ირაკლი ალასანიას ინიციატივა რუსეთში ქართული პროდუქციის აფხაზეთის გავლით დაბრუნების შესახებ ამ ეტაპზე უტოპიაა – ეს განცხადება commersant.ge–სთან საუბარში პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თემურ წურწუმიამ გააკეთა.
შეგახსენებთ: კოალიცია „ქართულ ოცნების“ ერთ–ერთი ლიდერის ირაკლი ალასანიას თქმით, რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის გასვლის ერთ-ერთი გზა შესაძლოა აფხაზეთი გახდეს.
ალასანიას განცხადებით, აფხაზეთის გავლით ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე მოხვედრა სამეგრელოს წელში გამართავს. ის პირველია “ქართული ოცნების” ლიდერებიდან, რომელიც ამბობს, რომ მათი მიზანია, აფხაზეთის გავლით ქართული პროდუქცია “რუსეთის დიდ ბაზარზე” მოხვდეს.
თემურ წურწუმიას თქმით, ვიდრე აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ჯარები დგას, საქართველოს დანარჩენი ტერიტორიიდან აფხაზეთში ტვირთების მოძრაობაზე საუბარი არ შეიძლება.
„აფხაზეთიდან რუსეთში ქართული პროდუქცია არ გავა, ვიდრე რუსული ჯარი არ დატოვებს აფხაზეთის ტერიტორიას და სეპარატისტული რეჟიმი მოლაპარაკებაზე არ წამოვა, ვიდრე არ გაჩნდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა. იმ პირობებში კი, როცა საოკუპაციო რეჟიმი აფხაზეთს აკონტროლებს, საუბარი აფხაზეთიდან რუსეთში ქართული პროდუქციის გატანის შესახებ უტოპიად მიმაჩნია,“ – განაცხადა წურწუმიამ.
ალასანიას განცხადება არის წინასაარჩევნო პიარის ნაწილი, იმიტომ, რომ სამეგრელოში წარმოებული პროდუქცია რუსეთში სხვა გზებითაც მოხვდება, მთავარია, რუსეთმა "მიიღოს" – ასეთი შეფასება ალასანიას ინიციატივას "ექსპერტთა კლუბის" წარმომადგენლის ირაკლი ცქიტიშვილის მხრიდან მოჰყვა.
„თუ ალასანიას მხედველობაში აქვს ის, რომ გაააქტიურებს ეკონომიკურ ურთიერთობებს აფხაზებთან და ამ გზით გაიტანს შემდეგ რუსეთში ქართულ პროდუქციას, უნდა შევახსენო, რომ ქართული პროდუქცია აფხაზებს ახლაც გააქვთ რუსეთში. რა თქმა უნდა ასეთი „ექსპორტი“ საკმარისი არ არის იმისათვის, რომ დასავლეთ საქართველოს ეკონომიკურ აღორძინებაზე ვისაუბროთ, და ვერც იქნება. ამისათვის საჭიროა, რუსეთმა მოხსნას ემბარგო ქართულ პროდუქციაზე, გზები კი აუცილებლად მოიძებნება, იქნება ეს აფხაზეთის თუ ლარსის გავლით,“ – აცხადებს ცქიტიშვილი.
ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ქართულ პროდუქციაზე ემბარგო რუსეთის მსო-ში გაწევრიანებით ფაქტობრივად იხსნება და მხოლოდ დროა საჭირო იმისთვის, რომ ქართულმა პროდუქციამ თავისი გზები იპოვოს რუსული ბაზრისკენ. „ნებისმიერი ხელის შეშლა რუსულ ბაზარზე გასვლაში მსო–ს ნორმების დარღვევა იქნება. ეს ამ ორგანიზაციის წესდებით რეგულირდება, და არა წინასაარჩევნო პოპულიზმით,“ – აცხადებს ცქიტიშვილი.