რუსეთის ახალი სცენარი საქართველოს მიმართ

რუსეთის ახალი სცენარი საქართველოს მიმართ

რუსეთი სამ ახალ სცენარს ამუშავებს, რომელიც საქართველოსაც ეხება - ოპერატიული რეაგირების კოლექტიური ძალების ერთობლივი სწავლების „ურთიერთქმედება 2012“-ის ფარგლებში მინიმუმ, სამი სცენარი იქნება შემუშავებული: ირანული, ქართული და აზერბაიჯანული. ამის შესახებ „რეგნუმთან“ საუბრისას დსთ-ის ქვეყნების ინსტიტუტის ექსპერტმა, პოლიტოლოგმა მიხეილ ალექსანდროვმა განაცხადა, რომლის განცხადებით, 

„კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების შესახებ ორგანიზაციის ოპერატიული რეაგირების კოლექტიური ძალების სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია. სწავლება ასევე ფართომასშტაბიანი სწავლების „კავკასია 2012“ თითქმის პარალელურად ტარდება. ეს არის მასშტაბური ოპერაცია სამხრეთ კავკასიაში, რომელიც მთელ რიგ საკითხებს უკავშირდება.

ამ სწავლებების პირველი ასპექტი ირანის ჩრდილოეთ საზღვრის ჩაკეტვის აუცილებლობის შემთხვევაში, მოქმედების შემუშავებაა. რუსეთსა და ირანს შორის ჯერ კიდევ 1921 წელს გაფორმებული შეთანხმება არსებობს, რომლის თანახმად, საგარეო აგრესიის შემთხვევაში, თუ ირანი არ იქნება მისთვის წინააღმდეგობის გაწევის მდგომარეობაში, რუსეთს შეუძლია ჩაერიოს.

მაშინ ეს ინგლისთან იქნა შეთანხმებული. დღეს, თუ ირანთან მიმართებაში არსებული საფრთხე მატერიალურ თვისებებს შეიძენს, ამის ვინმესთან შეთანხმების გარეშე გაკეთება მოგვიწევს, - აცხადებს ალექსანდროვი.

რამდენად რეალურია რუსი ექსპერტის ეს განცხადებები, და არსებობს თუ არა რეალური საუძვლები იმისათვის, რომ რუსეთი კავკასიასა და საქართველოში შემოიჭრას, ამის შესახებ პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გვესაუბრება.
ბატონო სოსო, რუსეთისგან ახალ-ახალი სცენარების შემუშავება უცხო არ არის, მაგრამ როგორ ფიქრობთ, ამ შემთხვევაში შეშფოთების საფუძველი უნდა გვქონდეს?

- ამ განცხადებას რეალურობის სუნიც არ ასდის, დავიწყოთ იმით, რომ „რეგნუმი“, ცნობილია რა გამოცემაც არის, მოდესტ კოლეროვი ნცობილია, როგორც პუტინის კაცი, რომელიც ერთი პერიოდი, პუტინის ადმინისტრაციაშიც მსახურობდა.რაც შეეხება ამ ინსტიტუტს, ეს ეკუთვნის ჩვენს მოსისხლე „მეგობარს“- ზატულინს, რაც შეეხება ალექსანდროვს, არაფერი დიდი ექსპერტი არ არის - ყველაზე ავტორიტეტული ექსპერტი, ეს არის რუსეთის ყოფილი ელჩი საქართველოში, ფელიქს სტანევსკი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ პირწავარდნილი ანტიქართველია, შედარებით მეტად პროფესიონალია. ალექსანდროვი რას ეუბნება „რეგნუმს“, ნაკლებად მნიშვნელოვანია. თვითონ მოსკოვსა და რუსეთში ის დრო წავიდა, როდესაც „რეგნუმს“ გავლენა ჰქონდა კრემლის პოლიტიკაზე, როდესაც თვითიონ ზატულინს ჰქონდა გავლენა კრემლის პოლიტიკაზე. ახლა აღარც ზატულინია ფავორში, ის ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე იყო არჩევნებამდე და ახლა ესეც აღარ არის, ამიტომ, ეს ინსტიტუტი მეტრი არ არის რუსეთის საგარეო პოლიტიკაში.

რაც შეეხება ირანს, რომლის მიმართაც ამერიკამ ბოლო დროს ასე ვთქვათ, დამატებითი ზომები მიიღო, ობიექტური სიტუაცია ბადებს თუ არა საუფძვლიან ეჭვებს, რომ ირანში საომარი მოქმედებები დაიწყება?

- ირანის მიმართ ამერიკამ გაამკაცრა სანქციები, გუშინ გამოვიდა კიდეც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და გამოთქვა რწმენა, რომ აუცილებლად ასადს გადავაგდებთო. მაგრამ საინტერესოა, რა ხდება თვითონ ირანში, სადაც გაიხსნა „მიუმხრობლობის კონფერენცია“, სადაც პან გიმუნია ჩასული, გაეროს გენერალური მდივანი. ყოველდღე მილიონობით კონფერენციები იმართება მსოფლიოში და პან გიმუნი ასე არ ჩადის. კონფერენციაში, რომელშიც 100-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს, მათ შორის, დამკვირვებლის სტატუსით, ჩვენი მეზობელი სომხეთიც და აზერბაიჯანიც არიან, დღეს ირანის მიმართ რაიმე სამხედრო აგრესიაზე ლაპარაკი, მე მგონი, გადაჭარბებულია.

დასავლეთსა და აშშ-ს ჯერ კიდევ სირია აქვთ ყელში გაჩხერილი, თანაც  სირიისა და ირანის ერთმანეთთან შედარებაც კი არ შეიძლება, უბრალოდ, არაადეკვატურია. ეს უბრალოდ არის დსთ-ს ინსტიტუტის შეხედულება, მაგათი გათვლები და ბროლის ოცნებაა, როგორმე მიეცეს საბაბი, როგორმე საქართველოში შემოვიდეს რუსის ჯარი, თან ისე, რომ სახე შეინარჩუნოს - შემოვიდეს, მაგრამ ამას აგრესია არ ერქვას.

სხვათა შორის, ქართულ სცენარზეც არის საუბარი და ნათქვამია, რომ სწავლების ფარგლებში განიხილება ქართული ვარიანტიც, რომელიც ეხება საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს. ალექსანდროვი ამბობს, რომ  არ არის გამორიცხული, არჩევნებზე ხელისუფლებამ მასიურად გააყალბოს არჩევნები, რამაც არეულობა და მღელვარება გამოიწვიოს...

- ეს იქნება მეფური საჩუქარი რუსეთისათვის, რომ საქართველოში არჩევნების შედეგს მოჰყვეს დესტაბილიცზაცია. რუსეთის ქმედებაც, სპეცოპერაციას ვგულისხმობ, რომელიც ამ დღეებში ჩატარდა, როდესაც „ძაბრი“ დატოვა საზღვარზე და ბოევიკები იძულებულები გახდნენ გადმოსულიყვნენ საქართველოში, რუსეთის გათვლა აქაც ცხადი იყო, რომ საქართველო მოიქცეოდა ისე, როგორც შევარდნაძის დროს იქვეოდა, ხელს არ ახლებდა ამ ბოევიკებს, როგორც თავის დროზე გილაევზე, შევარდნაძემ ხომ არაფერი არ თქვა, პირიქით, განაცხადა - ეს ინტელიგენტი, კულტურული კაციაო და რუსეთი გადაირია ამის გამო. საქართველომ დღეს ეს საბაბი არ მისცა რუსეთს..

თუმცა გარკვეული არ არის, ვინ იყვნენ ისინი და რა დაჯგუფებასთან გვქონდა საქმე...

- ელემენტარულად ჩატარდა სპეცოპერაცია და საქართველომ აღკვეთა შეიარაღებული ძალების შემოსვლა თავის ტერიტორიაზე. ისინი დივერსიის მიზნით იყვნენ თუ ტერორისტული, თავშესაფარებლად იყვნენ, ან რუსებს გამოექცნენ, ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა - საქართველოს ტერიტორიაზე მოხვდა ოცკაციანი ბანდა, ბანდფორმირება. ამას რუსეთი, რასაკვირველია, გამოიყენებდა, საბაბი რომ ჰქონოდა.

ახლა ეს არჩევნებია მისი უკანასკნელი იმედი, რომ ეგებ ამას მოჰყვეს დესტაბილიზაცია, მაგრამ მხოლოდ ეს, საკმარისი არ იქნება.

მნიშვნელოვანი იქნება საგარეო ფაქტორი - ირანის ამბები. მე არ მგონია, რომ ერთ თვეში ირანთან დაკავშირებით სროლა დაიწყოს და სისხლი დაიღვაროს. ამის რეალურ პოტენციალს დასავლეთში ვერ ვხედავ. არჩევნები ცხვირწინ არის ამერიკაში, კიდევ არის რამდენიმე არჩევნები დასავლეთში, ამის საშიშროებას დღეს ვერ ვხედავ. სამომავლოდ, ვნახოთ, რითი დამთავრდება, ეს სირიის ეპოპეა, რომელსაც მალე ერთი წელი შეუსრულდება, და ამასთან, ვიდრე ირანთან ურთიერთობა არ გაირკვევა, არაფერი მოხდება.

ეს „მიუმხრობლობის კონფერენციაც“ სულაც არ არის ხელწამოსაკრავი აქცია და აქ ბევრი ისეთი ქვეყანაა, მაგალითად, ინდოეთი, რომლებიც არ არიან არც ერთ სამხედრო ბლოკებში გაერთიანებული.

ამ წერილში კიდევ ერთი რამ არის ნათქვამი, რომ რუსეთი შეიძლება ჩაერიოს, ქართველი ერი ძალადობისგან დაიცვას, ისევე, როგორც დასავლეთი მივიდა ლიბიის დემოკრატიული ძალების დასახმარებლად...

- ყველაფერს აქვს საზღვარი, მაგრამ ამ „რეგნუმის“ და კოლეროვის კამპანიას არა, ცინიზმიც არსებობს, მაგრამ ეს არის ცინიზმი, რომელიც გინესების რეკორდების წიგნში შეიძლება შევიდეს.

როდესაც ზატულინის ინსტიტუტი და კოლეროვის სააგენტო ზრუნავენ ქართველი ხალხის ინტერესებზე და ქართველ ხალხს ადარებენ ვთქვათ, ლიბიელებს, ტუნისელებს ან ეგვიპტელებს, ეს უკვე თავხედური ცინიზმია, რომელიც მხოლოდ დსთ-ს ისტუტუტში თუ შეიძლება დაიბადოს. თუმცა, რასაკვირველია ეს სურვილია.

არის თუ არა ზუსტად იგივე პუტინის პოზიციაც, სხვათა შორის, მას მსგავსი მინიშნებები სხზვა დროსაც გაუხმოვანებია...

- რასაკვირველია, პუტინის სურვილიც არის, მაგრამ დსთ-ს ინსტიტუტისა და „რეგნუმის“ სააგენტოსაგან განსხვავებით პუტინს სხვა, დამატებითი მუხრუჭები აქვს. ენას ძვალი არ აქვს, ესენი, რასაც უნდა, იმას იტყვიან, მაგრამ პუტინი იძულებუილია, ანგარიში გაუწიოს თვითონ რუსეთის მდგომარეობას მსო-ში შესვლასთან დაკავშირებით ეკონომიკას სულ ახალი და ახალი სიძნელეები უჩნდება, იმპორტთან დაკავშირდებით, ეუბნებიან, რომ ტარიფები უნდა დაწიოს, სწევს ტარიფებს, რუსული მრეწველობა ვერ უძლებს კონკურენციას და აგერ, ქვანახშირის წარმოება თითქმის უკვე კატასტროფულ მდგომარეობაშია. მეორეს მხრივ, ნავთობზე ფასები ისე არ იზრდება, როგორც პუტინმა თავის ბიუჯეტში გაითვალისწინა და ამავდროულად ტუნისსაც რუსეთი ეხმარება, მაგრამ ამით მთელი ცივილიზებული მსოფლიო ლამის საბოლოოდ გადაიმტეროს. გარდა ამისა, ამ დღეებში დაიწყება „მილიონთა სვლა“ - მარში, ერთი ხომ იყო გაზაფხულზე, ახლა იქნება მეორე, სამზადისი დაწყებულია უკვე. ამას დაუმატეთ სტიქიური უბედურებები, კატასტროფები, ხანძრები, სხვა უბედურებები...

ანუ გამოდის, რომ ახლა პუტინს საქართველოსთვის არ სცალია?

- ელემენტარულად არ სცალია რუსეთს ამისათვის, თორემ პუტინს რომ ჰქონდეს საშუალება და გარანტია, რომ ეს მას დაუსჯელად შერჩება, როგორც 2008 წლის აგრესია შერჩა - ამაზე წავა. თუმცა პუტინი ამ 2008 წლის აგრესიას არ აღიარებს, სხვათა შორის, ისიც ნიშანდობლივია, რომ მან რამდენჯერმე გააკეთა განცხადება, სადაც ის ამას არ აღიარებს, ისიც კი თქვა, რომ დასავლეთში მე ქორად წარმომიდგენენ, მაგრამ საქართველოსთან ომი მე არ დამიწყიაო - მთლიანად მედვევდევს შეახოცა, ამიტომ ახალი პოროვოკაცია,  ცოტა ძნელი სავარაუდოა, თუმცა სკეპტიკოსი შეიძლება შემომედავოს და სწორიც იქნება, რომ რუსეთისგან ყველაფერი მოსალოდნელია, მაგრამ აქ პრო და კონტრარგუმენტები ხომ უნდა შევადაროთ ერთმანეთს, ძალიან ძნელი იქნება, გაუჭირდება ეს რუსეთს.

სწავლების მესამე ნაწილად განხილულია სცენარი იმ შემთხვევისთვის თუ მთიან ყარაბაღში ომი დაიწყება. იმის მიუხერდავად, რომ ცოტა ხნის წინ შეინიშნებოდა გარკვეული ინციდენტები, არის თუ არა წინაპირობა, რომ მთიან ყარაბაღში საომარი ვითარება შეიქმნას?

- არ მგონია, ახლა აზერბაიჯანმა ყარაბაღში დაიწყოს საომარი მოქმედებები, რადგან ალიევს სერიოზული მუხრუჭები აქვს...

ალექსანდროვი პირიქით, სომხეთის შესვლას ვარაუდობს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე...

- სომხეთი არსად არ შევა და ვერც შევა, სომხეთს ეს არაფრისთვის არ სჭირდება და მისთვის მთავარი ამოცანაა, შეინარჩუნოს სტატუს-ქვო. სომხეთმა შეიძლება ისარგებლოს იმით, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობა არ გამწვავდა, მაგრამ შეიძლება ითქვას, გაფერმკრთალდა. როგოზინი იყო ამ დღეებში ჩასული ბაქოში და ვერ მიაღწია შეთანხმებას რადიოსალოკაციო სადგურის არენდის გაგრძელებაზე. საუბარია აზერბაიჯანის ფინანსურ-დიპლომატიურ სვლაზე, როდესაც ამ სადგურით სარგებლობისთვის რუსეთს იჯარის თანხა კატასტროფულად გაუზარდა.  აზერბაიჯანსაც თავისი ინტერესები აქვს...

ანუ მიგაჩნიათ, რომ ეს ვერსიები, რაც ჩამოთვლილია, ამ ეტაპისთვის არარეალურია?

- ამ ეტაპისთვის არარეალურია, მაგრამ იცით რაშია საქმე? ასეთი ინსტიტუტები, რომლებსაც პრეტენზია აქვს სამეცნიერო-კვლევით მუშაობაზე, ხშირად დაკავებულნი არიან ისეთი ფანტაზიური გეგმების შედგენით, რომელიც წლების შემდეგ, რაც დღეს ფანტაზიად გვეჩვენება, თუ სიტუაცია შეიცვალა, რეალობად იქცევა ხოლმე.

დღევანდელ რეალურ სიტუაციას რომ დავუბრუნდეთ და თავი დავანებოთ რუსეთის რომელიღაც ინსტიტუტის ვერსიებს, რამდენად შესაძლებლად მიიჩნევთ ამ არჩევნებისთვის რუსეთთან სიტუაციის გამწვავებას, არსებობს საამისო საფუძველი?

- არ გამოვრიცხავ. იცით რაშია პრობლემა? ჩვენ უფრო ნაკლებად ვიცით, რა ხდება რუსეთში, პოლიტიკური ანატომიის თვალსაზრისით, ვიდრე რუსეთმა, რა ხდება საქართველოში. რუსეთმა უკეთესად იცის, საქართველოში არსებული სიტუაცია ვიდრე ჩვენ რუსეთში, ვგულისხმობ ელიტას, რა ძალები უპირისპირდება ერთმანეთს. რუსეთში საქართველოს ძალიან ბევრი სწავლობს, აგენტურის ქსელიც, რესურსებიც რა შედარებაა ჩვენსა და რუსეთის აგენტურულ პოტენციალს შორის. ამიტომ მოსკოვში შეიძლება მივიდნენ სწორ დასკვნამდე, იმიტომ, რომ ასეთი ჩარევის მეორე შანსი როგორიც ახლანდელი არჩევნებია, მოსკოვს შეიძლება აღარ ჰქონდეს.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ არ ვიცი, რამდენი არჩევნები შეიძლება გავიხსენოთ, პირველი შემთხვევაა, როდესაც მმართველ პარტიას უპირისპირდება რეალური პოლიტიკური ძალა, როდესაც უკვე ხელისუფლებაც ღიად აცხადებს, რომ საქართველოში რეალურად შეიქმნა კონკურენტუნარიანი წინასაარჩევნო გარემო. წინა არჩევნები რომელი იყო კონკურენტუნარიანი?

ძნელია დაგეთანხმოთ კონკურენტუნარიანი წინასაარჩევნო გარემოს ნაწილში, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქუჩაში ერთი გასვლითაც შეიმჩნევა, როგორი გარემოა, როდესაც ყველა ბანერზე ავტობუსსა თუ მიკროავტობუსზე მხოლოდ 5-იანები - მმართველი პარტიის საარჩევნო ნომერია და სხვა არც ერთი პარტიის, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს რუსეთის საქმეა...

- კი, ასეა, გეთანხმებით, მაგრამ არჩევნების ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ბანერებითა და რეკლამებით რომელიმე პარტიას არჩევნები მოეგოს. არჩევნების მოგება ხდება. განწყობილებებით, რესურსებით. ეს შემთხვევითი არ არის - რომელ არჩევნებზე ყოფილა საქასრთველოს პრეზიდენტი ასე ინტენსიურად ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში? მე მსგავსი არ მახსოვს.

ყოველთვის აქტიურობით გამოირჩეოდა სააკაშვილი თუმცა შეიძლება ითქვას, ახლა პიკზეა...

- კი, ჩვენი პრეზიდენტი ძალზე ენერგიულია და სულ დადის რეგიონებში, დილით ერთ ადგილას არის, შუადღეს და საღამოს სხვაგან, მაგრამ, ასეთი ინტენსიურობით არასოდეს არ ყოფილა ჩართული. თანაც ეს ღონისძიებები, უცებ ეს დაზღვევაო, სეტყვის შემდეგ დაზარალებულთა დახმარება და კიდევ ათასი ღონისძიება...

ანუ მისი ქმედებებიდან ჩანს,  რომ ის მოწინააღმდეგის ძალას აღიარებს?

- რასაკვირველია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პირველად დაინახა ძლიერი მოწინააღმდეგე და ამიტომაც არის, რომ აცხადებს, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ არა უბრალოდ, არამედ ისე, რომ არავის ეჭვის საბაბი არ მივცეთო.

ვიხსენებ ერთ არჩევნებს, როდესაც შევარდნაძემ კინაღამ წააგო არჩევნები ასლან აბაშიძესთან, „აღორძინებასთან“ და თქვა ის, რაც არ უნდა ეთქვა, შავი ძალა მოდისო... ეს არ შეიძლება, ერთ ქვეყანაში ოპოზიციურ პარტიას უწოდო შავი ძალა.

თუმცა ოპოზიციას მტერს უწოდებს სააკაშვილიც...

- არა, სააკაშვილი მათ პრორუსულ ძალას უწოდებს და ამაში განსხვავებაა, შავი ყველასათვის შავია, მაგრამ პრორუსული ზოგისათვის კარგია..

ივანიშვილიცა და მის ირგვლივ შეკრებილი კოალიციაც აცხადებს, რომ მათ პროდასავლური საგარეო ვექტორი აირჩიეს...

- რა თქმა უნდა, გუშინ ივანიშვილმა რუსეთს კი არა, დასავლეთს მიმართა წერილით, იქ რუსეთის ელჩი არ ყოფილა, რუსეთის ელჩი საქართველოში არ არის, მაგრამ რომც ყოფილიყო, არ მგონია ის იქ ივანიშვილს დაეპატიჟებინა. იყვნენ დასავლეთის ელჩები და დამკვირვებლები და ივანიშვილის ადრესატიც სრულიად ღიად, ყოველთვის არის დასავლეთი. თუმცა ეს, როგორც ჩანს, არ არის დამაჯერებელი ხელისუფლებისათვის. ჩვენ, ჩვეულებრივ მოქალაქეებს გვაქვს ძალზე მწირი ინფორმაცია, ამიტომ ძნელია, დაბეჯითებით რამის თქმა.

როგორც თქვენ აღნიშნეთ, როდესაც პირველად საქართველოში, ხელისუფლებას ჰყავს ღირსეული მოწინააღმდეგე, როგორ ფიქრობთ, რუსეთის გეგმაში რა უნდა შედიოდეს, პროცესებში ჩარევა და ყველაფრის ჩაშლა თუ რისი სურვილი აქვს რუსეთს?

- სურვილი შესაძლებლობას ყოველთვის არ ემთხვევა, რუსეთს თუ მიეცა შანსი, ეს არის საგარეო და საშინაო ფაქტორების დამთხვევა.  თავის დროზე, როდესაც ბოლშევიკები შეიკრიბნენ, 30 კაცი და კიროვს, ორჯონიკიძეს და სტალინს მისწერეს, დაგვეხმარეთო, ასეთი რამ უკვე აღარ გამოვა. მაშინ ბოლშევიკებს საქართველოში ჰქონდათ სოციალური დასაყრდენი, მაგრამ დღეს უკვე, მითუმეტეს, 2008 წლის ომის შემდეგ, საქართველოში სოციალური დასაყრდენი ბაზა აღარ აქვთ. ამიტომ, საშინაო ფაქტორი, თუ აქ რაღაც დაიწო, რომ  ვინმემ სთხოვოს რუსეთს, დაგვეხმარეთო, არ იქნება. კი, რუსეთთან კარგი ურთიერთობის მომხრე ყველა არის, მე თვითონაც, ნახევარი ცხოვრება რუსეთში მაქვს გატარებული, ბევრი მეგობარი მყავს და დღესაც ორი  სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი ვარ, თუმცა იქ აღარ დავდივარ, რატომ უნდა მინდოდეს რუსეთთან ცუდი ურთიერთობა?... კუკავაც კი, რომელიც ნატოს მოწინაარმდეგე და რუსეთის მომხრეა, არ მგონია, რომ მივიდეს იქამდე, საშინაო დაპირისპირების დროს რუსეთს ოფიციალურად სთხოვოს დახმარება. ამიტომ, რუსეთი ამას არ ელოდება, რომ აქედან ვინმე სთხოვს არიქა, დამეხმარეო. რჩება ერთადერთი რამ - თუ ირანთან აფეთქდა სიტუაცია, გენშტაბის გემით, რუსეთი სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ტერიტორიაზე ჯარის გატარების უფლება მისცეს გიუმრიში შესაყვანად, რადგან სომხთი მოკავშირეა და 49-წლიანი ხელშეკრულება აქვს დადებული. თუმცა საქართველოს ხელისუფლება არ მისცემს ამის უფლებას, მაშინ რუსეთი არც შეეკითხება, ისე გაივლის და გზად რას იზამს, საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ ეს სცენარიც ძალზე ბევრ ალბათობაზეა დამოკიდებული და ბევრ წინაპირობას საჭიროებს, რომელიც დღესდრეობით არ ჩანს, რადგან შეიძლება ითქვას, რომ ირანის „მიუმხრობლობის კონფერენცია“ ძალზე დროული აღმოჩნდა, რომელსაც შეუძლია, სრულიად არა, მაგრამ მეტნაკლებად მაინც გაანეიტალოს სიტუაცია.

ყოველ შემთხვევაში, პან გიმუნის თეირანში ყოფნა ნიშნავს, რომ გაერო არავითარ შემთხვევაში კონფლიქტის სამხედრო გზით გადაჭრის სანქციას არ გასცემს.