თანხმობა საქართველოს საარჩევნო კოდექსზე ჯერ კიდევ არ არის მიღწეული

თანხმობა საქართველოს საარჩევნო კოდექსზე ჯერ კიდევ არ არის მიღწეული

გასული ხუთი კვირის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პარტია, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ცდილობდა მაქსიმალურად ბევრი პოლიტიკური პარტია, განსაკუთრებით კი მისი მთავარი მეტოქე „ქართული ოცნება“, რომელსაც სათავეში მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი უდგას, ოთხპუნქტიანი ქცევის კოდექსის ხელმოწერაზე დაეთანხმებინა. ქცევის კოდექსის მიზანია, 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კამპანია მშვიდობიანად, თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდეს და ყველა მონაწილე მხარემ წინასწარ გამოთქვას თანხმობა არჩევნების შედეგებზე, თუ მათ ასეთად მიიჩნევენ საერთაშორისო დამკვირვებლები.

ასეთი შეთანხმების მიღწევა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის” პიარ გამარჯვება იქნებოდა, მაგრამ ახლა, როდესაც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ამ მისიას არ ევალება არჩევნების „ლეგიტიმურობის“ განსაზღვრა, ამ გამარჯვების მოპოვების შანსები შემცირდა.

ოთხპუნქტიანი დეკლარაცია, რომელიც ”ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ივლისის შუა რიცხვებში გამოაქვეყნა, მის ხელმომწერ პარტიებს ავალდებულებდა უარი ეთქვათ ძალადობაზე, სიძულვილის ენაზე და ხმების მოსყიდვის მცდელობაზე. გარდა ამისა, ამ კოდექსის თანახმად, პარტიებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული შედეგები უნდა აღიარონ, თუ „სანდო რეპუტაციის სადამკვირვებლო ორგანიზაციები“ მათ ლეგიტიმურად მიიჩნევენ.

ორმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებიც წარმოადგენენ წარმავალ პარლამენტს, ქრისტიან-დემოკრატებმა და ახალმა მემარჯვენეებმა მიანიშნეს, რომ მოაწერენ ხელს დეკლარაციას, იგივე გააკეთა ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ. მაგრამ ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ კატეგორიულად განაცხადა, რომ მისთვის არჩევნების შედეგებზე აპრიორი თანხმობა კატეგორიულად მიუღებელია.

არასამთავრობო და მედიაორგანიზაციათა კოალიციამ „ეს შენც გეხება“, რომელიც თებერვალში შეიქმნა, რათა ლობირება გაეწია პოლიტიკური პარტიების შესახებ სადავო კანონში ცვლილების შეტანისთვის, ასევე არ გაიზიარა ეს წინადადება. ჯგუფმა მანამდე თავად გამოაქვეყნა 17 პუნქტიანი მემორანდუმი არჩევნების თავისუფალი და სამართლიანი ხასიათის უზრუნველსაყოფად. ამ მემორანდუმს „ქართული ოცნება“ დაეთანხმა.
ელჩთა სამუშაო ჯგუფმა, რომელიც შედგება ეუთოს წევრი ქვეყნების დიპლომატებისგან 17 აგვისტოს გამოსცა განცხადება, რომელშიც ქართულ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებდა ხელი მოეწერათ 17 პუნქტიანი კოდექსისათვის. განცახადებაში გამოხატული იყო ის, რომ ხელმომწერები მტკიცედ უჭერენ მხარს ” საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, კერძოდ, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, ყველა მონაწილისთვის თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველყოფის, მედიაზე თანაბარი წვდომისა და კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ პრინციპებს.”

განცხადება მოუწოდებდა პოლიტიკურ პარტიებს „ პატივი სცენ, როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადასტურებულ შედეგებს, აგრეთვე პროცესს, რომელიც დამოუკიდებელი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების, უპირველესად ყოვლისა OSCE/ODIHR შეფასებით, შეესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და ნორმებთან“.

მანამდე არც ერთ ქართულ არჩევნებს OSCE/ODIHR-ის დამკვირვებელთა შეფასებით არ დაუკმაყოფილებია ერთმნიშვნელოვნად ეს ნორმები. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელთა შემდეგ სააკაშვილი მეორე ვადით აირჩიეს, მიუხედავად ოპოზიციის განცხადებებისა, რომ ის გაყალბდა, გამოცხადდა, როგორც „ეუთოსა და და ევროპის საბჭოს მიერ დადგენილი ნორმებისადმი არსებითად შესაბამისი.“ მაგრამ ამავე დროს, სადამკვირვებლო მისიამ აღნიშნა, რომ აღინიშნა „მნიშვნელოვანი“ და „სერიოზული“ პრობლემები ეუთოს იმ ვალდებულებათა შესრულებისას, რომელიც არ დაუსახელებიათ.

ეუთოს ფინალურ ანგარიშში საპარლამენტო არჩევნების შესახებ, რომელიც ოთხი თვის შემდეგ ჩატარდა, ნათქვამია: „ხელისუფლებამ და სხვა პოლიტიკურმა მხარეებმა გასწიეს ძალისხმევა, რათა ეს არჩევნები ჩატარებულიყო ეუთოსა და ევროპის საბჭოს სტანდარტების შესაბამისად. მაგრამ IEOM-მ აღნუსხა გარკვეული რაოდენობა პრობლემებისა, რამაც ეს ძალისხმევა არადამაკმაყოფილებლად და არასრულყოფილად აქცია.

ასევე 17 აგვისტოს, მოძრაობამ „ეს შენც გეხება“ განაახლა თავისი 17 პუნქტიანი დოკუმენტი და დაამატა მე-18 მუხლი, სადაც წერია: „ჩვენ საჯაროდ ვაცხადებთ, რომ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს, რომელიც ჩატარდება ზემოთ ნახსენები პირობების შესაბამისად, შეჯამდება კანონიერი პროცედურების დაცვით და სანდო რეპუტაციის მქონე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ შეფასდება როგორც კანონიერი.“ მაგრამ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ უარი თქვა ამ განახლებულ ვარიანტზე და ისევ მოითხოვა მისი ოთხპუნქტიანი ქცევის კოდექსის საკვანძო მუხლების შეტანა იმ 17 პუნქტიან დოკუმენტში, რომელიც თავდაპირველად შეიმუშავა მოძრაობამ „ეს შენ გეხება“.

მაგრამ ეუთომ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მისიის განცხადებამ, რეალურად ირელევანტურად სცნო ის პუნქტი, რომლის თანახმადაც არჩევნებში მონაწილე პარტიები უნდა დაეთანხმონ არჩევნების შედეგებს, როგორც ლეგიტიმურს, თუ „სანდო“ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები მას ასეთად დაასახელებენ. 22 აგვისტოს თბილისში პრეს-კონფერენციაზე გამოსვლისას გამოცდილმა ბულგარელმა დიპლომატმა ნიკოლა ვულჩანოვმა, მისიის ხელმძღვანელმა განაცხადა: „ჩვენ აქ იმისთვის არ ვართ, რომ არჩევნების ლეგიტიმურობა დავადგინოთ.“

„ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ ჩვენი დამკვირვებლების მიერ თავმოყრილ ფაქტებზე დაყრდნობით, დავადგინოთ რამდენად შეესაბამებოდა არჩევნები ქართულ კანონმდებლობასა და საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. ჩვენი მისია აქ სრულდება,“ განმარტა ვულჩანოვმა.

ვულჩანოვის მისიას ჯერ არ გამოუქვეყნებია საარჩევნო კამპანიის პირველი შეფასება. მაგრამ დელეგაციამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეადან, რომელიც თბილისს გასულ კვირას ეწვია შეშფოთება გამოხატა სახელმწიფო აუდიტის ოფისის „ზოგიერთი საეჭვო გადაწყვეტილების გამო“ და იმიტომ, რომ ის აწესებს „არაპროპორციულ“, „შერჩევით“ და „სასტიკ“ ჯარიმებს“ და არ გააჩნია გამჭვირვალე და ცხადი რეკომენდაციები.

ამავე დროს ჯგუფმა „ეს შენ გეხება“ საქართველოს მთავრობას ბრალი დასდო იმაში, რომ ის „უკიდურესად მიკერძოებულად“ იქცევა, რათა „დათრგუნოს ოპოზიციური პარტიები.“. 10 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებაში ჯგუფმა აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯები „უპრეცედენტოდ ინტენსიური და მასშტაბურია,“ რაც ალბათ შეხსენებაა იმ მრავალმილიონიანი ჯარიმებისა, რომელიც დაუწესდა „ქართულ ოცნებას“, როგორც ამბობენ, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კანონის დარღვევის გამო. ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონი ხორციელდება „დაუსაბუთებლად და არასწორად.“
foreignpress.ge