გუშინ რუსთავში ბერა ივანიშვილის სოლოკონცერტი გაიმართა. ღონისძიებამ კიდევ ერთხელ აჩვენა ის პრობლემები, რომლის წინაშეც საზოგადოება დგას.
დილიდან რუსთაველთა ოჯახებში მსჯელობა მიდიოდა უნდა წასულიყვნენ თუ არა ბერას კონცერტზე. სურვილს შიშის ფაქტორი უპირისპირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დილემის წინაშე არც თუ ცოტა ოჯახი იდგა, ბერას რუსთავში მაყურებლები არ აკლდა. კონცერტი რუსთავის სტადიონის წინ გაიმართა.
თავდაპირველად, ღონისძიების ორგანიზატორებს მერიის წინ მდებარე მოედანი სურდათ კონცერტისთვის, თუმცა თვითმმართველობამ მათ მოედანი არ დაუთმო. რუსთავის მერიაში განაცხადეს, რომ მოედანზე ფესტივალი „შემოდგომის რუსთავი“ იმართემა. თუმცა ასეთი ფესტივალი გასულ წლებში არ ჩატარებულა და შესაბამისად, რუსთავის თვითმმართველობის კეთილსინდისიერებაში ეჭვის შეტანის საფუძველიც გაჩნდა.
კონცერტის ჩასატარებლად ორგანიზატორებს სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაღა დარჩათ. 20:30 საათისთვის სტადიონის შესასვლელიდან სპორტულ სკოლამდე ქუჩა მოსახლეობით გაივსო. გარშემო არცერთი საპატრულო მანქანა არ იდგა. გზის გადაკეტვაზე სამართალდამცავებს არ უზრუნიათ. მათ არც სამსახურეობრივი და არც მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს. მანქანები ხალხის სიმრავლის დანახვისას თავადვე ბრუნდებოდნენ, თუმცა ისეთებიც იყვნენ ვინც კონცერტის დასრულებამდე ხალხის ნაკადში გავლა სცადა.
სამსახურეობრივი პასუხისმგებლობა არც რუსთავის სასწრაფო დახმარების სამსახურს გამოუჩენია. ღონისძიების დაწყებიდან ნახევარ საათში სცენასთან ახლო მდგარი გოგონა ცუდად გახდა. მისი გაყვანა ახლობლებს და კონცერტის ადმინისტრაციულ ჯგუფს მოუწია. ხალხის სიახლოვეს სასწრაფო დახმარების მანქანები არ იდგნენ.
იქმნება შთაბეჭდილება, რომ შესაბამისმა სამსახურებმა მხოლოდ იმიტომ არ მიაქციეს სათანადო ყურადღება რუსთაველებს, რადგან ეს ხალხი ოპოზიციური პარტიის ლიდერის შვილის კონცერტზე მივიდნენ. განსხვავებული ახსნა ასეთ ერთობლივ ბოიკოტს არ აქვს. სხვა დროს რუსთავში გამართული არც ერთი კონცერტი ზემოთ ხსენებული სამსახურების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა.
საკუთარი უფლება-მოვალეობები აერია რუსთაველი მამასახლისების ნაწილსაც. ისინი შეკრებილი ხალხის გარშემო, ძირითადად, ხეებთან იდგენენ და მოსახლეობას ათვალიერებდნენ. იქნება და, ვინმე მათი კორპუსიდან ყოფილიყო მისული, ასეთ „დარღვევას“ საკადრისი პასუხის გარეშე ვინ დატოვებდა? იგივე საქმით, იყო დაკავებული რუსთავის პოლიციაც. სამოქალქო ფორმაში გადაცმული სამართალდამცავები მზესუმზირის ჭამით ირთობდნენ თავს და სახეზე ეწერათ, რომ მათთვის გარშემო საზეიმო არაფერი ხდებოდა.
მსგავს შეხვედრებზე მუშაობის უკვე, ტრადიციულ მეთოდს ვერ უღალატა ქვემო ქართლის ტელევიზიამაც. მაშინ, როდესაც ღონისძიება დასრულდა - მათი გადამღები ჯგუფი კონცერტიდან მომავალ მოსახლეობას ერთ-ერთ გასასვლელ ქუჩასთან დახვდა. ტელევიზიის ოპერატორი ბერას კონცერტიდან მომავალ რუსთაველებს იღებდა. ჩვენ თავდაპირველად, მათი „მუშაობა“ არ შეგვიმჩნებია, თუმცა მოქალქეების საუბრები გავიგეთ. რატომღაც მოქალეთა ნაწილი უკან ბრუნდებოდა: „არ მინდა კადრში მოვხვდე, რატომ გვიღებენ ყველას?“ - უკამყოფილებას გამოთქვამდნენ ადგილობრივები. შემდეგ კი ჩვენც ვიხელეთ ქვემო ქართლის ტელევიზიის გადამღები ჯგუფი, რომელსაც უკვე ჩვენი მათკენ მიმართული ობიექტივი არ მოეწონა. „რატომ მიღებ-მეთქი?!“ - უკმაყოფილებას ვერ მალავდა ტელევიზიის ოპერატორი.
მსგავს შემთხვევებში ქვემო ქართლის ტელევიზია, რამდენიმე გადამღები ჯგუფით მუშაობს. საათობით იღებს მოსახლეობას და საბოლოოდ 45 წამიან სიუჟეტებს ამზადებს. სადაც ჩანს, რომ ესოდენ მძიმე შრომა ოპერატორებს ჟურნალისტური მასალისთვის სულაც არ სჭირდებოდათ. ტელევიზიის ყოფილი თანამშრომლები პირად საუბრებში გვიხსნიან, რომ ამ ფასდაუდებელ კადრებს დამფასებელი ყავს. დამფასებელი გამჭვირვალე შენობებში ზის და თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით იმარტივებს საქმეს.
განსხვავებული აზრის დევნა, კარგად გვაჩვენებს, რომ წინ დიდი სირთულეები და გასავლელი გრძელი გზა გვიდევს. განსხვავებული აზრის ადამიანი მტრად აღიქმება. შესაბამისად სცენიდან ბერას შეძახილი: „ომის დროს არ გავრბივარ, მე არ ვგავარ მიშას!“ მათთვის უკვე, საგანგაშო სიგნალია. იმდენად საგანგაშო, რომ ამ ტექსტის მოსასმენად მისული ყველა მოქალაქის „შავ სიაში“ შეყვანა და ცხოვრების კიდევ უფრო, გართულებაა საჭირო.