1989 წლის 18 თებერვალს საქართველოს უახლოეს ისტორიაში სამარცხვინო ფაქტი დაფიქსირდა: - პოლიტექნიკური ინსტიტუტის კომკავშირელმა აქტივისტებმა ეროვნული მოძრაობის მხარდამჭერი სტუდენტები სასტიკად დაარბიეს. ცოტა ხნის შემდეგ 9 აპრილის ტრაგედია ვიხილეთ, მაგრამ მაშინ ქართველები საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა დაგვსაჯეს.
მომავალ არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დრო დარჩა. პოლიტიკურმა ვნებათაღელვამ დუღილის უმაღლეს წერტილს მიაღწია. აშკარაა რომ მმართველი პარტია დამარცხების შემთხვევაში საკუთარი ნებით წასვლას არ აპირებს. ცნობილია ისიც, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დამსჯელი რაზმების ჩამოყალიბებას უკვე შეუდგა და მის რიგებში ძირითადად ახალგაზრდები ირიცხებიან.
1989 წლის 18 თებერვალს ქართველი ახალგაზრდების სისხლი მათმა თანატოლმა თანამემამულეებმა დაღვარეს. არ მსურს რომ ისტორია განმეორდეს, არადა ამისი საშიშროება აშკარად არსებობს.
დღეს მსურს მკითხველს 18 თებერვლის პერიპეტიები გავახსენო. აგრეთვე მსურს, რომ ეს სტატია ე.წ, „ზონდერებმაც“ წაიკითხონ და სერიოზულად დაფიქრდნენ. მათ „საგმირო“ აქტივში „ქართული ოცნების“ აქტივისტების არაერთი სამარცხვინო დარბევის ფაქტი ხომ უკვე არსებობს.
დღევანდელი წერილის ავტორი ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი ბრძანდება და თავის დროზე გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნდა. მას მცირე შემოკლებით შემოგთავაზებთ:
“9 აპრილს დატრიალებულ ტრაგედიამდე რამდენიმე კვირით ადრე, 1989 წლის 18 თებერვალს, ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსთან დაწყებული აქცია პირველ კორპუსთან ვანდალურად დაარბიეს.
1989 წლის 18 თებერვლის მიტინგი აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს და სოხუმში „გეპეის“ ფილიალის გაუქმების მცდელობას ეხებოდა. ეს იყო საქართველოს კომუნისტური ხელისუფლების და არა აფხაზების საწინააღმდეგო აქცია.
მიტინგის ორგანიზატორები, „ჭავჭავაძის საზოგადოების“ ლიდერები: ზურაბ ჭავჭავაძე და თამარ ჩხეიძე 18-ში დილაადრიან დააპატიმრეს და ქალაქის მილიციის სამმართველოში მიაბრძანეს. ასევე მოექცნენ ირაკლი წერეთელს. მიტინგის დაწყებამდე ეროვნული მოძრაობის ლიდერების დაპატიმრება და გვიან საღამოს გათავისუფლება პირველი შემთხვევა არ იყო.
ირაკლი წერეთელი, „ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის“ თავმჯდომარე იხსენებს: „18 თებერვალს, დილით სახლიდან რომ გამოვედი, ხელი მტაცეს და ქალაქის მილიციის სამმართველოს უფროსის, რომან გვენცაძის კაბინეტში გამაქანეს. ერთმა კარგმა კაცმა, შოთა კაცაძემ, რომელიც ამავე სამმართველოს პარტორგანიზაციის მდივანი იყო, ძალიან ბევრი ლუდი და მწვადი შემოიტანა. ჰოდა, იმ დღეს სამმართველოდან აღარ გამიშვეს“.
ჟურნალისტი გია იაკობაშვილი მაშინ „გეპეის“ სამშენებლო ფაკულტეტის მეხუთე კურსის სტუდენტი და ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური წევრი იყო. იგი 18 თებერვლის დილას ასე იხსენებს:
გია იაკობაშვილი: „მიტინგი რომ უნდა ჩატარებულიყო, კარგა ხნით ადრე ვიცოდი. ისე დაემთხვა, რომ მიტინგის ჩატარების დღეს სახელმწიფო გამოცდა უნდა ჩამებარებინა მეცნიერულ კომუნიზმში. გამოცდა ჩავაბარე და იქიდან პირდაპირ აქციაზე მივედი. ძირითადად სტუდენტები ვიყავით. მიტინგი მოგვიანებით დაიწყო და თავიდან ყველაფერი წყნარად მიდიოდა. ყველა ლოზუნგი ქართველი და აფხაზი ხალხის მეგობრობას შეეხებოდა, რომ ჩვენ ვართ ძმები და ჩვენს ძმობაში „უფროსი ძმა“ არ უნდა ჩაერიოს“.
პროფესორი რაულ კუპრავა ამ მიტინგის ერთ-ერთი ორგანიზატორი, „ჭავჭავაძის საზოგადოების“ წევრი იყო და თან „გეპეის“ ბიოსამედიცინო ტექნიკის კათედრაზე მოღვაწეობდა.
რაულ კუპრავა: „მიტინგი 10 საათზე გვქონდა დანიშნული, მაგრამ ცოტა მოგვიანებით დავიწყეთ, რადგან ზურაბ ჭავჭავაძე და თამარ ჩხეიძე არ ჩანდნენ.
თავიდან ბევრი ხალხი არ ყოფილა. როგორც კი დავიწყეთ მიტინგი, იმ წუთში შემოგვესივნენ, წრე დაგვარტყეს მილიციელებმა და სამოქალაქო ტანისამოსში გადაცმულმა მათმა თანამშრომლებმა. კიბეებიდან გვერეკებოდნენ, არ უნდოდათ, რომ მიტინგი ჩაგვეტარებინა. ჩვენ ავიდოდით კიბეებზე, ისინი ჩამოგვაგდებდნენ. მოკლედ ასეთი ჭიდაობა იყო.
შემდეგ ინფორმაცია მოვიდა, რომ ზურაბ ჭავჭავაძე და თამარ ჩხეიძე დილაადრიან მილიციის სამმართველოში წაუყვანიათ, რომ არ ჩართულიყვნენ ამ ამბებში. ამის შემდეგ კიდევ ერთი ლოზუნგი გაჩნდა: „თავისუფლება ჩხეიძეს და ჭავჭავაძეს!“ მეოთხე კორპუსის კიბეებიდან რომ გამოგვრეკეს, მერე უკვე მერაბიც მოვიდა. მას ხალხი მოჰყვა, დროშებით. სულ უფრო ფართოვდებოდა და იზრდებოდა მიტინგის მონაწილეთა რაოდენობა. კომკავშირლებიც იქ ტრიალებდნენ, გადაცმულ მილიციელებთან ერთად კიბეებიდან ქვემოთ გვექაჩებოდნენ.
მიტინგი დავიწყეთ, გამოვედით, რაღაცეები ვთქვით. შემდეგ ისევ ჩამოგვყარეს და დავიწყეთ მიგრაცია იქით-აქეთ. მერე სპეციალური, შესაღები მანქანები მოიყვანეს და ტექნიკური უნივერსიტეტის კედლების შეღებვა დაიწყეს.“
საბურთალოს რაიონს მაშინ ორჯონიკიძის რაიონი ერქვა, რომლის მილიციის უფროსი ცნობილი კალათბურთელი ამირან სხიერელი გახლდათ. აქციის მონაწილეთა თქმით, 18 თებერვალს სხიერელი „შესაშური“ აქტიურობით გამოირჩეოდა.
მამუკა კაციტაძე მაშინ საავტომობილო-საგზაო ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი და 18 თებერვალს გამართული აქციის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო.
მამუკა კაციტაძის თქმით, 19 თებერვალს მომხდარი დარბევის რეპეტიცია კომკავშირლების გარკვეულმა ჯგუფმა 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიარა. მაშინ სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ ხალხმრავალი მიტინგი ჩატარდა.
„უნივერსიტეტის წინ დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებული მიტინგი ჩატარდა, რომლის ჩასაშლელად „გეპეის“ კომკავშირლები მივიდნენ. როდესაც ნაცნობი სახეები დავინახე, ირაკლი ბათიაშვილთან მივედი და ვუთხარი: არ აჰყვეთ, ეს არ არის „კაგებე“, ესენი „გეპეის“ კომკავშირიდან არიან-მეთქი. ეს ჯგუფი, ფაქტობრივად, უნივერსიტეტის ეზოდან განიდევნა. დღეს მათი გვარების დასახელებას ავერიდები. მით უმეტეს, რომ ორი მათგანი დღეს-დღეობით სახელისუფლებო სტრუქტურებში საკმაოდ მაღალ თანამდებობაზეა“ - აცხადებს მამუკა კაციტაძე.
„გეპეის“ ადმინისტრაციულ კორპუსთან შეკრებილი მომიტინგეები მილიციელებმა და კომკავშირლებმა ისე შეავიწროვეს, რომ იძულებულები გახდნენ, აქცია სხვა ადგილას გადაეტანათ.
რაულ კუპრავა: „იპოდრომისაკენ დავიძარით სკანდირებით, დროშებით და ლოზუნგებით. უკვე კარგად მოზრდილი რაოდენობის ხალხი ვიყავით. მერე ვიფიქრეთ: რა გვინდა ოპოდრომისკენ?! აგერ არის პირველი კორპუსი და იქ ჩავატაროთ ეს მიტინგი. ეს ხალხი მოვატრიალეთ და პირველ კორპუსთან წავედით.
როგორც კი პირველი კორპუსის კიბეებს მივადექით, მიტინგის დაწყება არ გვაცალეს, პირველი კორპუსის კარები გაიღო და გამოვარდნენ ეს კომკავშირლები, მამუკა ხაზარაძე, „გეპეის“ კომკავშირის აქტივისტი და მათი კამპანია. ისინი დაერივნენ მომიტინგეებს. ხელში რაღაც ჯოხები ეჭირათ და ძალიან აგრესიულად მოდიოდნენ. ეს იყო ამაზრზენი სანახაობა. ატყდა ერთი ალიაქოთი, საშინელება იყო. მოდიოდნენ და მოდიოდნენ... სერიოზული პროვოკაციის ძალიან დიდი საშიშროება იყო, რადგან ახალგაზრდა ახალგაზრდაზე მივიდა. შეიძლება უფრო საშიში და სერიოზული რამ მომხდარიყო და ამიტომ მერაბმა თქვა: - ეგ ძალიან საშიშია და მოდით, აქედან წავიდეთო.“
იმ პერიოდში ტექნიკური უნივერსიტეტის კომკავშირის აქტივისტი, მექანიკა - მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის კომკავშირის მდივანი, მოგვიანებით წარმატებული ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე აქციაში მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს.
მამუკა ხაზარაძე: „ამ ცუდ ფაქტში, რომელიც, სამწუხაროდ, მოხდა (ვთვლი რომ ჩვენს უახლეს ისტორიაში ეს ძალიან სამარცხვინო ლაქაა), მე არანაირი მონაწილეობა არ მიმიღია მარტივი მიზეზის გამო - იქ არ ვყოფილვარ, ავად ვიყავი. რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად ხელს შევუშლიდი ამ ყველაფერს. ეს შეიძლება დაადასტუროს ყველამ, მაგრამ სისულელეა ახლა ამაზე ლაპარაკი. მე რატომ მისვამთ მაგ კითხვას? ვიღაცეები ცდილობენ, რომ რაღაცაში გამრიონ, მაგრამ ეს არ გამოუვათ. მე არანაირი სურვილი არა მაქვს, რამე ვამტკიცო.“
მამუკა ხაზარაძის თქმით, მან 18 თებერვალს მომხდარით აღშფოთებულმა, 9 აპრილის ტრაგედიამდე თავის ფაკულტეტზე კომკავშირი დაშლილად გამოაცხადა. ამის მერე კი იგივე გაიმეორა სამედიცინო ინსტიტუტმა.
„ახალი მემარჯვენეების“ ორი წარმომადგენელი, მამუკა კაციტაძე და მამუკა ხაზარაძე 1989 წლის თებერვალში ერთმანეთის საწინააღმდეგო ბანაკებში იყვნენ. დღეს მამუკა კაციტაძე ხაზარაძის თაობაზე შემდეგ კომენტარს აკეთებს: „მამუკა კაციტაძეს იმ დღეს მამუკა ხაზარაძე არც აქ, არც იქ და არც იქ არ უნახავს“.
2001 წლის 10 აგვისტოს, გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნდა ლაშა ტუღუშისა და ელისო ჩაფიძის ჟურნალისტური მოკვლევა სათაურით - „ნომენკლატურული რევანში ქართული სისხლის საფასურად“. გთავაზობთ ნაწყვეტს სტატიიდან:
„მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის კომკავშირის მდივანი მამუკა ხაზარაძე: „შემდეგ ათ-ათკაციანი ჯგუფების გადათვლა დაიწყო. პირველები კორპუსიდან გამოვედით მე და ჩემი ფაკულტეტის ბიჭები. დანარჩენები დარჩნენ. ჩვენთან ერთად იყო ერთი უფორმო მილიციელი, მაგრამ ჩვენი კორპუსიდან გამოსვლა და მისი მხედველობის არიდან დაკარგვა ერთი იყო“ -
ესაა ნაწყვეტი მამუკა ხაზარაძის ახსნა-განმარტებიდან. შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეებს ახსნა-განმარტებები 18 თებერვლის მოვლენების შემსწავლელმა კომისიამ ჩამოართვა. შესაბამისად ხაზარაძის განმარტებაც მაშინ არის დაწერილი.
დავით წივწივაძე, 18 თებერვლის მოვლენების შემსწავლელი კომისიის წევრი: „ეს ხალხი პირველ კორპუსთან, რომ მივიდა, მილიციამ ნელნელა შეამჭიდროვა რკალი და მიტინგის მონაწილეები პრაქტიკულად შესასვლელ კარებს მიაჭყლიტეს. პირველი კორპუსის კარები, რომელიც დაკეტილი იყო, იღება. ფოიედან გამორბის დაახლოებით 20-25 კაცი, გადაჭრილი სკამის ფეხებით შეიარაღებული. როგორც შემდგომ ირკვევა, ეს არის კომკავშირული აქტივი.
როგორც თვითონ სტუდენტებმა თქვეს, ეს არ იყო სპეციალურად მოტეხილი სკამის ფეხები. „გეპეის“ პირველ კორპუსში ვიდრე შებრძანდებოდით, მარჯვენა-მარცხენა მხარეს იყო გარდერობები, სადაც შეიძლებოდა პარკების ჩამოკიდება, გაყოლებაზე კი განიერ თაროსავით, მოაჯირივით ჰქონდა, რომელზეც ეს მოზრდილი ჯოხები იდო, ანუ ფოიეში ჩამოსვლის შემდეგ კომკავშირული აქტივი ამ ჯოხებით შეიარაღებული ხდება.
ცემაში ნაწილობრივ მილიციაც მონაწილეობდა, მაგრამ ძირითადი აქტივობა კომკავშირული აქტივის კისერზე გადავიდა. სისხლი დაიღვარა. მაშინ ვედროებით გამოჰქონდათ წყალი და ასხამდნენ კიბეებზე. კორპუსის ჰოლში მოზაიკური საფენია და ისიც დასისხლიანებული იყო. მერე დამლაგებლების მობილიზაცია მოხდა და ყველაფერი მორეცხეს.“
მამუკა კაციტაძე: „მოკლედ, ბანდა-ბანდაზე რომ ჩხუბობს, ისეთი ამბავი იყო. აი, სწორედ იქ გახლდათ, ერთ-ერთი ფაკულტეტის კომკავშირის მდივანი კოპალიანი, რომელიც, როგორც ჩანს, პირველი კორპუსიდან გამოვარდნილ ოცდაათ კაცს მეთაურობდა. ის მაგრად აქტიურობდა: აქ ჩემი კორპუსია, რატომ მოხვედითო. მინდა გითხრათ, რომ ამ გამოვარდნილთა შორის აბსოლუტური უმრავლესობა ჩემთვის უცნობი იყო. მაშინ მე იქ კომკავშირლებს ვიცნობდი, 10-15 კაცს. კოპალიანის გარდა იქ იყო ორი პიროვნება, რომელთა გვარების დასახელებას ახლა მოვერიდები. მაშინ ისინი ნომენკლატურები იყვნენ და არც დღეს არიან შორს ნომენკლატურული ჩინებიდან.
ერთი სიტყვით, მწვავე დაპირისპირება მოხდა. იყო სერიოზული ტრავმები და, სხვათა შორის, არა მხოლოდ ჩვენი მხრიდან. ხელჩართული ბრძოლა იყო. იმდენად გაცოფებულები ვიყავით ჩვენც და ისინიც, რომ ამ პროცესში მილიცია ჩართული იყო თუ არა, ნაკლებად გვაინტერესებდა.“
მერაბ კოსტავას მოწოდების შემდეგ მომიტინგეებმა კონსტანტინე გამსახურდიას (მაშინდელი პეკინი) გამზირზე, ბუკიას ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს. მილიციელებმა პირველ კორპუსთან დაიწყეს და ბუკიას ბაღთან განაგრძეს აქციის აქტივისტების ხელების გადაგრეხა და ავტობუსებში აყვანა. ამაზე განრისხებულმა სტუდენტებმა ავტობუსებს ქვები დაუშინეს
1989 წლის 9 აპრილს დატრიალებული ტრაგედიის შემსწავლელი კომისიის ერთ-ერთმა ქვეკომისიამ 18 თებერვალს მომხდარი ინციდენტი შეისწავლა. ქვეკომისიის დასკვნა 9 აპრილის კომისიის დასკვნაში აისახა, სადაც წერია, რომ ხელისუფლების მხრიდან ეს იყო 9 აპრილის წინამოსამზადებელი ქმედება.