დიტო გელოვანი: ყვავო–ჩიორა, გაშალე ფრთები...

დიტო გელოვანი: ყვავო–ჩიორა, გაშალე ფრთები...

„ფლაუა სტეიშნ, ნიუ–იორკის შტატი, დილის 7.30. მივაგენი კვალს. ახლომდებარე ფერმასთან აღმოვაჩინე რამდენიმე ღრმა ნაკვალევი. გავყევი მათ ორი მილის მანძილზე აღმოსავლეთისაკენ. მაგრამ ამაოდ. ვფიქრობ, სპილო დასავლეთისკენ წავიდა. ახლა ამ მიმართულებით მივდივარ. აგენტი დარლი“.

– დარლი ჩვენი საუკეთესო აგენტთაგანია – მითხრა ინსპექტორმა – მალე იგი ისევ შეგვატყობინებს რამეს.

მოვიდა დეპეშა #2: „ბარკერსი, ნიუ–ჯერსის შტატი, დილის 7.40. ეს ესაა ჩამოვედი. ღამით აქ შუშის ქარხანა გაუტეხავთ და 800 ბოთლი წაუღიათ. ერთადერთი წყალსაცავი აქედან 5 მილით არის დაშორებული. სპილოს მოწყურდებოდა. ბოთლები ცარიელი ყოფილა. აგენტი ბეიკერი“.

– ეს კარგი ნიშანია – თქვა ინსპექტორმა – ხომ გითხარით, ცხოველის მადა ხელს შეგვიწყობს–მეთქი.

დეპეშა #3: ტეიდორვილი, ლონგ–აილენდის შტატი, დილის 8.15. ღამით აქ გაქრა თივის ზვინი. დავადექი კვალს და მივდევ. აგენტი ჰაბარდო“.

– ხედავთ, როგორ გვიბნევს გზა–კვალს – თქვა ინსპექტორმა – ვიცოდი, რომ რთულ საქმეს მოვკიდე ხელი, მაგრამ სულ ერთია, ვერსად გაგვექცევა.

(მარკ ტვენი,“თეთრი სპილოს გატაცება“)

სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ უპილოტო თვითმფრინავები, შვეულმფრენები, პოლიციის ქვედანაყოფები, სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლები, ძმები ახალაიები... ამერიკა ჩვენი მეგობარია და, ისე როგორ იქნებოდა, რომ თანამგზავრის საშუალებით მოპოვებული ინფორმაციით არ მოემარაგებინა ჩოყლაყი და მისი რაზმი...

ბრძოლა რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდა, დივერსანტი იყო 17 კაცი და, ალბათ ოცდახუთნი რომ ყოფილიყვნენ, ოპერაცია სადღაც საახალწლოდ დასრულდებოდა. ახლა კი, გრძელდება. 22 კაცი ერთ ბურთს 90 წუთის განმავლობაში დასდევს და ვიღაცეები ხითხითებენ. მსხვერპლი რომ არ ყოფილიყო, ალბათ გვარიანად ვიხითხითებდით იმის წარმოდგენაზე, თუ როგორ დასდევს ერთიანი, ძლიერი, დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფო 6 დაღლილ კაცს ტყეში. თუმცა, ჩოყლაყს ყოველთვის სახითხითოდ აქვს საქმე, როცა თვითონ ცოცხალია, მსხვერპლი კი თუნდაც ასობით იყოს და თუნდაც ათასობით.

ჩემი სამძიმარი დაღუპულთა ოჯახებს.

და ჩემი ვერსია თქვენ – ეს იყო პუტინისა და სააკაშვილის ერთობლივი სპეცოპერაცია და სულ არ გამიკვირდება, თუ გავიგებ, რომ იმ საღამოს სააკაშვილი კიდევ ერთხელ გადაფრინდა მილანში და მორიგი საათი იყიდა, ანაც ახლა მიფრინავს ბუქარესტში ჩვენი კალათბურთლების გასამხნევებლად, ან კიდევ რომელიმე გრძელფეხება მასაჟისტი აქეთ მოფრინავს, რათა ერთ მაღალს, ძუნწსა და სულმდაბალს ზურგი დაფხანოს.

იბანავე, რა, შეჩემა, იქნებ კანალიზაციას გაყვე...

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი ბილიკი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პილოტის რანგში გამოსცადა. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა, სატვირთო „ბოინგ 747“-ის შემდეგ პრეზიდენტის კუთვნილი „ცესნას“ ტიპის თვითმფრინავი დაეშვა, რომელსაც თავად მიხეილ სააკაშვილი მართავდა“ – იუწყებოდა მარიამობა დღეს ჩემი მეგობარი სააგენტო და გვატყობინებდა, რომ სააკაშვილის თქმით, „ქუთაისი გახდა საპარლამენტო ქალაქი და ტურიზმის განვითარებასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ ასეთი აეროპორტი არსებობდეს“.

კი, კი... ხათუნა გოგორიშვილის სანახავად დაიძვრებიან ეგზოტიკური ტურიზმის მოყვარულები, იქვე ღვინის ტურებიც მოეწყობა, რომლის დროსაც ღვინის მოყვარულ ყბაჩამოვარდნილ ტურისტებს პეტრე ცისკარიშვილი უამბობს, როგორ გაატანა კანალიზაციას რამდენიმე ტონა მაღალხარისხიანი ღვინო.

„ქუთაისში არ იცის ნისლი, რაც მნიშვნელოვანი გარემოებაა და იმ შემთხვევაში, თუ უამინდობის გამო თბილისისა და ბათუმის აეროპორტები დაიბლოკება, ქუთაისი რეისებს დაუბრკოლებლად მიიღებს“ – უთქვამს ყველაფრის მცოდნე ჩოყლაყს პირდაღებული ქუთაისელებისთვის. იმასაც დაამატებდა, ნისლი როგორ არ იცის, მაგრამ 2–3 კილოგრამი ბურუსი სათვალავში მისაღები არ არისო.

„დრო ცოტა გვაქვს, ასაშენებელი ბევრი გვაქვს, ამიტომ ჩქარა უნდა ვაკეთოთ“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

დრო მართლაც ცოტა აქვთ – უნიტაზი მალე ჩაირეცხება და თან წაიღებს ისეთ ჟღალ საუბარს (რიჟა ბაზარს), როგორებიცაა „მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისის აეროპორტის ასაფრენი ბილიკი პილოტის რანგში გამოსცადა“, „მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქუთაისის აეროპორტი თბილისის აეროპორტს გაუწევს კონკურენციას“, „პრემიერის განცხადებით, ლაზიკას პორტი იქნება პირველი, რომელსაც შეეძლება დიდი ტონაჟის კონტეინერმზიდების მიღება-გადმოტვირთვა“, „დავით ბაქრაძე - ქართული სახელმწიფო იცავდა და დაიცავს საკუთარ მოქალაქეთა უსაფრთხოებას“...

ეს უკანასკნელი მცირე კომენტარს საჭიროებს. „ანუ მოქალაქეები თავად დაიცავენ საკუთარ უსაფრთხოებას იმ დანა–ჩანგალ–კოვზებით, რომლებსაც ოჯახებიდან გამოიტანენ“ – ეს იგულისხმა ბაქრაძემ, ეშმაკი ჩოყლაყის ფეხმა. ალუმინის ჩანგლები არ გამოიტანოთ, მეგობრებო და სპილენძის კოვზები გადამალეთ, თორემ ბიუჯეტს უჭირს და აქედან გამომდინარე, უჭირს ერთიან ნაციონალურ მოძრაობასაც. საიდუმლოდ გეტყვით და არსად თქვათ – სპორტის დეპარტამენტის მთელი თანხები სამტრედიისკენ არის გადაზიდული. თუ ვინმე სადმე რამე ტურნირებზე (მსოფლიო ჩემპიონატის გარდა) აპირებდა გამგზავრებას, ყველა ენაგადმოგდებული დარბის და სპონსორს ეძებს.

მაგარი ქვეყანაა – პირდაღბული მოქალაქეები, ენაგადმოგდებული სპორტსმენები, ყბაჩამოვარდნილი ტურისტები, ბეჭებდაკბენილი პრეზიდენტი და...

და გასული კვირის ასეთი ამბავი: „ახალმა მემარჯვენეებმა“ 102 წლის ზუგდიდელ ქალბატონს მარიამობა მიულოცეს. „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მანანა ნაჭყებიამ ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში მცხოვრები 102 წლის ვენერა ჯღარკავა მოინახულა და მარიამობის დღესასაწაული მიულოცა“.

დარბიან, ჭკუაზე არ არიან ეს ძალად მემარჯვენეები, მაგრამ მარიამობა დღეს რაღა ვენერას მიულოცეს, რა – ზუგდიდში მარიამები გაწყდნენ თუ როგორ? თუმცა, ნაჭყებიას ალბათ ის უნდოდა ეთქვა, რომ დღეს ჩვენ ყველანი მარიამები ვართო და საქმე თუ ისე წავიდა, როგორც ვითომ ნაციონალებს და მათთან ასოცირებულ ძალად მემარჯვენეებს უნდათ, 23 ნოემბერს დავით გამყრელიძე გიორგობას პირველ რიგში მიხეილს მიულოცავს.

„მთელს ამ ტერიტორიაზე მხოლოდ ეს უბანი დარჩა გამრიცხველიანების გარეშე. სოფლის მოსახლეობა ერთმანეთს გადაკიდებულია იმის გამო, რომ ყოველთვე უზარმაზარი თანხის გადახდა უწევთ. მივმართავ ენერგეტიკის ახალ მინისტრს, ბატონ ვახტანგ ბალავაძეს, დახმარება აღმოუჩინოს სოფელს ამ პრობლემის მოგვარებაში“, - უთქვამს მანანა ნაჭყებიას ვენერასუბანში და მერე, ალბათ, მობილურ ტელეფონში მარიკა ვერულაშვილის ის ცნობილი კადრები უჩვენებია, სადაც ვერულაშვილი 76 წლის ქალბატონებს რუსი ჯარისკაცების მოჭარბებული ლიბიდოთი აშინებს და მაგალითად 106 წლის მავანი რუსი ქალბატონის თვგადასავალი მოჰყავს.

მოკლედ, მანანა ნაჭყებიას ცაიშის ერთი უბნის გამრიცხველიანება ადარდებს, ბალავაძის იმედი აქვს და ვერულაშვილზე აფანატებს.

ერთი ცუდი ამბავი: „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება რამაზ ნიკოლაიშვილის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე განთავსდა“.

არადა, ნიკოლაიშვილს რომ შეხედავ, ვერ იტყვი, რომ შეიძლება მას ფეისბუქის ოფიციალური გვერდი ჰქონდეს. ცხვრის დუმას ჰგავს და თევზი ყვარებია. ორი–სამი კვირაც და ერთი კარგი, ასფალტმოსხმული კალმახი ჩემზე იყოს.

გასულ კვირაში თანამდებობიდან გადადგა გოგა ხაჩიძეც. ისე, ეგეთი მამის, ეგეთი დისა და ეგეთი მუსიკალური წარსულის მქონე სუბიექტი, წესით, თავს ვერსად უნდა ყოფდეს, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ხაჩიძე არის არიფი და თავხედი, ხოლო თავხედი არიფი, მოგეხსენებათ, ტანკზე უარესია.

„მე აღარ ვარ გარემოს დაცვის მინისტრი. ვაპირებ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით პარლამენტში შესვლას. სიაში ვარ 32-ე (3+2=5). გარემოს დაცვის ახალი მინისტრია გიორგი ზედგინიძე. ჩემის აზრით (და არა მხოლოდ) საუკეთესო გადაწყვეტილებაა. წარმატებებს ვუსურვებ გარემოს დაცვის სამინისტროს და „ნაციონალურ მოძრაობას“, - წერს ხაჩიძე.

თავხედია–მეთქი და, მაგის არითმეტიკას დააკვირდით – 3+2=5. ხაჩიძემ მიმატების არაფერი იცის, თუ არა და, გადათვალეთ ხეები ტყეში და თავადაც დარწმუნდებით, რომ ამ წლების განმავლობაში ჩვენ ტყეებს ერთი ხეც არ მიმატებია. ხაჩიძე გამოკლების სახეა (ეგეთი მამის, ეგეთი დისა და ეგეთი მუსიკალური წარსულის ტიპი კაცად არც უნდა მოიხსენიო) და იმ არითმეტიკაში სწორედაც რომ გამოკლება იგულისხმა – 3–2=1, ანუ პირველი ვარო.

ბაქრაძე მიხვდა, გადაირია და ხახუნის ძალა დაიფიცა, მაგას არ ვაპატიებო.

ყველამ ვიცით, რომ ბაქრაძე არის ქლიბი. ისიც ვიცით, რომ ხაჩიძე კვერცხია ((ეგეთი მამის, ეგეთი დისა და ეგეთი მუსიკალური წარსულის მქონე...) და ახლა ის მაინტერესებს, ნაცების სიაში პირველიდან ოცდამეთერთმეტეს ჩათვლით ყველა ქლიბია და ოცდამეთორმეტედან ბოლომდე – ყველა კვერცხი? მამენტ და წესით – კი, თუმცა გამონაკლისი რისი გამონაკლისია, წესი თუ არ დაადასტურა? ნაცების სიაში არის ერთი ჩიორა. ეგ ის ჩიორაა, ოღონდ თავი გადაირჩინოს და, ბარტყებს ვედროს აბაზად რომ ისვრის.

„ჩიორა თაქთაქიშვილი – 1-ელ ოქტომბერს მოქალაქეები პასუხს გასცემენ იმ პრორუსულ ძალას, რომელიც იმეორებს რუსულ პროპაგანდას“ – ასეთი ნიუსიც იყო და სააკაშვილი ჩიორას ჩაეკითხა, მე ხომ არ მგულისხმობდიო, ჩიორამ კიდევ – შენ არაო. ზუსტად ისე, როგორც „ჭრიჭინაშია“, მეფრინველე ცქრიალა მძღოლ ბიჭიკოს რომ ეუბნება. ორივენი კომკავშირლები იყვნენ, თითქმის სოციალისტური შრომის გმირები.

ახლა კი წარმოგიდგენთ სამ კომკავშირელს: სტუდენტური დასაქმების პროგრამის სპიკერი მარიამ საჯაია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის თანამშრომელი მერი კოკაია და სამირა ისმაილოვა.

ისინი 21–22 წლისები არიან, სხვა დროს ვიტყოდი გოგონები–მეთქი, ცოტა გაბრაზებულზე – ლაწირაკები–მეთქი, მაგრამ ახლა, როდესაც მოძმე სააგენტომ მაცნობა, რომ ისინი ნაცების საარჩევნო სიაში არიან, ალბათ ჯობს რამე სხვა სიტყვა მოვიფიქრო. ტრაწიანი მაიმუნები... არ ღირს, მაიმუნებმა რა დააშავეს? იქნებ, თქვენ დამეხმაროთ.

პრინციპში, სააგენტო უკვე დამეხმარა – ნაციონალური მოძრაობის სია 155–კაციანიაო. სამ ცალ 21 წლის მდედრს 155–მამრიან სიაში რომ შეიყვან... მერი და მარიამი კიდევ ჰო – თანამდებობები აქვთ და გამოცდილებაც ექნებათ. სამირა ისმაილოვა ვინ უნდა იყოს? ერთადერთი, რაც ახლა თავში მომდის, ის არის, რომ მთელი მთავრობა და პარლამენტი თავის ნაშებიანად, მარნეულში მოლასთან რომ დარბიან, ალბათ იმ მოლას გოგოა.

მოკლედ, შოუყვანიათ და შოუყვანიათ!!!

რაო, სოფოშკები–რაკუშკები, ხომ არ ეჭვიანობ, ჭუკლი?

აი, კიდევ ერთი საინტერესო ნიუსის საინტერესო სათაური: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აგვისტოში მიღებული შემოწირულობები გამოაქვეყნა“. ნიუსი მოგვითხრობს, რომ 1-ელიდან 21 აგვისტოს ჩათვლით, პარტიამ შემოწირულობა 270 პირისგან მიიღო. წლიურად დასაშვები შემოწირულობის მაქსიმუმი – 60 ათასი ლარი „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ 38-მა პირმა გაიღო. მათი გვარ–სახელებიც არის ჩამოთვლილი: სამსონ ფხაკაძე, ბონდო გოლეთიანი, ნუგზარ აწკარუნაშვილი, ჭიჭიკო გოლეთიანი... თუმცა, არაფერია ნათქვამი მერის, მარიამისა და სამირას მამებზე. ეტყობა მაგათ თავიანთი შვილები 60 ათასზე ბევრად ნაკლები უღირთ.

და რად უღირს მთავრობას და პარტიას ქვეყნის ხერხემალი? უკვე აღარაფრად და აჰათ, ნიუსის დასაწყისიც: „საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ვანო მერაბიშვილი რუსთავში სამრეწველო ობიექტების დათვალიერებას განაგრძობს . პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, „აზოტის“, „ვაგონმშენებელი კომპანიის“, „რუსთავის ლითონკონსტრუქციების ქარხნის“ და „ჰაიდელბერგ ცემენტ“-ის შემდეგ პრემიერ-მინისტრი რუსთავში მოქმედ მეტალურგიულ კომპანიებს „რუსმეტალ“-ს, „რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას“ და „ჯეოსტილ“-ს ესტუმრა...“

არადა, როგორ კიდია ვანოს აზოტიც, ცემენტიც, ვაგონიც და მეტალურგიაც! ეგ არის, რომ ჩოყლაყს კიდია ვანო და არ კიდია „რუსმეტალი“.

„რუსმეტალ“-ის ხელმძღვანელობასთან საუბრის დროს, ვანო მერაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა ლაზიკას ახალი პორტის მშენებლობის მნიშვნელობაზე...“ – ა, ბატონო – ლაზიკის პორტი სწორედ „რუსმეტალმა“ უნდა ააშენოს და არა, ვთქვათ „იუ–ეს მეტალმა“ ან „ბრითიშ მეტალმა“ ანაც რომელიმე ისეთმა მეტალმა, რუსებთან კავშირში რომ არ არის შემჩნეული.

კიდევ გავიმეორებ – ლოპოტას ხეობის ამბები ვოვას და მიშას ერთობლივი სპეცოპერაცია იყო.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხუთ შემომწირველს პარტიისთვის შეწირულ 315 000 ლარს უკან დაუბრუნებს, - ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ სპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ თავს ფინანსური გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტებს უწესებს და...“

მსოფლიოში ერთადერთია ისეთი ჩიორა, რომელიც აფრენს და არ ფრენს. მაღალი სტანდარტები, სასწაული გამჭვირვალობა, მეტი სარგებელი ხალხს... აუ, ახლა დავიგინები.

„ორგანიზაციის „საქართველო არ იყიდება“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი გიგა ნასარიძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდას აპირებს .

როგორც გიგა ნასარიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, აუდიტის სამსახურმა მათ მიმართ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. „წავიკითხეთ კანონის ის ნაწილი, რაშიც გვედავება სახელმწიფო აუდიტის სამსახური. კანონით დადგენილ დროში ვერ მოვახდინეთ დოკუმენტაციის დეკლარირება და სწორედ ამაში გვედავება სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რაშიც მართლები აღმოჩნდენ“ - განაცხადა ნასარიძემ“.

ახლა შევიგინები.

დავიგინე კიდეც, შევიგინე კიდეც და ამ პარტიას, ამ მთავრობას, ნაცების მთელ საარჩევნო სიას, მაგათ ყველა კოორდინატორს, ენდიაის, აირაის, სოროსის ფონდს, აირექსს და პირადად გიგა ნასარიძეს მოხვდეს არმაგედონის ზანგის, თუ არა და, თავად არმაგედონის ზანგს მოხვდეს არმაგედონის ზანგის!!!

„ლეიბორისტები“ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ პარტიის საარჩევნო კომისიის წევრებზე ზეწოლაში ადანაშაულებენო და, მაგრადაც ვიცინე. აი, ძაან მაგრად. მე მგონი, სანამ ჰოლივუდში „არმაგედონს“ გადაიღებდნენ, არმაგედონის ზანგი უკვე პირადად და კარგად იცნობდა შალვა ნათელაშვილს და მთელ მის სამდივნოს. ეს უეჭველია, ისევე როგორც ის, რომ „ნაციონალური მოძრაობაც“ და ლეიბორისტული პარტიაც“, ორივე მოქალაქეთა კავშირისა და კომუნიტური პარტიის ერთმანეთზე ზე–წოლის შედეგად მიღებული პროდუქტია.

გასულ კვირაში ლევან ვეფხვაძეს უთქვამს, „ქართული ოცნების“ მიერ ულტიმატუმის ენით საუბარი ამომრჩეველს საარჩევნო ყუთთან აშორებსო... დედა, როგორ დარდობს გია ბარამიძის მარჯვენა ხელის მეორე ნახევარი!.. ფორმა, რითაც „ქართული ოცნება“ საუბრობს, იმ პარტიისთვის არაადეკვატურია, რომელსაც ხელისუფლების არჩევნებით შეცვლა სურსო – ესეც ოთხი შტატივისა და ერთი ჩითის კაბის თვალსაჩინო წარმომადგენელს უთქვამს.

არ ვიცი, უთხრა თუ არა ვინმემ, მაგრამ მაგ მართლაც ხვლიკის ჰალსტუხს აუცილებლად ვეტყვი: „სამაგიეროდ თქვენი ნაც–კაბინეტებში ძრომიალია ადექვატური იმ პარტიისთვის, რომელსაც ხელისუფლების ცვლილება არ სურს“.

ფიქრია ჩიხრაძეს უთქვამს, „ქართული ოცნების“ მიერ წამოყენებული წინაპირობები არჩევნებზე ხელჩაქნეული კაცის პოზიციას ჰგავსო, ხოლო მიხეილ სააკაშვილს ფიქრია ჩიხრაძის ნათქვამი განუვრცია – 3-4 წელიწადში ყურძნის ჩაბარების ფასი 2 ლარი იქნებაო.

საერთოდ კი, რაში უნდა გვაინტერესებდეს, რას დაიჩხავლებს ჩიორა, რით დაიბოღმება ფიქრია და სად იყრის შალვა ნათელაშვილი! შალვა ნათელაშვილი კენჭს ამჯერადაც დუშეთში იყრისო!!! იყრის დუშეთში და – იყაროს, ოღონდ, ცოტა მოფარებული ადგილი შეარჩიოს.

ნიკოლოზ ხაჩირაშვილმა (ციციანოვის პონტში გადის, ოღონდ – გლდანში) კი იაშვილის კლინიკა შეარჩია და იქ გაუყარეს. მოკლედ, სისხლი ჩააბარა. „ნიკოლოზ ხაჩირაშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი სახის აქციებში საზოგადოების ჩართულობა მეტად მნიშვნელოვანია, რომ საჭირო დროს ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს სისხლის დეფიციტი არ შეექმნათ“ – „ინტერპრესნიუსი“ რომ არ იყოს, ამ ამბავს ვერც გავიგებდით და არც არაფერი დაშავდებოდა გარდა იმისა, რომ ხაჩირაშვილს გული გაუხდებოდა გადასანერგი, თუმცა, როგორც ყოველთვის, მეც და თქვენც, ახლაც გვაინტერესებს რაღაც. კერძოდ, ვისი სისხლი ჩააბარა ხაჩირაშვილმა. ვფიქრობ, ხაჩირაშვილმა იმ ბავშვების მშობლების სისხლი ჩააბარა, რომელ ბავშვებზეც წუხდა – სისხლის დეფიციტი არ შეექმნათო.

და, მართალია სხვისი სისხლი ჩააბარა, მაგრამ შოკოლადის მოზრდილი ფილა მაინც გადაყლაპა. თუ ხვდებით, ვისთვის იყო განკუთვნილი ის შოკოლადი?

იმ ბავშვებისთვის, მეგობრებო, იმ საცოდავებისთვის.

ახლა, ეს მხოლოდ ჩემი ჰიპოთეზებია. ჯორდანო ბრუნომ დიდხანს უყურა ვარსკვლავებს და დაასკვნა, დედამიწა ბრუნავსო. ჰიპოთეზად ითვლებოდა, მაგრამ დამტკიცდა.

ჰოდა, გეკითხებით: ცოტაა ცხრა წელი იმისთვის, რომ ასეთი დასკვნები გამოიტანო?

სხვის სისხლს აბარებენ და სხვის შოკოლადს ჭამენ.

თუ ამ სიტყვებისთვის დაწვას დამიპირებენ და ცეცხლს შემიკეთებენ, ძალას მოვიკრებ, ღრმად ჩავისუნთქავ და უკანასკნელად დავიძახებ: „ის მაინც ჭამს“.

დედიმისისას, ბიძამისისას, ბებიამისისას...

ყ.ჭ. (ყველაფერს ჭამენ) „კონი პოინტი, პენსილვანიის შტატი, დილის 8.45. წუხელ გაზის კანტორა გაუტეხავთ და წაუღიათ სამი თვის გადაუხდელი ქვითრები. დავადექ კვალს და მივდევ. აგენტი მერფი“.

– ოი, ზეცავ! – წამოიყვირა ინსპექტორმა – ნუთუ გაზის ქვითრებსაც ჭამს?

– დიახ, უმეცრების გამო, მაგრამ თუ რაიმე არ დაუმატა, ისე ვერ მოისვენებს.

(მარკ ტვენი, “თეთრი სპილოს გატაცება“)