საწარმოთა რეგისტრაციის სტატისტიკის პარალელურად, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერსად მივაკვლიეთ შეჩერებული და ლიკვიდირებული საწარმოების აღრიცხვას. აღმოჩნდა, რომ დღეს ეს ფაქტობრივად შეუძლებელია, რადგან საქართველოში კომპანიის ლიკვიდაციის პროცესი საკმაოდ გართულებულია. ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ასეთ შემთხვევაში ურჩევნიათ, უბრალოდ შეაჩერონ ბიზნესი და მისი ლიკვიდაციისთვის შესაფერის დროს დაელოდონ. არადა ქვეყანაში, რომელსაც პრეტენზია აქვს, იყოს სასურველი უცხოელი ინვესტორებისთვის, ბიზნესის ლიკვიდაციის პროცესიც ისეთივე მარტივი უნდა იყოს, როგორც მისი დარეგისტრირება.
ზურაბ ვანიშვილი, ადვოკატი: "დღეს საქართველოში, კერძო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაცია იმდენად გართულებულია, რომ მეწარმეს ზოგჯერ ურჩევნია თავი მოიკლას, ვიდრე საწარმოს ლიკვიდაციას მიაღწიოს. ამჟამად, შეიძლება ითქვას, "მოდური" ტენდენციაა, რომ ლიკვიდაციის დროს ბიზნესისთვის ჯარიმების დარიცხვა და ამით ბიუჯეტში დამატებითი ფინანსური სახსრების შეტანა ხდება. არადა, თუ საქართველოს სურს, ბიზნესის კეთების თვალსაზრისით მე-17 ადგილიდან უფრო მოწინავე პოზიციაზე გადაინაცვლოს, რეალურად უნდა გაუმჯობესდეს გადასახადის გადამხდელისთვის სამუშაო გარემო.
დღეს, როცა უცხოელი ინვესტორი შემოდის საქართველოში, აუცილებლად იკითხავს: კარგი, დავარეგისტრირე ბიზნესი 5 წუთში 100 ლარად, მაგრამ ბაზრიდან გასვლა როგორ ხდებაო? ამ კითხვაზე გულწრფელი პასუხი კი დაახლოებით ასეთია: ფეხს თუ შემოდგამ, აღარ უნდა გახვიდეო. არ იფიქროთ, რომ რამეს ვაჭარბებ. დღეს, როგორც კი კერძო სუბიექტი ბაზრიდან გასვლას დააპირებს, შესაძლებელია შემოსავლების სამსახური დაადგეს თავზე "ხმალამოღებული" და ჯარიმა-საურავები დაარიცხოს. ამასთან გამკლავება კი შემდეგ წარმოუდგენლად რთულია.
ერთი კონკრეტული შემთხვევა ვიცი, მათი ადვოკატი არ ვარ და შესაბამისად, ვერც ამ ბიზნესმენების ვინაობას დავასახელებ. ნორვეგიელი ძმები არიან, წლების განმავლობაში ბიზნესი ჰქონდათ საქართველოში და შემოსავლების სამსახურს ერთხელაც არ გახსენებია მათი საქმიანობა მანამ, სანამ ბაზრიდან გასვლა არ დააპირეს. როგორც კი კომპანიის ლიკვიდაციაზე განაცხადი გააკეთეს, შემოსავლების სამსახურმა შეამოწმა და მილიონობით ლარი დაარიცხა.
ასეთ სიტუაციაში დღეს უამრავი მეწარმეა. საკმარისია, ბიზნესის ლიკვიდაციაზე განაცხადი წარადგინონ და ლამის მთელი შემოსავლების სამსახური, "მძიმე არტილერიით" იწყებს მეწარმის "დაბომბვას". ეს კი თანამედროვე საგადასახადო სისტემის უდიდესი ნაკლია. ნებისმიერი ინვესტორის ინტერესშია, ბაზარზე მარტივად შევიდეს და საჭიროების შემთხვევაში ასევე მარტივად დატოვოს იქაურობა. როცა გაიგებენ, რომ საქართველოში ასეთი რამ ხდება, არავის ექნება აქ ინვესტიციების დაბანდების სურვილი.
მართალია, ბიზნესგარემოს გაუმოჯებესების კუთხით ქვეყანაში ბოლო დროს ბევრი კარგი რამ გაკეთდა და ამის არდანახვა შეუძლებელია, მაგრამ ბევრი ისეთი პრობლემა რჩება გადაუჭრელი, რაც საბოლოო ჯამში მძიმე და სტრესულ მდგომარეობაში ამყოფებს კერძო სექტორს.
მაგალითად, ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებებით, თუ ნივთს ადევს მოსამართლის ყადაღა, აღმასრულებელს შეუძლია გაყიდოს ეს ნივთი. ანუ, სასამართლოზე უპირატესი აღმასრულებლის ყადაღა გახდა. ეს იმას ნიშნავს, რომ იუსტიციის სამინისტროს კონკრეტულ თანამშრომელს, რომელსაც არც მოსამართლის გამოცდა ჩაუბარებია, არც ფიცი დაუდვია, პოლიტიკური ისტებლიშმენტი მას სასამართლო ხელისუფლებაზე მაღლა აყენებს და ეუბნება, რომ სასამართლოს მიერ დადებული ყადაღის მიუხედავად, შეგიძლია მოიქცე ისე, როგორც გინდაო.
ვფიქრობ, ეს იმიტომ ხდება, რომ სასამრთლო ხელისუფლების განვითარება ჩამორჩება აღმასრულებელი ხელისუფლების განვითარებას.
ძალიან ბევრი სამეწარმეო დავა მქონია სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში და ჩემი დაკვირვებით, დღეს ძალიან ბევრ მოსამართლეს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ეშინია ხელისუფლების. როცა ადმინისტრაციულ საქმეზე გამოვდივარ სასამართლოში, ზოგჯერ მოსამართლის თვალებში შიშს ვხედავ და წინასწარ ვიცი, ეს კონკრეტული მოსამართლე ხელისუფლების წინააღმდეგ არ წავა და მეწარმის სარჩელს არ დააკმაყოფილებს.
სამწუხაროდ, დღეს მეწარმე დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ მოსამართლეს დაეწერება მისი საქმე. ეს კიდევ ერთი მანკიერებაა, რომელიც დღეს ჩვენს სასამართლო სისტემას ახასიათებს და საბოლოო ჯამში ბიზნესგარემოზე, ქვეყნის იმიჯზე ნეგატიურად აისახება. ჩემთვის კი, როგორც ადვოკატისთვის ეს დიდი დამცირებაა, როცა იცი, რომ არიან მოსამართლეები, რომლებიც ყველა საქმეს მხოლოდ სახელმწიფოს სასარგებლოდ წყვეტენ. ობივატელური პოზიცია უკავიათ და ფიქრობენ, რომ ბიზნესის სასარგებლო გადაწყვეტილების გამოტანით ცხოვრების გართულება არ ღირს".