ლაფანყური - ხელისუფლება დეტალებს მალავს

ლაფანყური - ხელისუფლება დეტალებს მალავს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შოთა ხიზანიშვილის განცხადებით, ლოპოტას ხეობაში მიმდინარე ოპერაციის ძირითადი ფაზა. ხიზანიშვილის თქმით, ოპერაციის დასრულება გუშინ ლოპოტას ხეობაში ჩამოწოლილი ნისლის გამო ვერ მოხერხდა.

„12-კაციანი შეიარაღებული ჯგუფიდან 11 მათგანის გვამი ნაპოვნია. მათი დაკრძალვა მათივე რელიგიური მრწამსის შესაბამისად მოხდება. ისინი რუსეთის მოქალაქეები არიან, ჩრდილოეთ კავკასიიდან. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მოსახლეობის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სავარაუდოდ, რამდენიმე დაჭრილი შეიარაღებული ჯგუფიდან ტყეში იმყოფება და ამჟამად მათი ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს“, - განაცხადა ხიზანიშვილმა.

პრემიერ-მინისტრ მერაბიშვილის განცხადებით კ,ი საქართველომ თავისი საზღვრების დაცვა უზრუნველყო, თუმცა „იმარატ კავკაზის“ დაღესტნის ვილაიათის ოფიციალური საიტზე გამოქვეყნებული წერილის მიხედვით დაღესტნის ვილაიათი მოჯაჰედების მიერ მძევლების აყვანას უარყოფს და საქართველოს ხელისუფლებას შურისძიებით ემუქრება.

„გუშინ დღისით მივიღეთ ინფორმაცია ქართული არმიის მოჯაჰედებთან შეტაკების შესახებ. დაღესტნის ვილაიათის მოჯაჰედების ხელმძღვანელობა ადასტურებს, რომ ბრძოლა მიმდინარეობს „იმარატ კავკაზის“ შეიარაღებული ძალების მოჯაჰედებთან. ჩვენი ინფორმაციით, ჩვენ მოძმე მოჯაჰედები საქართველოს ტერიტორიაზე არანაირი ოპერაციის ჩატარებას არ აპირებდნენ, ეს არ იყო მათ გეგმაში, თორემ, მადლობა უფალს, ადვილად მოახერხებდნენ. ასევე, მოჯაჰედებს არ აუყვანიათ მძევლები და ეს ქართული მხარის ცილისწამება და ტყუილია. რაც შეეხება ქართულ მხარეს, მოღალატეობრივად მოატყუა მოჯაჰედები და კავკასიის 11 მამაცი შვილი მოკლა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ისინი ასეთ თვალთმაქცურ საქციელს ჩადიან, რათა პუტინის რეჟიმს ასიამოვნონ. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მოჯაჰედების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები დაუყოვნებლივ შეწყვიტონ. მოვუწოდებთ, ნუ ატყუებენ საკუთარ ხალხს და მთელ მსოფლიოს, მოჯაჰედების დისკრედიტაციის მიზნით და ნუ ექნებათ რუსეთის მოწყალების იმედი მუსლიმანების სისხლის სანაცვლოდ. მსგავსი ქმედებებით თქვენ კიდევ ერთ მტერს შეიძენთ, რომელიც სასტიკი შურისძიებით იძიებს შურს. „ისინი, ვინც უსამართლოდ იქცევიან, მალე გაიგებენ, სად დაბრუნდებიან (ყურანი, 26/227)!“, - ნათქვამია წერილში.

არსებობს მოსაზრება, რომ აღნიშნული საიტი ფსბ-სგან კონტროლდება და შესაძლოა, აქ გამოქვეყნებული ინფორმაცია სიმართლეს არც შეესაბამებოდეს, თუმცა ეჭვს ბადებს ის, რომ ქართული მხარისგან ჯერ არ გახმაურებულა, ვინ იყვნენ და ვის წარმოადგენდნენ ამ დაჯგუფების წევრები. აღნიშნული საიტით გავრცელებული ინფორმაცია კი სწორედ საქართველოს შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ მონაცემებს ეყრდნობა - ვგულისხმობთ ლიკვიდირებულთა რაოდენობას. დამატებითი ინფორმაცია კი მსხვერპლთა ვინაობის შესახებ „იმარატ კავკაზს“ არ გააჩნია.

პარალელურად, ინფორმაცია რუსული მხარისგანაც ვრცელდება, რომელიც ამტკიცებს, რომ საზღვარი არც ქართული და არც რუსული მხრიდან არ დარღვეულა.

სპეცოპერაცია, ორი დღე გრძელდებოდა და დასასრულს მიუახლოვდა, მაინც ვერ იქმნება ნათელ სურათი, თუ რა მოხდასინამდვილეში.  

სამხედრო ანალიტიკური ჟურნალის, „არსენალის“ მთავარი რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილი მიიჩნევს, რომ ჯერ მთავარია, დადგინდეს, რა ეროვნების წარმომადგენლები იყვნენ ის 11 თუ 12 კაცი, რომელთა ლიკვიდაციაზეც საუბრობს ხელისუფლება.

ირაკლი ალადაშვილი: „ხელისუფლებამ შეძლებისდაგვარად საზოგადოებისთვის გამჭვირვალე უნდა გახადოს მათი გვარები, წარმომავლობა. ცნობილი გახდეს, ვინ იყვნენ, საიდან იყვნენ შემოსული და რა ძალა იყო.

თვითონ შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია კიდევ უამრავ კითხვას ბადებს, დღის განმავლობაში შესაძლოა, კიდევ იყოს ნათქვამი, მაგრამ აუცილებელია, გახდეს ცნობილი, რეალურად რამდენი კაცი იყო, ან ეს თუ არ იციან, ის მაინც, რამდენია ლიკვიდირებული. შესაძლოა, საბუთები არ ჰქონდათ, მაგრამ შესაძლებელია ფოტოების მეშვეობით მათი იდენტურობის დადგენა. რითი იყვნენ აღჭურვილი და რა შეიარაღება ჰქონდათ, რადგან ამას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს ექსპერტებისთვის. ვინც ერკვევა ამ საკითხში, მას შეუძლია, დაადგინოს რა დონის ჯგუფი იყო, რამდენად მომზადებული, კომუნიკაციის რა საშუალებები ჰქონდა, ჰქონდათ თუ არა თან რუკები, როგორ გადაადგილდებოდნენ, რა გეგმა შეიძლებოდა ჰქონოდათ. შესაძლოა, ისინი სულაც არ აღმოჩნდნენ ვაჰაბიტები... არც ეს არის გამორიცხული.

თვითონ შს სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მათი ნაწილი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან ჩრდილოეთ კავკასიიდან და მათი დაკრძალვა მოხდება მათი რელიგიური მრწამსის შესაბამისად... რას ნიშნავს ეს - ისინი მუსლიმანები არიან და იმავე დღეს უნდა დაიკრძალნენ, რა დღესაც დაიღუპებიან თუ არა?

ბევრი დეტალია... თუ ამ დაღუპულებზე ქართულ სპეცსამსახურებს ხელი მიუწვდებათ და გამოყვანილი ჰყავთ, ამოცნობა, ჩხრეკა, ბალისტიკური ანალიზი თუ ჩატარდა, უკვე შეიძლება დაიდოს რაღაც მონაცემები, რომლებიც ბევრ ვერსიასა და ჭორს მოსპობს, რომელიც ვრცელდება საზოგადოებაში და პრესაში. ჭორი კი იმიტომ ვრცელდება, რომ ინფორმაცია ნაკლებია“.

რატომ არ ავრცელებს ამ ინფორმაციას შს სამინისტრო ძნელად ასახსნელია, თუმცა ალადაშვილი მიიჩნევს, რომ შესაძლოა ეს დროის ფაქტორი იყოს. მისი ვარაუდით, შესაძლოა დღის განმავლობაში ან დღის ბოლოსთვის დაიდოს კიდეც რაიმე ინფორმაცია.

„თვითონ ხელისუფლების ინტერესში უნდა იყოს ეს - მეტი ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას თუნდაც იმისათვის რომ ბევრი ვერსია, მათ შორის ზიგიერთი წარმოუდგენელი ვერსია არ გავრცელდეს. ხალხმა რომ იცოდეს, უბრალოდ, რა მოხდა“, - ამბობს ალადაშვილი.

მოჯახედები თავიანთ წერილში კი ადასტურებენ, რომ დაღუპულია 11 ადამიანი და შურისძიებითაც იმუქრებიან, მაგრამ ირაკლი ალადაშვილი მიიჩნევს, რომ იმ ინფორმაციის დადასტურება, რაც ინტერნეტით გავრცელდა, ძნელია. მისივე განმარტებით, შეიძლება ნებისმიერმა გაავრცელოს ეს ინფორმაცია, „ვინც იცის ეს ინფორმაცია, იცის მისგან, ვინც ეს ინფორმაცია გაავრცელა - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან“, - ამბობს ალადაშვილი.

ირაკლი ალადაშვილი არ გამორიცხავს, რომ ამ გაურკვეველი დაჯგუფების წევრები მუსლიმანებიც კი არ იყვნენ.

„შეიძლება მათი ნაწილი, ვინც ლიკვიდირებულია, სულაც არ იყოს მუსლიმანი. ამიტომაც საჭიროა, რომ მან, ვინც ეს ოპერაცია ჩაატარა, კრიზისის მართვის ჯგუფია თუ სხვა, მეტი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას, რომ უფრო ნათელი სურათი შეიქმნას, რა ხდება საბოლოოდ.

თუ ინფორმაციის ნაკლებობა იქნება, კიდევ იმდენი ჭორი გავრცელოდება და იმდენი ვერსია დაიდება, რომ არ მგონია ეს ხელისუფლების ინტერესში შედიოდეს“, - აცხადებს ალადაშვილი.

რაც შეეხება შურისძიებას, მისივე თქმით, საქართველოს მუქარები ისედაც არ აკლია და კიდევ ახალი მუქარების მოსმენა არ არის სასიამოვნო, მაგრამ ინტერნეტით ბევრს შეუძლია, გაავრცელოს ინფორმაცია.

გაზეთ „დამოუკიდებელი სამხედრო მიმოხილვის“ პასუხისმგებელი რედაქტორი ვიქტორ ლიტოვკინი „რადიო თავისუფლების“ რუსულ ბიუროსთან საუბრისას ამბობს, რომ რამდენადაც მისთვისაა ცნობილი, მესაზღვრეები ამტკიცებენ, რომ არც რუსეთის და არც საქართველოს მხრიდან საზღვრის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, მათ ამ საზღვარზე არანაირი შეიარაღებული ადამიანები არ უნახავთ.

ქართული მხარისგან გავრცელებული ინფორმაცია კი ლიტოვკინს წინასაარჩევნო პროვოკაციას აგონებს.

„ვიღაც სარგებლობს იმით, რომ ეს ბავშვები ნამდვილად წავიდნენ ტყეში, დაიკარგნენ, სადღაც დალიეს და დროულად დაბრუნება და ნათესავების გაფრთხილება დაავიწყდათ. საქართველოში კი მალე საპარლამენტო არჩევნებია. ბუნებრივია, ვიღაცას უნდა იმის ჩვენება, როგორ წარმატებულად ებრძვიან ქართველი ძალოვანები ტერორიზმს, როგორ ზრუნავენ ქართული მოსახლეობის სიმშვიდეზე, როგორ იცავენ ქვეყანას შესაძლოა, აგრესიული მეზობლისგან, რომელიც პროვოკაციებს აწყობს. აქ ნებისმიერი ვარაუდის წარმოდგენა შეიძლება, ამიტომ რთულია ზუსტად იმის განსაზღვრა, რა იყო ეს“, - აცხადებს ლიტოვკინი.

ირაკლი ალადაშვილის შეფასებით კი, დადასტურებით თქმა, რომ საზღვარი არ დარღვეულა, შეუძლებელია, რადგან ამას თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები აქვს

„რუსეთ-საქართველოს საზღვრის ეს მონაკვეთი, როგორიცაა ჩრდილო ოსეთი, ჩეჩნეთი, ინგუშეთი, მთაგორიანია და საკმაოდ რთულად გასაკონტროლებელია ასპროცენტიანი გარანტია არც რუსებს აქვთ და არც ქართველებს. ბევრ ხეობაში ისე შევა და გამოვა კაცი, მათ ვერავინ ვერ ნახავს - ვერც მესაზღვრე შეამჩნევს და ვერც შვეულმფრენიდან დაინახავენ.

ვინც პროფესიონალია და იცის მთებში სიარული, იცის, როგორ გადალახოს ეს ტერიტორია. ძალიან ხშირად საქართვერლო-რუსეთის საზღვარი გადაილახება ორივე მხარეს. ასე იყო ადრე და როგორც ჩანს, ასეა ახლაც. შეიძლება იმ მასშტაბებით აღარ, როგორც იყო ადრე, მაგრამ მაინც ხდება. ასე, რომ მთაგორიანი საზღვრის ასპროცენტიანი გაკონტროლება ამ ეტაპზე რთულია. ტექნიკურადაც რთულია, თუმცა მონდომების შემთხვევაში შესაძლებელია მისი ჩაკეტვა“- ამბობს ალადაშვილი.

მთელ ამ ისტორიაში, რაც ძალზე უცნაურია, არის ის, რომ არ ვიცით, რას ითხოვდნენ დაჯგუფების წევრები, რატომ აიყვანეს მძევლები, როგორც ვიცით, მათ არაფერი არ მოუთხოვიათ საქართველოს ხელისუფლებისგან - არც ფული, არც თვითმფრინავი, არც სხვა რამ, როგორც ზოგადად, მძევლების აყვანის შემთხვევაში ხდება ხოლმე. კვლავ გაურკვეველია, რა ენაზე საუბრობდნენ ისინი და ა.შ. ირაკლი ალადაშვილი მიიჩნევს, რომ, შესაძლოა, უბრალოდ ქართული მხარე არ ახმაურებს მათ მოთხოვნებს.

„ქართული მხარე არ ახმაურებს, რა მოითხოვეს და რა - არა. მძევლები რომ აიყვანეს, ბუნებრივია, რაღაც მოთხოვნა უნდა ჰქონოდათ, რაღაც იდეა ხომ უნდა ჰქონოდათ.

თუ ასეთი ჯგუფი მართლაც მოქმედებდა, მათი იდეა უნდა ყოფილიყო ის, რომ დარჩენილიყვნენ რაც შეიძლება შეუმჩნევლები, ასეთი ვარაუდი შეიძლება გამოითქვას, რომ მძევლების აყვანა იმიტომ მოუხდათ, რომ ამ ახალოგაზრდებს შემთხვევით გადაეყარნენ და არ უნდოდათ, როდესაც ისინი დაბრუნდებოდნენ თავის სოფელში, ეს ამბავი გაეხმაურებინათ, რადგან მათზე დევნა დაიწყებოდა.

შეიძლება იმ მიზნით აეყვანათ მძევლები, რომ მათ მიეღწიათ საზღვრამდე, სადამდეც სულ რამდენიმე კილომეტრია. ეს არის ვარაუდი, რადგან მე იქ არ ვყოფილვარ, ამიტომ ვამბობ, რომ კითხვებზე პასუხი უნდა გაეცეს რომ არ იყოს ვარაუდები. ჩემი აზრით, თუ ეს ჯგუფი მართლა იყო შემოსული, გუშინ და დღეს არ შემოვიდოდა და ვფიქრობ დიდი ხნის, შემოსულოები არიან... რამდენიმე დღის მაინც“, - მიიჩნევს ალადაშვილი.

არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომ საერთოდ არაფერი არ მომხდარა, თუმცა ალადაშდვილი მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში როგორ დაიჭრა 5 ადამიანი საქართველოს მხრიდან, ძნელი ასახსნელი იქნება.

„შეტაკება იქნებოდა... მგონია, რომ ამის გამორიცხვა არ შეიძლება, თუმცა ასეთ საკითხებში ბოლომდე დადასტურებით ლაპარაკი რთულია, რადგან ცოტაა ინფორმაცია. როდესაც ინფორმაციის სხვადასხვა წყაროდან მიღების საშუალება იქნება, ანალიზის მეტი საშუალება იარსებებს. ასე, მარჩიელობა გამოვა. უკვე გავიდა ის ძირითადი ვადა (და თვითონ შს სამინისტროც აცხადებს, რომ სპეცოპერაციის ძირითადი ფაზა დასრულებულია), როდესაც სახელისუფლებო სტრუქტურებმა უკვე ნათელი უნდა გახადონ, რა ხდებოდა, როგორ დაიწყო ეს, ვინ არიან დაღუპულები, რაც არ უნდა მძიმე სანახავი იყოს, აჩვენონ მათი სურათები, რა შეიარაღება ჰქონდათ, სად მიდიოდნენ და ა.შ.“, - ამბობს ალადაშვილი.

საინტერესოა, რა შეფასებას მისცემს ამ ფაქტს საერთაშორისო საზოგადოება, რომელიც ინფორმაციის სიმწირის გამო მხოლოდ დაღუპულთა ოჯახების მიმართ სამძიმრით შემოიფარგლება. ევროკავშირის მონიტორინგის მისია აცხადებს, რომ საქართველოს რუსეთ-საქართველოს საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე მიმდინარე სპეციალური ოპერაციის შესახებ ხელისუფლების მიერ ინფორმირებულია და მოვლენებს თვალყურს ადევნებს.