„ნამდვილად არ გამოუვათ ის, რასაც გეგმავენ“

„ნამდვილად არ გამოუვათ ის, რასაც გეგმავენ“

საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც არჩევნების სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარების გარანტორობა იტვირთა, დიდი ხანია არ მალავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებისათვის ყველაფერს გააკეთებს. პირველად ეს მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა და მას შემდეგ, თითქმის, ყოველდღიურად გვესმის, რომ არ აპირებს ძალაუფლების დათმობას. მას შემდეგ მუდმივად ვართ მოწმენი, როგორ მუშაობს სახელმწიფო მანქანა ოპოზიციის წინააღმდეგ და როგორ ხმარდება სახელისუფლებო რესურსები ერთი პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნებში გამარჯვების უზრუნველყოფას.

„გამარჯვებაში ეჭვი არ მეპარება. მაგრამ ჩვეულებრივად კი არა, ძალიან მაგრად უნდა გავიმარჯვოთ“! - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

„ვიღაცამ ბევრი ფული შემოყარა, რომ საქართველოს პოლიტიკური სიტუაცია ააყირავოს“,- ამბობს სააკაშვილი და ხელს რუსეთისა და ხელისუფლების მთავარი მოწინაარმდეგის, კოალიცია „ქართული ოცნებისკენ“ იშვერს.

„მეტი საქმე არ მაქვს, ჩვენი აშენებული ქვეყანა თქვენ გადმოგაბაროთ და დაგანგრევინოთ“,- ამბობს სააკაშვილი და ოპოზიციას ბრალს წარსულის დაბრუნების სურვილში სდებს.

სააკაშვილი თავის გუნდთან ერთად დაპირებების კორიანტელსაც აყენებს და იმედი აქვს, რომ ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ დაუჯერებს მას - საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ქართველი ხალხის მოტყუება ძალიან ძნელია. თუმცა ისიც ფაქტია, რომ სააკაშვილსა და მის გუნდს ხალხი მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსენდება და არც აპირებს მისთვის ანგარიშის გაწევას.

როგორ დაუპირისპირდება ოპოზიცია სახელმწიფო მანქანას, რომელიც მის საწინააღმდეგოდ არის მომართული და რისი იმედი აქვს აშკარად უთანასწორო ბრძოლაში, ძალზე მნიშვნელოვანია. კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რომელთაც ხელისუფლება თითქმის ყოველდღიურად ახალ-ახალ ბარიერს უქმნის, ამბობენ, რომ იმედს ის ათეულ ათასობით ადამიანი აძლევს, რომლებიც მათთან შესახვედრად გამოდიან.
ექსპერტი კახა კახიშვილი ამბობს, რომ სააკაშვლმა თქვა სიმართლე ანუ ის, რასაც რეალურად ფიქრობს. სააკაშვილი რომ არსად წასვლას არ აპირებდა ერთხელ უკვე თქვა პარლამენტში დებატების დროს. ვხედავთ, რომ არა მხოლოდ მისი პარტია, არამედ თვითონაც არ აპირებს არსად წასვლას.
„აქედან გამომდინარე, შესაბამისი დასკვნები უნა გააკეთონ იმ პარტიებმა, რომლებიც ოპოზიციური პარტიების გარჩევით არიან დაკავებული, ვიდრე ერთიანი ოპონირებით. ჩვენი საარჩევნო კოდექსი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ასე ცალკე ჯგუფებად მოუგო ისეთ ძლიერ ოპონენტს როგორიც ხელისუფლებაა, ის არა მხოლოდ განკარგავს მთელ სახელმწიფო რესურსებს არამედ საარჩევნო ტექნოლოგიებსაც კარგად ფლობს“, - ამბობს კახიშვილი.

მისივე განმარტებით, საერთოდ, არჩევნები ძალიან რთული თემაა, მითუმეტეს, ისეთ ოპონენტთან, რომელიც თავიდან ბოლომდე ფლობს ადმინისტრაციულ რესურსს. კახიშვილი მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში კარგი იქნებოდა, კოალიციას ოპოზიციური ხმების თავმოყრა მოეხერხებინა.

„იმისი ნიშნებიც იკვეთება, რომ საერთოდ არ არსებობს ზღვარი, პარტიულ  და სახელმწიფო რესურსებს შორის. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, საპირისპირო სტრატეგია უნდა იყოს ოპოზიციური პარტიების კონსოლიდაცია.

ერთის მხრივ, კოალიციის მხრიდან გვესმოდა, რომ თუ ვერ შეთანხმდნენ კოალიცის გარეთ მყოფ პარტიებთან, ერთიან მაჟორიტარებზე მაინც შეთანხმდებოდნენ. ახლა ვხედავთ, რომ ფაქტობრივად მაჟორიტარების დიდი ნაწილი უკვე დასახელებულია კოალიციის მიერ, ამავდროულად ვხედავთ, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ძალიან ბევრი საარჩევნო სუბიექტი დარეგისტრირდა, რაც ნიშნავს რომ იგივე შეცდომები განმეორდება, რასაც უშვებდა ოპოზიცია ყოველ არჩევნებზე - ეს არის ხმების გახლეჩვა. თუ იტყვიან, რომ განა რა უნდა წაართვან ამ სუბიექტებმა, „ქართულ ოცნებას“, გარწმუნებთ, რომ ნებისმიერ ხმას, რომელსაც წაიღებენ ეს მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხმა იქნება, ვინაიდან „ნაციონალურ მოძრაობას“ მყარი ამომრჩეველი ჰყავს და ვერც ერთი ოპოზიციური პარტია ამ ეტაპზე მას ხმას ვერ წაართმევს“, - ამბობს კახიშვილი.

როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი, თეა წულუკიანი ამბობს, „ჩვენ მათ ვუპირისპირებთ პოზიტიურ კამპანიას“,

თეა წულუკიანი ვარაუდობს, რომ ხალხს შესწევს უნარი დაინახოს განსხვავება რეალურ და ცრუ დაპირებებს შორის, „როდესაც ბიძინა ივანიშვილი და მთელი კოალიცია ხალხს სოციალურ და სხვა სფეროებში ვპირდებით არა შოკურ თერაპიას, როგორც ეს სააკაშვილმა გააკეთა, არამედ მათი კონკრეტული პრობლემების მოგვარებას იმ გამოცდილებიდან, რომელიც, როგორც კოალიციის ლიდერს, ისე კოალიციაში შემავალი პარტიების თითოეულ ლიდერს აქვს“, -ამბობს წულუკიანი.

კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ  ხელისუფლება ყოველდღიურად აჩვენებს თავის სახეს, კრიმინალურ მეთოდებს იყენებს ყველანაირ ზღვარს გადავიდნენ და სამართლებრივი ჩარჩოებიდან გავიდნენ.

„ამას როგორც ჩანს, პრეზიდენტი თავისი განცხადებებით ხელს უწყობს და როგორც ჩანს, მშვიდობიანი არჩევნები მის ინტერესებში არ შედის. ჩვენი ინტერესია, რომ ჩატარდეს მშვიდობიანი არჩევნები მხოლოდ და მხოლოდ კანონსა და სიმართლეს დავუპირისპირებთ.

როდესაც ადამიანს ყველანაირი ვადები გაუვიდა, მაინც დადის მიზანმიმართულად და სრულიად დაუფარავად მაინც „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდას ეწევა, ჩანს, რომ ხელისუფლებას სერიოზულად ეშინია პოზიციების დათმობის, პრინციპში თავისი ქონების, პრივილეგიების დაკაგვის ეშინია ამ ხალხს, თავისი კეთილდღეობის დაკარგვის და აქედან გამომდინარე აკეთებენ ასეთ განცხადდებებს. სამწუხაროა, რომ ამ ყველაფრის წამქეზებელი არის ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც უნდა იყოს მშვიდობის, ქვეყნის ერთიანობისა და ადამიანის უფლებების დაცვის გარანტი.

მისთვის როგორც ჩანს, ოპოზიციური აზრი და პარტიები მიუღებელია და ისეთი მეთოდებით ცდილობენ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლას, როგორიცაა ძალადობა, აგრესია და ქვების სროლა, რაც ნამდვილად არ გამოუვათ რადგან დღეს სულ სხვა რეალობაა, სხვა აქტიურობა და ყველა ასეთ ფაქტზე ჩვენ ვახდენთ რეაგირებას, საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას და ნამდვილად არ გამოუვათ ის რასაც გეგმავენ“,- აცხადებს მანანა კობახიძე.

კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი ვახტნგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ  ამ ყველაფერს უნდა დაუპირისპირდნენ ჩვენი თანამოქალაქეეები და მათ უნდა გამოხატონ დამოკიდებულება ხელისუფლებისადმი, რომელმაც რისი დანგრევა, გაჩუქება და გასხვისებაც შეძლო, აღარ ჰქონდეს ამისი საშუალება.

„თორემ ვინმემ დამისახელოს რამე ოპოზიციის მიერ დანგრეული, თუ რამე დაინგრა და გაფუჭდა ეს ხელისუფლების მიერ არის და მე მგონი, ჩვენს საზოგადოებას ძალიან კარგად ესმის ეს ყველაფერი და თავად ის დაუპირისპირდება არჩევევნებზე და იქ გამოჩნდება ყველაფერი.

არჩევნები არის ის შესაძლებლობა, რომელიც აქვს საზოგადოებას იმისათვის, რომ დღევანდელი ხელისუფლება გაუშვას ძალის გამოყენების გარეშე შეცვალოს ეს ხელისუფლება. როგორ ჩატარდება, რა მოხდება, როგორი შედეგები დაიდება და რამდენად იქნება ის შედეგი შესაბამისი იმისა, რაც არჩევნების დროს მოხდება, ეს მეორე საქმეა. იმისდა მიხედვით, იქნება არჩევნების შედეგები სამართლიანი თუ უსამართლო, თავის სიტყვას იტყვის ხალხი“,- აცხადებს ხმალაძე.

კახა კახიშვილი ამბობს, რომ შეხვედრები არის დემონსტრირება, რომ ბევრი მხარდამჭერი არსებობს, თუმცა კახიშვილი თვლის, რომ არსებობს ერთი უდიდესი პრობლემა ეს არის შიდა მიგრაცია, რაც ნიშნავს, რომ ადამიანები ჩაწერილები არიან ერთ მისამართზე და ცხოვრობენ სხვაგან.

„ეს არ ნიშნავს, რომ ისინი აუცილებლად მივლენ იმ საუბნო საარჩევნო კომისიაში და კენჭისყრაში მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენთან  ხმების დათვლა ხდება მისული ამომრჩევლის რაოდენობიდან და არა რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობიდან გამომდინარე. ამიტომ ვფიქრობ, კოალიციამ უნდა დადგეგმოს ისეთი ღინისძიება, რომელიც ხელს შეუწყობს მისი ამომრჩევლის არჩევნებზე მისვლას.

გახსოვთ ალბათ, როდესაც 2010 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორები ამომრჩევლებს რომ ახსენებდნენ, წასულიყვნენ საუბნო-საარჩევნო კომისიაში ხმის მისაცემად“, ამბობს კახიშვილი.

მისივე შეფასებით, ასევე მნიშვნელოვანია, იმ პარტიებთან მაინც ვისაც ნამდვილად ოპოზიციონერად მიიჩნევენ, საერთო მაჟორიტარებზე შეჯერება, რადგან ძნელი იქნება მაჟორიტარული ოლქების მოგება, წაგება კი ნიშნავს, რომ მაქსიმუმ 30-35 დეპუტატი იქნება შეყვანილი პოლიტიკური სუბიექტის მიერ.

„ჩვენი პარლამენტი 150 დეპუტატისგან შედგება - 73 შედის საარჩევნო ოლქებიდან - 77 პროპორციული სისტემით. პროპორციული სისტემით რომც დაფიქსირდეს 40%- ეს 30 დეპუტატს ნიშნავს, დანარჩენი მოგებული საარჩევნო ოლქებიდან უნდა შეივსოს და ამიტომ არის მნიშვნელოვანი მაჟორიტარებისთვის ყურადღების მიქცევა.

ერთი, რომ ოპოზიციიდან ნაკლები კონკურენტები უნდა ჰყავდეს, მეორე, რომ ადგილობრივი ამომჩევლისთვის კარგად ნაცნობი და მისაღები ოიყოს და მესამე - კარგად დაგეგმოს და ჩაატაროს თავისი საარჩევნო კამპანია“ ამბობს კახიშვილი.

ნაციონალური მო9ძრაობა დროს უქმად არ კარგავს, არსებობს ფაქტები, რომელიც ადასტურებს, რომ უკვე მიმდინარეობს გაყალბება და ამომრჩევლის მოსყიდვა.

„ვერ ვიტყვი, რომ ხელისუფლება ამას არ ცდილობს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ „ნაციონალების“ კანდიდატები შეხვედრებზე 10 და 15 კაცზე მეტს ვერ აგროვებენ. ეს არის მთავარი და არა ის, რას აპირებს მიშა. მთავარია, რას აპირებს ამომრჩეველი, რაც მიხვდა, რომ მატყუარა ხელისუფლებასთან აქვს საქმე, რომლისთვისაც ინდივიდუალური ბედნიერება არაფერს არ ნიშნავს, მთავარია ფასადური მშენებლობები და ტყუილი დაპირებები, უცხოეთში იმიჯის გაყიდვა, რომ საქართველოში ყველაფერი კარგად არის. მისთვის მთავარი ეს არის, მაგრამ ამომრჩევლისთვის მთავარია, მისი ინდივიდუალური ოჯახური კეთილდღეობა და ქვეყნის გამთლიანება.

მე მგონია, რომ ეს არის ჩვენი თაობის ბოლო შანსი, რომ ქვეყანა სიკეთის და მშენებლობის გზაზე დადგეს და თუ ეს ჩვენ ვერ გავაკეთეთ, რაშიც დიდად მეპარება ეჭვი, რადგან ყველა შანსია, რომ სააკაშვილი რეალურად მწარედ დამარცხდეს, მაგრამ თუ მან მაინც გააყალბა და ჩვენ ეს შანსი ვერ გამოვიყენეთ, ეს იქნება არა მხოლოდ „ქართული ოცნების“, არამედ მთელი ქვეყნის ტრაგედია. მე ერთი წუთითაც არ მინდა წარმოვიდგინო ქვეყანა სადაც ისევ გამეფებულია „ნაციონალური მოძრაობა“,- ამბობს თეა წულუკიანი.

როგორ უნდა დაამარცხონ „ნაციონალური მოძრაობა“, კოალიციას ამასთან დაკავშირებით რაიმე გჰანსაკუთრებული და სპეციალური რეცეპტი არ აქვს და ტვლი9ს, რომ არჩევანი ქართველმა ხალხმა თავად უნდა გააკეთოს.

„არჩევნების მოგებას ვაპირებთ ისე, როგორც იგებენ არჩევნებს ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანში, პოზიტივზე დამყარებული დამაჯერებელი საარჩევნო კამპანიით, ჩვენი კანდიდატები არ არიან შემჩნეული ისეთ გრანდიოზულ ტყუილებში, როგორც მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი და თითოეულ ჩვენგანს ამ ქვეყნისთვის დიდი თუ პატარა სიკეთე გვიკეთებია წარსულში.

ამიტომ ჩვენი დაპირებები არ არის ყასიდი, ვთავაზობთ მოდელს სადაც ადამიანები არიან დასაქმებული და სახელმწიფოს არ შეჰყურებენ, რას გადმოუგდებს. ეს არის ჩვენი პრობლემის ძირი, რომ სააკაშვილი ადამიანებს განზრახ ამყოფებს სიღატაკეში, რომ მერე მართოს თავისი პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად. ჩვენ გვინდა თავისუფალი, მოძლიერებული ადამიანების საზოგადოება. გარდა ამ, პოზიტიური კამპანიისა, ჩვენ ვაპირებთ არჩევნების დროს ჩვენი ხმების დაცვას როგორც გაყალბების მექანიზმების წინააღმდეგ ბრძოლის გზით, ასევე კომპეტენტური დამკვირვებლების კომისიის წევრების, წაერმომადგენლების ყოლით და საერთოდ, კომპეტენტური ოპონირებით“.

რაც შეეხება ოპოზიციის კოორდინაციას, წულუკიანი ამბობს, რომ „ზოგ შემთხვევაში არის კოორდინაცია, ზოგ შემთხვევაში ეს ვერ მოხერხდა, მაგრამ ვთვლი, რომ „ქართული ოცნება“ რჩება ერთადერთ ალტერნატივად ამჟამინდელი ხელისუფლების“.

მანანა კობახიძე თვლის, რომ გარდამტეხ როლს შეასრულებს ხალხის აქტივობა, კოალიციის უფრო მეტად მობილიზება, ორგანიზება.

„არასდროს არ ყოფილა ოპოპზიციური ძალების გაერთოანება ასეთი ორგანიზებული, როგორც  ახლაა, აქედან გამომდინარე სწორედ ეს იქნება გარანტი, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს ნორმალურად.

იმ დარღვევებთან დაკავშირებით რასაც ხელისუფლების მხრიდან აქვს ადგილი, ვფიქრობ, ოპოზიციურ ძალებს შორის, რომელიც არ არის პროსახელისუფლებო, რა თქმა უნდა, ყველა პარტიის მხრიდან იქნება რეაგირება. ის პარტიები, რომლებიც შევდივართ „ქართულ ოცნებაში“, იქნება ორგანიზებული და მობილიზებული, იმისათვის, რომ ყველა ამ დარღვევას პასუხი გაეცეს დროულად და იყოს აღმოფხვრილი.

ამ ეტაპზე ცოტა რთულია თქმა ამის გარდა ვისთან რა ტიპის კოორდინაცია შეიძლება განხორციელდეს, „ნაცმოძრაობა“ მთელ სახელმწიფო ბერკეტებსა და რსურსებს, ძალოვან სტრუქტურებს, პოლიციას, უშიშროებას, საჯარო მოხელეებს იყენებს და არ ერიდება ძალისმიერ მეთოდებს, აგრესიას. ეს ნიშნავს, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები. როგორც მე ვუწოდებ, ეს არის ბრძოლა კრიმინალებს, ხელისუფლებას, „ნაცმოძრაობას“, მეორეს მხრივ კი ადამიანებს შორის, ვისაც უნდა დემოკრატიული აღმშენებლობის დაწეყება ამ ქვეყანაში“,- აცხადებს მანანა კობახიძე.

როგორც ვახტანგ ხმალაძე ამბობს, ჯერ მსოფლიოში არ არსებულა და ვერც იარსებებს ხელისუფლება, რომელსაც დაუპირისპირდება ხალხი და ეს ხელისუფლება გაუძლებს ამ დაპირისპირებას,

„ასეთი რამ უბრალოდ, არ არსებობს. ხელისუფლება იმ თაგვივთ იქცევა, რომელმაც თხარა, თხარა და კატა გამოთხარა, ფრთხილად იყვნენ, არ „დაიჭირონ“ კატა.

დღეს ოპოზიცია იმდენად ძლიერია, რამდენადაც ძლიერია მისი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან, ნებისმიერი პოლიტიკური ძალის სიძლიერე ხალხის მხარდაჭერაა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხარდაჭერა არის და ყველანი ერთად შევძლებთ წინ აღვუდგეთ ძალადობას და მოძალადეს მოვთხოვოთ პასუხი“ ამბო9ბსწ ხმალაძე.

რაც შეეხება სააკაშვილის განცხადებებს, რომ ი8ს არ აპირებს ზალაუფლება ვინმეს დაუთმოს, თეა წულუკიანი თვლის, რომ მისი განცხადებები მეათეხარისხოვანია, რადგან თვითონ არ წყვეტს ვის გადააბარებს ამ ქვეყანას, ამას წყვეტს ამომრჩეველი.

„ძალიან ბევრი, ბოლოდროინდელი კვლევა, რომელსაც ჩვენ სანდოდ მივიჩნევთ, აჩვენებს, რომ  ხალხი არ თვლის, რომ აშენებულ ქვეყანაში ცხოვრობს. მას შემდეგ რაც ხალხი ნდობას გამოგვიცხადებს, სწორედ სააკაშვილის არეული ქვეყნის შენებას დავიწყებთ. რომელ აშენებულ ქვეყანაზე საუბრობს ეს არც მე ვიცი და ამომრჩეველიც ვერ ხვდება. ამაზე მეტყველებს მოსახლეობასთან შეხვედრებიც და ბოლო დროს ჩატარებული არაერთი კვლევაც.

აშენებული რომ იყოს ქვეყანა, ხალხისთვის პირველი პრობლემა არ იქნებოდა უმუშევრობა, პენსიები, განათლება და ა.შ.. ეს ნისნავს, რომ ქვეყანა არის დაქცეული, რადგან აშენებულ ქვეყანას აწყობილი ეკონომიკა აქვს და იქ უმუშევრობა პირველი პრობლემა არ არის“, - ამბობს წულუკიანი.

იმის გარდა, რომ ძალაუფლების დათმობას არ აპირებს, სააკაშვილი ამომრჩევლის მიმართ ლამის ფანტასტიკური დაპირებების ჩამორიგებასაც არ ერიდება, ხან პენსიების გაზრდას, ხან სვანეთიდან გვირაბის გამოყვანას, ხანაც დასაქმებას და ყველა სიკეთის ოჯახ-ოჯახ დარიგებას აპირებს და საამი8სოდ ამომრჩეველს კიდევ დამატებით დროს სთხოვს.

„ერთის მხრივ არის უამრავი ამომრჩეველი მეორეს მხრივ სააკაშვილის მხარდამჭერთა პატარა გუნდი, მის აგრესიულ განცხადებებზე არ ვაპირებთ, აგრესიით ვუპასუხოთ არჩევნებამდე არჩევნების დროს ან არჩევნების შემდეგ. ეს მას უნდა აგრესიის პროვოცირება იმიტომ, რომ ეს მისთვის შველა იქნებოდა, მაგრამ ამას ვერ მოესწრება.

არ მგონია ამომრჩეველმა დაიჯეროს იმიტომ , რომ 8 წელია ერთი და იგივე ისმის და რომ გადახედოთ მის გამოსვლებს ყოველი წლის დასაწყისში სავსეა დაპირებებით, რომელიც არ შესრულებულა, ხალხს უკვე ღიმილს გვრის მისი ბაქიბუქი“,- ამბობს თეა წულუკიანი.

მანანა კობახიძე თვლის, რომ ხალხი უკვე არარ დაიჯერებს სააკაშვილის დაპირებებს:

„არ სცხვენია სააკაშვილს, დღესაც რომ გამოდის და ამბობს 100 დოლარი იქნება პენსიაო? 2008 წელს რომ დაპირდა, რატომ არ მისცა პენსიონრებს, ჯერ კიდევ 2007-ში რომ დაპირდა სოხუმში ახალი წლის შეხვედრას, რატომ არ შეასრულა, სამშვილიან ოჯახებს 1000 ლარიან დახმარებას რომ დაპირდა, რატომ არ შეასრულა და ახლაც 1000 ლარიანი ვაუჩერი მოიფიქრა.

ხალხმა უნდა გაიაზროს არომ არაერთი ასეთი დაპირება გასცა ხელისუფლებამ და არაფერი არ შესრულებულა, მილიონი სამუშაო ადგილი 2008 წელს იყო ნათქვამი და დშეს კიდევ სჭირდება დასაქმების სამინისტროს შექმნა. იგივე, „საქართველო სიღარიბის გარეშე“, როდესაც მილიონზე მეტი ადამიანი სიღატაკის ზღვარს მიღმაა და ამ ადამიანების რიცხვი იზრდება.

30 ლარიან დახმარებას შეჰყურებს ხალხი და ამასაც კი უხსნიან, იმიტომ, რომ ზოგიერთის პოლიტიკური შეხედულება არ მოსწონთ. ასეთი რეალობაა დღეს და ხალხმა ამ ყველაფერს რეალური შეფასება და ანალიზი უნდა გაუკეთოს ამ ხელისუფლების დარჩენა კვლავ მრავალი წლით ნიშნავს ამ ქვეყნის გამეტებას გაჭირვებისა და სოციალური კატასტროფისთვის. ამიტომ ხალხმა რეალური არჩევანი უნდა გააკეთოს და მიიღპოს ის გადაწყვეტილება, რაც უკეთესი იქნება მათი მომავლისთვის., მათი ოჯახისთვის და ზოგადად ამ ქვეყნისთვის“,- აცხადებს მანანა კობახიძე.

კახა კახიშვილი მაინც თვლის, რომ ოპოზიციას დიდი ძალისხმევა და შრომა დასჭირდება გამარჯვების მოსაპოვებლად, ასევე ბევრი ნიუანსის გათვლა და გათვალისწინება მოუწევს.

როგორც კახიშვილი ამბობს, ერთი მხრივ კარგია, რომ კოალიციის მხრიდან მოსახლეობასთან აქტიური შეხვედრები ხდება, მაგრამ მეორე, რომ საარჩევნო ტაქტიკა და ტექნოლოიები იყოს გამოყენებული.

„მესმის, რომ ბევრი პარტია საუბრობს კოალიციაში თავის ინტერესებსა და შიდა პარტიულ კვოტებზე, მაგრამ მერწმუნეთ, 2012 წლის არჩევნები არ არის ის არჩევნები, როდესაც მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს კოალიციაში შემავალი სუბიექტებისთვის, ორი დეპუტატიტ მეტი ეყოლება თუ ნაკლები, თუ პარლამენტში შესვლის შემდეგ არ აპირებს კოალიციის დატოვებას და ცალკე ფრაქციად ჩამოყალიბებას.

უნდა შეთანხმდნენ რა უნდათ, ბალანსი შეინარჩუნონ ამ არჩევნების შედეგად, თუ ისევ ერთ სუბიექტს, სახელისუფლებო პარტიას ჰქონდეს უმრავლესობა. ასეთი ტაქტიკა ჩვენი საარჩევნო კოდექსით, ჩვენი ხმების დათვლის სისტემით ყოველთვის მთავრდება ხელისუფლების გამარჯვებით, ვინაიდან ძალიან დიდი ბერკეტები აქვს ხელისუფლებას, რომ 30%-იანი მაჟორიტარული ბარიერის პირობებში, იმ პირობებში, როდესაც ვაშაძის აქტით ფაქტობრივად, აეკრძალა უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობა, რაც ნიშნავს ფაქტობრივად ოპოზიციური ხმების დაბლოკვას“ ამბობს კახიშვილი.

მისივე შეფასებით, ეს საარჩევნო სპეციფიკა კარგად უნდა იყოს შესწავლილი და არ შეიძლება ყოველთვის ერთი და იგივე შეცდომები დაუშვან ჩვენმა პოლიტიკოსებმა.