ლოპოტას ხეობაში მომხდარი მოვლენები დაახლოებით „სტუმარ-მასპინძლის“ სცენარით დაიწყო, როცა ქისტეთის მთებში გზადაკარგული ზვიადაურისა და ჯოყოლას შეხვედრის მსგავსად, ჩვენს მთებში შემოხეტებული უცნობი პირები მოულოდნელად ქართველებს გადააწყდნენ. თუმცა, ფინალი „სტუმარ-მასპინძელივით“ ამაღელვებლად არ განვითარდა და 11 ადამიანი ლიკვიდირებულ იქნა. არ ვიცით, ეს ადამიანები მართლა გზადაკარგულები იყვნენ, თუ შემოგზავნილები, მაგრამ ლოპოტას ხეობაში ჩატარებულმა სპეცოპერაციამ მრავალი პასუხგაუცემელი კითხვა დატოვა.
მათ შორის, როგორი იქნება საქართველოსა და დაღესტნის სამომავლო ურთიერთობა? რას უნდა ნიშნავდეს დაღესტნის ვილაიეთის ხელმძღვანელობის ფრაზა, რომ ქართულმა მხარემ ისინი მოღალატეობრივად გასწირა და კავკასიის მამაცი შვილები დახოცა?! როგორც აღმოჩნდა, ამ სპეცოპერაციის შემდეგ პასუხგაუცემელი შეკითხვა გაუჩნდა ბიძინა ივანიშვილსაც.
„ლოპოტას ხეობაში განხორციელებული სპეცოპერაციისას დაღუპული სამი ქართველიდან, ორი სპეცრაზმელი ჩემი მხარდამჭერი იყო“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა და ამით ხომ არ დაგვიტოვა ირიბი მესიჯი, თუ რატომ გაიმეტეს მაინცდამაინც აღნიშნული სპეცრაზმელები?!
მეტიც, ბიძინა ივანიშვილმა ამ სპეცოპერაციას გაუგებარი უწოდა.
„ძალიან ცუდი ამბავი მოხდა. ის გაუგებარი სპეცოპერაცია ისევ გრძელდება, ღმერთმა ქნას, რომ არავინ დაიღუპოს. როგორც მოსახლეობის უმრავლესობას, ასევე, მეც მაქვს ეჭვი, რომ იქ რაღაც ხდება ისეთი, რაც შეიძლება ჩვენი ხელისუფლების ავანტიურას უკავშირდებოდეს,“ - განაცხადა ივანიშვილმა. მისი თქმით, პირველ რიგში, ეჭვს ის ფაქტი იწვევს, რომ ამ დრომდე არ არის ცნობილი, რას ითხოვდნენ „ბოევიკები“.
„ტერორისტების მოთხოვნის შესახებ გსმენიათ რამე? მე არა. ტერორისტები, ძირითადად, ითხოვენ ფულს, თავისუფლებას, ტერიტორიებს, თვითმფრინავს, მათ კი არაფერი მოუთხოვიათ. სამი პარტია მძევალი ჰყავდათ და ამ მძეველებს ხომ ცვლიდნენ? რატომ არაფერი დააბარეს?! ბოკერია ამბობს, რომ აიყვანეს ბავშვები, შემდეგ ჩაანაცვლეს ისინი ადგილობრივი პატრულით, ამის შემდგომ პატრული ჩაანაცვლეს სპეცრაზმელებით, ეს რას აჩვენებს? ეს აჩვენებს იმას, რომ გამტაცებლები არ იყვნენ ასეთი აგრესიულები და რაღაც მოლაპარაკებებზე მოდიოდნენ. რა აუცილებელი იყო პირველ დღესვე ცეცხლის გახსნა და რატომ არ გაგრძელდა მოლაპარაკებები? ჩვენ ვიცით მაგალითები, როდესაც კვირაობით გრძელდებოდა მოლაპარაკებები ტერორისტებთან იმისთვის, რომ ადამიანის სიცოცხლე შეენარჩუნებინათ. სად ჩანს აუცილებლობა იმისა, რომ შეტევა განხორციელებულიყო და დაღუპულიყო სამი ადამიანი? ეს არის პრობლემა, აქ არის კითხვები. გარდა ამისა, რატომ გახსნა ჩვენმა ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ ცეცხლი?! რატომ არ აწარმოეს მოლაპარაკებები?“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მანვე კოალიციის ოფისში პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დაღუპული ჯარისკაცები - სოლომონ წიკლაური და არჩილ ჩოხელი მისი დაცვის წევრებთან მეგობრობდნენ.
ცნობისთვის, სოლომონ წიკლაური და არჩილ ჩოხელი ლოპოტას ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციის დროს დაიღუპნენ, ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ. 41 წლის არჩილ ჩოხელი 1971 წლის 23 მაისს მცხეთის რაიონის სოფელ გალავანში დაიბადა. იყო მსოფლიოს ჩემპიონი (1993), ორგზის მეორე (1994, 1997) და ექვსგზის მესამე (1992, 96, 98, 99, 2000, 2002) პრიზიორი, მსოფლიოს თასის მფლობელი (1997) და მეორე პრიზიორი (1996), ევროპის ჩემპიონი (1998), მეორე (2001) და ექვსგზის მესამე (1993, 94, 97, 99, 2000, 2002) პრიზიორი. იყო ღირსების ორდენის კავალერი.
არჩილ ჩოხელი საქართველოს სამბისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. იგი, როგორც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, სპეცსამსახურებში მსახურობდა. ნაკრების მწვრთნელად რამდენიმე თვის წინ დაინიშნა. სამბისტთა ნაკრებს მალე მოსკოვში უწევდა ტურნირზე წასვლა. თუმცა რუსულმა მხარემ არჩილ ჩოხელს სპეცსამსახურში მუშაობის გამო ვიზა არ მისცა.
როგორც For.ge-სთან საუბარში ვეტერანი ძიუდოისტი და მწვრთნელი შოთა ხაბარელი აცხადებს, იგი პირადად იცნობდა არჩილ ჩოხელს, რომელიც შესანიშნავი სამბისტი და ადამიანი გახლდათ. ამ ეტაპზე შოთა ხაბარელს უჭირს განმარტების გაკეთება, სპეცრაზმელების დაღუპვა მათ პოლიტიკურ მრწამსს უკავშირდებოდა თუ არა, მაგრამ ვეტერანი ძიუდოისტი აცხადებს, რომ სპორტსმენთა უმეტესობა ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერია და ისინი უახლოეს ხანში საკუთარ პოზიციას დააფიქსირებენ კიდეც. ამასთან, შოთა ხაბარელი იზიარებს მოსაზრებას, რომ, სპეცოპერაციისას ბევრი საეჭვო დეტალი დაფიქსირდა. თუმცა ამის შესახებ ისინი მოგვიანებით გაახმიანებენ.
ლოპოტას თემის შესახებ საუბრისას ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ უკვე ჩატარებულ სპეცოპერაციას, შესაძლოა, გაგრძელება მოჰყვეს. ცნობილია, რომ დაღესტნის ვილაიეთის ხელმძღვანელობა მოჯაჰედების მიერ ტყვეების აყვანის ფაქტს უარყოფს და საქართველოს ხელისუფლებას შურისძიებით ემუქრება. მეტიც, დაღესტნის ვილაიათის მოჯაჰედების ხელმძღვანელობის თქმით, მოჯაჰედები საქართველოს ტერიტორიაზე არანაირი ოპერაციის ჩატარებას არ აპირებდნენ. ასეთი გეგმა რომ ჰქონოდათ, ადვილად მოახერხებდნენ კიდეც.
„ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ისინი (საქართველოს ხელისუფალნი) ასეთ თვალთმაქცურ საქციელს ჩადიან, რათა პუტინის რეჟიმს ასიამოვნონ. მსგავსი ქმედებებით თქვენ კიდევ ერთ მტერს შეიძენთ, რომელიც სასტიკი შურისძიებით იძიებს შურს“. საკუთარი პოზიციის გამოსახატად მუსლიმანები ყურანის ციტატასაც იშველიებენ: „ისინი, ვინც უსამართლოდ იქცევიან, მალე გაიგებენ, სად დაბრუნდებიან“.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ დაღუპული ორი სპეცრაზმელის პოლიტიკური სიმპათიის შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს. რაც შეეხება მოჯაჰედების მუქარას, ექსპერტის აზრით, იმდენი შეკითხვაა მათთან დაკავშირებით, რომ სიტუაციაში გარკვევამდე ძალიან რთულია ამის ანალიზი.
„გადავხედე ჩეჩნეთის ორივე ომის ისტორიას, საერთოდ, - კავკასიური იმარატის ისტორიას და აღმოჩნდა, რომ მათ 11 ადამიანი ერთ დღეში არასდროს დაუკარგავთ. ესენი არიან ბრძოლებში გამოწრთობილი მეომრები. ამდენად, თუკი ეს ადამიანები ნამდვილად იყვნენ ჩვენს ტერიტორიაზე, ასე მარტივად არ მოხდებოდა მათი განადგურება. მეტიც, რუს ფედერალებს, რომლებიც 15 წელია მათ ეომებიან და მათ წინააღმდეგ უკვე შემუშავებული აქვთ გარკვეული მეთოდოლოგია, მათაც არ აქვთ ასეთი შედეგი. ამიტომ კითხვები მიჩნდება, რომლებზეც პასუხი არ ჩანს“,-აცხადებს მამუკა არეშიძე.
ექსპერტისთვის პასუხგაუცემელი შეკითხვები კი ასეთია: როგორ შემოვიდნენ ეს ადამიანები 20 კილომეტრის სიღრმეზე, საქართველოს ტერიტორიაზე? თუ ისინი რუსეთის სასაზღვრო რაზმმა გამოატარა, ჩვენს მესაზღვრეებს რატომ გამოეპარათ? მით უმეტეს, რომ ზაფხულია და, ზამთრისგან განსხვავებით, მათი გაკონტროლება რთული არ არის.
მომხდარის მიუხედავად, მამუკა არეშიძე დაღესტანთან ურთიერთობის გართულებას არ ელის. მეტიც, იგი აცხადებს, რომ მათ ჰქონდათ საშუალება, უშუალოდ დაღესტანში მყოფი სერიოზული ხალხისთვის ეკითხათ ამ ადამიანების შესახებ. აღმოჩნდა, რომ, როგორც დაღესტნელმა ინტელიგენციის წარმომადგნლებმა, ისე ისლამთან დაკავშირებულმა თეოლოგებმა მათ შესახებ არაფერი იცოდნენ.
„ვერ მივიღეთ პასუხი, თუ ვინ არიან ეს ადამიანები, საიდან არიან, საველე მეთაური ვინ ჰყავთ? ვერც იმას გეტყვით, ნამდვილად არიან თუ არა ისინი ეროვნებით დაღესტნელები?! იქნებ, სულაც ჯიბეში ისეთი საბუთები აღმოაჩნდეთ, რომელიც ჩვენი ოპოზიციის წინააღმდეგ იქნება ორიენტირებული. ყველაფერი ბურუსითაა მოცული და ხელისუფლება არ ცდილობს, ბურუსი გაფანტოს“.
რაც შეეხება დაღესტნის ვილაიეთის ხელმძღვანელობის ფრაზას, რომ ეს ადამიანები „მოღალატეობრივად გასწირეს“, მამუკა არეშიძის განმარტებით, თუ ამ ფრაზაში იგულისხმება, რომ ისინი შემოიტყუეს, ე.ი. ნათელია, რომ ისინი რუსებმა გამოატარეს და აქ ქართული მხარის მოღალატეობა არაფერ შუაშია.
კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის თქმით, მოჯაჰიდთა განცხადებით დასტურდება, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ისინი შემოიტყუა და თავისი გეგმებისთვის გამოიყენა. რაც შეეხება შურისძიებას, ექსპერტის აზრით, მათი მხრიდან შურისძიება არა ქართველი ხალხის, არამედ ხელისუფლებაში კონკრეტული პირების მიმართ იქნება მიმართული. მეტიც, ექსპერტის განმარტებით, დაღესტნის ვილაიეთის ხელმძღვანელობის განცხადება ადასტურებს, რამდენად გადამგდებია სააკაშვილი.
„მათი განცხადებიდან ჩანს, რომ საქართველოში მათი ყოფნა, გარკვეულწილად, ლეგიტიმური იყო. ისინი ახსენებენ, რომ სააკაშვილმა ისინი მოატყუა. ამიტომ, შურისძიებას თუ დაიწყებენ, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამას ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის წინააღმდეგ განახორციელებენ“, - აცხადებს ზაქარეიშვილი.
საქართველოში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ აღნიშნული სპეცოპერაცია კავკასიელ ხალხთან დაძაბულობის საბაბი არ უნდა გახდეს, რადგან ამ ურთიერთობას დიდი ხნის ისტორია აქვს. მართალია, ამ ისტორიაში ღალატს არ პატიობენ, მაგრამ მექა ხანგოშვილი იმედოვნებს, რომ შურისძიება არ მოხდება. აქვე ხანგოშვილმა უხუცესთა საბჭოს განსაკუთრებულ როლზე გაამახვილა ყურადღება.
„სიმართლე გითხრათ, ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. სანამ არ გაირკვევა, ვინ არიან, არიან თუ არა საერთოდ დაღესტნელები, კომენტარის გაკეთებას აზრი არ აქვს. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ სიტუაციის გართულება არ მოხდეს“, - აღნიშნა მექა ხანგოშვილმა.