რას სთხოვდა ივანიშვილს ხელისუფლება და რა დოკუმენტებს მალავენ საკრებულოში

რას სთხოვდა ივანიშვილს ხელისუფლება და რა დოკუმენტებს მალავენ საკრებულოში

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე, "გურია ნიუსთან" საუბრისას ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ავთანდილ მექვაბიშვილი ღიად საუბრობდა იმ პროექტებზე, რასაც ივანიშვილის დაფინანსებული საქველმოქმედო ორგანიზაცია "ატუ" ოზურგეთში ახორციელებდა.

დღეს, მექვაბიშვილს ამ თემაზე საუბარი არ სურს. ჩვენს მოკლე კითხვაზე, რა პროექტები აქვს ივანიშვილს კომპანიას გაკეთებული ოზურგეთში, ასე გვპასუხობს:

_ ბოდიშს გიხდით, მიღებაზე ვარ და არ მცალია.

_ ბავშვების ხმა გვესმის და მიღებაზე როგორ ხართ?

_ ხალხი მიღებაზე ბავშვებთან ერთად მოდის. საშუალება არ აქვთ, რომ სხვას დაუტოვონ.

_ ავტომანქანის ხმაც ისმის ბატონო ავთო და ისიც ვიცით, რომ ამ წუთებში მიღებაზე არ ხართ. იქნებ, მოკლედ მიპასუხოთ, გაუკეთებია თუ არა რაიმე სასიკეთო საქმე ბიძინა ივანიშვილს ოზურგეთისთვის?

_ არ მცალია, ბოდიშს გიხდით, _ გვითხრა მექვაბიშვილმა და ტელეფონი გაგვითიშა.

ამ საკითხზე სიტყვაუხვი არც გურიის გუბერნატორი, ვალერი ჩიტაიშვილი აღმოჩნდა _ ანალოგიურ კითხვაზე გურიის პირველმა პირმა ასე გვიპასუხა:

_ მიმართეთ ბიძინა ივანიშვილს.

_ მასაც მივმართავთ, მაგრამ მანამდე თქვენი პასუხი გვაინტერესებს.

_ ჩემი პასუხი უკვე გითხარით.

ჩვენ შევეცადეთ ამ თემაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან ოფიციალური პასუხი მიგვეღო და საკრებულოს თავმჯდომარეს, საჯარო ინფორმაციის გაცემის წესის შესაბამისად მოვთხოვეთ, მოეწოდებინა ინფორმაცია, თუ რა სამუშაოები განახორციელა კომპანია "ატუმ" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბოლო 4 წლის განმავლობაში და რის საფუძველზე. ამასთან ერთად, ვითხოვდით შესაბამისი დოკუმენტაციის დედანთან დამოწმებულ ასლებს.

ამ მოთხოვნაზე საკრებულოს აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, პაატა ბურჭულაძისგან ასეთი პასუხი მივიღეთ: "არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის "ასოციაცია ატუს"-ს მიერ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბოლო 4 წლის განმავლობაში შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ აღნიშნულ ორგანიზაციას".

_ არასამეწარემო, არაკომერციული იურიდიული პირი არ წარმოადგენს საჯარო ადმინისტრაციულ ორგანოს და იგი არ არის ვალდებული გასცეს საჯარო ინფორმაცია, თუკი იგი არ არის დაფინანსებული ბიუჯეტიდან. რაც შეეხება საკრებულოს პასუხს, ეს წარმოადგენს უარს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, _ აღნიშნა ჩვენთან საუბარში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელმა, თამაზ ტრაპაიძემ.

მანამ, სანამ ოზურგეთის ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით გაკეთებულ საქმეებს მალავს და "გურია ნიუსის" საჩივარს, საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის გამო, შესაბამისი ორგანოები განიხილავენ, ჩვენ გარკვეული დოკუმენტაციის მოპოვება შევძელით, რის შედეგადაც აღნიშნული ინფორმაციების დამალვის რეალური მიზეზი ნათელი გახდა.

დოკუმენტების თანახმად, ბიძინა ივანიშვილმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 2006-2012 წლები საქველმოქმედო საქმიანობაში 68 960 482.68 ლარი დახარჯა: პარკი "ციცინათელა" ივანიშვილს, რომელიც დღეს მას აღარ ეკუთვნის, 60 259 621 ლარი დაუჯდა; სოფელ ნატანებში ნაგავსაყრელის გაკეთება 1 872 175 ლარი; ურეკის "ემერჯენსი" _ 1 665 871 ლარი; ურეკის კულტურის სახლი _ 1 503 961.65 ლარი; ურეკის მაგისტრალური გზის გარე განათების მოწყობა _ 890 098 ლარი; ნაგავსაყრელი სოფელ მერიასთან _ 750 071 ლარი; წყალწმინდის საშუალო სკოლა _ 573 421 ლარი; პოლიციის შენობა ურეკში _ 10 154 ლარი; ურეკის ზღვის სანაპიროს კეთილმოწყობა _ 25 298 ლარი; პლაჟის შემოღობვა მდინარე სუფსიდან მდინარე ნატანებამდე _ 292 150 ლარი; ოზურგეთის მუნიციპალიტეტში თეთრი პეპელას შეწამვლის დაფინანსება _ 329 021.75 ლარი; ურეკის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის მიწოდებული საწვავი _ 27 462.06 ლარი; ოზურგეთის დასუფთავების სამსახურზე გადარიცხული დახმარებები _ 330 000 ლარი. ხოლო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაზე სხვადასხვა მიზნებისთვის გადარიცხული თანხების ოდენობა 431 178.22 ლარს შეადგენს.

დღეს ივანიშვილის გაკეთებულ საქმეებზე საუბარი არც ერთ ჩინოვნიკს არ სურს და ყველა ერთხმად თანხმდება, რომ იგი "ქვეყნის მოღალატე და რუსეთის აგენტია".

თუმცა, ასე არ ფიქრობდნენ მაშინ, როცა ყოველთვე სოლიდურ თანხის გადმორიცხვას თუ რაიმე ნივთის შეძენას სთხოვდნენ. ყველა წერილს ასეთი მინაწერი ახლდა: "იმედი გვაქვს თქვენი თანადგომის. გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება. წინასწარ გიხდით მადლობას დახმარებისთვის"

როგორც წესი, ამ წერილებს სამადლობელი ბარათები მოჰყვებოდა. სწორედ ამ ბარათების ავტორებს შორის არიან გურიის გუბერნატორი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეც, რომლებიც, როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ, ახლა კომენტარებს არ აკეთებენ.

ჯერ კიდევ 2005 წელს, ოზურგეთის იმდროინდელი გამგებელი და დღევანდელი გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილის ასოციაცია "ატუ"-ს გამგეობის თავმჯდომარეს როსტომ ჩაბრაძეს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოფხვრაში დახმარებას სთხოვდა. უფრო დაზუსტებით კი გულისხმიერების გამოჩენას და ბულდოზერი "ც-100"-ის შეძენას.

ივანიშვილის კომპანიას ჩვენებური ჩინოვნიკები ღონისძიებების დაფინანსებასაც სთხოვდნენ _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის, ლავრენტი ქვილორიას წერილიდან ირკვევა, რომ 2009 წელს დაბა ურეკში გამართული III საერთაშორისო რუსულ-ქართული პოეტური ფესტივალი "ოქროს საწმისის ძიებაში" სწორედ "ატუ"-მ დააფინანსა. ღონისძიების სათანადოდ დონეზე ჩატარებისთვის ქვილორია 3 000 ლარს ითხოვდა.

ამავე წელს, 22 000 ლარი ივანიშვილს "ციცინათელას" ატრაქციონებზე ნაწილების შესაცვლელად გამოართვეს.

2009 წლის 26 აგვისტოს, ლავრენტი ქვილორია ასოციაცია "ატუ"-ს გენერალურ დირექტორს, კარლო ლეკვეიშვილს სთხოვს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საკარანტინო მავნებლის, ამერიკული თეთრი პეპელას წინააღმდეგ მობილური "სოლო 423" ზურგსაკიდი აპარატებით ბრძოლის ღონისძიების ჩასატარებლად გამოუყონ 900 ლიტრი მაღალი ოქტანობის ბენზინი და 27 ლიტრი ორტაქტიანი ზეთი.

ამ წერილის გაგზავნიდან ზუსტად 7 დღეში კი, ამჯერად უკვე გამგებელი, იმავე საჭიროებისთვის 1 500 ლიტრი მაღალი ოქტანობის ბენზინს და 9 ლიტრ ორტაქტიან ზეთს ითხოვდა.

ასეთი თხოვნები ჩვენ მიერ მოპოვებულ დოკუმენტებში, რომელსაც ხელისუფლება საგულდაგულოდ მალავს, მრავლადაა.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ "ოზურგეთის დასუფთავების სამსახური" რამდენიმე წლის განმავლობაში სრულად ღებულობდა ივანიშვილის კომპანიის დაფინანსებას.

"ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დაფუძნდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ოზურგეთის დასუფთავების სამსახური". აღნიშნული ღონისძიების გატარება გამოწვეულია რაიონის ბიუჯეტის არასაკმარისი შემოსავლებით. ეკოლოგიური და სოციალური პროექტის ფარგლებში "გრანტის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად გვსურს მოვიპოვოთ გრანტი მიზნობრივი დაფინანსებით. გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძვლების შესაბამისად, 2010 წელს ოზურგეთის რაიონის ტერიტორიის დასუფთავებისთვის გვესაჭიროება 360 000 ლარი, ყოველთვიურად 30 000 ლარი.

გთხოვთ, გამიჩინოთ გულისხმიერება და დაგვიფინანსოთ, წინასწარ გიხდით მადლობა," _ ამ წერილს უგზავნის ოზურგეთის იმდროინდელი გამგებელი ავთანდილ მექვაბიშვილი ფონდ "ქართუს" გამგეობის თავმჯდომარეს, ირაკლი ღარიბაშვილს.

"ქართუც" დათანხმდა, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, დასუფთავების სამსახურში თანხები არამიზნობრრივად იხარჯებოდა. ამის გამო კი, პასუხი მხოლოდ იმდროინდელმა გამგებელმა, გია ტაკიძემ აგო, რომელსაც ციხეში თითქმის ერთი წლის გატარება მოუხდა და რომელსაც თავისუფლება, როგორც ჩვენი წყარო ამბობს, არჩევნებში ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობის სანაცვლოდ, სულ ცოტა ხნის წინ მისცეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ივანიშვილს რამდენიმე პროექტი, მათ შორის თეთრი პეპლის საწინააღმდეგო ღონისძიებები, ლანჩხუთშიც აქვს დაფინანსებული. ოზურგეთელ ჩინოსანთა მსგავსად, ამ თემაზე კომენტარს არც ლანჩხუთში აკეთებენ. არადა, ლანჩხუთის ხელისუფლებას "ატუ"-ში დახმარების თხოვნით რამდენიმე წერილი აქვს გაგზავნილი.