„ივანიშვილი არჩევნებზე 2/3 აიღებს, მაგრამ არ არსებობს შანსი ხელისუფლებამ ეს გააფორმოს“

„ივანიშვილი არჩევნებზე 2/3 აიღებს, მაგრამ არ არსებობს შანსი ხელისუფლებამ ეს გააფორმოს“

 

„სააკაშვილისაგან მორალის კითხვა არანაირ ჩარჩოებში აღარ ჯდება. თურმე ვიღაცას მორალი არ აქვს და ამ ხელისუფლებას აქვს. სინამდვილეში არ არსებობს ისეთი რამ, რასაც ეს ხელისუფლება არ იკადრებს. ნორმალური ადამიანის გონება ვერ წარმოიდგენს იმას, რისი კარდებაც ამათ შეუძლიათ“, - გვითხრა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

ქალბატონო ნინო, თქვენ უნდობლობა გამოუცხადეთ არჩევნებს. მიაგჩნიათ, რომ სიების გამოცხადება, მაჟორიტარების დასახელება და ის აჟიოტაჟი, რაც არჩევნების წინაა უსაგნოა?

- პოლიტიკური პარტიის სიები ძალიან მნიშვნელოვანია. პარტიის სიით შეგიძლია გაიგო რა ფასეულობების მატარებელია ლიდერი, როგორი ადამიანები უნდა ჰყავდეს გვერდით, როგორ წარმოუდგენია ქვეყნის ხვალინდელი დღე. როდესაც ხელისუფლება ლაპარაკობდა, - ბურჯანაძე იმიტომ წავიდა, რომ სიებზე ვერ შევთანხმდითო, ეს მთლად მართალი არ იყო, თუმც სია ჩემი გადაწყვეტილების მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო. ხელისუფლებას სიაში არ უნდოდა განათლებული ადამიანები, რომელთაც კითხვის დასმა იციან და ყველაფერზე არ დაეთანხმებოდნენ. როდესაც დავინახე, რომ უნდათ მანიპულირებადი პარლამენტი, ამიტომ მივიღე წამოსვლის გადაწყვეტილება. სულაც არ მიკვირს სიების გამო აჟიოტაჟი, თუმც დიდი ხანია მე და ჩემი პოლიტიკური ძალა ვაცხადებთ, რომ ამ საარჩევნო გარემოში საქართველოში არჩევნების ჩატარებას აზრი არ აქვს. ხელისუფლებას უსამართლოდ უკვე გაფორმებული აქვს თავისი მოგება. ამაზე სამი წელია უკვე ვლაპარაკობ.

მაგრამ სამი წლის წინ ივანიშვილი არ იყო პოლიტიკაში.

- ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლის შემდეგ საარჩევნო გარემო გაუარესდა. ადამიანები, ვინც დღეს ივანიშვილის გვერდით არიან, 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს აცხადებდნენ, საარჩვენო გარემოს გავაუმჯობესებთო, თუმცა დღეს აღმოჩნდენენ ისეთ მდგომარეობაში, რომ იძულებულები არიან დაეთანხმონ იმას, რასაც ვამბობდ 2 და 3 წლის წინ. ამ პარტიებმა შეიძლება დღეს იგრძნეს ეს წნეხი, რადგან მანამდე პირისპირ ბრძოლა ხელისუფლებასთან არ ჰქონიათ. ჩვენ კი ამ წნეხს პარტიის დაარსების პირველსავე დღიდან ვგრძნობდით, როდესაც მოგვიგონეს შეიარაღებილი გადატრიალება, რუსული უკანონო ფულის გათეთერება, ყველანაირად გვდევნიდნენე და გვავიწროვებდნენ.

თანავუგრძნობ ყველა ადამიანს, ვისაც ასე უსინდისოდ მოექცა ხელისუფლება, როდესაც „ქართული ოცნების“ წევრების ბინები გაუყიდეს. ეს ყველაფერი ჩვენ გადავიტანეთ. ჩვენი პარტიის ერთი წევრი ძირკვაძე 2 წლის წინ მოგონილი ბრალდებით დააპატიმრეს. დაპატიმრებამდე სამი დღით ადრე ის გამგებელმა დაიბარა და გააფრთხილა, - თუ ბურჯანაძის პარტიიდან გამოხვალ, პრობლემები არ გექნება, თუ არადა პრობლემები შეგქმენაო. ამ ადამიანმა თავისი ღირსება არ გათელა და გამგებელს უთხრა, - არაფერი დამიშავებია, მჯერა ამ პარტიისო და ორ დღეში დააპატიმრეს იმის გამო, თითქოს მისმა ფირმამ 400 ლარის სამუშაო კეთილსინდისიერად არ შეასრულა. 400 ლარის გამო სამი შვილის მამას მიუსაჯეს 6 წლით პატიმრობა და მეტიც, როდესაც ჯარიმის გადახდა დააკისრეს და მის ოჯახს არაფერი ჰქონდა, უყიდიდნენ წყლის გამაცხელებელს და ტახტს, რომელზეც ბავშვებს ეძინათ.

შეუძლებელია ასეთ გარემოში არჩევნების ჩატარებაო, იმიტომ კი არ გვითქვამს, რომ ქუჩაში დგომა გვიხაროდა და არასტაბილურობა გვინდოდა, ამას იმიტომ ვამბობდით, რომ ჩვენს თავზე გვქონდა გადატანილი ის ყველაფერი, რაც ახლა ხდება „ქართული ოცნების“ მიმართ და ვიცოდით დადგებოდა რეალობა, როდესაც ბიძინა ივანიშვილის განაცხადებდა, - ამ გარემოში არჩევნებს აზრი არ აქვსო.

თქვენ ეს განწყობა დაინახეთ საერთაშორისო საზოგადოებისადმი ბიძინა ივანიშვილის მიმართვაში?  

- დიახ და დარწმუნებული ვარ, სულაც არ უხარია ბიძინა ივანიშვილს, როდესაც ასეთ განცახდებას აკეთებს, მაგრამ იძულებული გახდა ეთქვა იმდენად უსამართლო გარემო შეუქმნეს, იმდენად შეუკრეს ხელ-ფეხი. იმდენად აბსურდულია დღევანდელი საარჩევნო გარემო, რომ ადამიანი, რომელიც პოლიტიკაში მოსვლიდანვე მხოლოდ არჩევენზე ლაპარაკობდა, იძულებული გახდა ეთქვა, - ამ ვითარებაში არჩევნებს აზრი ეკარგებაო.

ივანიშვილმა განაცხდა, თუ ჩვენი 6 მოთხოვნა არ შესრულდება, არჩევნების შედეგებს არ ვცნობო. ამას რა შეიძლება მოჰყვეს?

- რეალობა ძალიან მძიმეა. ვიცი, ეს ხელისუფლება არ დაუშვებს თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას. იმიტომ, რომ ასეთ არჩევნებს ხელისუფლება წააგებს და „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს. ამას ეს ხელისუფლება არ დაუშვებს. ეს არ არის ხელისუფლება, რომელიც წააგებს არჩევენებს, წავა და რაიმე სხვა საქმიანობით დაკავდება, რადგან მათი უმეტესობა ქუჩაში დაცვის გარეშე ვერ გავა. ხელისუფლებაში არის ხალხი, რომელიც ნორმლური სასამართლოს არსებობის შემთხვევაში განსასჯელის სკამზე უნდა დასხდნენ. ამ ხელისუფლებას უკან დასახევი გზა არ აქვს და ყველაფერს გააკეთებს ხელისუფლებაში დასარჩენად. სააკაშვილმა ხომ განაცხადა, - მეტი საქმე არ მაქვს ჩემი აშენებული ქვეყანა თქვენ გადმოგაბაროთო. ამით პრეზიდენტმა განაცხადა, - არ მაინტერესებს არც ხალხის აზრი, არც არჩევნები, არ კანონი, მე ვწყვეტ ვის გადავაბარო და როდის ხელისუფლებაო. ეს განცხადება ინპიჩმენტის საფუძველია, რადგან ხელისუფლების უზურპაციის დამადასტურებელი არაჩვეულებრივი მაგალითია. როდესაც პოლიტიზებულია სასამართლო,  ცესკო, პოლიციის უმეტესობა და სპეცდანიშნულების რაზმების ნაწილი, რომელთაც ესენი ბნელი საქმეებისთვის იყენებენ, როდესაც მედია და ბიზნესი არ არის თავისუფალი, რომელ არჩევნებზე შეიძლება ლაპარაკი?  რა საარჩევნო გარემოზე შეიძლება ლაპარაკი, როდესაც ბიძინა ივანიშვილს საკუთარ ფულს არ ახარჯვინებენ. ასეთი რამ დედამიწის ზურგზე არ მომხდარა. 

ამომრჩეველთა ასეთი სიების დადება სამარცხვინო ლაქად დარჩება მამუკა კაციტაძისა და „ახალი მემარჯვენეების“ ბიოგრაფიაში, რადგან 3 მლნ 600 ათასი ამომრჩეველი საქართველოში არ ყოფილა მაშინაც, როდესაც საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო აფხაზეთი და სამაჩაბლო, როდესაც არ გვყავდა მილიონობით ადამიანი გასული საზღვარგარეთ. ხელისუფლებას ამ მანიპულაციით მილიონი ხმა უკვე ჯიბეში უდევს. წარმოუდგენელია ამ ვითარებაში ნორმლური არჩევნების ჩატარება.

ხალხის უზარმაზარი რაოდენობა, რომელიც გამოდის ივანიშვილის აქციებზე, უნდა გამოყენებულიყო ხელისუფლებაზე წნეხისათვის. თუნდაც იმისათვის, რომ მოგვეთხოვა 50%-იანი ბარიერი მაჟორიტარებისათვის. ის რაზეც დღეს ლაპარაკობს ივანიშვილი, აუცილელები იყო დასმულიყო ივანიშვილის მიერ ორგანიზებულ მრავალრიცხოვან აქცებზე. თუმცა არ ვიცი, შეიძლება რაღაც სხვა აქვს დაგეგმილი „ქართულ ოცნებას“ ამ ერთი თვის განავლობაში. ჩემი განცახდებები არ მინდა ვინმემ ისე გაიგოს, რომ არჩევნების წინ ნიჰილიზმს ვთესავ. რაკი ძირითადი პოლიტიკური სპექტრი მიდის ამ არჩევნებზე, მოსახლეობამ აუცილებლად უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და არ მისცეს ხელისუფლებას მათი ხმებით მანიპულირების შესაძლებლობა. მიუხედავად ჩემი სკეპტიციზმისა, მოვუწოდებ მოქალაქეებს მივიდნენ არჩევნებზე. ამის მერე უფრო იოლი იქნება საკუთარი პოზიიის დასაცავად ბრძოლა.

ივანიშვილის 6 მოთხოვნას ხელისუფება ფორმალურად ხომ არ დასთანხმდება?

- გამორიცხულია, ამის დრო უკვე გაშვებულია ხელიდან.  ხელისუფელბა რომ არაფრის დათმობას არ აპირებს, გამოჩნდა თუნდაც იმ პასუხით, რომელიც გაკეთდა ივანიშვილის მოთხოვნის მერე, როდესაც დამატებითი პრეტენზიები წაუყენეს კოალიციას ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებმა. ეს არ არის ხელისუფლება, რომელიც ნებით რამეს დათმობს. ამ ხელისუფლებას შეიძლება რამე მხოლოდ  წაართვა.

როდესაც ბიძინა ივანიშვილი შეგხვდათ ითქვა, ივანიშვილმა ამით აჩვენა, რომ იზიარებს ბრძოლის თქვენეულ გზას, ანუ ქუჩაში პროცესების განვითარებას.

- ეტყობა ძალიან აფასებენ ჩემს შესაძლებლობებს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი არ არის ისეთი ადამიანი, რომელიც ვინმესთან ერთი საუბრით რადიკალურად შეცვლის თავის შეხედულებებს.  ჩვენ საინტერესო, გულწრფელი და ღია საუბარი გვქონდა. ვუთხარი ყველაფერი, რაც მიმაჩნდა, რომ უნდა სცოდნოდა ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე. ივანიშვილმა ბევრი რამ დაინახა  და გადაიტანა ერთი წლის განმავლობაში. გონიერი ადამიანი აუცილებლად მივა იმ დასკვნამდეც სადამდეც ახლა მისულია „ქართული ოცნება“.

ფაქტია, რომ არ არის კონკურენტული გარემო, სადაც შეიძლება არჩევანის თავისუფლებაზე ლაპარაკი. რა გზას აირჩევს ბიძინა ივანიშვილი, მისი განცხადებიდან გამოჩნდა. თუმცა, მე არ მიკითხავს მისთვის რას გააკეთებს 2 ოქტომბერს. „ქართულმა ოცნებამ“ დიდი პასუხისმგებლობა აიღო, როდესაც განაცხადა - შეგვიძლია მოვუგოთ ამ ხელისუფლებას და ამ საარჩვენო გარემოშიცო. ვფიქრობ, მათ გარკვეული ნაბიჯები აქვთ დაგეგმილი 1 ოქტომბრამდე, რაც გავლენას მოახდენს საარჩევნო პროცესზე. 

ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მას შოკისმომგვრელი ინფორმაცია მიაწოდეთ.

- ბატონ ბიძინას მოვუყევი ერთი შემთხვევა, როდესაც სააკაშვილმა განმიცხადა, - თუ პარტიას შექმნი და ხელისუფლებაში ჩემს ყოფნას საფრთხეს შეუქმნი, აფხაზეთში საომარ მოქმედებებს დავიწყებო. ამაზე ხმა არავის ამოუღია ოპოზიციიდან. ეს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილსათვის აღმოჩნდა შოკისმომგვრელი და მის გვერდით არიან ადამიანები, რომელთაც ეს ინფორმაცია კარგა ხნის წინათ იცოდნენ, მაგრამ რეაგირება არ ჰქონიათ.

ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციაში ბიძინა ივანიშვილმა ავანტიურის ნიშნები დანახა. თქვენ რას იტყვით?

- მას შემდეგ რაც საზღრის დაცვიდან ჩემი მეუღლე წამოვიდა, არაერთხელ გვსმენია ხელისუფლებისაგან, რომ საზღვარი ისე დავიცავით, ჩიტიც ვერ გადმოფრინდებაო. თუ ასეა, როგორ შემოვიდა საქართველოში 17 შეირაღებული ადამიანი? ეჭვით ვუყურებ იმას, რასაც ტელევიზიით ვუყურებ და ვისმენ ბოლო დღეებში. უამრავი კითხვა მაქვს და ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ იმ კითხვების გამო, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით ჩნდება. არ მინდა სიღრმეებში შევიდე, თუმც ერთს ვიტყვი, საქართველოს ხელისუფლებას ყველაფრის კადრება შეუძლია და მათ შორის ამ ტიპის ოპერაციის გათამაშებაც. კარგად ვიცი, რომ ხელისუფლებამ ნებისმიერი მოქმედება შეიძლება გამოიყენოს წინასაარჩევნოდ ქულების მოსაპოვებლად. რატომ დაუტკბნენ ამ ვითარებაში ასე რუსეთს? სხვა შემთხვევაში წარმოგიდგენიათ რამხელა ამბავი ატყდებოდა, - რუსებმა საქართველოს ტერიტორიაზე ბოევიკები შემოუშვესო? დეტელაბზე ლაპარკი არ მინდა. თვითონ გააკეთოს დასკვნა  და არჩევანი ხალხმა პირველ ოქტომბერს. ასეთი არეულობა და ოპერაცია ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს, რათა  ქულები ჩაიწეროს  - აი, რა ძლიერი და ეფექტური ვარ, შეიარაღებული ტერორისტული დაჯგუფება გავანადგურეო. ამით მსოფლიოს უთხრა, რომ ტერორიზმს ებრძვის, ჩვენს ხალხს კი აჩვენა - რა მაგარი ვარო. სინმდვილეში მაგრები ის სპეცრაზმელები არიან, ვინც ამ ოპერაციაში მონაწილეობდნენ და  შეეწირენ მას. ხელისუფლება მაგარი მაშინ იქნებოდა ასეთ ოპერაციას თუ თავიდან აიცილებდა. ეფექტური მაშინ იქნებოდა საზღვრის დაცვის დეპარატემენტი, რომ არ გაეუქმებინათ ამ დეპარტამენტთან არსებული სპეცრაზმი იმის შიშით, რომ იქ მყოფი უმაღლესი კლასის პროფესიონალები სამშობლოს და ბადრი ბიწაძის ერთგულები იყვნენ.

მოვა დრო, როდესაც ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა, გაირკევა ვინ იცავდა საზღვარს ნამდვილად, ვინ არის პატრიოტი და ვინ  პროვოკატორი, ვინც სავარძლისა და კარიერის გამო ყველაფერზეა წამსვლელი.

ოპერაციის დროს დაღუპული სამი ადამიანი ვიღაცის კარიერას და სავაძელს შეეწირა?

- დაბეჯითებით ამ ვერსიას არ ვამტკიცებ, მაგრამ არც გამოვრიცხავ. არ მინდა უდანაშულობის პრეზუმფცია დავარღვიო. თუმცა არ გამოვიცხავ, რომ ეს დადგმული პროვოკაცია იყო. ამის ალბათობა 50/50-ზე არსებობს.  

გიგა ბოკერაის მონათხრობი მძევლების რამდენჯერმე ჩანაცვლებაზე სარწმუნოდ გეჩვენათ?

- გიგა ბოკერია ძალიან ნიჭიერია, მაგრამ მისი მოყოლილი ისტორია არ ჰგავდა მისი ლოგიკის მქონე ადამიანის საუბარს. გამოდის, საქართველოში უნიკალური ტერორისტები შემოსულან. დასამალად შემოსულმა ჯგუფმა რატომ უნდა აიყვანოს მძევლად საქეიფოდ წასული ადამიანები, მერე ჩააცვას, ფული მისცეს და გამოუშვას? ეს არ ჯდება ლოგიკაში. ამ ხელისუფლების ხელში არაფერი კარგი არ გველის. ეს ხელისუფელბა წავა ყველაფერზე, თუ დაინახავს, რომ მის ძალაუფლებას საფრთხე ემუქრება. ამაზე მეტი რა უნდა ვთქვა.

ივანიშვილი კარგად ხედავს ვისთანაც უწვს დაპირისპირება?

- მისი მიმართვა საერთაშორისო საზოგადოებისადმი  მეტყველებს, რომ კარგად დაინახა ვისთანაც აქვს საქმე. ჩვენი შეხვედრა გაცილებით ადრე რომ შემდგარიყო, უკეთესი იქნებოდა. ერთიანი ოპოზიციური ფრონტი სერიოზულად შეაშინებდა ხელისუფლებას.

ითქვა, რომ ივანიშვილთან სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეთ.

- სამარცხვინი იყო „რუსთავის 2“-სა და „იმედის“ სიუჟეტები, - ბიძინა ივანიშვილმა ნინო ბურჯანაძეს საგარეო საქმეთა მინისტრობა შესთავაზაო, როდესაც ამ განცხადებას წინ უსწრებდა ბიძინა ივანიშვილის განმარტება - თანამდებობებზე არ გვისაუბრია და არც მიფიქრია ბურჯანაძისთვის რა უნდა შემეთავაზებინაო. არასერიოზული იქნებოდა თანამდებობებზე ლაპარაკი, როდესაც ასეთი მძიმე ბრძოლაა წინ არჩევნებზე, თუმცა, მომავალში არ გამოვრიცხავ თანამშრომლობას.

თქვენი პარტიის რესურსს მოახმართ ქართული ოცნების გამარჯვებას?

- ჩვენი პარტია ყოველთვის  იბრძოდა ხელისუფლების დამარცხებისთვის და დღესაც არ დავიშურებთ ძალისხმევას, რომ ხელი შევუწყოთ რეალური ოპოზიციის გამარჯვებას. საზოგადოება ელოდება არჩევნებში რეალური ოპოზიციის გამარჯვებას და არა 40 კაცით შესვლას პარალამეტში. 

თუ 2 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილი ხალხს სთხოვს ხმების დასაცავად გამოსვლას, დადგებით მის გვერდით?

- მე და ჩემი პარტია ხალხის გვერდით ვიქნებით. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ უმტკივნეულოდ შევძლოთ ამ მახინჯი ხელისუფლების მოშორება.  ჩვენ რომ ნორმალური ქვეყანა გვქონდეს, ბიძინა ივანიშვილი მარტო თავისი პარტიითაც მოუგებდა ხელისუფლებას. ბიძინა ივანიშვილი ამ არჩევნებზე 2/3 მართლაც აიღებს, მაგრამ არ არსებობს იმის შანსი, რომ ხელისუფლებამ მისი გამარჯვება გააფორმოს. სააკაშვილი ივანიშვილის  გამარჯვებას არ აღიარებს, რადაც არ უნდა დაუჯდეს. ამიტომაც წინ ძალიან რთული პერიოდი გველის. ძალიან დიდი სიფრთხილე და გონიერება მართებთ საზოგადებასაც და პოლიტიკოსებსაც.