დღეს for.ge-ს პრეს-კლუბის სტუმარი იყო კოალიცია „ქართული ოცნების“ და პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი, ვიქტორ დოლიძე, რომელმაც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. თავდაპირველად დოლიძე ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეც-ოპერაციას შეეხო და ამ სპეც-ოპერაციის დროს დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
„ძალიან ცუდია, როდესაც ადამიანები იღუპებიან. ეს პროვოკაცია იყო, თუ რა იყო, ამასთან დაკავშირებით, ალბათ, ანალიზის გაკეთების საშუალება მოგვიანებით მოგვეცემა. დღეს კი მე ამაზე ბევრს ვერ ვისაუბრებ, გამომდინარე იქიდან, რომ გარდა იმ ინფორმაციისა, რაც ჩვენ ცენტრალური ტელეარხების მეშვეობით მოგვეწოდება, სხვა არაფერი ვიცით“, - ამბობს დოლიძე.
მან ხელისუფლებას მოუწოდა, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საზოგადოების მეტი ინფორმირებულობა უზრუნველყოს. ვიქტორ დოლიძე ამბობს, რომ შესაძლებელია მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით მას პირადი ეჭვები და ვარაუდები გააჩნდეს, რადგან ოპერაცია უკვე ორი დღეა მიმდინარეობს, მაგრამ დოლიძე ამბობს, რომ ეს არ არის იმის საფუძველი, რომ რაიმე კონკრეტული განცხადება გააკეთოს.
ვიქტორ დოლიძემ ვრცლად ისაუბრა იმ რაიონის პრობლემებზე, სადაც იგი მაჟორიტარობის კანდიდატად არის წარდგენილი. დოლიძის თქმით, მისთვის ძალიან კარგად არის ნაცნობი ის პრობლემები, რომლებიც ჩუღურეთის რაიონის წინაშე დგას, რადგან თვითონაც ამ რაიონშია დაბადებული და გაზრდილი. მაჟორიტარობის კანდიდატი ამბობს, რომ ჩუღურეთის პრობლემებში ძირითადად ბევრად არ განსხვავდება იმ პრობლემებისგან, რაც მთელს საქართველოში არსებობს. ძირითადად, ეს არის ჯანდაცვის მიუწვდომლობა, სოციალური პრობლემები, განათლების, როგორც ფინანსური, ასევე გეოგრაფიული მიუწვდომლობა და უპირველეს ყოვლისა, უმუშევრობა. აქვე დოლიძე აღნიშნავს, რომ ამ ყველაფერთან ერთად ჩუღურეთს გარკვეული სპეციფიური პრობლემებიც აწუხებს. პირველი, რასაც მან ხაზი გაუსვა, არის ის, რომ ეს ძველი უბანია და ამ სიძველიდან გამომდინარე, რაიონის მოსახლეობას მისი ავარიულობა აწუხებს.
დოლიძის განცხადებით, მერიის პროექტი „თბილისის ახალი სიცოცხლე“ ჩუღურეთზე არ ასახულა და რაიონში ავარიული სახლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაოდენობაა. სწორედ ამიტომ ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ პარლამენტში მოსვლის შემდეგ მისი მთავარი საზრუნავი ამ რაიონის სრული რეაბილიტაცია იქნება.
„ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი კოალიციის ლიდერს მთელი საქართველოს მასშტაბით და მათ შორის, რა თქმა უნდა, ჩუღურეთთან დაკავშირებითაც საკუთარი ხედვა და პროგრამა გააჩნია. არის სახლები, რომლებსაც ისტორიული ღირებულება აქვს და მათი თავიდან ბოლომდე დანგრევა და აშენება უპრიანი არ იქნებოდა და ამიტომ მოხდება ასეთი სახლების რეაბილიტაცია. მაგრამ არის სახლები, რომელთა რეაბილიტაცია უბრალოდ შეუძლებელია და ალბათ, მათი თავიდან აშენება მოგვიწევს. პრობლემა სწორედ ის არის, რომ ბოლო 8-9 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში ფუნდამენტურად, საფუძვლიანად არაფერი გაკეთებულა. მე ვგულისხმობ ფასადურ პროექტებს, როდესაც არავინ ფიქრობდა, რომ ეს ყველაფერი საფუძვლიანად უნდა გაკეთბულიყო“, - ამბობს დოლიძე.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ აპირებს, რომ ამგვარი სამუშაოები საფუძვლიანად ჩაატაროს. ვიქტორ დოლიძემ ასევე ისაუბრა კომუნალური ტერიფების თემაზე. მისი თქმით, არის უბნები, სადაც წყალი გრაფიკით მიეწოდებათ, განსაკუთრებით სვანეთის უბანი და კუკია, მაგრამ იქ მაცხოვრებლებს მაინც წყლის გადასახადის მთლიანი ტარიფის გადახდა უწევთ. ასევე არან ოჯახები, რომლებსაც უზარმაზარი დავალიანებები აქვთ მიწერილი. ამიტომ, ვიქტორ დოლიძე ამბობს, რომ სახელმწიფომ ამ პრობლემაზე უნდა იზრუნოს, უნდა მოხდეს ამ ვალების რესტრუქტურიზაცია, ან ერთგვარი სუბსიდირება. საერთოდ კი, დოლიძე ამბობს, რომ ტარიფების თემა მთლიანად გადასახედია, რადგან ქვეყანაში ყველა ეს სისტემა მონოპოლიზებულია.
„ბატონმა ბიძინამ არაერთხელ ახსნა, რომ ეს ტარიფები არაადექვატურია და აუცილებლად გადაიხედება. ჩვენ არ გვჩვევია სპეკულირება და ამიტომ მე ციფრებზე არ ვისაუბრებ, მაგრამ ჩვენ კარგად უნდა ჩავიხედოთ ბიუჯეტში, ამ პრობლემას კარგად გავეცნოთ და შემდეგ უკვე გვეცოდინება, რა თანხით უნდა განისაზღვროს თითოეული კომუნალური გადასახადი. აღარაფერს ვამბობ ნაგვის გადასახადის დენის ტარიფთან მიბმასთან დაკავშირებით. ეს ე.წ. „ინოვაცია“, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩვენს საზოგადოებას შესთავაზა, თითოეული ოჯახის ბიუჯეტს მძიმედ აწვება. რა თქმა უნდა, ეს საკითხი მყისვე იქნება გადაწყვეტილი“, - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.
მან ხაზი გაუსვა ასევე პრობაციონერების და უკანონო პატიმრების თემას და განაცხადა, რომ ყველა უკანონო გადაწყვეტილება გადაიხედება და ამას გააკეთებს თავისუფალი სასამართლო.
„თქვენ წარმოიდგინეთ 2003 წელს 6000-მდე პატიმარი იყო საქართველოში, დღეს კი 30 000-მდეა, ყოველ შემთვევაში, 24 000-ს რომ გადასცილდა, ეს ნამდვილად ვიცით. ამასთანავე, საქართველოში 300 000-მდე პრობაციონერია. სამწუხაროდ, ხელისუფლება ამ ხალხს მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო ხორცად იყენებს. ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ჩვენ კრიმინალების ქვეყანა ვიყოთ და მე ძალიან მაინტერესებს, რატომ ზის ამდენი ადამიანი ციხეში“, - ამბობს დოლიძე.
მან ასევე ხაზი გაუსვა ე.წ. „ატსტუპნიკების“ პრობლემას, რომელიც ჩუღურეთში საკმაოდ მწვავედ დგას და განაცხადა, რომ ამ საკითხს, ერთხელ და სამუდამოდ, საკანონმდებლო დონეზე წერტილი უნდა დაესვას.
და ბოლოს, ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, რომ ჩუღურეთში ასევე საკმაოდ პრობლემურია სასმელი წყლის მიწოდება. კერძოდ, ბულაჩაურის გადაკეტვის შემდეგ ჩუღურეთის რაიონს უხარისხო წყალი მიეწოდება და ძალიან ბევრი ადამიანი ამის გამო არის მოწამლული.
„ამ თემაზე სპეციალური ბრიფინგიც ჩავატარე, რის შემდეგაც რამდენიმე ქუჩას ხარისხიანი წყლის მიწოდება აღუდგა. ახლაც მინდა დღევანდელი ჩვენი შეხვედრით ვისარგებლო და კომპანია „თბილისის წყალს“ მოვუწოდო, ამ საკითხს გადახედოს და თუ რაიმე სამუშაოებს ატარებს, მოსახლეობას ამის შესახებ წინასწარ მიაწოდოს ინფორმაცია“, - აცხადებს ვიქტორ დოლიძე.
მისი თქმით, კოალიცია „ქართული ოცნება“ უახლოეს დღეებში როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო საზოგადოებას წარუდგენს დეტალურად გაწერილ პროგრამას, რომელზეც კოალიციის წარმომადგენლები სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან ერთად რვა თვის განმავლობაში მუშაობდნენ და რომელშიც სკრუპულოზურად არის წარმოდგენილი, თუ როგორ წარმოუდგენია „ქართულ ოცნებას“ თითოეულ სფეროში არსებული პრობლემის გადაწყვეტა. დოლიძის თქმით, ამის გაკეთება კოალიციას აქამდეც სურდა, მაგრამ მას ხელვნურად შეუქმნეს პრობლემები, როდესაც საარჩევნო ნომრად შვიდიანის გამოყენებაზე უარი უთხრეს და ამის გამო საჭირო გახდა საინფორმაციო მასალების ხელახლა დამზადება.
ვიქტორ დოლიძემ ასევე ისაუბრა იმაზე, თუ როგორ აპირებს არჩევნების დღეს და შემდეგაც კოალიცია საარჩევნო ხმების დაცვას.
„ხალხი მუდმივად გვეუბნება, რომ ყველაფერს გაუძლეს, ყველანაირ გაჭირვებას, მაგრამ უსამართლობას ვერ შეეგუებიან ვერასდროს. ისინი მხარდაჭერას აღგვითქვამენ, მაგრამ თან გვეკითხებიან, იმედები კიდევ ერთხელ ხომ არ გაუცრუვდებათ. მიხეილ სააკაშვილი ყველანაირად შეეცდება არჩევნების გაყალბებას და ამ გზით ხელისუფლების შენარჩუნებას, მაგრამ ჩვენ შემუშავებული გვაქვს მექანიზმები, რითაც ამისგან თავს დავიცავთ. ამავე დროს, ჩვენი კოალიციის ლიდერმა არაერთხელ ცალსახად განაცხადა, რომ თუკი არჩევნები იმ დოზით გაყალბდება, რომ ამას არჩევნების შედეგებზე გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, ჩვენ არ ვაპირებთ ქუდი დავიხუროთ და სახლში წავიდეთ. ჩვენ ყველა სამართლებრივი, კონსტიტუციური მეთოდით წინ აღვუდგებით ამგვარ გაყალბებას და ერთხელ და სამუდამოდ აუცილებლად დაისჯება ყველა, ვინც ხელს აფათურებს პიროვნების თავისუფლების უფლებაში“, - ამბობს დოლიძე.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ საკმაოდ მობილიზებულია და თითოეულ საარჩევნო უბანზე კოალიციას საკმაოდ სოლიდური წარმომადგენლობა ეყოლება. კერძოდ, ეს იქნება ორი კომისიის წევრი, ერთი წარმომადგენელი, ერთი დამკვირვებელი და ასევე ერთი დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციიდან. გარდა ამისა, უბნის გარეთად იქნება კოალიციის აქტივი, რომელიც მშვიდად დააკვირდება პროცესს. ამასთანავე, ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ უკლებლივ ყველა ამომრჩეველი, რომელთანაც ის შეხვედრებს მართავს, მზადყოფნას გამოთქვამს, რომ არჩევნების დღეს, ხმის მიცემის შემდეგ კოალიციის აქტივთან ერთად დარჩეს საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე და დააკვირდეს პროცესს.
„ამ ხალხს აქვს განცდა, რომ პროცესის თანამონაწილე უნდა იყოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რაც მე ძალიან მახარებს. ამდენად, ამ მექანიზმებით ჩვენ აუცილებლად დავიცავთ ხმებს. მე არ ვამბობ, რომ საარჩევნო სია, ან არჩევნები იქნება იედეალური, რადგან მიხეილ სააკაშვილის პირობებში ეს შეუძლებელია. ის კარგად ხედავს, რომ არჩევნებს აგებს და რა თქმა უნდა, შეეცდება გაყალბებას. ამიტომ ჩვენ მუდმივად ვეუბნებით ჩვენს ამომრჩეველს, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი მოვა არჩევნებზე და რაც უფრო მეტი ადამიანი დააკვირდება ამ პროცესს, ბუნებრივია, მით უფრო მინიმუმამდე იქნება ეს გაყალბება დაყვანილი“, - აღნიშნავს ვიქტორ დოლიძე.
მისი თქმით, იგივე მექანიზმით დაიცავს ხმებს კოალიცია საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც და ასევე საარჩევნო ყუთების ტრასპორტირების პროცესსაც „ქართული ოცნების“ დამკვირვებლები აქტიურად გააკოტროლებენ, რათა არ მოხდეს იმ პრაქტიკის გამეორება, რაც საქართველოში არსებობდა, როდესაც საარჩევნო ყუთების ტრასპორტირებისას ხდებოდა მათში ბიულეტენების ჩაყრა და ა.შ.