ძველი და ახალი „აგენტების“ გამოვლენას მმართველი გუნდი თანაბარი ძალით შეუდგა

ძველი და ახალი „აგენტების“ გამოვლენას მმართველი გუნდი თანაბარი ძალით შეუდგა

წინასაარჩევნოდ „თავისუფლების ქარტიის“, იმავე „ლუსტრაციის შესახებ“ კანონის ამოქმედება იგეგმება. მეტიც, შესაძლოა, არჩევნების წინ სპეციალური სახელმწიფო კომისიაც ჩამოყალიბდეს, რომლის ერთ-ერთ ძირითად მიზანს სსრკ-ის სპეცსამსახურების საიდუმლო თანამშრომლების, ყოფილი სსრკ-ის და „კომუნისტური პარტიის“ ცენტრალური კომიტეტების წევრების, რაიონული და საქალაქო კომიტეტების მდივნების, ლენინური კომკავშირის ცეკას ბიუროს წევრთა მონაცემების დადგენა იქნება.

ძნელი გამოსაცნობი არაა, ვის წინააღმდეგ აამოქმედებს ხელისუფლება ლუსტრაციის კანონს. მათი საყვარელი თემა ხომ „ქართულ ოცნებაში“ რუსეთის აგენტების ძიებაა. ეს მაშინ, როცა თავად ოპოზიცია არაერთგზის უხსენებს ხელისუფლებას, რომ სწორედ მათი რიგებია დახუნძლული კაგებეს თანამშრომლებით. 

როგორც ცნობილია, „თავისუფლების ქარტია“ პარლამენტმა გასული წლის გაზაფხულზე მიიღო, რაც გულისხმობდა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც თანამშრომლობდნენ კაგებესთან, იყვნენ კომუნისტური პარტიის, ლენინური კომკავშირის მაღალჩინოსნები, კომკავშირის ცეკას ბიუროს წევრები, რაიკომის და ცეკას მდივნები, აღმასრულებელ ხელისუფლებაში თანამდებობები არ უნდა დაეკავებინათ.

ლუსტრაციის კანონის ინიციატორი გია თორთლაძე აცხადებს, რომ „კანონი კავშირშია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან, რადგან მაშინდელი კომუნისტური პარტიის მაღალჩინოსნები, როგორიც იყო მაგალითად, ვაჟა ლორთქიფანიძე თუ სხვები, პირდაპირ მუშაობდნენ რუსეთზე. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის მხრიდან ასეთი ადამიანების საქართველოს ინტერესების საზიანოდ გამოყენება არ მოხდეს. ამიტომ, არჩევნებში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, ამ ხალხის ლუსტირირება უნდა მოხდეს“, – ასეთია თორთლაძის შეხედულება.
თავის მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური  „თავისუფლების ქარტიით“ გაწერილი მოთხოვნების შესრულებას მოითხოვს. მისი აზრით, არჩევნებში მონაწილე იმ პირებმა, რომლებიც კომუნისტურ ხელისუფლებაში გარკვეულ თანამდებობებს იკავებდნენ, ბიოგრაფიის ეს ნაწილი ამომრჩეველს არ უნდა დაუმალონ.  

ლუსტრაციის კანონის შესახებ For.ge პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს ესაუბრა.
დეპუტატი ჯონდი ბაღათურია ლუსტრაციის კანონის ამოქმედებას მიესალმება და აცხადებს, რომ დაახლოებით 6-7 თვის წინ ლუსტრაციის კანონი პარლამენტის სხდომაზე სწორედ მან გამოიტანა, თუმცა ეს კანონი ზუსტად „ნაციონალებმა“ ჩააგდეს. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ პარლამენტი გატენილია ლუსტრაციის კანონის სამიზნე ობიექტებით, ანუ კგბ-ს აგენტებით.

„მთელი „ნაცმოძრაობა“ გატენილია ამ აგენტებით და, რა თქმა უნდა, საკუთარი თავის ლუსტრირებას არ მოახდენდნენ. ამიტომ, ეს წინასაარჩევნო ჭიკჭიკია იმისთვის, რომ რომელიმე ოპონენტზე ილაპარაკონ. ჩვენ პირდაპირ ვიცით, რომელი პარლამენტის წევრი რას წარმოადგენს. ეს ყველამ იცის. ამ მიზნით სპეციალური სახელმწიფო კომისიის ჩამოყალიბება არასერიოზული და არასანდოა“, - მიიჩნევს დეპუტატი.

ამასთან, ჯონდი ბაღათურია ჟურნალისტებს ურჩევს, მოიძიონ იმ სხდომის სინქრონი, სადაც პეტრე ცისკარიშვილის გამოსვლაა დაფიქსირებული. იქ ნათლად ჩანს, რომ ბაღათურიას მოთხოვნის საპასუხოდ, რომ კგბ-ს აგენტები უნდა გაიშიფრონ, პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს: არა, ძველი აგენტები რატომ უნდა გავშიფროთ, ჩვენ ახალი აგენტები გვაინტერესებსო.

„ნაცმოძრაობა“ თვითონ არის გატენილი კომკავშირლებით, კაგებეშნიკებით, ახალი და ძველი სპეცსამსახურების თანამშრომლებით, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ რამდენი სახელმწიფოსთვის მუშაობენ, კაცმა არ იცის. პირველ რიგში, ლუსტრაციის ობიექტია თავად პრეზიდენტი, რომელიც დანამდვილებით ვიცით, რომ თავის დროზე კგბ-ს აგენტი იყო, რადგან ბიძამისი კგბ-ს გენერალი გახლდათ. რა თქმა უნდა, იქ ამუშავებდა, როგორც თანამშრომელს. აგენტიც კი არ იყო, პირდაპირ თანამშრომელი ერქვა და ამის ფოტომასალაც არსებობს, როცა მას სურათი აქვს გადაღებული სასაზღვრო ჯარებში, რომელიც კგბ-ს ორგანიზაცია იყო. ახლა წინასაარჩევნოდ ამ თემაზე უბრალოდ ლაყბობენ და, ალბათ, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ მიიტანენ იერიშს. ლუსტრაციას მარტო „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ არ აამოქმედებენ, არამედ კიდევ ვინმეს თუ აღმოაჩენენ, მასაც მიუსადაგებენ“, - აცხადებს ჯონდი ბაღათურია.           

„საქართველოს ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ თავმჯდომარე, საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ვაჟა ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ, მისი ინფორმაციით, ლუსტრაციის კანონით გათვალისწინებული კომისია, უკვე კარგა ხანია, შექმნილია. თუმცა ვაჟა ლორთქიფანიძის აზრით, ხელისუფლებამ აგენტები საკუთარ რიგებში უნდა მოიკითხოს, რადგან პირადად მას სადაც უმუშავია, დამალული არასდროს ყოფილა.

„სრულიად ღია და საჯარო იყო ეს ინფორმაცია და ამის შესახებ საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. ყოველთვის საჯარო სამსახურში ვიყავი და სახალხოდ ხდებოდა ჩემი ქმედებები. ეს იმათ იკითხონ, ვინც დღეს ხელისუფლების გუნდშია და დაფარულად სხვაგან მუშაობდა“.

ამასთან, ვაჟა ლორთქიფანიძე მიესალმება, თუკი ეს კანონი რეალურად ამოქმედდება, რადგან აშკარაა, რომ ახლა ეს კანონი მორალური ტერორის, ცილისწამების კორიანტელისა და შავი პირისთვის სჭირდებათ. აქვე ლორთქიფანიძემ თორთლაძის მხრიდან მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებასაც უპასუხა:

„რა ახალი აღმოაჩინა თორთლაძემ?! კომკავშირის ცეკას პირველი მდივანი რომ ვიყავი და საბჭოთა დროს ვიცე-პრემიერი გახლდით, დამიმალავს როდესმე?! ჩემს ბიოგრაფიაში არ წერია თუ ენციკლოპედიაში არ არის შეტანილი?! ამის შესახებ საზღვარგარეთ გამოცემულ ბიოგრაფიებშიც აღნიშნულია. „Who’s Who?“ ანუ „ვინ არის ვინ“ , - ამ წიგნშიცაა ამის შესახებ აღნიშნული. 15 წელია, ჩემი ავტობიოგრაფიები ყველაზე ცნობილ საერთაშორისო ცნობარებში იბეჭდება. საქართველოს ენციკლოპედიაშიც წერია, თუ მე სად ვიყავი და რა გზა მაქვს გავლილი. ამას რაში სჭირდება ლუსტრაცია?!“ - კითხულობს ვაჟა ლორთქიფანიძე და დასძენს, რომ ასეთი ქმედებებით ხელისუფლება თავად ახდენს თვითლუსტრაციას. მეტიც, ისინი ადასტურებენ, რომ მართლა უცხო სამსახურებში არიან ნამყოფნი და დემოკრატიისგან ძალიან შორს მდგომ, უღირს ადამიანებად წარმოაჩენენ საკუთარ თავს.  

„თორთლაძემ და სხვებმაც, ვისაც ის ახმოვანებს და ვის გუნდსაც თავად წარმოადგენს, პირველ რიგში, საკუთარ რიგებში მოიკითხონ აგენტები. ასეთები იქ გაცილებით მეტნი არიან. თორემ ადამიანებს, რომლებიც სამთავრობო ორგანოებში მუშაობენ და ეს ოფიციალურად ცნობილია, დასამალი არაფერი აქვთ“, - აღნიშნა ვაჟა ლორთქიფანიძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალები“ აბსოლუტურად უღირს საარჩევნო კამპანიას აწარმოებენ, რის დასადასტურებლადაც მას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, რიკარდო მილიორის გამონათქვამი ახსენდება.

„მოკლედ, ზუსტად ეს არის ლენინიზმის გამართლება. ზუსტად ეს არის ლენინიზმი“, - განმარტა ვაჟა ლორთქიფანიძემ.  

პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი ხელისუფლების მიერ ლუსტრაციის თემით სპეკულირებას არჩევნების მოახლოებას უკავშირებს. მისი თქმით, სულ რაღაც ერთ თვეში, პირველ ოქტომბერს, გაიმართება არჩევნები და იმისთვის, რომ „ნაციონალებმა“ გაიმარჯვონ, საჭიროა, მთელი რიგი ქმედებების განხორციელება. მათ შორის, ლუსტრაციასთან დაკავშირებული საკითხების გახმოვანება.

„ნაციონალების მოწინააღმდეგე ივანიშვილი აერთიანებს ძალიან ბევრ ისეთ ადამიანს, რომლებიც, ფაქტობრივად, აქტიურად მოღვაწეობდნენ საბჭოთა პერიოდში, შემდეგ უკვე შევარდნაძის დროს. ისინი არიან ყოფილი კომკავშირლები, პარტიული ფუნქციონერები. მათ კომუნისტური პარტიის რიგებში მაღალი თანამდებობა ეკავათ, ისე, როგორც ლორთქიფანიძეს. მენაღარიშვილისა და ლორთქიფანიძის მსგავსი ადამიანები, თითქოს ნეიტრალურ პოზიციას აფიქსირებენ, მაგრამ, ამავდროულად, ბოღმას გამოხატავენ სააკაშვილისა და „ნაციონალების“ მიმართ. ცხადია, ასეთი ადამიანების დამოკიდებულება ივანიშვილისადმი ლოიალური და დადებითია. ისინი ელოდებიან ივანიშვილის გამარჯვებას. ამდენად, მათ საწინააღმდეგო შესაძლებლობას, ცხადია, „ნაციონალები“ არ დაკარგავენ და აამოქმედებენ“, - აცხადებს პოლიტოლოგი.

ჰამლეტ ჭიპაშვილის შეხედულებით, არსებობს ლუსტრაციის კანონი და, ამ კანონიდან გამომდინარე, „ნაციონალებს“ შეუძლიათ, ყველაფერი იკადრონ, რადგან, რაც დრო გადის, მათი შანსები მცირდება, ხოლო ივანიშვილის პარტიისა და მისი გარემოცვის შანსები იზრდება. ამის დასტურად ჰამლეტ ჭიპაშვილს რეგიონებში ბიძინა ივანიშვილის მიერ გამართული შეხვედრები მოჰყავს.

ამასთან, პოლიტოლოგი არ მალავს, რომ მისთვის გაუგებარია, რას ნიშნავს ტერმინი „რუსეთზე მუშაობა“, რადგან, გამოდის, იმ პერიოდში, საბჭოთა კავშირის დროს, ყველა ადამიანი რუსეთზე მუშაობდა.

„მაშინ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო საქართველო და, თუ ამას დავარქმევთ რუსეთზე მუშაობას, მაშინ ძალიან ბევრი კოზირი ჰქონია ხელთ სააკაშვილსა და „ნაცმოძრაობას“. ის ხალხი, რომლებიც დღეს არიან ივანიშვილთან, ბევრი მათგანი იმ ასაკისაა, რომელთაც საბჭოთა პერიოდში სადღაც უნდა ემუშავათ და, რადგან „ნაციონალები“ იმ პერიოდის მუშაობას რუსეთზე მუშაობად აღიქვამენ, მაშინ მათ „სრული ჭეშმარიტებით“ შეუძლიათ აამოქმედონ ისეთი რამ, რაც მიმართული იქნება იმ ადამიანების საწინაღმდეგოდ, რომლებიც საბჭოთა პერიოდში არსებობდნენ“.

ასეთი ადამიანები კი, ჰამლეტ ჭიპაშვილის აზრით, ძალიან ბევრია. მათ შორის, ხელოვნების მუშაკები, იურისტები და ეს ადამიანები დღეს ივანიშვილის ბანაკში არიან.   

რაც შეეხება ხელისუფლების გუნდში არსებულ აგენტებს, ჭიპაშვილის აზრით, „ნაციონალები“ კახა ბენდუქიძეს მაინცდამაინც საკუთარ გუნდში არც მოიაზრებენ. გრიგოლ ვაშაძე კი დავაჟკაცდა რუსეთში“, - მიიჩნევს პოლიტოლოგი და თვლის, რომ ვაშაძის პოლიტიკური აკვანი სწორედ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ქვეყანაში დაირწა, იგი მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინიტროში და შემდეგ, თავისი მეუღლის წყალობით, აღმოჩნდა სააკაშვილის გარემოცვაში.

ჰამლეტ ჭიპაშვილს არ ეეჭვება, რომ მმართველი პარტია „აგენტების გამოსავლენად“ რეპრესიულ მანქანას აამოქმედებს. მეტიც, მისი შეფასებით, ეს ზღვაში წვეთია იმ არაკაცურ მოქმედებებთან შედარებით, რასაც სჩადის „ნაცმოძრაობა“.

„ცხადია, მმართველი გუნდისთვის ეს კოზირები არ უნდა მიეცა ივანიშვილს. ერთი წლის წინ, როცა ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა პოლიტიკაში, მეც და სხვებმაც სტატიები გამოვაქვეყნეთ, გვეგონა, წაიკითხავდა. მას ვურჩევით, ძველი თაობიდან ისეთი ადამიანები არ მიეკარებინა გვერდით, რომლებიც კომპრომეტაცია იქნებოდა მისი ახალი მოძრაობისთვის. ეს ეხებოდათ არა მარტო ყოფილ შევარდნაძისტებს, არამედ ისეთ პარტიებს, რომლებიც დღეს ცუდ ფონს უქმნიან ივანიშვილს. დასამალი არაფერია - რესპუბლიკელები, ალასანიას პარტია. არ იყო საჭირო მათი ჩახუტება. მაგრამ ივანიშვილმა აირჩია კოქტეილი, პოლიტიკური აჯაფსანდალი და ამით აპირებს ფონს გასვლას. ასეთი კატეგორიის ხალხით ფონს გასვლა გაუჭირდება. ამას ყოველთვის გამოიყენებს „ნაცმოძრაობა“ და ნებისმიერ დროს შეტევაზე გადავა,“ - გვითხრა ჰამლეტ ჭიპაშვილმა.