კეზერაშვილი „მაესტროს“ ანტენებს დაარიგებს

კეზერაშვილი „მაესტროს“ ანტენებს დაარიგებს

ხელისუფლება „ეს შენ გეხებას“ ფარგლებში გაერთიანებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან კიდევ ერთ დათმობაზე წავიდა. „მაესტროს“ ანტენებს ყადაღა მოეხსნა და ახლა მის მოსახლეობამდე მიტანაზეა მსჯელობა. სამოქალაქო კამპანიის ხელისუფლებისადმი მიმართვაში ხაზგასმული, იყო რომ აგვისტოდან ამ პრინციპების ამოქმედებამ „მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მრავალფეროვან ინფორმაციაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, თუმცა, ინფორმაციის მიღება მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილისთვის კვლავ შეზღუდულია“. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხელისუფლებას  „გლობალ–ტვ“–სა და „მაესტროს“  კუთვნილ, დაყადაღებულ ანტენებზე ყადაღის მოხსნისკენ მოუწოდეს.

 „ეს შენ გეხებამ“ ხელისუფლებას სატელიტური ანტენების გავრცელების შესაძლებლობა და Must Carry–ის და Must offer–ის მოქმედება ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამდე გააგრძელებაც მოსთხოვა.

ხელისუფლებამ 7 სექტემბერს გამოქვეყნებულ მიმართვაზე რეაგირება უკვე მოახდინა და ტელეკომპანია „მაესტროს“ ანტენები გაათავისუფლა. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებით ტელეკომპანია „მაესტროს“ სატელიტურ ანტენებს ყადაღა მოეხსნა.
ხელისუფლება „მაესტროს“ სატელიტური ანტენების დარიგებას გარკვეული პირობებით დათანხმდა და უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებით, ანტენები „საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით დარიგდება.
როგორც გაზეთ „რეზონანსის“ მთავარმა რედაქტორმა, ლაშა ტუღუშმა განაცხადა, ეს წინადადება უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელმა, უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერია კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წარმომადგენლებს გააცნო.

როგორც ლაშა ტუღუშმა განმარტა, ანტენებს დაარიგებს „საქართველოს ფოსტა“ და ეს მოხდება „მაესტროს“ სახელით. მისივე განმარტებით, „მაესტრომ“ უნდა დადოს შეთანხმება „საქართველოს ფოსტასთან“. დარიგებასა და უშუალოდ დამონტაჟებასაც განახორციელებს „საქართველოს ფოსტა“.
როგორც ტუღუშმა განაცხადა, არ არის გამორიცხული, რომ შეთანხმება შედგეს.
„ბოკერიამ გადმოდგა ნაბიჯი ჩვენს მოთხოვნებთან დაკავშირებით და ეს სქემა არის ის, რომელზეც, ჩემი აზრით, შესაძლებელია დისკუსიის დაწყება“, - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

საუბარია ტელეკომპანია „მაესტროს“ 30 ათას ანტენასა  და 15 ათას რესივერზე, რომლებიც საქართველოს პროკურატურამ დააყადაღა.

როგორც მაესტროს გენერალური დირექტორი ილია კიკაბიძე აცხადებს, ეს ინფორმაცია ლაშა ტუღუშისგან შეიტყო. „ძალიან ბევრი დეტალია გასავლელი, იქამდე, ვიდრე ჩვენს პოზიციას საბოლოოდ ჩამოვაყალიბებთ, „საქართველოს ფოსტამ“ რომ მიიტანოს ანტენები და მარტო დატოვოს, ასეც არ არის საქმე, ამ თეფშებს დამონტაჟებაც სჭირდება. რაკი ანტენების დაყენების საშუალება არ მოგვცეს, ეს ჯგუფები, რომლებსაც უნდა დაემონტაჟებინა ანტენები, დავითხოვე. როგორ შეიძლება მოხდეს მათი დამონტაჟება, ხარჯები და ვადები ეს ყველაფერი გასაანალიზებელია“ – აცხადებს ილია კიკაბიძე.

მისივე განმარტებით, ასევე საგულისხმოა, როგორი იქნება შერჩევის პრინციპი.

„რომ არ იყოს სპეკულირება სად დადგება ეს ანტენები და ა.შ. საუბარია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახები შეირჩეს შემთხვევითი შერჩევის წესით, მაგრამ არის რეგიონები, სადაც უფრო მეტი მოთხოვნაა თეფშებზე, არის რეგიონები, სადაც საკაბელო მაუწყებლებია, ეს ყველაფერი დასალაგებელია და მოსაფიქრებელი.

თავიანი ინიციატივაა, რომ „საქართველოს ფოსტამ“ დაარიგოს და ტყუილ ხარჯს ეწევიან, რადგან ეს ინფრასტრუქტურა მე უკვე აწყობილი მქონდა და „საქართველოს ფოსტა“ დაარიგებს ჩემი სახელით თუ მე თვითონ დავარიგებ და ისინი მონიტორინგს გასწევენ, ამაზეა საუბარი“, - აცხადებს ილია კიკაბიძე.

მისივე განმარტებით, „ვინაიდან ვიცით, საქართველოს ფოსტა რა ორგანიზაციაცაა, რომ არ მოხდეს ამ ანტენების „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების ოჯახებისთვის დარიგება და ა.შ“.

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ ნაციონალური მზაკვრობის კიდევ ერთი გამოვლინებაა ასეთი გადაწყვეტილება.

„პასუხისმგებლობა შედეგზე უნდა აიღოს ბატონმა გიგა ბოკერიამ. რაც კი ჩაბარებია ბატონ კეზერაშვილს, დაწყებული საგადასახადო ინსპექციიდან, დამთავრებული თავდაცვის სამინისტროთი, როგორ დამთავრდა ის საქმეები, კარგად გვახსოვს. ჯერ ერთი, ამ ჩვენს ხელისუფლებას რომელსაც სურს, რომ იყოს კერძო ბიზნესის მფარველი, რა ესაქმება „მაესტროს“ ანტენებთან და რატომ გადასცემს მას სხვა კერძო მეწარმეს? მხოლოდ იმიტომ, რომ იქ არის კეზერაშვილი? აბა დანიშნონ მაშინ „საქართველოს ფოსტის“ თავმჯდომარედ მამუკა ღლონტი და თუ მოუვა მაშინ ვინმეს თავში, რომ „მაესტროს“ ანტენები „საქართველოს ფოსტას“ გადასცენ. ამიტომ ეს ნაბიჯი გათვლილია „არიფებისთვის“, ვინც არ იცის, სინამდვილეში რა ხდება ამ ქვეყანაში, ძალიან მიამიტი უცხოელი დამკვირვებლების კვალის ასარევად, რომ აი, აღარ არის დაყადაღებული ეს თეფშები და შემხვედრ ნაბიჯებზე წავიდა ხელისუფლება“, - აცხადებს სოსო ცისკარისვილი.

შეგახსენებთ, რომ შარშან საკმაოდ უცნაური გარიგება დაიდო „საქართველოს ფოსტისა“ და „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ უცნაური შერწყმა მოხდა - სახელმწიფომ კერძო (დავით კეზერაშვილის) მფლობელობაში არსებული „საქართველოს ლატარიის კომპანია“ სრულიად უცნაურ ვითარებაში გადაიფორმა. მოკლედ, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ამჟამად ბიზნესმენ დავით კეზერაშვილის ბიზნესი სახელმწიფომ იმ მოტივით წაიღო, რომ ამ გზით, „საქართველოს ფოსტის“ რენტაბელურობის ზრდა მომხდარიყო. ეს სრულიად გაურკვეველი გარიგება ერთადერთი კუთხით არის გასაგები - „საქართველოს ფოსტაც“ კეზერაშვილის ინტერესის სფეროში მოხვდა და დიდი ალბათობით „საქართველოს ფოსტაც“ უკვე კეზერაშვილის მონოპოლიური სქემის ნაწილია.

ცნობილია, რომ კეზერაშვილი ქართული ბიზნესის რამდენიმე სერიოზულ სეგმენტს მთლიანად აკონტროლებს. საუბარია, რეკლამისა და გარერეკლამის განთავსების ექსკლუზიურ ფლობაზე. დავით კეზერაშვილის ცოლის ძმა და მისი ნდობით აღჭურვილი პირი, დიმიტრი ჩიქოვანი ფლობს კომპანია „ბლექ სტაილ მენეჯმენტს“, რომელიც სრულად აკონტროლებს სარეკლამო ბაზარს ქვეყანაში. დავით კეზერაშვილი აკონტროლებს სიტუაციას ქართული საწვავის ბაზარზეც და ა.შ.

„საქართველოს ფოსტა“ ქართულ საფოსტო ბაზარზე მთავარი საფოსტო ოპერატორია. ის ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და ფლობს დაახლოებით 87 000 კვ.მ. მიწას და შენობებს საერთო ფართით 100 000 კვ.მ.

რატომ უნდა დაარიგოს ანტენები „საქართველოს ფოსტამ“ ისეთივე გაუგებარია, როგორც საერთოდ, ამ უწყების კეზერაშვილის ხელში გადასვლა.  

სოსო ცისკარიშვილი ვაუდობს: „ეს იქნება ახალი მიზეზი მოსახლეობის დატერორების, სიების შედგენის, ვინ არის მსურველი ამ თეფშების დაყენების და მოხდება კიდევ უფრო მეტი სეგრეგაცია მოსახლეობის იმ ნაწილისა, რომლის მიმართაც უფრო მკაფიო გახდება ხელისუფლების გონივრული ეჭვი, რომ ისინი არ მისცემენ მმართველ პარტიას ხმას არჩევნებზე. ანუ ნაცვლად ინფორმაციის მიღებისა, ანტენები გლეხებისთვის აღმოჩნდა პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტი. რა თქმა უნდა, მიუღებელია, მაგრამ „ყვავს კაკალი რომ გააგდებინო, ესეც საქმეაო“.

კი ბატონო, ვნახოთ, რა მოხდება მაგრამ გადავღლით ჩვენს უცხოელ დამკვირვებლებს რადგან ყოველდღიურად რამდენიმე ათეული დარღვევის შესახებ, ახლა კეზერაშვილს უნდა უჩივლოს არასამთავრობო სექტორმა – სად წაიღო თეფში, რატომ არ არის დაკმაყოფილებული ამა თუ იმ პირის მოთხოვნა და ა.შ. სამ კვირაზე ნაკლებია დარჩენილი არჩევნებამდე და ამ თემის ამ ფორმით გაჟღერება სირცხვილია თანაც იმ დონის პოლიტიკოსისთვის, როგორიც გიგა ბოკერია გახლავთ, რომელსაც იმედი მაქვს, თავმოყვარეობა ბოლომდე არ დაუკარგავს.

რატომღაც ჩათვალა, რომ ეს უწყებათაშორისი კომისიის საქმეა და თუ ბიზნეს–საკითხებსაც წყვეტდა ბატონი ბოკერია, სიმართლე გითხრათ, არ ვიცოდი. კეზერაშვილის ახლობელი რომაა, კი ბატონო, იახლობლოს, ოღონდ ღლონტის კაპიტალსაც კეზერაშვილს ნუ გადააბარებს“.

ხელისუფლების გადაწყვეტილება ეჭვებს ბადებს, რადგან არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ მოიძებნება მაგალითი, რომ ოდესმე ქვეყნის ხელისუფლებას საკუთარი საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიღება აეკრძალოს და სატელიტური ანტენები დაეპატიმრებინოს.

„რამდენიმე ადგილი ვიცი სოფლებში, სადაც თავის დროზე თეფშები შეიტანეს, კერძო პირების სახლებშია დალუქულ-დაყადაღებული და გლეხებს არა თუ ანტენით, არამედ იმ ფართით სარგებლობის უფლებაც არ აქვთ, სადაც ეს ანტენებია განთავსებული. ახლა კეზერაშვილის ფოსტალიონები რომ დაიწყებენ ამის დარიგებას მერე ნახეთ, რა მოხდება“, - ამბობს ცისკარიშვილი.

ჟურნალისტი ია ანთაძე თვლის, რომ ამ ეტაპზე ეს საკითხი მიზანშეწონილობის პრინციპით უნდა განვიხილოთ.

„არ ვიცი „მედია–ადვოკატირების კოალიცია“ რა პოზიციაზეა ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ როგორც ვიცი, თავიდან ასეთი პოზიცია იყო, რომ ოღონდ კი მივიდეს თეფშები ადრესატამდე და არ აქვს, მნიშვნელობა, ვინ მიიტანს, რადგან მთავარია კონტენტი, ანუ რა შინაარსს მიიღებენ ამ ანტენებით და რამდენად იქნება პლურალისტური გარემო და რამდენად ექნება ადამიანს საშუალება, რომ სხვადასხვა მხრიდან მიიღოს ინფორმაცია.

„საქართველოს ფოსტა“ მართალია ამ ანტენებთან არაფერ შუაში არ არის, მაგრამ ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, გაჯიბრებას არ დავიწყებდი და ვიტყოდი, რომ დაე, დაარიგოს „საქართველოს ფოსტამ“, ოღონდაც ადამიანებს საშუალება ჰქონდეთ, მიიღონ ალტერნატიული ინფორმაცია. სწორედ იმაზეა საუბარი, რომ პოლიტიკური ნიშნით არ უნდა დარიგდეს ეს ანტენები არც ერთ მხარეს“, - აცხადებს ია ანთაძე.

მისივე შეფასებით, მონიტორინგი რასაკვირველია, დასჭირდება ანტენების დარიგების პროცესს, მაგრამ საბოლოოდ შინაარსი მაინც ერთი და იგივეა, ვინც არ უნდა დაარიგოს, ადამიანი ჩართავს ტელევიზორს და რომელი არხიდანაც უნდა იქიდან მიიღებს ინფორმაციას.