ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, უფრო მეტად გააქტიურდა საუბარი ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე. ამის ერთ-ერთ მიზეზად ევროკომისიის რვა რეკომენდაციის შესაძლო შეუსრულებლობა სახელდება - უნდა აღინიშნოს, რომ ევროკომისიამ საქართველოს ხელისუფლებას რვა რეკომენდაციის შესრულება დაავალა, რის შესასრულებლადაც „ქართულ ოცნებას“ ვადა 1-ელ სექტემბრამდე აქვს. როგორც ცნობილია, რეკომენდაციებში ნახსენებია კონკრეტული კანონების გაუქმება, რასაც როგორც საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები აცხადებენ, არ აპირებენ.
„რაც უფრო ახლოვდება მუნიციპალური არჩევნები, ჩვენ უფრო მეტად ვხედავთ და გვესმის მანიპულირება ვიზალიბერალიზაციის საკითხით“, - აცხადებს ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე For.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ დღეს დასავლელი დიპლომატების მხრიდან ნებისმიერი ნაბიჯი მოსალოდნელია, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერება თვითმმართველობის არჩევნებსა და მის შედეგებზე გავლენას ვერ იქონიებს:
„დღევანდელი ევროპისგან ველოდები ყოველგვარ უბედურებას, თუ რამე შესაძლებელია. ამიტომ, მე არაფერს გამოვრიცხავ. მძიმე სიტუაციაა: დღეს თუ ხვალ ომი დამთავრდება და ომის დამთავრება გამოიწვევს ხელისუფლებებიდან ევროპელი ლიდერების წასვლას. შესაბამისად, ესენი ამას გააკეთებენ, მაგრამ ეს არავითარ გავლენას ვერ მოახდენს არჩევნებზე. ეს არეულობის დაწყებას ვერანაირად ვერ შეუწყობს ხელს, რადგან ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტები გვაქვს, თანაც არავინ არის დაინტერესებული დღეს არეულობის დაწყებით - ეს მათზეც თავისთავად უარყოფითად აისახება. ესაა ხელოვნურად გამოწვეული, რომელიც კრახით დასრულდება“, - განგვიცხადა ედიშერ გვენეტაძემ.
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე კი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“, დიდი ალბათობით, ევროკომისიის რეკომენდაციებს არ შეასრულებს, რის საფუძველზეც მოსალოდნელია სექტემბრიდან დაიწყოს მსჯელობა ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების შესახებ:
„ალბათობა იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გაითვალისწინოს ევროკავშირის მოთხოვნები, არის უაღრესად მცირე - „ოცნების“ მთელი ეს პოლიტიკა მიუთითებს იმაზე, რომ მისი გადაწყვეტილებებით აძლიერებენ ევროკავშირში არგაერთიანების პოლიტიკას. შესაბამისად, ევროკავშირს არანაირი საფუძვლები არ უჩნდება იმისთვის, რომ შეარბილოს მისი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, პირიქით - უფრო მეტი არგუმენტი უჩნდება, რომ სახელმწიფოს სანქციები დაუწესოს. აქედან გამომდინარე, სექტემბერში გაკეთდება გარკვეული დასკვნები, შეფასება საქართველოს ხელისუფლების მოქმედებაზე, რადგან ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას რიგი ცვლილებების განხორციელებისთვის ვადა მისცა აგვისტოს ბოლომდე - უნდა შეასრულონ რეკომენდაციები, თუმცა ეჭვი მეპარება, რომ რამე გააკეთონ.
შემდეგ კი, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ჩატარდება ადგილობრივი არჩევნები და აქაც, ჩვენთვის რამე საიმედოს ვერ ვხედავ. არ მგონია, არჩევნები ჩატარდეს ისე, ევროკავშირმა თქვას, რომ მეტ-ნაკლებად დაცული იყო არჩევნების პრინციპი. ერთადერთი შანსი, უვიზო რეჟიმი რომ არ გაუქმდეს ისაა, რომ უნგრეთი და სლოვაკეთი დათანხმდნენ პერსონალური სანქციების გამოყენებას. ამ შემთხვევაში, არსებობს შანსი იმისა, რომ მთლიანად არ შეჩერდეს უვიზო მიმოსვლა“, - აღნიშნა ვახტანგ ხმალაძემ, For.ge-სთან საუბარში.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის თქმით, „ქართულ ოცნებაში“ აქვთ მოლოდინი, რომ ქვეყნები პრაგმატულად შეხედავენ, თუ რა მოვლენები ვითარდება საქართველოსა და, ზოგადად, იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც „დიფ სთეითის“ დავალებებს არ ასრულებენ. გორდულაძე იქვე განმარტავს, რომ უსამართლობის ის ურემი, რომლის ჩამოტარებასაც საქართველოს მიმართ ცდილობენ, აუცილებლად მივა ამ ქვეყნებთანაც.
„ჩვენ ევროპა და ევროკავშირი იმიტომ გვინდა, რომ პატივს ვცემთ სამართლის უზენაესობას, დემოკრატიულ საფუძვლებს. როდესაც სამართალს უბრალოდ გადახაზავენ და სამართლის პირდაპირ შეურაცხყოფით, კანონის უზენაესობის პირდაპირი დარღვევით და შებღალვით შეეცდებიან, ინტრიგანულად მიგვითითონ რაღაცაზე, რაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტისთვის უმნიშვნელოვანესია, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საერთოდ აღარავითარ სამართალს, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიულობას აღარ აქვს ადგილი ევროკავშირში, რაც ყველაზე მეტად გულდასაწყვეტია“, - განაცხადა გორდულაძემ.