მაროშკინა გაათავისუფლეს, ეროვნული უნივერსიტეტი თავისუფალია!!!

მაროშკინა გაათავისუფლეს, ეროვნული უნივერსიტეტი თავისუფალია!!!

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა ქვეყნის დატოვებით იმუქრება. კერძოდ, მისი თქმით, თუკი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა“ გაიმარჯვებს, მას ქვეყანაში აღარ დაედგომება და იძულებული იქნება ევროპას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვოს. მოროშკინა აცხადებს, რომ მის მიმართ ხელისუფლების მხრიდან დევნა ხორციელდება და სწორედ ამას უკავშირებს მისი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტიდან განთავისუფლებას, სადაც ჟურნალისტი ლექციებს კითხულობდა. მოროშკინას თქმით, ყველაფერი მის მიერ დაწერილ წინგს „გისოსებს მიღმა საქართველოა“ და „ქართულ ოცნებასთან“ მის მჭიდრო ურთიერთობებს უკავშირდება, რის გამოც მოროშკინა ხელისუფლებისთვის პერსონა ნონ-გრატად იქცა.

ლალი მოროშკინა: „მე არ მეძლევა საშუალება, რომ ვიცხოვრო იმ ქვეყანაში, სადაც დავიბადე და გავიზრდე, აღარ მაქვს სამუშაო, რადგან უნივერსიტეტებში აიკრძალა ჩემი მიღება და პერსონა ნონ-გრატად გამომაცხადეს. მე ორი რამ ვიცი - წიგნების წერა და პედაგოგიური მოღვაწეობა და თუკი ამის კეთების საშუალება აღარ მექნება, სხვა გამოსავალი აღარ მრჩება და იძულებული ვიქნები, პოლიტიკური თავშესაფარი ვითხოვო. ხაზს ვუსვამ იმ გარემოებას, რომ მამა ეთნიკურად რუსი მყავს, ჩვენ სოჩიდან, ანუ პრაქტიკულად რუსეთიდან ვართ წარმოშობით, მაგრამ მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ქართულ საზოგადოებაში სრული ინტეგრაცია მომეხდინა. ამისთვის ქართულიც ვისწავლე, საქართველოს ორი ბიჭი გავუჩინე და ვფიქრობ, რომ ამ ქვეყნისთვის საკმაოდ ბევრი ვიღვაწე. ხოლო თუ ამ ქვეყანას აღარ ვჭირდები, უბრალოდ მართლა აღარ ვიცი, სხვა რა შეიძლება გავაკეთო, გარდა იმისა, რომ პოლიტიკური თავშესაფარი ვითხოვო. თუმცა აქვე აღვნიშნავ, ეჭვი მაქვს, აქ ჩემს ქვეყანაზე კი არ არის საუბარი, არამედ „ნაცმოძრაობის“ იმ ფრთაზე, რომელიც ჩემს მიმართ ასეთი აგრესიით გამოირჩევა.

თქვენი პროტესტი იმან გამოიწვია, რომ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტიდან გამოგიშვეს?

- იცით, მე უკვე მეორედ გამომიშვეს იქიდან. პირველად გამომიშვეს 2004 წელს, როდესაც მთელი პროფესურა გამოუშვეს. მინდა გითხრათ, მადლობელი ვარ მათი, რომ ვანო კიღურაძესთან ერთად ვტოვებდი ჯავახიშვილის უნივერსიტეტს და ჩემთვის მხოლოდ საამაყოა, რომ სააკაშვილის „ჩარეცხილებში“ ამ ოქროს პროფესურასთან ერთად მეც მოვხვდი. შემდეგ იყო უძრაობის გარკვეული პერიოდი, ხოლო 2008 წელს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში დავიწყე მუშაობა. როგორც ჩანს ხელისუფლების გაღიზიანება გამოიწვია ჩემმა წიგნება, განსაკუთრებით ბოლო წიგნმა, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემაში შექმნილ უმძიმეს მდგომარეობას ასახავს, ასევე „ქართულ ოცნებასთან“ ჩემმა მჭიდრო ურთიერთობებმა, რადგან მე ვარ მამუკა არეშიძის მეგობარი, მას ეთნიკურ უმცირესობების საკითხებზე მუშაობაში ვეხმარებოდი, ასევე ალბათ ჩემმა ხშირმა ინტერვიუებმა ტელეკომპანიების „კავკასია“ და „მაესტრო“ ეთერში. ამასთანავე, შალვა რამიშვილის დილის გადაცემაში „ქართული ოცნების“ მიმართ ჩემი მხარდაჭერა ღიად დავაფიქსირე და ბოლო წვეთი კი ალბათ ოთხი დღის წინ ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ ოფისში ჩემი სტუმრობა გახდა. როგორც ჩანს, ამ ყველაფერმა ერთად ხელისუფლების მხრიდან ასეთი აგრესიული რეაქცია გამოიწვია.

როდის გაგანთავისუფლეს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტიდან?

- 10 სექტემბერს, როდესაც მივედი, რომ გამეგო რომელ აუდიტორიაში მაქვს ლექციები, რამდენი საათი და ა.შ. რექტორმა გამომიცხადა, რომ ამ უნივერსიტეტში ვეღარ ვიმუშავებ.

რით ახსნეს მათ თქვენი სამსახურიდან დათხოვნა?

- ოფიციალური ვერსია არ არსებობს, უბრალოდ რექტორატს შეუძლია ხელშეკრულება აღარ გაგიგრძელოს და მათ ოფიციალური ვერსიაც ეს არის, მაგრამ პირისპირ საუბარში რექტორმა მითხრა, რომ თუ ის უნივერსიტეტში დამტოვებდა, მას ამ ბიზნესთან დამშვიდობება მოუწევდა. უნივერსიტეტი კი, მოგეხსენებათ, ძალიან სერიოზული ბიზნესია. მესმის, რომ ამ ადამიანმა ამ ბიზნესში ძალიან დიდი ძალისხმევა ჩადო, რომ ძალიან ბევრი იღვაწა, მაგრამ ვერაფრით გავიგებ, რატომ შემოუშვა უნივერსიტეტში ასეთი დიდი ოდენობით ზონდერები, მათ შორის ქალი ზონდერები.

სწორედ ასეთი ქალბატონი ჰყავთ იქ, ლიკა ლომაია, რომელიც ხარისხის მართვის სამსახურს ხელმძღვანელობს. როდესაც მე დამიჭირეს, 15 დღე მოდულის შენობაში ვიყავი, მთელი საქართველო ფეხზე იდგა და ნამდვილად სერიოზულ მხარდაჭერას ვგრძნობდი ყველასგან, ეს ქალბატონი მაშინ დიმიტრი შაშკინისგან ჩემს სამსახურიდან დათხოვნას და ჩემს წინააღმდეგ სანქციების მიღებას ითხოვდა. სხვათაშორის მაშინ შაშკინი ამაზე არ წავიდა და უპასუხა ქალბატონ ლომაიას, რომ ამის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. ამის წყალობით ეს ექვსი თვე რაღაცნაირად ამიტანეს, მაგრამ წელს, ვინაიდან ოქტომბერში არჩევნებია, ეტყობა ფიქრობენ, რომ შეიძლება მე სტუდენტებთან რაღაც პოლიტიკურ თემებზე ვისაუბრო. თუმცა ხაზგასმით ვამბობ, არასოდეს სტუდენტებთან პოლიტიკაზე არ მისაუბრია. უნივერსიტეტში მხოლოდ ჩემს პროფესიულ საქმიანობას ვასრულებდი, ვასწავლიდი სტუდენტებს და მათთან ჩემს პოლიტიკურ სიმბათიებსა თუ ანტიპათიებზე არასოდეს ვლაპარაკობდი.

თქვენ ამბობთ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ მჭიდრო ურთიერთობა გაქვთ, რას ნიშნავს ეს?

- მე არ ვარ ამ კოალიციის წევრი, რადგან ყოველთვის ვთვლიდი, რომ არ იყო საჭირო ჩემი რომელიმე პოლიტიკურ გუნდთან ასოცირება. არასოდეს ვყოფილვარ რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი, რადგან ჩემი პირადი თავისუფლება ყველაზე ძვირად მიღირს, ვიდრე რომელიმე პარტიულ ბოსებთან ჩემი საქციელის შეთანხმება. თუმცა ზემოთაც გითხარით, რომ მაქვს კოორდინაცია მამუკა არეშიძესთან, ასევე „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ფრთასთან. ამასთანავე, გახსოვთ ალბათ, პრესაში იყო ჩემი განცხადება, რომ მზად ვარ ზუგდიდში ჩავიდე და ქალბატონებს მოვუწოდებდი, მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტიკური მრწამსი აქვთ, ახლა მთავარია სისხლი არ დაიღვაროს და რაღაც ბუფერული ზონა გაგვეკეთებინა. როგორც ჩანს, ამ ყველაფერმა ხელისუფლება ძალიან გააღიზიანა. ბოლო წიგნი კი რა თქმა უნდა, თავისთავად გამაღიზიანებელი ფაქტორი იქნებოდა მათთვის, რადგან ეს წიგნი ციხეებში აკრძალულია და ზოგადად მათთვის სერიოზული დარტყმა იყო.

წინასაარჩევნო პერიოდში მოწმე ვართ ძალიან სერიოზული დარღვევებისა, თუმცა ოპოზიცია აცხადებს, რომ ვითარება შეცვლილია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულებაც ჩვენი ქვეყნის მიმართ რადიკალურად შეცვალა. თქვენ თუ ხედავთ ქვეყანაში რეალური პოლიტიკური ცვლილებების შესაძლებლობას?

- მე გეტყვით ჩემს აზრს, მე დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნები გაყალბდება. საერთოდ ინფორმაციის გადამოწმების გარეშე საუბარი არ მიყვარს. ამიტომ მოვიარე სამეგრელო, იმერეთი და ზუსტად ვიცი, რა განწყობაა იქ და როგორ მუშაობენ ხალხზე. გაყალბება უკვე დაწყებულია და ზუგდიდში ბოლო პერიოდში თუ ვინმე ყოფილა, იქ ნამდვილი ტეხასია. რაღაც ამერიკულ თრილერში მეგონა თავი, რადგან როგორც კი ჩავედი, მომენტალურად ამედევნა ორი ავტომანქანა ერთნაირი ნომრებით - 777 და მაშინვე მივხვდი, რომ როგორც კი სამეგრელოში ადამიანი ჩადის ასე ვთქვათ, ახალაიებთან შეუთანხმებლად, იგი მაშინვე გამადიდებელი შუშით დაკვირვების ქვეშ ხვდება.

ამდენად, გაყალბება დაწყებულია და ეს პროცესი გაგრძელდება. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ ვერ მიიღებს ხმების სასურველ ოდენობას სწორედ იმიტომ, რომ გაყალბება ძალიან დიდი მასშტაბებით მოხდება. ძალიან ვშიშობ, რომ ბატონი ივანიშვილი მეორე ადგილს დათანხმდება. თუ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო და თუ არ გავაპროტესტეთ და ჩვენი ხმები არ დავიცავით, ეს იმას ნიშნავს, რომ „ნაცმოძრაობა“ კვლავ უმრავლესობით მოვა, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ფსევდო-ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მათთან ერთად შევლენ პარლამენტში, იგივე ნაციონალური ხმებია. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ გაგრძელდება ჩვენი შვილების, ძმების, მეგობრების ციხეებში ჩალპობა, არ მოიხსნება სასჯელთა შეკრებითობის პრინციპი, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებამ ჩვენს ახალგაზრდებს ფაქტობრივად გენოციდი მოუწყო. ამასთანავე, ჩვენ ვერ დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს, გაგრძელდება რეპრესიები და პირდაპირ 37 წელში გადავალთ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მართალია საქართველო ჩემი ისტორიული სამშობლო არ არის, მაგრამ ეს ქვეყანა უზომოდ მიყვარს და ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი ვერ წარმომედგინა, რომ შეიძლებოდა იგი დამეტოვებინა, მაგრამ ეს ქვეყანა სხვა გამოსავალას არ მიტოვებს. მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ მე არ ვფიქრობ ასე, იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილი მეორე ადგილს დასთახმდება, საქართველო ემიგრაციის ძალიან დიდ ტალღას მიიღებს.

თქვენ ტოტალურ გაყალბებაზე საუბრობთ, მაგრამ უკანასკნელ პერიოდში საერთაშორისო საზოგადოება აშკარად დიდ ინტერესს იჩენს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მიმართ და ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების შანსი აღარ ექნება. არ ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

- მოდით ასე გეტყვით: ღმერთმა ქნას, რომ ასე იყოს, მაგრამ არავინ იცის, გოგორიშვილი გიგი წერეთელთან და დანარჩენებთან ერთად, რა მეთოდებს მიმართავენ არჩევნების გასაყალბებლად, მთელი სახელმწიფო მანქანა ამაზე მუშაობს. ევროპელი დამკვირვებლისთვის კი ძალიან რთულია იმ მაქინაციების ამოხსნა, რასაც ეს ჯგუფი მიმართავს. სწორედ ამიტომ ვსაუბრობ გაყალბებაზე, თორემ „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ ძალიან ცოტა მხარდამჭერი ჰყავს, ეს ცხადია. აქ საუბარია იმ მაქინაციებზე, რომლებსაც ისინი მიმართავენ, მაგალითად პატიმრების ოჯახებზე, რომლებიც ვითომ რაღაც მოლაპარაკებებში არიან ხელისუფლებასთან, რომ საპატიმრო წლებს მიცემულ ხმებზე გაუცვლიან. რა თქმა უნდა, ეს ისეთივე ფარსი იქნება, როგორც წინა არჩევნებზე იყო.

მოსახლეობაზე ზეწოლის საილუსტრაციოდ ერთ ფაქტს მოგიყვანთ. შარშან ჩვენი უნივერსიტეტიდან გაათავისუფლეს ლექტორები, რომლებიც სტუდენტებში სერიოზული ავტორიტეტით სარგებლობდნენ. წელს, როდესაც მე გამომიშვეს და ვთქვი, რომ ამ თემაზე პრეს-კონფერენციის ჩატარებას ვაპირებდი და ამაში მათაც შევთავაზე მონაწილეობის მიღება, ამ ადამიანებმა მითხრეს, რომ შვილებით დააშინეს. ამდენად, რეალურად ეს შიში არსებობს. ამასთანავე, წეღან გითხარით, რომ მამუკა არეშიძესთან ერთად ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე ვმუშაობდი და ხომ ყველამ კარგად ვიცით, რომ ის რეგიონები, რომლებიც ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად არის დასახლებული, როგორც წესი, სახელისუფლებო პარტიას აძლევენ ხმას. ეს ძალიან დიდი ოდენობით ხმებია, რადგან ჩვენს ქვეყანაში მილიონზე მეტი არაქართველი ცხოვრობს. ამ ჯგუფებთან უფრო ადრე უნდა დაწყებულიყო მუშაობა, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლო თვეს გაგვახსენდა ეს ადამიანები. მე თავად წარმოვადგენ ეთნიკურ უმცირესობას და ძალიან კარგად ვიცი, როგორი შეურაცხმყოფელია, როდესაც მხოლოდ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ახსენდები.“