არჩევნები სადაოს ხდის ინვესტიციებზე ორიენტირებული ქვეყნის იმიჯს

არჩევნები სადაოს ხდის ინვესტიციებზე ორიენტირებული ქვეყნის იმიჯს

საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად სულ უფრო იზრდება მტრული კონკურენცია მმართველ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და ოპოზიციას შორის, რომელსაც სათავეში მილიარდერი უდგას. არჩევნები გამოააშკარავებს ქვეყნის მიერ სათუთად შექმნილ იმიჯს – რამდენად არის ის მართლაც ლიბერტარიანული ეკონომიკური მოდელი და უცხოური ინვესტიციების დაბანდებისთვის სასურველი ადგილი.

რუსეთთან ომის ოთხი წლის შემდეგ საქართველო ენერგიულად ცდილობს, რომ ქვეყანა საერთაშორისო დონეზე ომის ზონად არ აღიქმებოდეს. ქვეყნის ეკონომიკა დიდად არის დამოკიდებული პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე, რომელიც 2011 წელს 37%-ით გაიზარდა და 1.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა; საქართველოს მთავრობა აქტიურ რეკლამას უკეთებს ბიზნესისათვის ხელსაყრელ კანონმდებლობას, გაუმჯობესებულ მშპ-ს, რომელიც პირველ კვარტალში 6.8%-ით გაიზარდა და შთამბეჭდავ 34-ე ადგილს Heritage Foundation-ის მიერ გამოქვეყნებულ „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში“.

ამასთან კორუფციის წინააღმდეგ გადამჭრელი ზომების მიღებამ საქართველო, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნიდან ყოფილ საბჭოთა კავშირში, საუკეთესო პოზიციაზე აიყვანა და ამას ათეული წელიც კი არ დასჭირდა. კორუფციასთან ბრძოლის მწვერვალი იყო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განკარგულება ერთ დღეში სამსახურიდან დაეთხოვათ საგზაო პოლიციის თანამშრომლები და ისინი უმაღლეს დამთავრებულებით შეეცვალათ. „საქართველო ფინეთის გვერდზე დგას, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული პოლიცია ჰყავს,“ ამბობს პლამენ მონოვსკი, Renaissance Asset Managers-ის აღმასრულებელი დირექტორი.

პოლიტიკური რისკების შეფასების საკონსულტაციო ორგანიზაციის Oxford Analytica-ს უფროსი ანალიტიკოსი აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში მაიკლ ტეილორი ამბობს, რომ ქვეყანა იმსახურებს ნდობას კორუფციის მნიშვნელოვნად შემცირების გამო, და ამბობს, რომ დღეს საქართველოში გაცილებით უკეთესი პირობებია სამუშაოდ, ვიდრე მაშინ როდესაც მთავრობა 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოვიდა. „მაგრამ საბოლოო ჯამში მე მაინც არ ვფიქრობ, რომ ბევრი რამ გაუმჯობესდა,“ ამბობს ტეილორი.

მართლაც, გასაოცრად პრობლემატურ საარჩევნო პერიოდში საქართველოს ხელისუფლება ავლენს ავტოკრატიულ ნიშნებს და კორუფციის არსებობას მაღალ დონეზე, რაც პოტენციურ ინვესტორებს მხოლოდ დააფრთხობს.

2011 წლის ოქტომბერში საქართველოს პოლიტიკური სურათი რადიკალურად შეცვალა მილიარდერის, საქართველოს უმდიდრესი ადამიანისა და ცნობილი ფილანტროპის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამ და მისმა განცხადებამ, რომ იბრძოლებდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, რომელიც ივანიშვილის გამოჩენამდე იოლად გაიმარჯვებდა 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს. ივანიშვილს, რომელმაც კარიერა რუსეთში გაიკეთა, განცხადებისთანავე საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს ისეთ საფუძველზე, რომელიც იშვიათად გამოიყენება და კრემლის მარიონეტად მონათლეს.

ივნისის ბოლოს, ივანიშვილსა და მის პოლიტიკურ მოკავშირეებზე დაკისრებული ხანგრძლივი ფინანსური ჯარიმებისა და პარტიის უკანონო დაფინანსებასთან დაკავშირებული ბრალდებების შემდეგ საქართველოს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ივანიშვილს „ქართუ“ ბანკის აქციების წილის 100% და პროგრეს ბანკის 21.7% ჩამოართვა. აქციების მყიდველები არ გამოჩნდნენ და სახელმწიფომ ბანკ „ქართუზე” კონტროლი თავად აიღო და ახალი მმართველები დანიშნა. ამ საკითხებთან დაკავშირებით bne-სთან საუბარი მთავრობის არც ერთმა წარმომადგენელმა არ ისურვა.

ლაურა ლინდერმანი, ატლანტიკური საბჭოს დინუ პატრიჩიუს ევრაზიის ცენტრის დირექტორის თანაშემწე, ამბობს, რომ პოლიტიკურ სცენაზე ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ საქართველოს „ლიბერტარიანული“ იმიჯი უკვე შელახულია ელექტორალური პოლიტიკის საჭიროებების გამო. ხარჯების გაღება ახალი სამინისტროებისთვის, მაგალითად ისეთისთვის, როგორიც დასაქმების სამინისტროა და მეტად ძვირადღირებული სოციალური პროგრამები, რა თქმა უნდა მცირე შანს ტოვებს იმიჯის შესანარჩუნებლად. „რთულია [მთავრობისათვის] პოლიტიკური ზეწოლის პირობებში [ლიბერტარიანული] იდეალების შენარჩუნება,“ ამბობს ლინდერმანი.

თუმცაღა, ოპონენტების მიმართ სასტიკი ზომების მიღებით საქართველო ძირს უთხრის ასევე როგორც სახელმწიფოს მხრიდან ნაკლები ჩარევის მომხრე, ინვესტიციებზე ორიენტირებული, ტექნოკრატული სახელმწიფოს იმიჯს. „ეს კარგად არ გამოიყურება და იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში ბიზნესის საკეთებლად კარგი მეგობრებია საჭიროა“, აღნიშნავს ტეილორი Oxford Analytica-დან.

ამასთან ტეილორი მიიჩნევს, რომ ბანკების დახურვა არა მხოლოდ საქართველოს საერთაშორისო იმიჯს ლახავს, არამედ არის უფრო სერიოზული პრობლემიდან ყურადღების გადატანის საშუალებაა. „სააკაშვილთან დაახლოებული ადამიანთა მცირე ჯგუფი ყველა დიდ ბიზნესს აკონტროლებს,“ ამბობს ტეილორი საქართველოში მის პირად კონტაქტებზე დაყრდნობით. „საქართველოში ინვესტიციის დაბანდება მხოლოდ ამ ხალხთან ახლობლობითაა შესაძლებელი.“

იგივეს ადასტურებს არასამთავრობო ორგანიზაციის „საერთშორისო გამჭირვალობა – საქართველოს“ მიერ ჩატარებული არაერთი კვლევა. ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც საწვავისა და საკვები პროდუქტის სეგმენტებში ჩატარდა, გამოავლინა რომ ორივე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ოლიგოპოლიას. კიდევ ერთი ანგარიში მოწმობს, რომ საქართველოს სარეკლამო ბაზარი ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის მეგობრებისა და ბიზნესპარტნიორების ხელშია. კვლევა, რომელიც მედიისა და ფარმაცევტულ სექტორში ჩატარდა იგივე შედეგები უჩვენა. „დასავლეთში ისეთი წარმოდგენა აქვთ თითქოს სააკაშვილმა კონკურენტული გარემო შექმნა“, მაგრამ ეს მხოლოდ „ილუზიაა“ აღნიშნავს ანალიტიკოსი ტეილორი.

თომას დე ვაალი კარნეგის ფონდიდან თავის ანგარიშში საქართველოს პოლიტიკური მომავლის შესახებ იგივე დასკვნებამდე მიდის და ამბობს: „საქართველოს ეკონომიკას ჩრდილოვანი მხარეები აქვს და რაც უფრო ღრმა კვლევის ჩატარებას საჭიროებს.“

სინამდვილეში, როგორც ჩანს ეს პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო გადაწყვეტილებები და მთავრობის ქმედებები ბევრად უფრო შორს მიდის, ვიდრე ივანიშვილის ფაქტორი.

2010 წლის ოქტომბერში ისრაელის მოქალაქე ნავთობ მწარმოებელი რონი ფუქსი და მისი ბიზნესპარტნიორი საქართველოს ხელისუფლებამ მას შემდეგ დააკავა, რაც საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ საქართველოს მთავრობას 100 აშშ მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. სტამბოლში ფუქსისა და შენიღბული სახელმწიფო პირის საუბრის ფარული ვიდეო გადაიღეს, რომელშიც ფუქსი 7 მილიონ აშშ დოლარს სთავაზობდა ჩინოვნიკს, შემდეგ კი ბათუმში საბოლოო მოლაპარაკებაზე მიწვეული ფუქსი და მისი პარტნიორი ქრთამის შეთავაზების ბრალდებით დააკავეს და ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს. 2011 წლის მიწურულს ისინი შეიწყალეს, და ნაცვლად 100 მილიონი აშშ დოლარისა და მისი გაზრდილი პროცენტისა, რომელსაც ფუქსი ითხოვდა, 37 მილიონი აშშ დოლარი გადაუხადეს.

ფუქსისა და ივანიშვილის მსგავსი წინააღმდეგობრივი შემთხვევები ერთეული ხასიათის არ არის. 2011 წლის აპრილში, ქართველი ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე დააპატიმრეს, მისი საცალო გაყიდვების ქსელი „ელიტ ელიქტრონიქსი“ დახურეს და საქართველოს შემოსავლების სამსახურთან გადასახადებთან დაკავშირებული დავის შემდეგ თბილისში არსებულ TBC ბანკს გადასცეს. ამას ერთვის მაგნატისა და ოპოზიციის ლიდერის ბადრი პატარკაციშვილის საიდუმლოებით მოცული სიკვდილი. მისი სატელევიზიო არხი „იმედი“ ძალადობრივად დახურეს 2007 წელს, როდესაც მთავრობა ოპოზიციურ გამოსვლებს ახშობდა და გადასცეს პატარკაციშვილის შორეულ ნათესავს მეტად საკამათო გარემოებების ქვეშ. „იმედი“ ახლა „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს“ თანახმად, პროსახელისუფლებო არხად მიიჩნევა.
foreignpress.ge