თინას “ოცნება”

თინას “ოცნება”

საპარლამენტო არჩევნებამდე სულ ცოტა დრო დარჩა. დიდმა პოლიტიკამ ჩვენს ცხოვრებაში ადგილი ღრმად დაიდო და ოქტომბრის დასაწყისს მოუთმენლად ველით.

საქართველო პოლიტიკით სუნთქავს, -  პოლიტიკა ქუჩაში, პოლიტიკა შინ, პოლიტიკა სამსახურში. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ პატარა ბავშვებიც, „სააკაშვილი“ – „ივანიშვილის“ მომხრეებად იყოფიან და მომავალი არჩევნების თაობაზე საკუთარ პროგნოზს აკეთებენ.

დღეს კვირაა, დასვენების დღე და მინდა, რომ დაგასვენოთ, პარალელურად კი გაგახალისოთ. თქვენს სამსჯავროზე ქართველი პოლიტიკოსების მორიგი სახალისო მოგონებები გამომაქვს.

ჩვენი პირველი სტუმარი ბატონი დავით უსუფაშვილი იქნება.

„1992-95 წლებში ბატონი თედო ნინიძე იყო იურიდიული სამსახურის უფროსი, ხოლო მე - მისი მოადგილე. იმელის შენობაში გვქონდა ერთი ოთახი. ის ცოტა თავისებური კაცი იყო და მოქალაქეთა მიღებაც ჩემს კისერზე გადადიოდა და თედო ნინიძის სახელზე მოსულ კორესპონდენციასაც მე ვიღებდი.

ბატონი თედო გენერალურ პროკურორად დანიშნეს. დილით მივედი სამსახურში, დაცვის ბიჭები გაიჭიმნენ და „ჩესტი’ მომცეს. გამიკვირდა. საღამოს გამოვდივარ, ისევ „ჩესტი“ ამიღეს. ვიფიქრე, ეტყობა, რაღაც ახალი ინსტრუქცია მიიღეს-მეთქი.

მეორე დილას დაზვერვა ჩავატარე. ვხედავ, ჩვეულებრივ ატარებენ თანამშრომლებს. მე დამინახეს, გაიჭიმნენ! ავედი ოთახში, მუშაობას ვერ ვახერხებ, საფიქრალი გამიჩნდა, მემასხარავებენ თუ რა ხდება? ვეღარაფერი გავიგე. ბოლოს დაცვის ბიჭებს მივადექი, „ჩესტით“ შემეგებნენ.

- ხალხო, რა ხდება, ვერ მეტყვით? - ვეკითხები.

- როგორ თუ რა ხდება, ბატონო თედო, ახლა ისეთი თანამდებობა გაქვთ, რომ...

- ვინ თედო, კაცო, დათო ვარ, უსუფაშვილი! - გადავირიე.

- ხუმრობთ? - დააღეს პირი.

- რა მეხუმრება, არ ვარ მე თედო ნინიძე!

ამ დროს თანამშრომლის ხმა მომესმა:

- რა ხდება, ხომ ყველაფერი რიგზეა, ბატონო თედო? ჰო, სულითა და გულით გილოცავთ!

- დათო ვარ, უსუფაშვილი! - გავიშეშე ადგილზე.

მალე მთელი იურიდიული სამსახური მოგროვდა და აღმოჩნდა, რომ ნახევარზე მეტს მართლა თედო ნინიძე ვეგონე!“

სადაც ბატონი დავითი ვახსენე, უხერხული იქნება ქალბატონი თინა ხიდაშელი არ წარმოგიდგინოთ. ამ ოჯახს ერთი არაპოლიტიკური სახალისო მოგონება გააჩნია და სიტყვას თინა ხიდაშელს გადავცემ.

„ერთი ისტორიაა, დათო სულ მემუქრება, უნდა მოვყვეო და სჯობია, მე დავასწრო. ჩემი მეგობრები დიდი ხანია ამერიკაში ცხოვრობენ.

20 წლისწინანდელი ამბავია, თბილისში როცა ბევრი არაფერი იშოვებოდა. ტექნიკა ძალიან მიყვარს. ერთხელაც, ვღებულობ მეგობრებისგან წერილს, რომ ელექტრორეგულატორიანი ტაფა უყიდიათ.

- მეც მინდა, - ამოვიოხრე.

დათოს ხმა არ ამოუღია. გადის დრო, მეორე წერილი მოგვდის, რეზერვუარებიანი ქვაბი ვიყიდეთო. ანუ, თავსახურის რეზერვუარებში მარილს, წიწაკას, სხვა სანელებლებს ათავსებ და ქვაბი კერძს თვითონ აგემებს.

- ზუსტად საჩემოა, - დავიჩივლე.

დათო ისევ ჩუმადაა, - დათო, - ვეუბნები, - მეგობრებს ვთხოვ, ერთი ტაფა გამომიგზავნონ, ძალიან მჭირდება.

- როგორი ტაფა? - დაიბნა.

- ხომ იცი, ტაფაში ზეთი ყოველთვის მეტი მომდის ხოლმე და დროს ვკარგავ ლოდინში, როდის ამოშრება.

- მერე? - ვერ გაიგო.

- რა მერე, ზეთის ამომშრობი ტაფა მჭირდება!...

ლამის სკამიდან გადავარდა! მას მერე, სულ მემუქრება, თუ გამაბრაზებ, ქვეყანას შეგიყრი, ზეთისამომშრობ ტაფას რომ დაეძებო“.

ჩვენი მორიგი სტუმარი ბატონი მამუკა არეშიძეა, რომელიც დაახლოებით 13 წლის წინანდელ შემთხვევას გაიხსენებს.

„1999 წელს ახალი პარლამენტი კი შემოვიდა შენობაში, მაგრამ ჩვენი კომისია კიდევ ორი წელი აგრძელებდა მუშაობას. ოთახები შეარემონტეს, გაანაწილეს და სადაც ჩვენ ვიჯექით, ის მრეწველთა ფრაქციას გადასცეს.

ერთხელაც ფრაქციის სხდომა მიმდინარეობდა. მეც იქ ვიყავი და ერთ-ერთმა მრეწველმა ოთახში თავისი იმერელი ნათესავი - ახვლედიანი შემოიყვანა.

ის კაცი პირველად ყოფილა პარლამენტის შენობაში. შიგნიდან დათვალიერება უკვე მოესწრო და აღტაცებისა და გაკვირვებისგან აზრზე მოსვლა უჭირდა. შემოვიდა და ვისაც შეხედა, ყველა ცნობილი პიროვნებაა! გოგი თოფაძის, ზურაბ ტყემალაძის და განსაკუთრებით რომან გვენცაძის დანახვამ მთლად გადარია, - პარლამენტი თუ ასეთი ხალხით არის „გაძეძგილი“, გვეშველება და ეგააო.

- ბატონო რომან, - ეკითხება მოკრძალებით, - სულ რამდენნი ხართ პარლამენტში?

გვენცაძემ იფიქრა, - ფრაქციის წევრთა რაოდენობა აინტერესებსო და ამაყად ეუბნება:

- თხუთმეტი!

- რამდენი? - შეწუხდა კაცი. ათასის იმედი ჰქონდა.

- თხუთმეტი! რა, ცოტაა?

- ბატონო რომან, საქეიფოდ რო დავდივარ, თხუთმეტი მარტო კლარნეტისტი მომყვება...“

გაგიგიათ ჟურნალისტი ნინო ლოლაძე? შეიძლება მისი სახელი პირველად გესმით, ბატონი გურამ შარაძე კი მას შესანიშნავად იცნობდა. უფრო მეტიც, ამ გვარის ხსენებაზე ემოციებს ვერ თოკავდა და ეს დარბაისელი კაცი აგრესიულ ქმედებებზე გადადიოდა. ალბათ უმჯობესი იქნება თუ ბატონ ალექსანდრე შალამბერიძეს მოვუსმენთ. 

„ერთხელ გუდაურში ვართ, განათლების საკითხთან დაკავშირებით ვმუშაობთ და საღამოს სუფრაზე ვსხედვართ. გურამ შარაძემ, რატომღაც, ერთი ჟურნალისტი გოგონა აიჩემა და აქებს, მარა რა აქებს:

- ნინო, შენნაირი ჟურნალისტი მეორე არ დადის ქვეყანაზე. ძალიან ჭკვიანი, ნიჭიერი, განათლებული და კეთილსინდისიერი ხარ! სუპერჟურნალისტი ხარ, იშვიათი მოვლენა.

გოგონა გაწითლდა და დაიღალა მადლობებით, მოკლედ, შეჭამა ტვინი, აქებს და აქებს, აღარ ჩერდება.

დილაა, ჩაის ვსვამთ. მაგიდასთან მე, ის ჟურნალისტი და შარაძე ვსხედვართ. მეორე სერია არ დაიწყო?!

- ნინო, ყველაზე ნათელი წერტილი ხარ არა მარტო ქართულ, მსოფლიო ჟურნალისტიკაში. ნიჭიერი ხარ, ტალანტი, გენიოსი! შენი სტატიებისთვის ვყიდულობ გაზეთს.

- მადლობთ, ბატონო გურამ, - დაიმორცხვა გოგომ.

- ჰო, მართლა, რა გვარი ხარ? - ეკითხება უცებ შარაძე.

- ლოლაძე.

- რა გვარიო? - სკამიდან წამოხტა გურამი, - მერე ჩემს გვერდით რა სინდისით სვამ ჩაის? ეს რეებს წერ ჩემზე, შე უნიჭო, შე უსირცხვილო, შე უვარგისო, შე უნამუსო, ჩემმა თვალებმა აღარ დაგინახოს!...

ჟურნალისტი აქეთ გავარდა, შარაძე იქით და საუზმე მარტომ დავასრულე.“

ქართველ ჟურნალისტებზე ჩამოვარდა საუბარი და ერთი ჩემი კოლეგის მოგონებას შემოგთავაზებთ. გასაგები მიზეზის გამო მის ვინაობას არ დავასახელებ.

„სანამ მინისტრი იყო, სალომე ზურაბიშვილთან არანაირი შეხება არ მქონია. თუმცა გადადგა თუ არა, ქაჯებსა და ქართული პოლიტიკის სხვა მაჯლაჯუნებზე ექსკლუზიური ინტერვიუ ჩავწერე, თან შევუთანხმდი, რომ პერიოდულად ჩემს გაზეთში ექსპერტად მოვიწვევდი. ქალბატონი ექსმინისტრი ამ წინადადებას დასთანხმდა.

გამოხდა ხანი... რედაქტორმა თათბირზე გამომიცხადა, ამ ნომერში ზურაბიშვილის ინტერვიუ გვინდაო. მხრები ავიჩეჩე, პარიზშია, ხუთშაბათს, ნაშუაღამევს ჩამოდის და ორშაბათის ნომერში ვერ მოვასწრებ-მეთქი. რედაქტორმა თავისი არ დაიშალა, ჩემი საქმე არაა, პარიზშია თუ ვენაში, როგორც გინდა, ისე ჩაწერეო.

მოკლედ, ასე იყო თუ ისე, ქალბატონ სალომესთან ინტერვიუ პარასკევს საღამოსთვის შევათანხმე და შინ გერმანული სიზუსტით ვესტუმრე. კარი ჯანრი კაშიამ გააღო და სანამ ჩვენ ერთმანეთი მივიკითხ-მოვიკითხეთ, ექსმინისტრის კოკერსპანიელმა თავი დურთა, სადარბაზოში გავარდა და კიბეზე დაეშვა. სწორედ ამ დროს ბატონმა ჯანრიმ ძალიან ხმადაბლა ჩაილაპარაკა, სალომე, მოდი აქ!

არ ვიცი, რატომ, მაგრამ ჩავთვალე, რომ ბატონმა ჯანრიმ ძაღლს მიმართა და გულწრფელად შევიცხადე, ვაიმე, თქვენს ძაღლსაც „სალომე“ ჰქვია? მასპინძელმა ორაზროვნად გამომხედა და მოკლედ მომიჭრა, არა!...

სალომე ზურაბიშვილთან ინტერვიუ ისე ჩავწერე, რომ ჯანრი კაშიასთვის თვალი აღარ მომიკრავს, მხოლოდ გამომშვიდობებისას დავლანდე ოთახის სიღრმეში და უხერხულობის დასაფარავად, ძალიან შინაურულად დავემშვიდობე, კარგად, ბატონო ჯანრიი! სხვათა შორის, მას შემდეგ ქალბატონ ექსმინისტრს აღარ შევხვედრივარ...“