საქართველო რუსეთის საზღვართან მძევლებს ათავისუფლებს

საქართველო რუსეთის საზღვართან მძევლებს ათავისუფლებს

თბილისი, საქართველო – ოთხშაბათს საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მისი შეიარაღებული ძალები ცეცხლის სროლაში ჩაებნენ სოფლის ხუთი მცხოვრებლის გასათავისუფლებლად. ისინი მძევლად ჰყავდათ აყვანილი მძიმედ შეიარაღებულ მებრძოლთა ჯგუფს, რომელმაც საქართველოს მთიანი საზღვარი რუსეთიდან, დაღესტნის რესპუბლიკის მონაკვეთიდან გადმოლახა. ქართველმა ჩინოვნიკებმა განაცხადეს, რომ დაღუპულია სამი ქართველი ოფიცერი და სულ მცირე ათი შეირაღებული მებრძოლი.

2008 წლის ხანმოკლე ომის შემდეგ საქართველო-რუსეთის ურთიერთობა კვლავაც დაძაბულია, და შეირაღებული ჯგუფის შემოჭრას შესაძლოა კიდევ უფრო გაეუარესებინა ურთიერთობა.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ოთხაშაბათის ღამის „არეულობის ექსპორტზე“ რუსეთია პასუხისმგებელი. თავის ყვარლის რეზიდენციაში, სადაც მის უკან კავკასიონის ქედი მოსჩანდა, სააკაშვილმა თქვა: „ამ მთებს მიღმა არსებული არეულობა და არასტაბილურობა იქვე დარჩება. ჩვენ ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ.“

რუსეთი დიდი ხანია ებრძვის მუსულმან სეპარატისტებს დაღესტანში, ისევე როგორც ჩეჩნეთში და მთლიანად ჩრდილოეთ კავკასიაში; ძალადობაც საკმაოდ ხშირია რეგიონში; სამშაბათს ორი სხვადასხვა თავდასხმის დროს დაღესტანში სულ მცირე 14 ადამიანი მოკლეს, მათ შორის მუსულმანთა სულიერი ლიდერი საიდ აფანდი აცაევი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნოდარ ხარშილაძემ თქვა, რომ დაახლოებით ოცმა შეიარაღებულმა პირმა ხუთი ქართველი მძევლად აიყვანა სოფელ ლაფანყურთან, დაახლოებით 13 მილის დაშორებით საქართველო-რუსეთის საზღვრიდან.

„ჩვენ დანამდვილებით არ შეგვიძლია ვთქვათ ვინ არიან ეს გასამხედროებული პირები და რა მიზნები აქვთ მათ, მაგრამ ცხადია რომ ისინი გარკვეული სახის ტერორისტულ საქმიანობას ეწეოდნენ,“ თქვა ხარშილაძემ ინტერვიუში. „ისინი ადგილობრივები არ არიან.“

სააკაშვილმა თქვა, რომ ხელისუფლება შეიარაღებული ჯგუფის წევრებთან მოლაპარაკებას აწარმოებდა, და აღნიშნა „ისინი კარგად აღჭურვილები, და, როგორც ჩანს, კარგად გაწვრთნილებიც იყვნენ.“ მაგრამ როგორც სააკაშვილმა თქვა ისინი უარს ამბობდნენ დანებებაზე და ამას შემდგომ ცეცხლის სროლა მოჰყვა. სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატებიც კი გაიგზავნა ადგილზე, აღნიშნა სააკაშვილმა.

საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა მძევლების გათავისუფლების ოპერაცია ოთხშაბათს გამთენიისას დაიწყეს, რასაც ცეცხლის სროლა მოჰყვა. ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწმეები ამბობენ, რომ მებრძოლები ავტომატური იარაღებითა და ყუმბარებით იყვნენ შეირაღებულნი.

ოთხშაბათს შუადღისას, ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ხუთი მძევალი ტყვეობიდან დაიხსნეს და შეიარაღებული მებრძოლები გარშემორტყმულები არიან. ოფიციალური საშუალებებით გავრცელდა მოკლე ვიდეოები, რომელშიც ორი ახალგაზრდა მამაკაცი ამბობს, რომ ისინი ტყვეობიდან გაათავისუფლეს.

„მე და ჩემი მეგობრები ტყეში პიკნიკზე წავედით“ თქვა ერთ-ერთმა მათგანმა, ლევან ხუცურაულმა. „როცა ვბრუნდებოდით მდინარის გაყოლებაზე რამდენიმე მამაკაცი შეგვხვდა, ისინი შეირაღებულები იყვნენ და წვერი ჰქონდათ. გვითხრეს რომ მძევლებად აგვიყვანეს და მათ უნდა გავყოლოდით. მოკვლით დაქვემუქრნენ თუ გაქცევას დავაპირებდით.“

ქართველმა სახელმწიფო მოხელეებმა თქვეს, რომ ერთ-ერთი დაღუპული ოფიცერი თავდაცვის სამინისტროს ექიმი ვლადიმერ ხვედელიძე იყო, დანარჩენი ორი – სოლომონ წიკლაური და არჩილ ჩოხელი შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ გამოძიება ეცდება დაადგინოს მებრძოლების ვინაობა და წარმომავლობა.

ქ. თელავში საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ შექმნა კრიზის მართვის ჯგუფი, რომელსაც პრემიერმინისტრი ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობს. საქართველო ოქტომბრის დასაწყისში საპარლამენტო, ხოლო მომავალი წლის დასაწყისში საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ემზადება. როგორც ჩანს, ხელისუფლების პირები ფიქრობენ, რომ ასეთ სიტუაციებთან გამკლავებით ამომრჩეველთა მხარდაჭერას მოიპოვებენ.

რუსეთში ხელისუფლების წარმომადგენლები სამშაბათს დაღესტანში მომხდარი სისხლისღვრის შედეგებს უმკლავდებიან.

რუსეთის მუფტების საბჭოს თავჯდომარემ, რავილ გაინუთდინმა დაღესტნელებს გაფთხილებით მიმართა, რომ მუსულმანთა შორის გახშირებულმა ძალადობებმა შესაძლოა დაღესტანი სამოქალაქო ომამდე მიიყვანოს.

„დაღესტნელ ხალხს ახლა სიმტკიცის, გონიერებისა და ღვთისმოშიშობის გამოჩენა სჭირდება, რომ სიტუაცია სამართლებრივ საზღვრებს არ გასცდეს, თავიდან იქნეს აცილებული სამოქალაქო ომი და კონფლიქტები, რამაც შესაძლოა დაღესტნის საზოგადოების გახლეჩა გამოიწვიოს“, ნათქვამია ინტერნეტში გამოქვეყნებულ მის განცხადებაში.

შეიხ გაინუთდინმა ასევე გაიხსენა შეიხ აცაევის „მოკრძალებულობა, დიდებულება და სიბრძნე“, რომელიც თვითმკვლელის ხელით დაიღუპა.

რუსეთის ხელისუფლებამ თვითმკვლელში მახაჩყალის (დაღესტნის დედაქალაქი) მცხოვრები 30 წლის ქალბატონი ამინატ ყურბანოვა ამოიცნო.