„მიხეილ სააკაშვილი ხალხს აშინებს იმით, რომ „ქართული ოცნება“ მოვა და საბჭოთა რეჟიმს დაამყარებს, ან რუსეთს შემოიყვანს“ განაცხადა კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ამბობს, რომ „სააკაშვილმა საბჭოთა ხელისუფლების მსგავსი ხელისუფლება უკვე მოიტანა საქართველოში და მოახვია თავს საზოგადოებას“.
მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ეს რიტორიკა ქართული საზოგადოებისათვის უცხო არ არის, ერთადერთი არგუმენტი, რითაც ცდილობენ ხალხი დაარწმუნონ, რატომ არ უნდა აირჩიონ სხვა პოლიტიკური ძალა, ის არის, რომ თურმე სააკაშვილის გარდა ყველას ერთი მიზანი აქვს – რომ საქართველო როგორმე რუსეთს ჩააბარონ.
ექსპერტთა ნაწილი დიდი ხანია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც წლების მანძილზე ანტირუსული პროპაგანდით გამოირჩევა, თავისი ქმედებებით სწორედ რუსულ ინტერესებს ემსახურება და ფაქტები სწორედ ამაზე მეტყველებენ.
რისთვის სჭირდება მიხეილ სააკაშვილს ანტირუსული პროპაგანდა და იმ ფაქტებიდან გამომდინარე რომელიც სახეზე გვაქვს, რა შედეგები მოუტანა მან საქართველოს ერთი მხრივ ანტიპუტინისტური რიტორიკით, ხოლო მეორე მხრივ – რუსული ინვესტიციების რეკლამირებით, ამ თემებზე კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი გია ხუხაშვილი გვესაუბრება.
ბატონო გია, თუ ფაქტებით ვიმსჯელებთ და არა იმ რიტორიკით, რასაც მმართველი პარტია გვთავაზობს, შეგვიძლია თუ არა ვიმსჯელოთ, რეალურად ვინ უფრო მეტი სარგებელი მოუტანა რუსეთს, დღევანდელმა ხელისუფლებამ, თუ ოპოზიციამ, რომელიც, როგორც სააკაშვილი ამბობს, პუტინის პროექტია?
- ჟურნალისტებისგან განსხვავებით სააკაშვილს შეუძლია ფაქტების გარეშე, უსაფუძვლო ბრალდებები წაუყენოს ვინმეს და ყოველგვარი შინაარსის გარეშე, იმპერატიულად აცხადოს და აფრქვიოს უპირობო „ჭეშმარიტებები“.
როდესაც ევროსაბჭოს წარმომადგენლებს ლენინიზმზე ჰქონდათ საუბარი, სწორედ იმაზე გამახვილდა ყურადღება, როგორიცაა მტრის ხატის შექმნა, მტრის გამოცხადება ყოველგვარი დასაბუთების გარეშე და მერე ამ მტერთან ბოლშევიკური მეთოდებით ბრძოლა.
რეალობა არის აბსოლუტურად საწინააღმდეგო, იმისათვის, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში შედეგი მიიღო, არ არის აუცილებელი, რომ იმ ქვეყნის ხელისუფლება იყოს შენი მომხრე, ან შენზე მუშაობდეს. ამაზე კიდევ უფრო უკეთესია, თუ ეს ხელისუფლება არის უგუნური და ყოველგვარი წინდახედულობის, პოლიტიკური გათვლის გარეშე დაუშვებს ძალიან ბევრ შეცდომებს. ამ შეცდომების გამოყენება უკეთესად შეუძლია ძლიერ მოწინააღმდეგეს, იმაზე უკეთესად, ვიდრე აგენტურის მეშვეობით მსგავსი შედეგის მიღებაა.
ის შეცდომები, რაც დაუშვა მიხეილ სააკაშვილმა, ის უგუნურება, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა, დაგვირგვინდა 2008 წელს. ვერც ერთი აგენტურული ქსელი რუსეთს ვერ ჩააბარებდა და საბოლოოდ, ოკუპირებული ტერიტორიის ლეგიტიმაციასაც ვერ მოაპოვებინებდა, ამას ვერც ერთი რეზიდენტი ვერ გააკეთებდა, რადგან ძალზე სერიოზული არგუმენტაცია დასჭირდებოდა, სააკაშვილმა კი ეს არგუმენტაცია ჩააბარა რუსეთს. ამის შემდეგ რა მნიშვნელობა აქვს, დღევანდელი ხელისუფლება რუსეთთან თანამშრომლობს თუ არა, თუ ის ასრულებს ყველა იმ ამოცანას, რაც რუსული იმპერიალიზმის წინაშე დგას.
ანტირუსული პროპაგანდის მიუხედავად ჩვენ გვახსოვს, და ეს არც თუ შორეულ წარსულში ხდებოდა, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, რომლებიც გვიმტკიცებდნენ, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რუსი ტურისტების, რუსული ინვესტიციების მოსაზიდად და, რომ რუსული ფულისა და კაპიტალის შემოსვლა საფრთხეს არ წარმოადგენს საქართველოსთვის...
- როდესაც ხელისუფლება საუბრობს, რომ ეკონომიკა ცალკეა, ხოლო პოლიტიკა ცალკე, ამ განაცხადის არაკომპეტენტურობას თავი რომ დავანებოთ, 21-ე საუკუნეში ექსპანსია ხდება ძირითადად ეკონომიკური მეთოდებით და ეკონომიკური ბერკეტებით. ასე მოქმედებენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი მესამე ქვეყნებში, ნებისმიერი მიმართულებით ეს იქნება აზიაში თუ შავ კონტინენტზე.
რუსეთმა სააკაშვილის და მისი მეგობრების პირდაპირი დახმარებით საქართველოში ეს პროცესი დაასრულა, ანუ ეკონომიკურად რუსეთის მხრიდან საქართველო უკვე ოკუპირებულია და ამისი შედეგები არანაკლებ დამანგრეველია, ვიდრე აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტეტიტორიების, იმედი მაქვს, დროებითი დაკარგვა.
ქონების ნაციონალიზაციას გულისხმობთ?
- საქართველოსთვის აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების დამაგრება რუსეთს თავის ორბიტაზე ძალიან გაუჭირდება, იმიტომ, რომ საერთაშორისო სამართალი ჯერჯერობით, ჩვენს მხარეს არის და გვაქვს შანსი, ამ ყველაფრის უკან დაბრუნების.
სააკაშვილმა მთელი საქართველოს ეკონომიკა ჩააბარა რუსეთს და, თანაც, ეს ლეგალურად გააკეთა. ამისი უკან შემობრუნება ძალიან პრობლემატურია, რადგან ეს რუსული კომპანიები ქართულ ობიექტებს სრულიად ლეგალურად ფლობენ. წართმევა, ანუ ქონების ნაციონალიზაცია არ არის ცივილიზებული გზა, აქედან გამომდინარე, მათ თვითონვე თუ არ ენდომებათ, ამ პროცესის უკან შემობრუნება შეუძლებელი იქნება.
როდესაც ვლაპარაკობთ ეკონომიკაზე, ვსაუბრობთ ისეთ სფეროებზე, რომლებსაც ფართო სოციალურ ფენებთან აქვს კავშირი. ასეთი ეკონომიკური სისტემები არის უმძლავრესი ბერკეტი. მხედველობაში მაქვს ბუნებრივი მონოპოლიები, ეს იქნება ენერგეტიკაში, ტელესაკომუნიკაციო სისტემაში, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში, გადამცემ ხაზებში და ა.შ. ავიღოთ, იგივე წყალი...
ძალიან ბევრი სფერო ოფშორული კომპანიების მეშვეობით აქვთ ხელში ჩაგდებული, რომელთა ნაწილი ჩვენთვის ჯერ არც კი არის ცნობილი. ანუ გლობალიზაციის ეპოქაში ტერიტორიული საზღვრები მეტ-ნაკლებად პირობით ხასიათს ატარებს, გავლენის სფეროებისთვის შემაკავებელი არ არის გეოგრაფიული საზღვრები.
ანუ დღეს ქვეყანა შეიძლება წარმოვიდგინოთ ერთგვარ ღია ტიპის სააქციო საზოგადოებად. სააქციო საზოგადოებაში ვინც ფლობს საკონტროლო პაკეტს, პოლიტიკაშიც თამაშის წესებს ის განაგებს და ამ ბერკეტს საჭირო შემთხვევაში იყენებს.
როდესაც გვეუბნებიან, „თელასს“, „თბილისის წყალს“ და ა.შ. ზურგზე ხომ არ მოიკიდებენ და თან ხომ არ წაიღებენო, არსად არ წაიღებენ, მაგრამ ჩვენს ხარჯზე შოულობენ ფულს, და ამ ფულით ფაქტობრივად, საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გატარებას ახდენენ ჩვენსავე ქვეყანაში.
არ ვამბობ სტრატეგიულ ინტერესებზე, პირდაპირ ვიტყვი, რომ კონკრეტული ჩინოვნიკების მოსყიდვა ხდება ამ ფულით და ყველა მეთოდი გამოყენებულია, შანტაჟი, მოქრთამვა კორუფცია და ა.შ.
რას ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ინიშნება კომერციულ დირექტორად ერთ-ერთ რუსულ ენერგოკომპანიაში, თბილისში? რა ტიპის კავშირი შეიძლება დავარქვათ ამას და რისთვის ხდება? საკმაოდ უცნაურია, თუმცა აბსოლუტურად გასაგები ჩვენი ხელისუფლების ბუნებიდან გამომდინარე. ანუ ამ სააქციო საზოგადოების საკონტროლო პაკეტი, რომელსაც საქართველო ჰქვია, უკვე დიდი ხანია, რუსეთის ხელშია.
სააკაშვილის ამ წლების მოღვაწეობის შედეგი, რაც სახეზე გვაქვს, ეს არის ეკონომიკური ექსპანსია, ოკუპაცია რუსეთს საქართველოში უკვე დასრულებული აქვს, თანამედროვეობაში ტერიტორიული ოკუპაცია საკმაოდ თითიდან გამოწოვილია და მსოფლიოში ასეთი რამ არც ხდება.
თუ დავაკვირდებით, ხდება ტერიტორიაზე შეჭრა, იქ პლაცდარმის მოპოვება და მისი მეშვეობით სიტუაციის გაკონტროლება. რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მეშვეობით ეს მოახერხა - ეკონომიკური კონტროლითა და პლაცდარმული შემოჭრით, რითაც ფაქტობრივად საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში სწრაფვა შეაჩერა. ეს ყველაფერი სააკაშვილმა ლანგრით მიართვა რუსეთს და გეკითხებით, რომელიმე აგენტს შეეძლო ამ ყველაფრის რუსეთისთვის მიცემა?
ახლა სააკაშვილს ანტიპუტინისტური პროპაგანდით ცდილობს ამ ყველაფრის გადაფარვას?
- მმართველის უგუნურება არის მტრის ყველაზე დიდი მოკავშირე. როდესაც ხელისუფლება ამბობს რომ „ქართული ოცნება“ არის პუტინის ოცნება, მე ვიტყოდი, რომ სააკაშვილი არის პუტინის ოცნება, რომელმაც უკვე აუსრულა, ყველაფერი - რაზეც კი ოცნებობდა პუტინი, სააკაშვილმა მას უკვე ჩააბარა.
ვისთვის არის სააკაშვილის ეს განცხადებები განკუთვნილი, დასავლეთისთვის თუ უბრალოდ, შიდა მოხმარებისთვის, საზოგადოების დასაბნევად?
- დასავლეთში ის ამოცანა, რომ ირწმუნოს სააკაშვილის, ან არ ირწმუნოს, დიდი ხანია, არ დგას. სააკაშვილის დიაგნოზი დიდი ხანია დასმულია, დასავლეთს აქვს თავისი ინტერესები და აქვს საკმაოდ დიდი ინვესტიციები განხორციელებული. არავის არ უყვარს შეცდომების აღიარება, აქედან გამომდინარე, დასავლეთისთვის სააკაშვილი არის ყველაზე დიდი პრობლემა. უბრალოდ, ჯერ არ იციან რა უყონ ამ პრობლემას და რა იქნება ხვალ. ისინი ნელ-ნელა ყალიბდებიან, ბოლო განცხადებებში გარკვეული მინიშნებები უკვე გვაქვს.
იგივე ამერიკის პოზიცია რომ ავიღოთ, 2008 წელს ჩვენ თუ დავკარგეთ ტერიტორიები, ამერიკამ დაკარგა მთელი სამყარო - ჩვენ ეს უნდა გვესმოდეს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ 2008 წელს დაინგრა ამერიკის უძლეველობის მითი - მთელმა ევროპამ დაინახა ერთი რამ, რომ ამერიკამ ვერ დაიცვა თავისი ყველაზე უახლოესი მოკავშირე.
ამის შემდეგ ევროპამ სხვანაირად დაიწყო პროცესებისადმი მიდგომა, თუ ამერიკამ საქართველო ვერ დაიცვა, მე თვითონ ხომ არ მივხედო ჩემს თავსო, და ამის შემდეგ დაიწყო მრავალპოლუსიან სამყაროზე ფიქრი.
თუ აშშ ახერხებდა იმ ილუზიის შექმნას, რომ ის იყო მთავარი მოთამაშე, როდესაც გათამაშდა რეალური პარტია და ის აღმოჩნდა უძლური, ევროპამ დაიწყო თავისი პოლიტიკის განხორციელება და ამერიკამ დაკარგა მთელი სამყარო. ამისი შემოქმედი კი მიხეილ სააკაშვილი იყო და ამერიკელებმა ეს მშვენივრად იციან. მაგრამ პოლიტიკოსებს შეცდომების აღიარება არ უყვართ.
ნოემბერში მოდის არჩევნები. აქედან გამომდინარე, ისინი იქნებიან მაქსიმალურად ფრთხილები საქართველოსთან მიმართებაში, მაგრამ სააკაშვილისთვის ვერდიქტი დიდი ხანია გამოტანილია, დანარჩენი ტექნიკის საკითხია, როდის და როგორ მოხდება ეს ყველაფერი.
ანუ, სააკაშვილის ეს განცხადებები არა დასავლეთისთვის არამედ, საკუთარი ხალხისთვის არის განკუთვნილი?
- ეს არის პროპაგანდა, ზუსტად ის ლენინიზმი, რომელზეც საუბრობდნენ, თუმცა მცირე კორექტირებას შევიტანდი და ბოლშევიზმს დავარქმევდი, როდესაც პოლიტიკური მოწინააღმდეგისგან მტრის ხატს ქმნი და მას მტრად აცხადებ.
ერთი ისტორია მახსენდება - პლატონის თანამედროვე იყო ალკიდიადე და როდესაც პერიკლე გარდაიცვალა ამის შემდეგ ათენის ოქროს ახალგაზრდობის ბრწყინვალე წარმომადგენელი, ალკიდიადე ათენელებმა აქციეს გმირად. პლატონი მას ავანტიურისტს და მომხიბლავ ინტრიგანს უწოდებს, რომელსაც თავისი სამშობლო ქირქილით მიჰყავდა დაღუპვისაკენ. საინტერესოდ მომეჩვენა, როგორ აღწერს მის ფსიქოლოგიას პლატონი - კრაზანას ადარებს: „ყვავილებით გვირგვინდადგმული ნელსაცხებლებით ნაპკურები, ღვინითა და ვნებიანი ტკბობით დამთვრალი, ეგოისტური ლტოლვანი ბზუილით რომ უვლიან გარს, იცავენ და პატივმოყვარეობის ნექტრით აიარაღებენ. მაშინ უგუნურობით შეპყრობილი ეს სულის ტირანი შფოთიანად ბორგავს და თუკი სიახლოვეს მის საპირისპირო აზრსა და გრძნობას მიაგნებს, გამწარებული კლავს ან აძევებს, ვიდრე სულს არ გაითავისუფლებს ბოროტებისგან და ხელახლა არ აივსება შეკავებული სიშლეგით“, - არ ვიცი, გაგონებთ თუ არა ვინმეს.
ამითი იმისი თქმა მინდა, რომ განცხადებები, რომელსაც აკეთებს სააკაშვილი, არის შიდა მოხმარებისთვის, ის ცდილობს გახლიჩოს საზოგადოება, ვისაც დაარწმუნებს იმაში, რომ მისი პოლიტიკური ალტერნატივა არის მტერი, მასში მაქსიმალური სიძულვილის აკუმულირება მოახდინოს და ამ სიძულვილით გამოუცხადოს გადამწყვეტი ბრძოლა, მათ შორის ძალზე მძაფრი ფორმებით.
ეს იყო მისი ტექნოლოგია, მისი ტაქტიკა ყოველთვის და ახლაც ცდილობს, რომ ამ ბინძურ, ქვეყნისთვის დამანგრეველ თამაშში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაითრიოს.
„ქართული ოცნება“ რას უპირისპირებს ამ ყველაფერს?
- რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, დასაპირისპირებელი არაფერი არ არის. მე ვფიქრობ, რომ მთელმა საქართველომ პირველი ოქტომბერი უნდა გავხადოთ ახალი საქართველოს დაბადების დღედ. ეს მშობიარობის სიმწარე ახალი საქართველოს დაბადების წინ როგორმე უნდა გადავიტანოთ და ვიზეიმოთ ახალი საქართველოს დაბადება 2 ოქტომბერს.
უნდა თუ არა ეს ვიღაცას, ის სიძულვილით მოდის და რაღაც ცუდს ამზადებს. ჩვენ ვემზადოთ საზეიმოდ 2 ოქტომბერს და თუ ასეთი განწყობით ვიქნებით, ვფიქრობ, რომ ყველაფერი უკვე გარკვეულია და 2 ოქტომბერს უნდა დაიბადოს ახალი საქართველო - ეს არის ჩვენი მიზანი და ამოცანა.