გაერო – ვანუატუ წყნარ ოკეანეში მდებარე პატარა კუნძული სახელმწიფოა. აღიარებს თუ არა ის საქართველოს სეპარატისტული რეგიონის აფხაზეთის დამოუკიდებელობას? არ იცით? არა უშავს. როგორც ჩანს, ეს არც ვანუატუმ იცის; ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ „აღიარებს“; მისი გაეროს განყოფილების ხელმძღვანელი ამბობს, რომ „არ აღიარებს“; ხოლო გაეროში ქვეყნის ელჩი ამბობს, რომ დანამდვილებით არაფრის თქმა არ შეუძლია.
ეს გაუგებრობა, სინამდვილეში, როგორც ჩანს, რუსეთსა და დასავლეთს შორის გეოპოლიტიკური ბრძოლის ნაწილია.
ოთხი წლის წინ, 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც აფხაზეთი და ასევე კიდევ ერთი პრომოსკოვური სეპარატისტული ტერიტორია – სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნო. ეს გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს ხანმოკლე ომს მოჰყვა.
რუსეთის ეს ნაბიჯი გაერომ და ევროკავშირმა გააკრიტეს და საპასუხოდ კიდევ ერთხელ დაადასტურეს მხარდაჭერა საქართველოს „ტერიტორიული მთლიანობისადმი“.
მას შემდეგ ლობირება, გადაბირება და დაყოლიება ორივე მხრიდან მხოლოდ გაძლიერდა.
„შეერთებული შტატები უკან არ იხევს და კვლავ თავის პოზიციაზე დგას, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში უნდა იყოს,“ ამბობს ლინკოლნ მიტჩელი, საერთაშორისო პოლიტიკის პროფესორი კოლუმბიის უნივერსიტეტში და ავტორი წიგნისა „არამდგრადი დემოკრატია: შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა და საქართველოს ვარდების რევოლუცია.“ „რუსეთიც თავის პოზიციაზე რჩება, რომ ისინი დამოუკიდებელი ქვეყნებია.“
არასწორი კომუნიკაცია
ვანუატუ ამ გაუგებრობაში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც 2011 წლის მაისში ქვეყენის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალფრედ კარლოტმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ აღიარა აფხაზეთი (სამხრეთ ოსეთი – არა).
შემდეგ ვანუატუმ გადაწყვიტა, რომ არ უღიარებიათ, ან არ იყო დარწმუნებული, რომ აღიარეს. კარლოტის განცხადებიდან მალევე, ვანუატუს ელჩმა გაეროში დონალდ კალპოკასმა თქვა, რომ სინამდვილეში მათ აფხაზეთი არ უცვნიათ.
კარლოტმა ამას 2011 წლის 9 ივნისს YouTube-ზე ვიდეოს განთავსებით უპასუხა, რომელშიც ის ამტკიცებს რომ აღიარება ძალაშია და გაუგებრობა გამოიწვია „არასწორმა კომუნიკაციამ ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრსა და ნიუ იორკში გაეროს წარმომადგენელს შორის.“
მაგრამ გაუგებრობა და არასწორი კომუნიკაცია კვლავაც გრძელდება.
2012 წლის მაისში „რადიო თავისუფლებასთან“ საუბარში კალპოკასმა აღნიშნა, რომ არ იცის რა პოზიცია დაიკავოს.
„ჩვენ არანაირი პოზიცია არ გაგვაჩნია ამ საკითხთან დაკავშირებით – ვცნოთ თუ არა აფხაზეთი – ეს არის ის, რაც ჩვენ არ ვიცით,“ თქვა მან.
შეკითხვაზე თუ რატომ არის საკითხი ასეთი წინააღმდეგობრივი, კალპოკასმა ტელეფონი გათიშა.
მაგრამ „რადიო თავისუფლებისათვის“ ივლისში მიცემულ ინტერვიუში ვანუატუს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაეროს განყოფილების ხელმძღვანელმა ჯონი ჯორჯ კოანაპომ თქვა, რომ ქვეყანამ ნამდვილად აღიარა აფხაზეთი.
„ვფიქრობ ხალხი შეცდომაში იმ ფაქტმა შეიყვანა, რომ ხელისუფლებამ განაცხადა იმის შესახებ, რომ აფხაზეთთან დიალოგის გაგრძელებას აპირებდა,“ თქვა კოანაპომ. „ხოლო მინისტრთა საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღება აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე სულ სხვა რამ არის. ეს ჯერ არ მომხდარა.“
კოანაპომ ასევე დასძინა, რომ მან კონსულტაციები გაიარა საგარეო საქმეთა მინისტრ კარლოტთან, რომელმაც პირველმა განაცხადა საჯაროდ აფხაზეთის აღიარების შესახებ.
ქაოტური პოლიტიკა
ამას საქმეში თითქოს სიცხადე უნდა შეეტანა. მაგრამ აფხაზეთისთვის ამის თქმა დაავიწყდათ.
ტერიტორიის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი ხინტბამ „რადიო თავისუფლებას“ უთხრა, რომ აფხაზეთის მთავრობას აქვს ვანუატუს პრემიერმინისტრის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების შესახებ და აფხაზეთს არ მიუღია დამატებით რაიმე საბუთი, რომელშიც ეს უარყოფილი იქნებოდა.
რასთან გვაქვს საქმე? გაუგებრობა ნაწილობრივ შეიძლება ვანუატუს ქაოტური პოლიტიკით აიხსნას. 2012 წლის პირველ ექვს თვეში ქვეყანამ სამი პრემიერმინისტრი გამოიცვალა.
ენი ვონგმა, Freedom House-ის 2011 წლის ანგარიშის ავტორმა, ვაუნატუზე თქვა, რომ ამ პატარა ქვეყნის პოლიტიკა „არეულია“ და პირადი უთანხმოებები ხშირად პოლიტიკური გადაწყვეტილებების პროცესის პარალიზებას იწვევს.
„ეს პერსონალური მოტივებითაა გამოწვეული,“ განუცხადა მან რადიო თავისუფლებას ი-მეილით. „და რაზეც ერთი მხარე ამბობს, რომ სწორია, მეორე აუცილებლად იტყვის, რომ არასწორია.“
კარლოტი და ყოფილი პრემიერმინისტრი კალპოკასი მოწინააღმდეგე პოლიტიკური პარტიებიდან არიან. თანაც კარლოტი რუსეთის ელიტურ დიპლომატიურ აკადემიაში, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტში სწავლობდა, რითაც შეიძლება მისი აფხაზეთთან დაკავშირებული პოზიცია აიხსნას.
ასევე, ვანუატუს დიპლომატიურ აღიარებებთან დაკავშირებით დიდ მოთამაშეებთან ვაჭრობის გარკვეული ისტორია აქვს.
2004 წელს ვანუატუმ უმალ დაძაბა ურთიერთობა ჩინეთთან და ტაივანი ცნო, მას შემდეგ რაც დახმარების სახით 30 მილიონი აშშ დოლარი შესთავაზეს. ერთი თვის შემდეგ ვანუატუმ უკან დაიხია, ურთიერთობა გაიფუჭა ტაიბეისთან და პეკინთან აღადგინა, მას შემდეგ რაც ტაივანთან ურთიერთობების დამყარების ინიციატორ პრემიერმინისტრს თანამდებობიდან გადადგომა აიძულეს.
Checkbook Diplomacy
საქართველოს ელჩი გაეროში ალექსანდრე ლომაია ამბობს, რომ რუსეთი ჩართულია ისეთ პრაქტიკაში, როგორიცაა checkbook diplomacy [1] რათა სხვა ქვეყნებმაც აღიარონ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.
მოსკოვმა მართლაც მოახერხა, რომ რამდენიმე ქვეყანას (ნიკარაგუას, ვენესუელას და წყნარი ოკეანის კუნძულებს – ნაურუს და ტუვალუს) აღიარებინა ეს ორი ტერიტორია, ზოგ შემთხვევაში მსხვილი დახმარებების სანაცვლოდ.
პრესის ინფორმაციით, ვენესუელამ ამ რეგიონების აღიარების შემდეგ მალევე 2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია მიიღო, რომლის მიზანიც რუსეთიდან იარაღის შესყიდვების გაზრდა იყო. აღიარების სანაცვლოდ ნაურუმ და ნიკარაგუამაც მრავალმილიონიანი დახმარების პაკეტები მიიღეს. ციფრები განსხვავებულია, თუმცა რუსული ყოველდღიური გაზეთი „კომერსანტი“ წერს რომ მოსკოვმა ნაურუს 50 მილიონი დოლარი გადაუხადა.
მაგრამ მიუხედავად რუსეთის მცდელობებისა, რომ ამ ტერიტორიების აღიარების სანაცვლოდ ქვეყნები ფინანსურად თუ სხვა მხრივ დააინტერესონ, პროცესს ძლიერი მოთამაშეები აჩერებენ.
ვაშინგტონმა და ბრიუსელმა მნიშვნელოვანი დიპლომატიური ძალა გამოიყენეს ამ ტერიტორიების აღიარების წინააღმდეგ. დასავლეთის ქვეყნებს შეუერთდა ჩინეთიც, რომელიც ნებისმიერი სეპარატისული რეგიონის აღიარების წინააღმდეგია, რათა ტაივანისთვის პრეცედენტი არ შექმნას.
იურის გულბისმა აფხაზეთის დე ფაქტო ელჩმა წყნარი ოკეანისა და კარიბის ქვეყნებში, განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მხრიდან ადგილი აქვს „მუდმივ ჩარევას“, რომ რეგიონის ქვეყნებმა არ ცნონ ეს ტერიტორიები.
„ვანუატუზე, ტუვალუსა და ნაურუზე დიდი ზეწოლაა, რომ აფხაზეთის აღიარება გააუქმონ“, თქვა გულბისმა, და დასძინა რომ ამ საკითხზე ვაშინგტონი ქვეყნებს „დახმარებას უწყვეტს“.
საქართველოს „მთლიანობის“ მხარდაჭერა
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, რომელმაც ანონიმურობის დაცვა ისურვა, თქვა რომ ვაშინგტონი უარს არ ამბობს იმ ქვეყნების დახმარებაზე, რომლებიც სეპარატისტულ ტერიტორიებს აღიარებენ, თუმცა აშშ მკაფიოდ გამოხატავს ამ საკითხზე საკუთარ პოზიციას.
„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში [და] ვუზიარებთ ჩვენს ამ შეხედულებებს მთელ მსოფლიოს, მათ შორის წყნარი ოკეანის რეგიონსაც, სხვადასხვა დროს და უმაღლეს დონეზეც,“ ამბობს ჩინოვნიკი.
კრისტოფერ მეთიუსმა, ევროკავშირის მისიის წარმომადგენელმა გაეროში არსებითად იგივე განუცხადა „რადიო თავისუფლებას“; ბრიუსელი რეგულარულად „ახსენებს მის პარტნიორებსა და თანამოსაუბრეებს“ რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
შედეგად, როგორც ლინკოლნ მიტჩელი განმარტავს, რუსეთმა ვერ მოახერხა ახლო მოკავშირეების, მაგალითად ბელორუსის დაყოლიებაც კი, საქართველოს სეპარატისტული სეპარატისტული რეგიონების აღიარებაზე.
„რატომ უნდა გინდოდეს ევროკავშირის, ჩინეთის და შეერთებული შტატების წინააღმდეგ წასვლა?“ კითხულობს მიტჩელი. მისი თქმით, შეერთებული შტატები, ჩინეთი „ეს ძლიერი ქვეყნების ჯგუფია, რომელიც ამბობს იცით რა, შევინარჩუნოთ ბალანსი, [ჩვენ] არ ვაღიარებთ მათ და არ გვინდა რომ ისინი თქვენ ცნოთ. ეს საკმარისი მოტივაცია არაღიარებისათვის“.
მიუხედავად ამისა აფხაზი ელჩი გულბისი მაინც ოპტიმისტურადაა განწყობილი და იმედი აქვს რომ წყნარი ოკეანისა და კარიბის ქვეყნები მათ აღიარებენ.
თუმცა იქნება თუ არა მათ შორის ვანუატუ, უცნობია.
[1] ტერმინი, რომელიც ისეთ საერთაშორისო პოლიტიკას აღწერს, რომელიც ღიად მიმართავს ქვეყნებს შორის ეკონომიკური დახმარების და ინვესტიციების განხორციელების პრაქტიკას დიპლომატიური სარგებლისთვის.
foreignpress.ge