ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) პოლიტიკური პარტიების რეიტინგები გამოაქვეყნა, რამაც საზოგადოებაში კვლავ ბევრი კითხვა გააჩინა. NDI-ის კვლევის მიხედვით, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე გადანაწილდა : "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 37% ; "კოალიცია "ქართული ოცნება" - 12%; "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" - 3%. არ ვიცი- 22%, არც ერთს-3%, პასუხზე უარი თქვა 16%-მა.
ამასთან, წინა კვლევასთან შედარებით "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგმა 1%-ით მოიმატა, "ქართული ოცნების" რეიტინგმა კი - 6%-ით დაიკლო.
რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატებს, კვლევის თანახმად, კითხვაზე - ყველაზე მეტად ვის ისურვებდით საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად, გამოკითხულთა 27% "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს ასახელებს , 12% ბიძინა ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, 4% კი - მიხეილ სააკაშვილს. გამოკითხულთა 3% საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად გიორგი თარგამაძეს ისურვებდა, 2% - არც ერთ კანდიდატს, 28% პასუხობს, რომ არ იცის, ხოლო 21 % პასუხზე უარს აცხადებს.
რა თქმა უნდა, მმართველი პარტია გამოკითხვის შედეგებით კმაყოფილია. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრეს-სპიკერის ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, "NDI-ის შედეგები არის კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ” არჩეული კურსი გააგრძელოს".
"მიღებული ინფორმაცია ჩვენთვის უფრო მეტი პასუხისმგებლობაა, იმისთვის, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მაქსიმალური ძალისხმევა გაიღოს და ის პრობლემები, რომლებიც დღეს ყველაზე მეტად აწუხებთ საქართველოს მოქალაქეებს და რომლებიც ასახული იყო NDI-ს კვლევაში, გადაჭრილი იქნეს", - განაცხადა თაქთაქიშვილმა.
„ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი კი NDI-ს კითხვების ფორმულირებას უწუნებს, თუმცა მის კვლევებს ნაწილობრივ ენდობა.
"NDI-ის საქართველოში ძალიან ბევრი პროექტი აქვს განხორციელებული, მათ ბევრჯერ დიდი დახმარება აღმოუჩენიათ ჩვენთვის, პირადად მე დიდი მადლიერების გრძნობა გამაჩნია და ასე უნდა იყოს საქართველოს ყველა მოსახლეც. თვითონ კითხვები რამდენად ლოგიკურია, ეს უკვე საეჭვოა. გაუგებარია ჩემთვის კითხვა "ვინ გაყვება ივანიშვილს ქუჩაში", კითხვაზე კითხვა ჩნდება. საერთოდ ისინი არ არიან პროფესიონალები, ამერიკაში მათ კვლევა არასოდეს ჩაუტარებიათ, მაგრამ რასაც აკეთებენ - აკეთებენ. ნაწილობრივ ვენდობით და ნაწილობრივ ბევრი კითხვა გაგვაჩნია. საერთოდ NDI-სთან დაკავშირებით ბევრი პოზიტივი გვაქვს", - განაცხადა ივანიშვილმა.
ზოგადად, NDI-ის კვლევიდან იკვეთება, რომ სხვადასხვა კითხვაზე გამოკითხულთა 40-50%-ის პასუხი უცნობია, რადგან ზოგი ამბობს, რომ არ იცის, ვის უჭერს მხარს, ზოგი კი პასუხს საერთოდ თავს არიდებს. ამიტომ ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, რამდენად ლეგიტიმურად და არსებული რეალობის ამსახველად შეიძლება გამოდგეს კვლევა, რომელშიც გამოკითხულთა თითქმის ნახევრის პოზიცია უცნობია.
ფილოსოფოსი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ ზოგადად NDI-ის კვლევა კითხვებს აჩენს.
„კითხვებს აჩენს როგორც თავად კითხვები, ასევე ის ადამიანები, ვინც ველზე მუშაობს, ანუ ვინ არიან ეს ადამიანები და რამდენად პროფესიონალები არიან ისინი“, - აცხადებს მარგველაშვილი.
პოლიტიკური ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი აღნიშნავს, რომ ამ კვლევის სანდოობის ხარისხი დაბალია.
„კვლავ იმ სიტუაციაში ვართ, როდესაც ასეთ კვლევას პრეამბულად სდევს ფრაზა - გინდ დაიჯერე, გინდ - არა. სანდოობის ხარისხი კვლავ დაბალია იმ სიჯიუტის გამო, რომელსაც ბატონი ნავარო იჩენს, როდესაც კვლევის ჩასატარებლად ერთსა და იმავე კომპანიასთან დებს ხელშეკრულებას. ცხადია, ახალ კვლევაში უნდა ასახულიყო ის რეალობა, რომ ამ ე.წ. „მკვლევარი“ კომპანიის ხელმძღვანელის მეუღლე, განსხვავებით წინა გამოკითხვისგან, მომავალ საპარლამენტო არჩევნებისთვის ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო სიის პირველ ათეულში ვიხილეთ. ამიტომ ამ სიებზე შეგვიძლია ვისაუბროთ, როგორც ლევან თარხნიშვილის სიებზე“, - ამბობს სოსო ცისკარიშვილი.
მისი თქმით, ვინაიდან ლევან თარხნიშვილი ქვეყანაში დაფიქსირებულია, როგორც ნაციონალური სიყალბის სიმბოლო, ამიტომ ლუის ნავარომ კვლავ უხერხულ მდგომარეობაში ჩაიყენა თავი, მით უმეტეს, როდესაც კვლევის ტექნოლოგია არ იცვლება, და რესპონდენტის ანონიმურობა დაუცველია.
„ლუის ნავაროს ჰქონდა შესაძლებლობა იგივე ტექნოლოგია გამოყენებინა, რომლითაც მისმა თანამემამულე კომპანიამ ისარგებლა რამდენიმე კვირის წინ, ანუ მიეცა საშუალება რესპონდენტისთვის განმარტოებულს შემოეხაზა მისთვის სასურველი პასუხები და შემდეგ კონერტში ჩადებული ჩაეგდო ტომარაში, სადაც ასობით ასეთი კონვერტი იყო ჩაგდებული. ასეთი ტექნოლოგია არ გამოიყენეს და გამოკითხვას კვლავ პირისპირ დაკითხვის სახე მისცეს. შედეგიც ძალიან თვალსაჩინოა, რადგან გამოკითხულთა ნახევარმა ან არ იცის ვის აძლევს ხმას, ან პასუხს საერთოდ არ იძლევა“, - აღნიშნავს ექსპერტი.
მისი თქმით, ასეთი შედეგი გამოკითხვის კრახია და თუ NDI-ს რაიმე ტიპის მაზოხიზმი ამოძრავებს, შეუძლია ამავე რეჟიმში გააგრძელოს მუშაობა. რაც შეეხება კვლევის შედეგს იმ ნაწილში, სადაც ნათქვამია, რომ წინა კვლევასთან შედარებით „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი გაიზარდა, ხოლო „ქართული ოცნების“ - შემცირდა, სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ ამას აქვს სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები. კერძოდ, სუბიექტური არის თარხნიშვილის დაწინაურებით გამოწვეული მადლიერება. ობიექტური კი არის ის, რომ ამ პერიოდში დაფიქსირდა მთელი ოპოზიციური სპექტრი, რომელიც არჩევნებში ღებულობს მონაწილეობას, რაც „ქართულ ოცნებას“ ართმევს ხმებს და არა „ნაციონალურ მოძრაობას“. ექსპერტი ამბობს, რომ არჩევნებამდე დარჩენილ სამ კვირაში ოპოზიციურ სპექტრში კიდევ გავხდებით ხმების გადანაწილების მომსწრენი.
„ვნახოთ, რა სძლევს ქართველ ამომრჩეველში - პრაგმატიზმი, თუ ეიფორია“, - აღნიშნავს სოსო ცისკარიშვილი.
„ქართული ოცნების“ წევრი დავით ზურაბიშვილი კვლევის შედეგებს სარწმუნოდ არ მიიჩნევს.
„საერთოდ, ეს ორგანიზაციები სოციოლოგიურ კვლევებს არ ატარებენ. ეს ჩვენთან არის, რომ გავეშებულები ყოველ კვირას ატარებენ ამ კვლევებს, თორემ საერთოდ ასეთი ორგანიზაციები მუშაობენ დემოკრატიის განვითარებაზე. ამიტომ გაუგებარია, რატომ აიტეხეს და ყოველ კვირას რატომ ატარებს ნავარო ამ კვლევებს. სადაც ინგა გრიგოლიას და გიორგი თარგამაძეს ბიძინა ივანიშვილზე მაღალი რეიტინგი აქვს, იქ მე მგონი, ხელისუფლების მოყვარეც კი უხერხულად იშმუშნება ხოლმე“, - აცხადებს დავით ზურაბიშვილი.
იგი ასევე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ გამოკითხულთა თითქმის ნახევარი კითხვებს არ პასუხობს. ეს კი ნიშნავს, რომ კვლევა სრულ სურათს ვერ იძლევა.
„რომც დავუშვათ, რომ ამ კვლევას ვენდობით, როდესაც გამოკითხულთა ამხელა რაოდენობა კითხვებზე პასუხს არ იძლევა, ეს ნიშნავს, რომ სრული სურათი არ გვაქვს. სხვათაშორის, ესეც კვლევის ჩამტარებელთა არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს, რადგან ყოველთვის არის იმის შესაძლებლობა ნეიტრალური კითხვების მეშვეობით ამომრჩევლის განწყობა გაიგო. ამ კვლევაში კი ეჭვქვეშ დგება, რამდენად გულწრფელია პასუხები. სწორედ აქედან მოდის ის სასაცილო ციფრები, რომლებიც ვერანაირ ლოგიკაში ვერ ჯდება“, - ამბობს ზურაბიშვილი.
ექსპერტ კახი კახიშვილს საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგების საერთოდ არ სჯერა, რადგან მისი აზრით, ჩვენს ქვეყანაში არ არის ისეთი ვითარება, როდესაც შესაძლებელია, მოსახლეობის პოლიტიკური გემოვნების და პოლიტიკური სუბიექტების რეიტინგების მეტ-ნეკლებად მაინც დადგენა.
„გუშინ მე ერთ-ერთმა ორგანიზაციამ მთხოვა, როგორც ექსპერტი კვლევის შედეგებს დავსწრებოდი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საქართველოში ამგვარი კვლევის ჩატარება შეუძლებელია. 50 გაჩერებული ადამიანიდან დასმულ კითხვებს მხოლოდ სამმა უპასუხა, და ისიც ნაწილობრივ. ამიტომ არ ვარ ამგვარი კვლევების მომხრე. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში, სადაც ადმინისტრაციული ვერტიკალი და ხელისუფლება ძლიერია, ხოლო სასამართლო არ არსებობს, იქ კვლევების შედეგებში მოსახლეობის განწყობა რეალურად ასახული ვერ იქნება“, - აღნიშნავს ექსპერტი.
მისი თქმით, ვინაიდან პოლიტიკური შეხედულებების გამო საქართველოში არაერთი ადამიანი გამხდარა რეპრესიების მსხვერპლი, ამიტომ ადამიანები ცდილობენ საკუთარი პოლიტიკური გემოვნება არ გაამჟღავნონ, მით უმეტეს, როდესაც არჩევანი ოპოზიციისკენ იხრება. კახი კახიშვილი ამბობს, რომ თუკი წინა კვლევების თანახმად, „ქართული ოცნების“ რეიტინგი „ნაციონალური მოძრაობისას“ ორჯერ ჩამორჩებოდა, ახლა ეს სხვაობა უფრო გაზრდილია და კოალიციის რეიტინგი მმართველი გუნდის რეიტინგზე უკვე სამჯერ ნაკლებია (ნაცმოძრაობის 37%, ხოლო „ქართული ოცნების“ – 12%). აქვე კახიშვილი ხაზს უსვამს იმას, რომ როგორც წესი მმართველი პარტიის მხარდამჭერი არ მალავს, რომ სწორედ მმართველ გუნდს უჭერს მხარს. ამიტომ უნდა მივიჩნიოთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მართლაც 37% უჭერს მხარს. ამდენად, გამოდის, ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობაა, რადგან მოსახლეობის 63% ოპოზიციურიად არის განწყობილი. ეს კი არ არის კარგი შედეგი იმ ხელისუფლებისთვის, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ ხალხი მხარს უჭერს და ამიტომ მორალური უფლება აქვს, რომ ქვეყანა კიდევ დიდხანს მართოს.
რაც შეეხება პოლიტიკური სუბიექტების რეიტინგებს, კახი კახიშილი ამბობს, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ისე დიდხანს არ არის, რომ მისი რეიტინგი, რაც მას როგორც მეცენატს გააჩნდა ასე დაცემულიყო, რომ მასთან შედარებით ბევრად მაღალი რეიტინგი არსებულ პოლიტიკურ ლიდერებს ჰქონოდათ.
„მიუხედავად ჩემი პატივისცემისა ჟურნალისტების და პოლიტიკოსების მიმართ, არ მგონია ბიძინა ივანიშვილს მათზე დაბალი რეიტინგი ჰქონდეს. შეიძლება რეიტინგის პრობლემა ჰქონდეს კოალიციას, რადგან მასში შემავალი პარტიების მიმართ მოსახლეობაში ცალსახა დამოკიდებულება არ არის. შეიძლება ადამიანს კოალიციის მიმართ კარგი განწყობა არ ჰქონდეს, მაგრამ პირადად ბიძინა ივანიშვილის მიმართ კარგად არიან განწყობილები. ვინაიდან ივანიშვილი დიდი ხანი არ არის პოლიტიკაში, მას არ მგონია იმდენი შეცდომა დაეშვას, რომ ამ პოლიტიკურ ლიდერებზე დაბალი რეიტინგი ჰქონდეს“, - ამბობს კახი კახიშილი.
მისი თქმით, საზოგადოების წარმომადგენლებმა NDI-ს არაერთხელ მიმართეს თხოვნით, რომ კვლევა რომელიმე სხვა ორგანიზაციისთვის დაეკვეთა, ასევე შესთავაზეს, რომ საქართველოში მოღვაწე სხვა სოციოლოგების ჩარევით ჩატარებულიყო კვლევა, მაგრამ NDI ამაზე უარს ამბობს.
„თუ ეს კვლევები ასეთი სარწმუნოა, მაშინ რატომ აცხადებს NDI უარს იმაზე, რომ კითხვარის შედგენაში და ველის შერჩევაში სხვადასხვა სოციოლოგებმა მიიღონ მონაწილეობა? თუ კვლევის მიზანი ჭეშმარიტების დადგენაა, ხომ შეიძლება ერთხელ მაინც სხვა ორგანიზაციას დაუკვეთო კვლევა, რათა საზოგადოებას აჩვენო, რომ მათ წინადადებასაც ღებულობ? გარდა ამისა, საარჩევნო კოდექსში ცალსახად წერია, რომ არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების შედეგების შეჯამებამდე და ამ დღიდან ერთი თვის ვადაში აკრძალულია კვლევევის გამოქვეყნება, თუ არ არის თავიდან ბოლომდე მითითებული მეთოდოლოგია, დაფინანსების წყარო, კითხვების სრული ფორმულირება და ასევე ვინ არის დამკვეთი და შემსრულებელი. ერთის მხრივ, ჩვენ გვეტყვიან, რომ ეს ყველაფერი მათ აქვთ, მაგრამ ამ კვლევების პრეზენტაცია მედიის საშუალებით ფრაგმენტულად ხდება, ხდება რეიტინგების მიწოდება, ასევე პოლიტიკური ლიდერების რეიტინგების მიწოდება, მაგრამ გამოქვეყნების დროს საარჩევნო კოდექსის ეს მოთხოვნა დაცული არ არის. ამიტომ როდესაც არჩევნების პერიოდში ასეთი კვლევები ქვეყნდება, აუცილებლად უნდა გამოქვეყნდეს ის სიუჟეტი, რა დროსაც NDI-ს წარმომადგენლობა თავიდან ბოლომდე განმარტავს მეთოდოლოგიას, და არა ფრაგმენტულად“, - აცხადებს კახი კახიშვილი.