ექვსი მოთხოვნა დოკუმენტზე ხელის მოწერის სანაცვლოდ

ექვსი მოთხოვნა დოკუმენტზე ხელის მოწერის სანაცვლოდ

ბიძინა ივანიშვილი პირობებს აყენებს და აცხადებს, რომ ხელისუფლების მიერ ამ პირობების შესრულების შემთხვევაში, კოალიცია „ქართული ოცნება“ მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ პარტიების ქცევის წესების ერთიან დოკუმენტს ხელს მოაწერს.

„ჩვენი მიზანი გაყალბებულ არჩევნებთან ბრძოლა კი არა, არჩევნებში გამარჯვებაა. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 10 თვის განმავლობაში ჩვენს წინააღმდეგ გატარებული რეპრესიების შედეგების მთლიანად აღმოფხვრა წარმოუდგენელია, ჩვენ მაინც მზად ვართ, დღესვე მოვაწეროთ ხელი არჩევნების შედეგების  აღიარების ვალდებულებას, მხოლოდ იმ პირობით, რომ დღეიდან არჩევნებამდე საარჩევნო გარემო პრინციპულად შეიცვლება და დაკმაყოფილდება შემდეგი მოთხოვნები:

1. დაუყოვნებლივ შეჩერდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის  ინიიცირებით გამოტანილი ყველა ჯარიმის, ყადაღისა თუ სანქციის აღსრულება, ისე, როგორც ეს მოხდა პარტიებისთვის დაკისრებული ჯარიმის ნაწილში უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციით;

2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ კოალიცია „ქართული ოცნების“ შემოსავლებიდან და ხარჯებიდან ამოირიცხოს ის თანხები, რომელთა კავშირი კოალიციაში შემავალ პოლიტიკურ პარტიებთან არაფრით არ არის დადასტურებული, გარდა კონტროლის პალატის ვარაუდებისა და მხოლოდ ვარაუდების საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებებისა;

3. შეიქმნას ყველა პირობა იმისათვის, რომ ემიგრაციაში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა (ამომრჩევლის 25%) მოახერხონ არჩევნებში მონაწილეობა, თუნდაც ამისათვის საჭირო გახდეს ხმის მიცემის დღის შეცვლა;

4. დაუყოვნებლივ მოიხსნას ყველა დაბრკოლება კერძო კომპანიების მიერ მოსახლეობაში სატელიტური თეფშების გასავრცელებლად და სახელმწიფომ ხელი შეუწყოს ამომრჩე ვლის  ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით დაგეგმილ სხვა პროექტებს, მაგალითად, ქართველი ემიგრანტების ინიციატივას; 

5. უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობაში შევიდეს კოალიციის წარმომადგენელი, კომისიამ იმუშაოს ყოველდღიურ, გამჭვირვალე რეჟიმში და,  სხვა საკითხებთან ერთად, დაუყოვნებლივ განიხილოს პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეების დევნის (დაპატიმრება, სამსახურიდან გათავისუფლება, შანტაჟი) დღემდე მომხდარი ყველა ფაქტი;

6. სამოქალაქო სექტორის მიერ შემოთავაზებული და კოალიციის მიერ გაზიარებული ქცევის კოდექსის დაცვის მონიტორინგისთვის შეიქმნას ქმედითი მექანიზმი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით. ერთადერთი ქმედითი მექანიზმი, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმი ჯერ კიდევ ანგარიშს უწევს, ეს არის საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრობის პოზიცია“, - ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში.

მისი განმარტებით სწორედ ეს არის ის პირობები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში კოალიცია ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს შეუერთდება. შეგახსენებთ, საუბარია იმ დოკუმენტზე, რომლის თავდაპირველი ვერსია კამპანიამ „ეს შენ გეხება“ შეიმუშავა. დოკუმენტი 17 პუნქტისაგან შედგებოდა და მასში ჩამოთვლილი იყო სხვადასხვა ნორმები, რომლებიც წინასაარჩევნოდ პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა დაიცვან, რათა საარჩევნო პროცესი ნორმალურად წარიმართოს. მოგვიანებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ დოკუმენტში ცვლილებები შეიტანა, იგი ოთხ პუნქტამდე დაიყვანა და ბოლო პუნქტად მასში ჩაწერა - „ვიღებთ პასუხისმგებლობას, ცესკოს მიერ შეჯამებული და სანდო რეპუტაციის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ ლეგიტიმურად მიჩნეული არჩევნების შედეგების აღიარებაზე“. სწორედ ეს პუნქტი გახდა სადავო „ნაცმოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის. კოალიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დოკუმენტში ამ პუნქტის ჩადებით ხელისუფლებამ არჩევნების გაყალბება პრაქტიკულად წინასწარ დააანონსა და სურს ამის ლეგალიზება კოალიციის მიერ ამ დოკუმენტზე ხელის მოწერის გზით მოახდინოს. ხელისუფლება კი მუდმივად აპელირებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ მის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელს არ აწერს და ამის მიზეზად მოჰყავს ის, რომ კოალიცია არჩევნების შედეგებს ამთავითვე არ სცნობს, არჩევნების შემდეგ ხალხის ქუჩაში გამოყვანას აპირებს და ამიტომაც, თავს იზღვევს და ხელს არ აწერს აღნიშნულ დოკუმენტს.

ბუნებრივია ჩნდება კითხვა, რატომ გახდა ასეთი მნიშვნელოვანი „ქართული ოცნების“ მიერ „ნაცმოძრაობის“ მიერ შეთავაზებულ დოკუმენტზე ხელის მოწერა? ამ დოკუმენტში ხომ ის ნორმებია ჩადებული, რაც ქართულ კანონმდებლობაში ისედაც გაწერილია და ისედაც ცხადია, რომ პოლიტიკურმა პარტიამ ამომრჩეველი არ უნდა მოისყიდოს, საარჩევნო კამპანიის წარმოებაში სხვა პოლიტიკურ ძალებს ხელი არ უნდა შეუშალოს, ძალადობისკენ არავის უნდა მოიწოდოს და ა.შ. მიუხედავად ამისა, „ნაცმოძრაობის“ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს რატომღაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება და როდესაც „ქართული ოცნების“ წევრების მიმართ ვთქვათ, მოსახლეობასთან შეხვედრისას გარკვეული პროვოკაციები ხორციელდება, მმართველი პარტია მუდმივად აცხადებს, რომ კოალიციამ ამ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა და რომ მოეწერა და მის შესაბამისად ემოქმედა, ასეთი შემთხვევებისგან მას ხელისუფლება დაიცავდა. ასეთივე არგუმენტებით საუბრობს ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც.

თავის მხრივ, სათქმელი „ქართულ ოცნებასაც“ აქვს, რადგან გარდა იმ ერთი პუნქტისა, რომელიც სადაო გახდა, სხვა პუნქტებიც არის, რომელთაგან პრაქტიკულად ყველას სწორედ ხელისუფლება არღვევს. ხოლო დოკუმენტის არსი იმაშია, რომ თუ წინა პუნქტები იქნება დაცული, მხოლოდ იმ შემთხვევაში არის დოკუმენტზე ხელის მომწერი პარტია მზად არჩევნების შედეგები ლეგიტიმურად აღიაროს. ამდენად, კოალიაციამ დღესვე რომ მოაწეროს ხელი მმართველი გუნდის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს, მასთან უკვე ისედაც ბევრი აქვს მოსადავებელი.

რას ფიქრობენ ქართველი ექსპერტები იმის შესახებ, თუ რატომ გახდა ეს დოკუმენტი ასეთი აქტუალური.

კამპანია „ეს შენ გეხება“-ს წარმომადგენელი ირაკლი მელაშვილი for.ge-სთან საუბაარში ამბობს, რომ „ეს შენ გეხებას“ მიერ შემუშავებულ დოკუმენტში ბოლო, მე-17 პუნქტად ჩაიდო ასეთი განსაზღვრება, რომ პარტიები იღებენ ვალდებულებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეჯამებული არჩევნების შედეგები სცნონ. მელაშვილის განმარტებით, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობით, პარტიებს შეუძლიათ ცესკო-ს მიერ გამოცხადებული შედეგები გაასაჩივრონ და ამ შეთანხმებამ არ შეიძლება საარჩევნო კოდექსი შეცვალოს. ამასთანავე, მელაშვილი განმარტავს, რომ ამ ყველაფერს ხელისუფლებისა და ყველა სხვა დანარჩენი პარტიების მხრიდან სხვა ნორმების დაცვაც უნდა უძღოდეს წინ იმისათვის, რომ არჩევნები ნორმალურად ჩატარებულად ჩაითვალოს და არასამთავრობოების მიერ შემუშავებულ დოკუმენტში ყველა ეს პირობა ჩამოთვლილია.

„ხელისუფლებას აქვს უფლება თავისი დოკუმენტი პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზოს, მაგრამ მე ეჭვი მეპარება, რომ არსებობდეს ოპოზიციური პარტია, რომელიც ამ დოკუმენტს ხელს მოაწერს, რადგან ამ ოთხპუნქტიან დოკუმენტში არაფერი წერია იმ ვალდებულებებზე, რომლებიც საარჩევნო კამპანიის ნორმალურად ჩასატარებლად არის საჭირო. ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა იმ 17 პუნქტიანი დოკუმენტის ხელმოწერაზე. ახლა კი ჯერი მმართველ გუნდზეა, თუკი მას უნდა ნორმალური წინასაარჩევნო გარემო შექმნას და ამასთანავე, ყველა პოლიტიკური ძალა არჩევნების შედეგების აღიარებაზე დაავალდებულოს, მას თავისუფლად შეუძლია ამ დოკუმენტს შეუერთდეს“, - აცხადებს ირაკლი მელაშვილი.

მისი თქმით, ეს ყველაფერი პოლიტიკური თამაშია, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლები ვალდებულება აიღოს საკუთარ თავზე, ხოლო ოპოზიცია დაავალდებულოს, არჩევნების შედეგები ნებისმიერ შემთხვევაში სცნონ. ოპოზიცია კი ცდილობს, წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებისას რაც შეიძლება მეტი ვალდებულება ხელისუფლებას დააკისროს. მელაშვილის თქმით, ეს აბსოლუტურად ბუნებრივი ინტერესებია და სწორედ ამ ინტერესების შეჯერების შედეგად გაჩნდა 17 პუნქტიანი დოკუმენტი, რომელშიც ერთის მხრივ ჩადებულია ვალდებულებები პოლიტიკური პარტიებისთვის, რომ ერთმანეთისთვის საარჩევნო კამპანიისათვის რაც შეიძლება უკეთესი პირობები შექმნან, ხოლო მეორეს მხრივ, არის ასევე ვალდებულება, რომ თუკი ყველა ეს პირობა შესრულდა, პარტიებმა არჩევნების შედეგები აღიარონ.

პოლიტიკური ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ამ დოკუმენტს გარკვეული პიარ-დატვირთვა აქვს და ხელისუფლების მიერ სწორედ ამ დატვირთვით იქნა დოკუმენტი შემოთავაზებული, აპირებს თუ არა ოპოზიცია საარჩევნო გარემოს, წესების დაცვას და საბოლოოდ, მიღებული შედეგების აღიარებას. საყვარელიძის განცხადებით, ხელისუფლებამ ეს დოკუმენტი იმ კონტექსტში წამოაყენა, რომ ოპოზიციის მიერ უარის თქმა იმას ნიშნავს, რომ ოპოზიცია ნებისმიერ შემთხვევაში ქუჩაში გასვლას აპირებს და სწორედ ამიტომ არის მისთვის ხელმოწერა მიუღებელი.

ექსპერტი ამბობს, რომ ამგვარი დამოკიდებულება ცოტა ოდიოზურია, რადგან შეიძლება ხელიც მოაწერო და ქუჩაშიც გახვიდე, თუკი ჩათვლი, რომ წინაპირობები არ იყო დაცული.

„ხელისუფლება ეჭვობს, რომ ოპოზიცია ქუჩაში გავა, ხოლო ოპოზიცია ეჭვობს, რომ ხელისუფლება არჩევნებს გააყალბებს. სწორედ ამიტომ, ისინი ცდილობენ, ერთმანეთს ისეთი პირობები შესთავაზონ, რომ ერთმა გაყალბება ვერ მოახერხოს (და დღევანდელი განცხადება ალბათ ამის მცდელობაა), ხოლო მეორემ ქუჩაში გაუსვლელად მიიღოს ის შედეგი, რაც ცესკო-ს მიერ დაიდება. სწორედ ორივე მხრიდან ამ ცოდნის გათვალისწინებით არის ამ დოკუმენტის გარშემო ტრიალი“, - აღნიშნავს საყვარელიძე.

მისი თქმით, ამ პიარში ხდება საზოგადოებრივი აზრის (როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის) იქითკენ მიმართვა, რომ საქართველოში დესტაბილიზაცია მოხდება და, რომ ოპოზიციას ეს იმთავითვე აქვს წინასაარჩევნო სტრატეგიაში ჩადებული. რაც შეეხება იმას, თუ რატომ აქვს ასეთი მნიშვნელობა, მოაწერს თუ არა „ქართული ოცნება“ დოკუმენტს ხელს, ამასთან დაკავშირებით რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ შემდეგ ეს შეფასების საგანი გახდება.

„მოვლენების ჯაჭვი ხომ ასე უნდა წარმოვიდგინოთ - ხელისუფლებამ გააყალბა არჩევნების შედეგი (ან არ გააყალბა, მაგრამ მივიღეთ ისეთი შედეგი, რომელიც საზოგადოებისთვის არადამაჯერებელი იქნება), შემდეგ ხალხი გამოდის ქუჩაში და აქ უკვე ისმის კითხვა - რას აკეთებს ამ შემთხვევაში ხელისუფლება? ჩვენ ქუჩაში გასმოვლამდე ვწყვეტთ, მაგრამ ეს სცენარი გასაგრძელებელია. სავარაუდოა, რომ ხელისუფლება მოაწყობს 26 მაისს და სწორედ იმ 26 მაისის გამართლებისთვის არის საჭირო ეს ბრალდება, რომ ქუჩაში გამოსვლა და დესტაბილიზაცია ადრევე მზადდებოდა“, - აღნიშნავს რამაზ საყვარელიძე.

რაც შეეხება თავად კოალიციის მოტივაციას, თუ რატომ ანიჭებს „ქართული ოცნება“ ამ დოკუმენტს ამხელა მნიშვნელობას, ამასთან დაკავშირებით ექსპერტი ფიქრობს, რომ ივანიშვილსა და მის პოლიტიკურ გუნდს არ სურს, რომ მოვლენები ქუჩაში გამოსვლამდე მივიდეს, ანუ მათ სურთ ისეთი მექანიზმები შეიმუშაონ, რომელთა მეშვეობითაც ხმების დაცვას საპროტესტი აქციების გარეშე მოახერხებენ. ანუ საუბარია, კოალიციის წევრების საარჩევნო კომისიებში ჩართვაზე, მათი ქმედითუნარიანობის გაზრდაზე და ა.შ. ამიტომ, საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ამ სურვილით არის ნაკარნახები კოალიციის მოტივაცია.

„საარჩევნო პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი, კახი კახიშვილი აცხადებს, რომ მართალია ის ნორმები, რაც ამ დოკუმენტშია ასახული, ქართულ კანონმდებლობაში ისედაც გაწერილია, მაგრამ ამ ტიპის დეკლარაციების მიღება არჩევნების დროს ბევრ ქვეყანაში აპრობირებული პრაქტიკაა. დოკუმენტის დატვირთვა არის ერთი მხრივ ხელისუფლების მზაობა, თითქოსდა ის აპირებს თავიდან ბოლომდე შეასრულოს ის დეკლარირებული მოთხოვნები, რომლებიც სამართლიან საარჩევნო გარემოს უზრუნველჰყოფს. მეორე მხრივ, გაწერილია ოპოზიციის ქმედებებიც, ანუ პროტესტის გამოხატვის გზებიც. კახიშვილის აზრით, ამგვარი დოკუმენტის მიღება პიარ-კამპანიის ნაწილია, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებზეც არის გათვლილი, და ბოლოს, მართალია, ეს ნორმები კანონმდებლობაშიც არის გაწერილი, მაგრამ ექსპერტის თქმით, ჩვენნაირ ქვეყნებში კანონმდებლობა სულ ბოლო მომენტში ახსენდებათ ხოლმე. სხვა საკითხია, როდესაც კანონმდებლობიდან ამოღებული თეზისები პირდაპიდ შავით თეთრზე, ყოველგვარი ინტერპრეტაციების გარეშე არის დოკუმენტში ჩადებული და უშუალოდ პარტიების წარმომადგენლები ამას ხელს აწერენ. კახი კახიშვილი ამბობს, რომ ამას კიდევ სხვა დატვირთვა აქვს, რადგან მართალია, ეს ნორმები კანონში გაწერილია, მაგრამ პრაქტიკა აჩვენებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას სხვადასხვანაირად აქვს გაგებული კანონის ესა თუ ის ნორმა, ანუ ბევრი ნორმა ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ექსპერტი ამბობს, რომ ასეთი გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით დეკლარაციაში პირდაპირ ხდება კანონმდებლობის ნორმების გადატანა.

„გასათვალისწინებელია, რომ ამით პარტიები საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშეც გამოხატავენ მზაობას, რომ არჩევნებს ცივილიზებულად ჩაატარებენ და სამართლიან ჩარჩოებში მოექცევიან. ერთია, რომ ხელისუფლებამ თავიდან მოახერხა ამ ესტაფეტის აღება და თითქოსდა შექმნა ისეთი გარემო, რომ მას ამ მანიფესტაციაზე ხელის მოწერის სურვილი აქვს, მაგრამ ქმნის ილუზიას, თითქოს „ქართულ ოცნებას“ არ სურს დოკუმენტზე ხელის მოწერა. ამით ხელისუფლება ქმნის ისეთ სურათს, რომ კოალიცია წინასწარ ემზადება ქუჩაში გასასვლელად. მიმაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში, „ქართული ოცნებისთვის“ პრობლემა არ უნდა ყოფილიყო ამ 17 პუნქტიან შეთანხმებაზე ხელის მოწერა (არასამთავრობო სექტორის მიერ მომზადებულ დოკუმენტს ვგულისხმობ). საერთოდ, საქართველოში ასეთი სენია, რომ როდესაც ერთი პარტია მეორე პარტიას რაღაცაზე ხელის მოწერას სთავაზობს, ეს მეორე ამბობს, იმის შემოთავაზებულზე ხელს არ მოვაწერო და თითქოსდა ერთმანეთს ეჯიბრებიან.

ჩვენ „ეს შენ გეხებას“ ფარგლებში მოვამზადეთ ეს დოკუმენტი და ვთქვით, რომ ჩვენ არ ვართ მხარე და მოდით და აქ მოაწერეთ ხელი“, - აცხადებს ექსპერტი.

მისი თქმით, სანამ მე-17 პუნქტამდე მივალთ, პირველი 16 პუნქტი იმდენ საკითხს უკეთებს რეგულაციას, რომ აქ მხოლოდ მე-17 პუნქტს არ აქვს სერიოზული დატვირთვა. იმ 16 პუნქტში საუბარია სწორედ იმ ბერკეტებზე, რასაც ხელისუფლება ძალიან ხშირად სათავისოდ კარგად იყენებს. ხოლო ბოლო პუნქტში წერია, რომ თუ ეს 16 პუნქტი უპრობლემოდ შესრულდება, მხოლოდ მაშინ ხარ ვალდებული, არჩევნების შედეგები აღიარო.

„თუ ხელისუფლება პირველიდან თექვსმეტამდე ყველა პუნქტს შეასრულებს, გაუგებარია, რატომ არ უნდა შესრულდეს მე-17 პუნქტი. ამიტომ მიმაჩნია, რომ ამას უფრო პიარული დატვირთვა აქვს, ხელისუფლება ამას დემონსტრაციულად იყენებს, - ნახეთ მე მზად ვარ, თუ გინდათ ჩემს დოკუმენტს მოვაწერ ხელს, თუ გინდათ, არასამთავრობოების მიერ შემუშავებულ შეთანხმებას და მეორეს მხრივ, ქმნის ილუზიას, რომ თითქოსდა „ქართულ ოცნებას“ ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა არ სურს. თუმცა მე ვფიქრობ, რომ საბოლოოდ, კოალიცია მაინც მოაწერს ხელს, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სანამ მე-17 პუნქტამდე მივალთ, პირველი 16 პუნქტი ყველა ვარიანტში ხელისუფლებას აკისრებს ძალიან ბევრ ვალდებულებას“, - ამბობს კახი კახიშვილი.

მისი თქმით, დოკუმენტზე ხელის მოწერის შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ უფრო მეტი ექნება ხელისუფლებაზე სალაპარაკო, რადგან ხელისუფლება ყველა იმ 16 პუნქტს უკვე არღვევს.

„ისეთ პროვოკაციებზე, როგორიც მაგალითად მერეთში და კარალეთში მოხდა, ხელისუფლება ყოველთვის ამბობს ერთ რამეს - იმ დოკუმენტში წერია, რომ თუ ასეთი შეხვედრების შესახებ წინასწარ შეგვატყობინებენ, ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ ასეთ პროვოკაციებს ადგილი არ ექნებაო. მაგრამ კანონში ისედაც წერია, რომ პოლიცია ვალდებულია, ასეთი პროვოკაციები აღკვეთოს. მეორე საკითხია, რომ ხელისუფლების თქმით, თუკი კოალიცია დოკუმენტს ხელს მოაწერს, ამის შემდეგ მმართველი გუნდი ასეთ ვალდებულებებს იკისრებს. თქვენ წარმოიდგინეთ, რა ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება ხელისუფლება, თუკი „ქართული ოცნება“ ამ დოკუმენტს ხელს მოაწერს და ამგვარი პროვოკაცია კიდევ მოხდება“, - აღნიშნავს ექსპერტი.