადამიანმა ცალი თვალი დაკარგა; აქციის დარბევისას დააკავეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რეზინის ტყვიები დაუშინეს და აპარატურა დაუმტვრიეს ჟურნალისტებს; აქციის მონაწილეები მასობრივად დააკავეს, გარკვეული პირები გაასამართლეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი 13 სექტემბერს 14 საათზე განიხილავს for.ge-ს სარჩელს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ, საჯარო ინფორმაციის დამალვის ფაქტთან დაკავშირებით.

ჩვენ, ვითხოვთ მოსამართლემ შსს-ს დაავალოს მოგვცეს საჯარო ინფორმაცია, 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე, რომელმა სპეცრაზმებმა დაარბიეს მშვიდობიანი აქცია, რა დროსაც:

ოთხი ადამიანი დაიღუპა, ასეულობით მძიმედ დაშავდა, ერთმა ადამიანმა ცალი თვალი დაკარგა; აქციის დარბევისას დააკავეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რეზინის ტყვიები დაუშინეს და აპარატურა დაუმტვრიეს ჟურნალისტებს; აქციის მონაწილეები მასობრივად დააკავეს, გარკვეული პირები გაასამართლეს.

26 მაისის აქციის დარბევის ირგვლივ დიდი საზოგადოებრივი ინტერესი, რომ არსებობს, ეს უდაოა. ამავდროულად, ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვითხოვთ, არის საჯარო, მაგრამ შსს-ს მის გაცემაზე უარს ედუარდ შევარდნაძისდროინდელი ბრძანებულების მოშველიებით (და თან ამ კანონქვემდებარე აქტის არასწორი ინტერპრეტაციით) ამბობს.

ესაა 1997 წლის 21 იანვარს გამოცემული N42-ე ბრძანებულება, რომელსაც ვერასდროს ექნება საქართველოს კონსტიტუციაზე უპირატესი. სხვათა შორის, ბრძანებულება N42-ის მოშველიებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ საიდუმლო გრიფი დაადო თურქეთ-საქართველოს მოლაპარაკების დეტალებს. საგარეოს კვერი დაუკრა ჯერ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნანა დარასელიამ და შემდეგ სააპელაციოს მოსამართლე ქეთევან დუგლაძემ. for.ge საგარეო სამინისტროს წინააღმდეგ უზენაეს სასამართლოს მიმართავს და ამ გზით,შეეცდება, მოიპოვოს საჯარო ინფორმაცია თურქეთ-საქართველოს მოლაპარაკების დეტალებზე. 

საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და 40-ე მუხლების თანახმად, შსს ვალდებული იყო მოეწოდებინა საჯარო ინფორმაცია მარბიელი სპეცრაზმების შესახებ. ამავდროულად, “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყველას, ადმინისტრაციული ორგანოს გარდა, აქვს გამოხატვის თავისუფლება, რაც გულისხმობს, სხვა დანარჩენებს შორის, “ნებისმიერი ფორმის ინფორმაციისა და იდეების მოძიების, მიღების, შექმნის, შენახვის, დამუშავებისა და გავრცელების უფლებას”.

შსს-ს საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელმა პირმა, არასათანადო სამართლებრივი ნორმების მოხმობით შემიზღუდა ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლება.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის ფარგლებში ჟურნალისტები სრულად სარგებლობენ გამოხატვის თავისუფლების გარანტიებით.

შსს-ს თავის შესაგებელში იშველიებს კანონს "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“, მაგრამ ამჯერადაც არასწორ ინტერპრეტაციას ახდენს. ამ კანონში არ მოიძებნება ისეთი მუხლი, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენს მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია არის საიდუმლო. ანუ არსად არ წერია, რომ სპეცდანიშნულების რაზმების სახელწოდებები, უწყებრივი და რეგიონული დანაყოფების იდენტიფიკაციით (რომლებიც მონაწილეობდნენ 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი მიტინგის დაშლაში) არის საიდუმლო.

კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-4-ე პუნქტის თანახმად, ინფორმაციის მიღება და გავრცელება მაშინ იზღუდება, როცა საფრთხე ექმნება: სახელმწიფო უშიშროებას, ტერიტორიულ მთლიანობას, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, დანაშაულის თავიდან აცილებას, სხვათა უფლებების და ღირსების დაცვას და სასამართლოს დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას.

ჩვენს მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია, კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-4-ე პუნქტში ჩამოთვლილ, არც ერთ კრიტერიუმში არ ჯდება.

ვიმედოვნებთ, რომ მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი ჩვენს სასარჩელო მოთხოვნაზე მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას გამოიტანს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საჯარო ინფორმაციის მოსაპოვებლად სამართლებრივ ბრძოლას გავაგრძელებთ.