„ქართული ოცნება“ არა თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში მონაწილეობისთვის, არამედ არჩევნების შემდგომი არეულობის გამოწვევისთვის ემზადება , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ სპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა.
რატომ უნდა ემზადებოდეს არეულობისთვის „ქართული ოცნება“, როდესაც ხელისუფლების ზეწოლის მიუხედავად, სხვადასხვა ტიპის, მათ შორის, ხელისუფლების მიერ დაკვეთილ საზოგადოებრივი აზრის გამოკვლებებში ახლადშექმნილი საარჩევნო ბლოკის რეიტინგი მუდმივად იზრდება, ხოლო როგორც თავად “ქართული ოცნების” წევრები აცხადებენ, მათთვის სანდო სოციოლოგიური კვლევების შედეგები სავსებით მისაღებია.
„ქართული ოცნება“ ხელისუფლების მოთხოვნის შესრულებას, ანუ არჩევნების აღიარების მემორანდუმზე ხელის მოწერას არ აპირებს იქამდე, ვიდრე ხელისუფლება ოპოზიციის მიმართ ზეწოლას არ შეაჩერებს.
როგორც ხელისუფლება ამბობს, იმას, რომ „ოცნება“ არეულობისთვის ემზადება, კოალიციის ლიდერის მიერ წამოყენებული უსაფუძვლო მოთხოვნები აფიქრებინებს.
ცესკოს ყოფილი თავმჯდომარის, ნანა დევდარიანის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს იმაზე თანხმობას, რაზეც თვითონ არასოდეს არ დათანხმდებოდა.
„გაიხსენეთ 2003 წელი, მაშინ მე ვიყავი ცესკოს თავმჯდომარე, რატომ არ დაეთანხმნენ ჩატარებული არჩევნების შედეგებს? ოღონდ ის სისულელე არ გაიმეორონ, გაყალბდაო. როგორ გაყალბდებოდა, როდესაც მმართველმა ძალამ 22%-იც კი ვერ მოაგროვა - 21.28% აიღო მაშინ შევარდნაძის ბლოკმა. წინასწარ ამ პირობის დადება ნიშნავს იმას, რომ რასაც მინდა იმას გავაკეთებ, რა ციფრებსაც მინდა იმას ჩავწერ და შენ ხმა არ ამოიღო, არ გააპროტესტოო, ხომ ასე გამოდის.
ნებისმიერი საარჩევნო სუბიექტის კანონით მინიჭებული უფლებაა, აღიაროს თუ არ აღიაროს და, ცნოს თუ არა არჩევნები სამართლიანად. ამაზე ვინ მოუწერს ხელს?!
მე უფრო სხვა რამ მაწუხებს, ასეთი ხისტი განცხადებები და ასეთი მიმწოლი პოზიცია „ქართულ ოცნებას“ გაცილებით ადრე უნდა გამოეხატა.
რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ვაშაძემ იმ დრაკონულ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლითაც საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს თანამემანულეებს პრაქტიკულად, წაართვა ხმის უფლება - კონსტიტუციის დარღვევით ხმის უფლება ჩამოართვა. ამდენი ხანი რეაქცია „ქართული ოცნებისგან“ არ ყოფილა, მხოლოდ ახლაა.
პირიქით, პრეტენზია თუ მაქვს, მაქვს იმაზე, რომ ამ ყველაფერზე გაცილებით ადრე უნდა ყოფილიყო მკაცრი შეფასებები და განცხადებები“, - აცხადებს ნანა დევდარიანი.
ბიძინა ივანიშვილის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნების თანახმად, „მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 10 თვის განმავლობაში ჩვენს წინააღმდეგ გატარებული რეპრესიების შედეგების მთლიანად აღმოფხვრა წარმოუდგენელია, ჩვენ მაინც მზად ვართ, დღესვე მოვაწეროთ ხელი არჩევნების შედეგების აღიარების ვალდებულებას, მხოლოდ იმ პირობით, რომ დღეიდან არჩევნებამდე საარჩევნო გარემო პრინციპულად შეიცვლება და დაკმაყოფილდება შემდეგი მოთხოვნები:
1. დაუყოვნებლივ შეჩერდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინიიცირებით გამოტანილი ყველა ჯარიმის, ყადაღისა თუ სანქციის აღსრულება, ისე, როგორც ეს მოხდა პარტიებისთვის დაკისრებული ჯარიმის ნაწილში უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციით;
2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ კოალიცია “ქართული ოცნების” შემოსავლებიდან და ხარჯებიდან ამოირიცხოს ის თანხები, რომელთა კავშირი კოალიციაში შემავალ პოლიტიკურ პარტიებთან არაფრით არ არის დადასტურებული, გარდა კონტროლის პალატის ვარაუდებისა და მხოლოდ ვარაუდების საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებებისა;
3. შეიქმნას ყველა პირობა იმისათვის, რომ ემიგრაციაში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა (ამომრჩევლის 25%) მოახერხონ არჩევნებში მონაწილეობა, თუნდაც ამისათვის საჭირო გახდეს ხმის მიცემის დღის შეცვლა;
4. დაუყოვნებლივ მოიხსნას ყველა დაბრკოლება კერძო კომპანიების მიერ მოსახლეობაში სატელიტური თეფშების გასავრცელებლად და სახელმწიფომ ხელი შეუწყოს ამომრჩე ვლის ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით დაგეგმილ სხვა პროექტებს, მაგალითად, ქართველი ემიგრანტების ინიციატივას;
5. უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობაში შევიდეს კოალიციის წარმომადგენელი, კომისიამ იმუშაოს ყოველდღიურ, გამჭვირვალე რეჟიმში და, სხვა საკითხებთან ერთად, დაუყოვნებლივ განიხილოს პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეების დევნის (დაპატიმრება, სამსახურიდან გათავისუფლება, შანტაჟი) დღემდე მომხდარი ყველა ფაქტი;
6. სამოქალაქო სექტორის მიერ შემოთავაზებული და კოალიციის მიერ გაზიარებული ქცევის კოდექსის დაცვის მონიტორინგისთვის შეიქმნას ქმედითი მექანიზმი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით“.
როგორც ზაზა ფირალიშვილი ამბობს, ძალიან ძნელია ამ განცხადებაზე კომენტარის გაკეთება, რადგან დაძაბულობა ქვეყანაში ზღვრამდე მიჰყავს იმას, ვინც ქმნის არაადამიანურ საარჩევნო გარემოს.
„ლაპარაკი იმაზე, რომ თითქოს ოპოზიციას უნდა დაძაბულობა იმისათვის, რომ შემდეგ არეულობით მოიპოვოს ხელისუფლება, მაპატიეთ და, მაშინ შექმენი შენ ისეთი სამართლებრივი გარემო, რომელიც არ მისცემს ვინმეს სიტუაციის ესკალაციის საშუალებას.
მეტსაც ვიტყოდი, რომ გამომდინარე იმ ყველაფრიდან, რასაც ჩვენ ვუცქერთ, ხელისუფლება ზღვრულ დაძაბულობაში ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას, მაგრამ საქმე ის არის, რომ მისი მდგომარეობა ახლა არაშესაშურია, თუ გავიხსენებთ, ლაფანყურის ისტორიას, რომელიც ამ დღეებში გათამაშდა, ნდობის როგორი დაბალი ხარისხი არსებობდა ხელისუფლების მიმართ, იმ ინფორმაციის მიმართ, რომელიც გავრცელდა სახელისუფლებო წყაროებიდან, ესეც მეტყველებს იმაზე, რომ დროა, დღევანდელმა ხელისუფლებამ დათმოს ძალაუფლება თუნდაც რამდენიმე წლით და შემდეგ შეეცადოს კვლავ უკან მობრუნებას. ჩვეულებრივ დემოკრატიულ პროცესში ჩართოს საკუთარი თავიც და ქვეყანაც.
იმდენად დაბალია ხელისუფლების ნდობის ხარისხი, რომ ლაპარაკი იმაზე, ვიღაც არეულობით ცდილობს ძალაუფლების მოპოვებას და ა.შ. მხოლოდ იმისი ნიშანია, რომ ხელისუფლება მზად არის გამოიყენოს არასამართლებრივი გზები თავისი მდგომარეობის შესანარჩუნებლად“, - აცხადებს ზაზა ფირალიშვილი.
ნანა დეევდარიანი მიიჩნევს, რომ ნათლად და გასაგებად თქვა „ქართულმა ოცნებამ“, რა მიზანიც აქვს.
„იმისთვის კი არ ვემზადებით რომ არჩევნები გაყალბდეს და მერე გამოვიდეთ ქუჩაში, არამედ ვემზადებით არჩევნების მოსაგებადო - ამდენად, მათ ნათლად დაადასტურეს პოზიცია. მაგრამ თუ ის დაინახავს, რომ არაადეკვატურია არჩევნების შედეგები, ვერა კაცი დედამიწის ზურგზე, ვერავის ვერ აუკრძალავს, გამოვიდეს ქუჩაში და სულ რომ მთელმა „ქართულმა ოცნებამ“ ხელი მოაწეროს ასეთ მემორანდუმს, ვერავის ხელმოწერა ვერ განაპირობებს, რომ შედეგები აღიარონ -ადამიანები მაინც შეიძლება გამოვიდნენ ქუჩაში“, - აცხადებს ნანა დევდარიანი.
„ნაციონალური მოძრაობის“ სპიკერის განმარტებით, ივანიშვილის მოთხოვნების შესრულება გულისხმობს, სახელმწიფო უწყებებისგან მთელი რიგი კანონების მოქმედების შეჩერებას.
როგორც ნანა დევდარიანი ამბობს, ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებაში, ერთი, რაც რაციონალურია, არის ის, რომ ეს გამოიწვევს კანონების მოქმედების შეჩერებას.
„მამაცხონებულებს, საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავთ პარლამენტში, შეიკრიბნენ და შეცვალონ ეს დრაკონული კანონი. მათ ხელშია და თუ უნდათ, ძალიან კარგად ახერხებენ ერთ დაძახილზე ნებიმიერი შესწორების შეტანას“,- აცხადებს ნანა დევდარიანი.
თუმცა, როგორც მოსალოდნელია, მმართველი პარტია სულაც არ აპირებს რაიმე საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას და საარჩევნო გარემოს შედარებით ნორმალურ კალაპოტში გადაყვანას. ბიძინა ივანიშვილის მიერ დოკუმენტის გამოქვეყნებისთანავე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „ქართული ოცნების“ წევრების, თინათინ ხიდაშელისა და ნოდარ ხადურის ქმედებები კვლავ სამართალდარღვევებად ცნო.
ზაზა ფირალიშვილის შეფასებით, ხელისუფლების ჩვეულებრივი სტილია ასეთი ერთგვაროვნება.
„სააკაშვილი ნიჭიერ ადამიანად მიმაჩნდა მაგრამ ახლა ვრწმუნდები, რომ მის ნიჭიერებას ზღვარი ჰქონია. იმდენად ერთგვაროვნად იქცევა და იმდენად უჭირს საკუთარი ქცევის ერთფეროვნების შეცვლა. მიუხედავად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მკვეთრი განცხადებებისა, მიუხედავად აშშ-ს ყოფილი ელჩის საქართველოში, უილიამ კორტნის ასეთი მძაფრი განცხადებისა, ჯიუტად განაგრძობს ერთი და იგივე მელოდიის რაღაც ფრაგმენტის შესრულებას. ამას, რა თქმა უნდა, კარგი არაფერი არ შეიძლება მოჰყვეს ქვეყანაში. უკეთეს შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ წააგებს არჩევნებს, თუმცა კი ყველანი ვგრძნობთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ საქმე მიჰყავს არასასურველ დაძაბულობამდე“, - მიიჩნევს ზაზა ფირალიშვილი.
რატომ გახადა ხელისუფლებამ ეს მემორანდუმი საჯილოდაო ქვად ან რატომ გახდა მაინც და მაინც 2012 წლის არჩევნების შედეგების აღიარების ვალდებულებაზე ხელის მოწერა აუცილებელი, როდესაც სხვა არჩევნების დროს მსგავსი უპირობო აღიარებების წინასწარ ჩამორთმევა ოპოზიციისთვის აზრად არავის მოსვლია, ძნელი სათქმელია და ეჭვებს ბადებს, რომ თავად ხელისუფლება ხომ არ გეგმავს არეულობას.
„წინასწარ თხოვენ, ხელი მომიწერე, რომ არ გააპროტესტებ და ქუჩაში არ გამოხვალო, ეს უკვე მარაზმს ემსგავსება. რანაირად შეიძლება დაგიდო მე შენ ასეთი პირობა, როდესაც ჯერ არ ვიცი, რას ჩაიდენ არჩევნების დღეს.
პირველ რიგში „ნაციონალური მოძრაობა“ ეცდება, ალალად და უსაყვედუროდ დარჩეს ხელისუფლებაში, ყოველგვარი არეულობგის გარეშე, მაგრამ თუ შეატყვეს, რომ ამას საფრთხე ექმნება, მაშინ არეულობაზე თვითონვე წავლენ“, - აცხადებს ნანა დევდარიანი.
ზაზა ფირალიშვილის შეფასებით კი, არეულობა მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებას აწყობს.
„არეულობის შემთხვევაში უკვე შეუძლია, ძალოვანი მექანიზმების გამოყენება ოპოზიციის წინააღმდეგ. მას ყოველთვის შეუძლია, ბიძინა ივანიშვილი გამოაცხადოს არასასურველ პირად, რომელიც უცხოეთის მოქალაქეა და რომელიც საზოგადოებრივი არეულობის წყაროა.
ასეთი განცხადების გაკეთება შეუძლია მას და როგორც ჩანს, სხვა სცენარებს შორის ამ სცენარსაც ამუშავებენ. ანუ თუ არჩევნებს წააგებენ და წააგებენ აშკარად, ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი დაძაბულობა და არეულობა მათ ხელს აძლევს იმდენად, რამდენადაც შეუძლიათ განაცხადონ, რომ ივანიშვილი არის ის ფიგურა, რომელიც საზოგადოებრივ არეულობას უწყობს ხელს და გაასახლონ ქვეყნიდან. შესაძლოა, ასეთი სცენარიც ჰქონდეთ გუნებაში, მაგრამ იმდენად ძლიერია უნდობლობის ხარისხი მათ მიმართ, რომ ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ მათ უმტკივნეულოდ ჩაატარონ ეს ოპერაცია“, - აცხადებს ზაზა ფირალიშვილი.