1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში – 2003 წლის „ვარდების რევოლუციის შემდეგ ყველაზე დიდი გამოწვევა მმართველი პარტიისთვის
ადამიანი, რომლის ირგვლივაც თითქმის ერთი წელია რაც საქართველოში ყველაფერი ტრიალებს, გამხდარი და ტანდაბალია. თავადაც გულწრფელად აღიარებს, რომ პოლიტიკოსობა არ მოსწონს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ბიძინა ივანიშვილმა შეძლო და თავისი კოალიციის „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გასულ კვირებში ქუჩაში ათი ათასობით ადამიანი გამოიყვანა.
მაგალითად, მაისის ბოლოს დედაქალაქში თავისუფლების მოედანზე იმდენი ადამიანი შეიკრიბა, რამდენიც წლებია არ უნახავთ. ივანიშვილი ფეხით მოვიდა. დაცვა გზას ტრიბუნამდე ხალხის მასაში უკვალავდა. ის ძალიან სწრაფად ლაპარაკობდა. პაუზების დროს მოედანზე სიჩუმე იყო. მხოლოდ გამოსვლის ბოლოს, მისი კოალიციის წევრების თაოსნობით მქუხარე აპლოდისმენტები გაისმა.
მიუხედავად ამისა, ივანიშვილი ყველაზე დიდი გამოწვევაა მმართველი პარტიისთვის 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ. ამას, ყველაზე ცოტა ორი მიზეზი აქვს. ერთ-ერთი თავად ივანიშვილის რეპუტაციაა, როგორც ხელგაშლილი, მაგრამ თავმდაბალი მილიარდერისა, რომელმაც წარმატებული ბიზნესმენის რეპუტაცია გასულ წლებში მოიპოვა. ღარიბი გლეხის შვილმა 1990-იანი წლების ცვლილებების დროს რუსეთში მილიარდიანი ქონება დააგროვა, დაახლოებით ცხრა წლის წინ საქართველოში თავის მშობლიურ სოფელში დაბრუნდა და ყოველგვარი ხმაურის გარეშე არა მხოლოდ საკუთარი საჩხერის რაიონის დაფინანსება დაიწყო, არამედ მასშტაბურ სახელმწიფო პროექტებზე მრავალი მილიონი ევრო დახარჯა.
2011 წლის თებერვალში, მან ღიად გაწყვიტა ურთიერთობა მთავრობასთან. დღეს ის სააკაშვილს და მის მოკავშირეებს იმაში ადანაშაულებს, რომ მათ კონტროლი დაამყარეს ყველა საზოგადოებრივ სფეროზე, დაწყებული სასამართლოთი და მედიით, ეკონომიკით დამთავრებული. მას კი სურს ადამიანებს გააგებინოს, რომ ამომრჩევლები აკონტროლებენ მთავრობას და არა პირიქით. ამით ივანიშვილი 4,5 მილიონიან ქვეყანაში იმ ამომრჩევლების ხმებს იგებს, რომლებმაც „ვარდების რევოლუციის“ შემდგომი რეფორმებით ცხოვრების გაუმჯობესება ვერ იგრძვნეს. ესენი არიან, ასაკოვანი მოქალაქეები, რომლებმაც კორუფციასთან ბრძოლის პროცესში, სკოლების, უნივერსიტეტების და სხვა უწყებების რეფორმირებისას სამუშაო დაკარგეს. მაგალითად, თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდერნიზებას ბევრი პრობლემად აღიქვამს, რადგან ეს ფასების და ხარჯების ზრდასთან არის დაკავშირებული; ესენი არიან გლეხები, რომლებიც დიდწილად პროდუქციას მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის აწარმოებენ, რადგან იმპორტირებულ პროდუქციას კონკურენციას ვერ უწევენ; ასევე ის განათლებული ახალგაზრდები, რომლებიც სამთავრობო წრეს არ მიეკუთვნებიან და უჭირთ ძლიერად მონპოლიზებულ ბაზარზე საკუთარი საქმის წამოწყება – ეს არის უკმაყოფილების მეორე მიზეზი, რის გამოც ბევრს სწორედ მილიარდერის იმედი აქვს.
ივანიშვილმა შეძლო დანაწევრებული ოპოზიციის კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ გაერთიანება. ისინი ერთად სხედან დღეს დედაქალაქის ძველ უბანში, მრავალსართულიან ვარდისფერ შენობაში. შესასვლელში თავმოყრილი მთხოვნელებისგან განსხვავებით, თანამშრომლები კმაყოფილი და ხშირად ქედმაღლური გამოხედვით შედიან შენობაში. მოპირდაპირე მხარეს „ქართული ოცნების“ საზოგადოებრივი მოძრაობის ოფისია. ახალგაზრდების უმრავლესობას ლურჯი, შავი ან თეთრი მაისურები აცვია, რომელზეც მოძრაობის ემბლემაა გამოსახული. ისინი წინასაარჩევნო ღონისძიებების დროს განწყობას ქმნიან, ან წესრგის დამცველების რანგში უსაფრთხოებაზე ზრუნავენ ხოლმე. კოალიციას ქვეყნის მასშტაბით 80-ზე მეტი ოფისი აქვს. სატელევიზიო არხი და ინტერნეტ სააგენტო ახალ ამბებს ყველა რეგიონიდან გადმოსცემენ. თითქმის გაოთხმაგებული ხელფასების შეთავაზებით ცდილობენ ივანიშვილის წარმომადგენლები იმ ნიჭიერი ჟურნალისტების გადაბირებას, რომლებიც დამოუკიდებელ მედია საშუალებებში მუშაობენ.
მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ამას 2004 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყველაზე დიდ გამოწვევად მიიჩნევს. ფულს ის სახელმწიფო ძალაუფლებას უპირისპირებს. ივანიშვილის ბევრი მხარდამჭერი ჩივის, რომ მას ან მის ნათესავებს სახელმწიფო სამსახურებიდან ათავისუფლებენ. მთავრობა ამას უარყოფს და აცხადებს, რომ სკოლების მოდერნიზების პროგრამის ფარგლებში, ბევრ არაკვალიფიციურ მასწავლებელს სამსახურის დატოვება მოუწია. იმავდროულად, სამთავრობო მედია საშუალებები და უცხოური პიარ-სააგენტოები მთავრობის დავალებით ივანიშვილისგან სახელმწიფოს ნომერ პირველი მტრის, რუსეთის მოკავშირის და ქვეყნის წარსულში დაბრუნების მსურველი პოლიტიკოსის სურათს ქმნიან, რომელიც ძალაუფლების ხელში ჩაგდებისთვის იბრძვის.
მთავრობა ყველაზე მეტად იმას ცდილობს, რომ ივანიშვილს ფინანსური პრობლემები შეუქმნას. პარტიების დაფინანსების შესახებ მკაცრი კანონმდებლობით, ისინი ცდილობენ ხელი შეუშალონ მილიარდერს, რომ ამ უკანასკნელმა ვერ შეძლოს საკუთარი ქონების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება. ამასობაში ჯარიმებმა 100 მილიონ ევროს გადააჭარბა. მისი ბანკიც დროებით სახელმწიფო მმართვაში გადავიდა და ათასობით სატელიტური თეფშის კონფისკაცია მოხდა. კომპანია, რომლის მოწილეც ივანიშვილის ძმაა და ერთადერთი საკაბელო მაუწყებელი იყო, რომელიც მისი ტელევიზიის სიგნალს გადასცემდა, ხალხს სატელელიტურ თეფშებს თითქმის უსასყიდლოდ ურიგებდა.
ატმოსფერო დაძაბულია. პატარა წინასაარჩევნო ღონისძიებების დროს, როგორც ჩანს სახელმწიფო უწყებათა თანამშრომლების პროვოცირებით, ხელჩართულ ბრძოლებს და ქვების სროლასაც ჰქონდა ადგილი. ჩხუბი ყოველთვის ივანიშვილის და მისი თანამებრძოლების პირადი შეურაცხყოფით იწყება. ივანიშვილს ადანაშაულებენ, რომ ის რუსეთის მთავრობის მხარეზეა, როდესაც ამბობს, რომ 2008 წელს სამხრეთ ოსეთზე თავდასხმით რუსეთის წინააღმდეგ ომი საქართველომ დაიწყო. ივანიშვილი რუსეთთან დიალოგის მომხრეა, რაც ბევრი ქართველის პოზიციაა. თუმცა, იმავდროულად ივანიშვილს საქართველოს დასავლური კურსის შენარჩუნება სურს. იმას, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ალასანია ამბობს: პირველ რიგში, საქართველომ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე უნდა იზრუნოს, რათა აღარ იარსებოს ამ საკითხზე პრობლემებმა მოსკოვს და დასავლეთს შორის. ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენი გრძელვადიანი მიზნებია, რომლის მისაღწევად საქართველომ წინაპირობები ჯერ საკუთარ ქვეყანაში უნდა შექმნას.
რამდენადაც გონივრულია ეს აზრი, იმდენად საეჭვოა ივანიშვილის სხვა თანამებრძოლთა გამონათქვამები. რამდენიმე მათგანი მხარს უჭერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საკუთარი დომინირება რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების ხარჯზე უნდა გაიხანგრძლივონ. მათ შორის არის, პოლიტიკოსი მურმან დუმბაძე, რომელიც მუსულმანური გავლენის მქონე აჭარაში ივანიშვილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. დუმბაძე მეჩეთების შენების წინააღმდეგია. ეს ქართული საზოგადოების ერთიანობას საფრთხეს უქმნის იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ამ ქვეყანაში მხოლოდ ორი სეპარატისტული რეგიონი არ არსებობს, არამედ აქ ცხოვრობენ დიდი სომხური და აზერბაიჯანული უმცირესობები. ივანიშვილი როგორც იმედებს, ასევე ეჭვებსაც აღძრავს: შეძლებს კი მისი კოალიცია საქართველოში სიტუაციის გაუმჯობესებას? ბოლოდროინდელი კვლევების თანახმად ერთი რამ ცხადია: არჩევნების შემდეგ სააკაშვილის პარტიას ყველაზე ცოტა ძლიერი ოპოზიცია ეყოლება.
foreignpress.ge