თხილის მოსავალი დაბალია, ფასი კი - ძალიან დაბალი

თხილის მოსავალი დაბალია, ფასი კი - ძალიან დაბალი

წელს თხილის მოსავალმა არ გაამართლა. დასავლეთ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დეფიციტი შეიმჩნევა. მიუხედავად ამისა, ფასი ჯერჯერობით არ გაზრდილა. ის კი არადა, მოსახლეობა დაბალ ტარიფს აპროტესტებს. დღესდღეობით ზუგდიდში ერთი კილოგრამი თხილი 2 ლარი და 60 თეთრი ღირს. მიუხედავად დაბალი ფასისა, უსახსრობის მიზეზით, მოქალაქეებმა თხილის რეალიზება უკვე დაიწყეს.

სამეგრელოში, წალენჯიხის რაიონში ბევრი ოჯახია, სადაც თხილის მოსავლის რაოდენობა 200-300 კილოგრამამდე შეუმცირდათ.  თხილის სეზონური თვისების გარდა, რომელსაც მას მიაწერენ, მოსავლიანობის კლება ნაადრევად გაჩენილმა მავნებლებმაც განაპირობეს. თხილს ისინი ნაყოფის გამოღებისთანავე გაუჩნდა და დიდი რაოდენობით გაანადგურა.

«იქ, სადაც 800 კილო თხილი იყო, წელს მოვიდა 200 კილო. არ ვიცი, მატლების ბრალია თუ ამინდის... ძალიან ცუდი შემოსავალი გვაქვს. ფასის გაზრდას არ ველოდები, უკვე ჩავაბარე თხილი», - ამბობს სოფელ ინგირში მცხოვრები ვენერა კვარაცხელია.

«შარშანდელთან შედარებით, წელს თხილის მოსავალი ძალიან დაბალია. ფასიც მეტი რომ იყოს, უკეთესია. ზუგდიდში 2 ლარი და 60 თეთრია. მე სოფელ კახათში ვცხოვრობ და იქ თხილის ფასი 5 თეთრით მეტია, ალბათ, ხალხი რომ მიიზიდონ, იმიტომ. ამბობენ, თხილის ფასი გაიზრდება, რადგან წელს ძალიან ცოტა არისო. ხალხს უჭირს და მაინც აბარებენ უკვე. რა ქნან, რადგან სოფელში ეს არის შემოსავალი», - ამბობს სოფელ კახათის მკვიდრი ნარგიზა ნაჭყებია. 

ანალოგიური პრობლემა გურიაშიც. «ძველი მარაგი ამოიწურა, არავის შემორჩა და მთლიანად ახალ მოსავალზე ვართ დამოკიდებული.  შარშან ბლომად იყო, მაგრამ იაფი ღირდა და დიდად ვერ ვისარგებლეთ. როცა ვფიქრობთ, რომ ეს ეს არის, ამოვისუნთქებთ, პრობლემაც მაშინ ჩნდება. ვშრომობთ, მაგრამ ჩვენი ცხოვრება არ იცვლება.

კარგი იქნება, რომ ბაზრები გაიხსნას და ადამიანებს მოსავლის გატანის შესაძლებლობა ჰქონდეთ. რუსულ ბაზარს ვგულისხმობ, სადაც ადრე ქართული თხილი აქტიურად გადიოდა.  ნებისმიერი ოჯახი ამას დამოუკიდებლად ახერხებდა. ახლა ევროპულ ბაზარზე გააქვთ, მაგრამ ამის შესაძლებლობას რიგითი ადამიანები მოკლებული ვართ. ჩვენ ეს არ შეგვიძლია და ადგილზე მინიმალურ ფასად ვყიდით», - ვერ ფარავს უკმაყოფილებას მიშა ვასაძე, ლანჩხუთელი გლეხი.

თხილის ფასი ოკუპირებულ აფხაზეთში უფრო ნაკლებია, ვიდრე ზუგდიდში. რადიო «თავისუფლებას» ოკუპირებული გალის რაიონის სოფლებში მიმავალმა მგზავრებმა ზუგდიდში უთხრეს, რომ გალში 1 კილოგრამი თხილის ფასი 40 თეთრით ნაკლებია, ვიდრე ზუგდიდში.  მგზავრების თქმით, მიუხედავად დიდი სურვილისა, ზუგდიდში თხილის გადმოტანას ვერ ახერხებენ, რადგან ე.წ. საზღვრებზე ტვირთის გადასახადი მაღალია, თუმცა, მათივე თქმით, არსებობს გამონაკლისი: იმ მგზავრებს, ვისაც ე.წ. საზღვარზე ნაცნობები ჰყავს, შესაძლოა თხილი გვიან ღამით ჩუმად გადმოატანინონ.

«უფლება არ გვაქვს, რომ გადმოვიტანოთ. თუ ცოტა გადმოვიტენეთ, ბევრი ფული უნდა გადავიხადოთ. ჩვენ ამდენი არ გვაქვს. საზღვართან აფხაზები დგანან და ერთ ტომარა თხილზე, საშუალოდ, 200 რუსულ რუბლს გვახდევინებენ - ისიც, თუ იკმარეს.  იქ ბაზარში აფხაზები არიან და ისინი იბარებენ. თუ სახლში დაიბარებ, მოვლენ და წაიღებენ, მაგრამ აქაურ და იქაურ ფასს ერთმანეთს ვერ შეადარებ», - ამბობს ოკუპირებული სოფელ ოქუმის მკვიდრი.

ვინც აფხაზების ნდობის მოპოვება მეტ-ნაკლებად შეძლო, მათი დახმარებით თხილის შესყიდვასაც ახერხებს. როგორც უკვე ვთქვით, ადგილზე ღირებულება ზუგდიდის სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ფასზე ნაკლებია. აქ შეძენილი მარაგი გააქვთ ზუგდიდში,  თუ გაუმართლათ და «მშვიდობით დაბრუნდნენ», 1 კილოგრამზე მოგების 20 თეთრს ე.წ. «კრიშასთან» ინაწილებენ. უმეტესწილად ასე ხვდება გალის თხილი ზუგდიდის ბაზარზე.

ზუგდიდში თხილის ერთ-ერთი მიმღები პუნქტის თანამშრომელი, მანანა უბილავა, ამბობს, რომ ადგილობრივებთან ერთად მასთან პროდუქტს ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებნიც აბარებენ. მისი თქმით, იანვრამდე თხილის ფასი გაიზრდება:

«ახლა ვინც თხილს აბარებს, მართლა უჭირს ეკონომიურად.  ყველამ იცის, რომ იანვრამდე თხილის ფასი გაიზრდება. რომ ჰქონდეთ ფული, დაელოდებოდნენ იანვარს», - განმარტავს მანანა უბილავა.

მოსახლეობის შეფასებითაც, სეზონის ბოლოს 1 კილოგრამი თხილის ღირებულება 5 ლარს გადააჭარბებს. თუმცა, გაზრდილი ფასი ოჯახებისთვის დიდ შვებას არ წარმოადგენს, რადგან დეფიციტი ძალიან დიდია და რა ფასადაც არ უნდა გაიყიდოს, მოგება მაინც მინიმუმ ექნებათ.