ახალი ტენდენციები საარჩევნო სიების დაკომპლექტების პროცესში

ახალი ტენდენციები საარჩევნო სიების დაკომპლექტების პროცესში

ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული დაასახელა. „ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველი ნომერი კახი კალაძე იქნება, მეორე - მანანა კობახიძე, მესამე - ირაკლი ალასანია, მეოთხე - დავით უსუფაშვილი, მეხუთე - გოგი თოფაძე, მეექვსე - გუბაზ სანიკიძე, მეშვიდე - ზვიად ძიძიგური, მერვე - ვანო კიღურაძე, მეცხრე - დავით საგანელიძე და მეათე - ირაკლი ღარიბაშვილი.

გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, კოალიციის მეთერთმეტე ნომერი იქნება კობა დავითაშვილი, მეთორმეტე - „სოციალ-დემოკრატი“ გია ჟორჟოლიანი, მეცამეტე - „მწვანეთა პარტიის“ ლიდერი გია გაჩეჩილაძე, მეთოთხმეტე - „ქართული ოცნების“ პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე, ხოლო შემდეგ მოდიან დავით ბერძენიშვილი, ნოდარ ხადური, ნინო გოგუაძე, გელა ხვედელიძე, გია ხეჩინაშვილი და თედო ჯაფარიძე. მთლიანად ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება“ სია ორასკაციანია და კოალიციის პრეს-სპიკერის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, სიის 50% (ანუ 100 წევრი) თავად ივანიშვილის პარტიის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს წევრები არიან, კოალიციის შემადგენლობაში შემავალ დანარჩენ პარტიებს კი სიაში 20-20 კაცი ჰყავთ.

წარმოდგენილ 20-კაციან სიას რაც შეეხება, აღსანიშნავია, რომ მისი პირველი ნომერი არაპარტიული კახი კალაძეა, ხოლო თავად ამ 20 კაცში რამდენიმე მაჟორიტარიც მოხვდა. პოლიტიკური ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე აცხადებს, რომ ეს სია საკმაოდ პრეზენტაბელურია და თუ მას იმ კუთხითაც განვიხილავთ, რამდენად დიდი იქნება ამ ადამიანების მარგი ქმედების კოეფიციენტი პარლამენტში მოხვედრის შემდეგ, ექსპერტი ამბობს, რომ ივანიშვილმა ეს სია დააკომპლექტა საკმაოდ ბრძოლისუნარიანი კანდიდატებით, რომლებთან დებატებიც პარლამენტში ძალიან რთული იქნება.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის შესახებ for.ge ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.

ხათუნა ლაგაზიძე: მოდით ამ სიის განხილვა მისი პირველი ნომრით დავიწყოთ. გახსოვთ, ალბათ, რომ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ჩამოყალიბდა, საზოგადოებაში არსებობდა მოლოდინი, რომ მისი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე იქნებოდა. მე ვფიქრობ, რომ თუკი „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის პირველი ნომერი მაინცდამაინც არ უნდა ყოფილიყო კოალიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელი, ასეთ შემთხვევაში, ყველაზე ლოგიკური იქნებოდა, სიის პირველი ნომერი ეკა ხვედელიძე ყოფილიყო. ამას რამდენიმე ფაქტორის გამო ვამბობ. კერძოდ, პირველ რიგში, ის ქალბატონია. მეორეც, მას გაცილებით უფრო მკვეთრად გამოხატული სადებატო უნარები აქვს, ვიდრე ამჟამად წარმოდგენილ პირველ ნომერს. ასეთი შეფასების გაკეთების საშუალებას გვაძლევს ეკა ხვედელიძის გამოჩენა ერთადერთ გადაცემაში, სადაც მან მონაწილეობა მიიღო. მე ვგულისხმობ თამარ ჩიქოვანის გადაცემას, რაც, პრაქტიკულად, ტელევიზიასთან ურთიერთობაში ეკა ხვედელიძის ბენეფისი იყო. ამ გადაცემამ ბენეფისის კვალობაზე ძალიან წარმატებით ჩაიარა და ქალბატონი ეკას ბევრი ისეთი თვისება წარმოჩინდა, რაც მას სიის პირველი ნომრობისთვის ბევრად უფრო ღირსეულ კანდიდატად წარმოაჩენს, ვიდრე დღეს დასახელებული. მართალია, ეს ჩემი სუბიექტური აზრია, მაგრამ ყველაფერ ამასთან ერთად, ბიძინა ივანიშვილთან პირდაპირი ბმა იქნებოდა. ამასთანავე, წმინდა ტექნიკური თვალსაზრისით, ანუ დებატების თვალსაზრისით, მომავალ ერთ თვეში, ეკა ხვედელიძე ბევრად უფრო მომგებიანი იქნებოდა, ვიდრე კახი კალაძე.

რადგან სიის პირველ ნომერზე ვსაუბრობთ, მოდით ისიც განვიხილოთ, რომ საზოგადოებაში არსებობდა მოლოდინი, რომქართული ოცნებისსიის პირველი ნომერი ირაკლი ალასანია იქნებოდა. ეს მოლოდინი ივანიშვილის ცნობილმა განცხადებამაც გაამძაფრა, რომლის თანახმადაც ალასანია არის პიროვნება, რომელსაც ქვეყნის მართვა შეუძლია. როგორ ფიქრობთ, რატომ გახდა პირველი ნომერი კალაძე და არა ალასანია?

- ამას ორი ახსნა შეიძლება მოეძებნოს. პირველი არის ის, რომ (რაც მე ვფიქრობ, დადებითი ფაქტორია) კოალიციაში რამდენიმე პარტიაა წარმოდგენილი და რომელიმე პარტიის ლიდერის პირველ ნომრად დასახელება დანარჩენი პარტიების ლიდერების აშკარა უკმაყოფილებას გამოიწვევდა. ამის გასანეიტრალებლად ბიძინა ივანიშვილმა უპარტიო კანდიდატი დაასახელა და ეს, როგორც მოგახსენეთ, დადებითი ფაქტორია.

აქვე აღსანიშნავია, რომ თუკი არ ჩათვლით ივანიშვილის თქვენს მიერ ნახსენებ განცხადებას ირაკლი ალასანიასთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში ბიძინა ივანიშვილის ფავორიტად აშკარად გამოიკვეთა კახი კალაძე და არა მის გვერდით მყოფი ნებისმიერი სხვა პოლიტიკური ფიგურა. აქედან გამომდინარე, გარდა სიის პირველი ნომრობისა, შეიძლება ბიძინა ივანიშვილს კახი კალაძესთან დაკავშირებით სხვა გათვლებიც ჰქონდეს, თუმცა ჩემგან ამის მტკიცება ამ ეტაპზე შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, ჩემთვის ეს გადაწყვეტილება სრულიად მოულოდნელი იყო და გარდა იმ პოლიტიკური გათვლებისა, რაზეც ახლა ჩვენ ვისაუბრეთ, ეს ბიძინა ივანიშვილის გემოვნებაზეც მეტყველებს.

როდესაც ამასთან დაკავშირებით კითხვა დაისვა, ივანიშვილმა განაცხადა, რომ არსებობდა საზოგადოების დაკვეთა პოლიტიკაში ახალი სახეების გამოჩენასთან დაკავშირებით და ამიტომ კოალიციის სიის პირველი ორი ნომერი სწორედ ახალი სახეებიაო.

- რაც შეეხება მეორე ნომერს, ამ შემთხვევაში მე კითხვები არ მაქვს, თავად მანანა კობახიძის პიროვნებიდან გამომდინარე. ამასთანავე, ეს საკუთრივ ივანიშვილის პარტიის პირველი პირია და აქ კითხვები პრაქტიკულად არ ჩნდება.

თავად სიის სტრუქტურასთან დაკავშირებით რისი თქმა შეგიძლიათ?

- გამოიკვეთა ტენდენცია, რომ არც ერთ პოლიტიკურ სობიექტს, გარდა თავად ივანიშვილის პარტიისა, პრიორიტეტი არ მიენიჭა. წარმოდგენილ ოცეულში, თუ არ მეშლება, ორი წარმომადგენელი ჰყავთ რესპუბლიკელებს და ორი - დემოკრატებს, დანარჩენები ლიდერების სახით არიან წარმოდგენილები. თუ სწორად დავთვალე, რვა კანდიდატია პარტიული, დანარჩენი 12 არის ან უპარტიო, ან საკუთრივ ივანიშვილის პარტიის წარმომადგენელი. ამდენად, სიაში ბალანსი სრულად წარმოჩინდა, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ თუ სიის დაკომპლექტება ამ პრინციპით გაგრძელდა, პარლამენტში უმრავლესობით მოსვლის შემთხვევაში, ეს ფაქტორი მის კოალიციაში ცენტრიდანული ტენდენციების გაჩენას სრულად გამორიცხავს.

კერძოდ, პარლამენტში უმრავლესობით მოსვლის შემთხვევაში არ იყო გამორიცხული ასეთი ეკლექტური ძალის დაშლა, ანუ არ არის გამორიცხული, კოალიციაში შემავალ სუბიექტებს პარლამენტში მოხვედრის შემდეგ უფრო მეტი დამოუკიდებლობის და კოალიციის გარეთ მოღვაწეობის სურვილი გასჩენოდათ. ხოლო თუ სიის დანარჩენი ნაწილიც ამგვარი ტენდენციით არის დაკომპლექტებული, კოალიციაში შემავალი სუბიექტები იმდენად მცირედი წარმომადგენლობით მოხვდებიან პარლამენტში, რომ ეს მათ ცალკე მოღვაწეობის სურვილს უზღუდავს, რაც ასევე არ შეუწყობს ხელს ამ პარტიების გაძლიერებას.

აღსანიშნავია, რომ 20 კაციან სიაში მაჟორიტარები ნაკლებად არიან წარმოდგენილები და როგორც კოალიციის ერთ-ერთი წევრის კომენტარიდან (თუ არ ვცდები ნოდარ ხადურის) ჩანს, მაჟორიტარები საპარლამენტო სიის 50 ნომრის შემდეგ არიან წარმოდგენილები. ეს კარგი გათვლაა იმ თვალსაზრისით, რომ ასეთი გადაწყვეტილება მაჟორიტარობის კანდიდატებს აიძულებს, ბოლომდე იბრძოლონ. მოდით ასე ვთქვათ, რეალურად გამსვლელ სიაში, ამ პარტიების ძალიან ცოტა წარმომადგენელია, რომ აღარაფერი ვათქვათ ოცეულზე. ამდენად, მაგალითად თინა ხიდაშელი, ლევან ბერძენიშვილი და ასევე ირაკლი ალასანიას პარტიის რადენიმე გამოკვეთილი ფიგურა, ამ ურთულეს ბრძოლაში პრაქტიკულად მაჟორიტარობის იმედად არიან დატოვებულები. მოტივაციის თვალსაზრისით, ესეც კარგი ტაქტიკაა, რათა მათ საკუთარი მაჟორიტარული ოლქების მოსაგებად მაქსიმუმი გააკეთონ.

პირველ ოცეულში რამდენიმე მაჟორიტარიც არის წარმოდგენილი და ამ ფაქტს რით ახსნიდით?

- სიაში წარმოდგენილი მაჟორიტარები ძირითადად ცალკეული პოლიტიკური სუბიექტების პირველი ნომრები არიან. აქედან გამომდინარე, გასაგებიც არიას, რომ მაჟორიტარობის პარალელურად, ისინი პირველ ათეულს აკომპლექტებენ. მათ გარდა, პირველ ოცეულში არცერთი მაჟორიტარი პრაქტიკულად არ მოხვდა. რა თქმა უნდა, უფრო ადვილი იქნებოდა ამ სიაზე საუბარი, თუკი ის მთლიანად იქნებოდა ცნობილი და ასევე ცნობილი იქნებოდა სხვა პოლიტიკური სუბიექტების სიები. აქვე აღვნიშნავ, რომ უკანასკნელი თვეების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის გვერდით ისმოდა ძალიან ბევრი ისეთი ადამიანის სახელი, რომელთაც, ალბათ, ბევრად უფრო ერგებოდათ პირველ ოცეულში მოხვედრა, მაგრამ ისინი ოცეულში არ არიან. არ ვიცი, შესაძლოა, ეს ადამიანები შემდეგ ათეულში მოხვდნენ. ისინი პოლიტიკასთან ბევრად უფრო ახლოს დგანან, ვიდრე აქ წარმოგდენილი რამდენიმე პერსონა, გაცილებით მეტი გამოცდილება აქვთ და გარდა ამისა, მათი ფიგურების მიმართ გაცილებით ნაკლები კითხვა არსებობს.

ვინ არიან ეს ადამიანები?

- ახლა დაკონკრეტება არ მინდა, რადგან მათი პოზიცია ჩემთვის უცნობია და არ მინდა, ისინი უხერხულ მდგომარეობაში ჩავაგდო, მაგრამ ისინი უფრო პროფესიონალები არიან და როგორც მოგახსენეთ, მათ მიმართ კითხვებიც გაცილებით ნაკლები იქნებოდა.

ეს თემა რომ გავაგრძელოთ, ოცეულში მოხვდნენ მაგალითად გია ჟორჟოლიანი დამწვანეთა პარტიისლიდერი გია გაჩეჩილაძე. როდესაც კოალიცია ასეთი მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანია, რით ახსნით, რომ ოცეულში მოხვდნენ ასეთი კანდიდატები, რომლებიც შედარებით ნაკლებრეიტინგულები არიან?

- კიდევ ერთი რამ, რაც ჩემთვის ძალიან თვალშისაცემია, არის ის, რომ როგორც ჩანს, ივანიშვილს ძალიან არ უყვარს ანალიტიკოსები, რადგან არც ერთი მათგანი ოცკაციან სიაში წარმოდგენილი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ მის გარშემო ამ თვეების განმავლობაში ძალიან ბევრი ანალიტიკოსი ტრიალებდა. შესაძლოა, ვინაიდან ივანიშვილის მენეჯერია, იგი უფრო პრაქტიკული, თუ პრაგმატული პროფესიის ადამიანების გვერდით დაყენების მომხრეა, მაგრამ პოლიტიკა ის სფეროა, სადაც ამ სფეროს პროფესიონალების გარეშე ფონს ვერ გახვალ.

უნდა აღინიშნოს, რომ „ქრისტიან-დემოკრატების“ საპარლამენტო სიასთან დაკავშირებითაც არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები. ყოველ შემთხვევაში, პირადად მე გამიჩნდა კითხვები. კერძოდ, თუ გრიგოლიას მიერ გლდანის მოგების ძალიან დიდი შანსია და სიაში ის ამიტომ არ არის წარმოდგენილი, მეორე მხრივ, მათ სიაში ლიდერების მხოლოდ ნაწილია წარმოდგენილი. მაგალითად, ჯაბა სამუშია და ზაზა გაბუნია, რომლებსაც მაჟორიტარული ოლქების მოგების შანსი თითქმის არ აქვთ, სიაში წარმოდგენილები არ არიან და რაც ყველაზე საინტერესოა, არც სიაში და არც მაჟორიტარად, წარმოდგენილი არ არის ნიკა ლალიაშვილი, რომელიც წინა პარლამენტში აქტიურობის მხრივ ქრისტიან-დემოკრატების სამეულში, ან ოთხეულში გადიდოდა, ბოლო პერიოდში კი საერთოდ არ ჩანს.

ამდენად, თქვენ ფიქრობთ, რომ საპარლამენტო სიების დაკომპლექტების თვალსაზრისით საინტერესო ტენდეციები იკვეთება?

- დიახ, როგორც ჩანს, „ქრისტიან-დემოკრატებთანაც“ სიის შედგენის პროცესში რაღაც პრობლემები იყო, რამაც წარმოდგენილ სიაში თავი იჩინა, თუმცა რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო საინტერესოა ორი ძირითადი პოლიტიკური ფიგურანტის სიები. რა თქმა უნდა, 200 კაციანი სიის სრულად განხილვა აბსურდია, მაგრამ უკეთესი იქნებოდა მაგალითად, კოალიციის 50-კაციანი სია რომ გვქონდეს სამსჯელოდ, მით უმეტეს „ნაციონალური მოძრაობის“ სიასთან შეპირისპირების დროს. ერთია, რამდენად არჩევითები არიან ესა თუ ის კანდიდატები, მაგრამ მეორეა, პარლამენტში მოხვედრის შემდეგ როგორი იქნება მათი მარგი ქმედების კოეფიციენტი. ამიტომ, ამ თვალსაზრისითად ძალიან საინტერესო იქნება ორი ძირითადი ფიგურანტის, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ სიების პირველი 50 კანდიდატის განხილვა.

იმის გათვალისწინებით, რომქართული ოცნებისოცკაციან სიაში წარმოდგენილი მაჟორიტარები პოლიტიკური სუბიექტების ლიდერები არიან, ალბათ, ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ საკუთარი ოლქების მოგების შემთხვევაში, მათ მათივე პოლიტიკური სუბიექტის მეორე ნომრები ჩაანაცვლებენ

- საერთოდ, ეს მოლაპარაკების საგანია. შეიძლება პარტიის ლიდერს თავისივე პარტიის წარმომადგენელი ჩაენაცვლოს, ან მეორე ვარიანტია, რომ იგი მთლიან საარჩევნო სიაში მის შემდეგ მყოფმა კადიდატმა ჩაანაცვლოს და არა მისი პარტიის მეორე ნომერმა.

ქალბატონო ხათუნა, რამდენადაც ცნობილია, „ნაციონალური მოძრაობაპარტიულ სიაში მაჟორიტარების შეყვანას არ აპირებს, ანუ მაჟორიტარებს ბრძოლა თავიანთი ძალებით მოუწევთ. თქვენი აზრით, „ქართულმა ოცნებამრატომ დააკომპლექტა სია მაჟორიტარებით?

- „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი პარტიაა, კოალიციაში კი რამდენიმე პოლიტიკური სუბიექტია და მათი ლიდერები სიაში ნებისმიერი შემთხვევაში უნდა ყოფილიყვნენ. სხვა მხრივ, მაჟორიტარები სიაში წარმოდგენილები არ არიან, რაც მათი ბრძოლის მოტივაციას გაცილებით ზრდის. ნაციონალებსაც იგივე ლოგიკა ამოძრავებთ და წმინდა ტექნიკური თუ ტაქტიკური თვალსაზრისით, ორივეს გადაწყვეტილება სწორია. არ შეიძლება სხვის იმედად იყო ისეთ ბრძოლაში, როგორსაც პირველ ოქტომბერს ველოდებით. თუ შენ გაქვს იმის ამბიცია, რომ მომავალ პარლამენტში მოხვდე, შესაბამისად, ეს ამბიცია ჯერ ბრძოლაში უნდა დაასაბუთო.