„სექტემბერში ლოპოტას ოპერაციის მეორე და მესამე სერიას ვიხილავთ“

„სექტემბერში ლოპოტას ოპერაციის მეორე და მესამე სერიას ვიხილავთ“

საქართველო-დაღესტანის საზღვართან მიმდინარე სპეც-ოპერაციის შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სოლომონ წიკლაური და არჩილ ჩოხელი, ასევე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ექიმი ვლადიმერ ხვედელიძე დაიღუპნენ. შსს-ს ინფორმაციითვე, შეიარაღებული დაჯგუფების დევნის ოპერაციის განხორციელების დროს სპეცდანიშნულების რაზმის ხუთი თანამშრომელი დაიჭრა. რაც შეეხება დივერსანტთა ჯგუფს, ლიკვიდირებულია შეიარაღებული დაჯგუფების 11 წევრი. ამჟამად, ალყაშია მოქცეული 6 დივერსანტი და მათი დაკავების ოპერაცია კვლავ გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დილით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც საქართველო-რუსეთის საზღვართან, დაღესტნის მონაკვეთთან, საქართველოს ტერიტორიაზე, აღმოჩენილია შეიარაღებული ჯგუფი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ხორციელდება აღნიშნული ჯგუფის დევნის ოპერაცია. შსს ქვედანაყოფებს ბლოკირებული აქვთ ხეობა. საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა ზომები მიღებულია. დამატებითი დეტალების შესახებ საზოგადოება მოგვიანებით იქნება ინფორმირებული“, - ნათქვამი იყო სამინისტროს განცხადებაში, თუმცა ამ დრომდე არანაირი დამატებითი ინფორმაცია ქართულ საზოგადოებას, გარდა დაჭრილთა და გარდაცვლილთა შესახებ მონაცემებისა, არ გავრცელებულა. აღსანიშნავია ისიც, რომ შსს-მ მხოლოდ გარდაცვლილთა ვინაობა გახადა საჯარო, დაჭრილთა შესახებ კი ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

რუსული მედიის ცნობით, სოფელ ლაფანყურში განადგურებული მებრძოლები დაღესტნის „ცუნტინის“ დაჯგუფებაში შედიოდნენ. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ დაღესტნელ სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით იუწყება. წყაროს ინფორმაციით, ჯგუფმა, საქართველოს დაღესტნელი ძალოვნებისგან თავის დასაცავად შეაფარა თავი.

„თუ ისინი დაბრუნდებიან, დავხვდებით“, – აღნიშნა წყარომ. ამასთანავე, „რია ნოვოსტის“ სასაზღვრო სამმართველოში განუცხადეს, რომ საზღვარზე სრული სიმშვიდეა და არანაირი დამატებითი ზომები მიღებული არ არის“.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო განყოფილება „ბოევიკების“ ჯგუფის საქართველოს ტერიტორიაზე დაღესტნიდან შესვლის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.

„სასაზღვრო სამსახურის მიერ რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე საზღვრის გადაკვეთის შემთხვევები არ დაფიქსირებულა“, - განაცხადა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ ვადიმ შიბაევმა. მისივე თქმით, ინფორმაცია შეიარაღებული ბანდფორმირებების საქართველოს ტერიტორიაზე გადასვლის შესახებ „პროვოკაციაა და რეალურ საფუძველს მოკლებულია“.

ლაფანყურის სპეც-ოპერაციასთან დაკავშირებით ქართულ საზოგადოებაში უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს. მაგალითად, როგორ მოხდა, რომ 17 კაციანმა ჯგუფმა საზღვარი ისე გადმოკვეთა, რომ ისინი ვერც რუსმა და ვერც ქართველმა მესაზღვრეებმა ვერ შეამჩნიეს? თუკი ეს პირები დივერსანტები არიან, მაშინ მათ სახელმწიფოს წინააღმდეგ რაიმე ტიპის დივერსიული აქტი უნდა მოეწყოთ, მაგრამ ამის ნაცვლად მათ მძევლები აიყვანეს. ამიტომ, ქართულ საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა, რა მიზნით აიყვანეს დივერსანტებმა მძევლები და რამე მოითხოვეს თუ არა მათ მძევლების განთავისუფლების სანაცვლოდ? ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას არ ავრცელებს. ცნობილია მხოლოდ იმ ხუთი პირის ვინაობა, რომელიც სოფელ ლაფანყურის მკვიდრია, ხოლო შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნახსენები მძევალთა სხვა ორი ჯგუფის შესახებ არაფერია ცნობილი. არის კითხვა, უკავშირდება თუ არა ამ სპეც-ოპერაციას ლაფანყურელი ყოფილი სამხედრო პირის თვითმკვლელობა? საზოგადოებაში ასევე გაჩნდა მოსაზრება, ხომ არ არის ეს იგივე ტიპის აქცია, რასაც ადგილი ჰქონდა ხურჩასა და განმუხურთან, ანუ ხომ არ არის ლაფანყურის სპეცოპერაცია ხელისუფლების მიერ ინსპირირებული?

აღსანიშნავია, რომ უკვე 24 საათზე მეტია შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფება სოფელ ლაფანყურის მკვიდრი ის ხუთი პიროვნება, რომელიც მძევლად იყო აყვანილი. ესენი არიან ლევან გარაშვილი, ლერი ხუცურაული, ბესიკ მიჯახკაშვილი, ტატო ღალოლიშვილი და თამაზ გამიერაშვილი. ოფიციალური ინფორმაციით, მიმდინარეობს მათი დაკითხვა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე საათის წინ შსს-მ მათი დაკითხვის გაავრცელა კადრები, სადაც ისინი ყვებიან როგორ აღმოჩნდნენ მძევლად. ამ ვიდეომასალაში ისინი ყვებიან, რომ მძევლად შეიარაღებულმა პირებმა აიყვანეს და გაქცევის მცდელობის შემთხვევაში მოკვლით ემუქრებოდნენ. საზოგადოებაში ჩნდება კითხვა, რა საჭიროა ამ დრომდე შსს-ში ამ ადამიანების ყოფნა, თუკი ისინი უკვე დაკითხულები არიან. ამასთანავე, ყოფილ მძევალთა ოჯახის წევრები მათ სასწრაფოდ სახლში დაბრუნებას ითხოვენ. ყველა ამ კითხვაზე ხელისუფლება პასუხებს არ იძლევა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მხოლოდ იმ ინფორმაციით იფარგლება, რასაც თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კი ლაფანყურის სპეცოპერაციას წარმატებულს უწოდებენ, რადგან მისი მეშვეობით მძევლების განთავისუფლება მოხდა. აღსანიშნავია, რომ მომხდართან დაკავშირებით შეფასებების გაკეთება უჭირთ ექსპერტებს, რადგან ინფორმაცია, რომელიც ლაფანყურის სპეც-ოპერაციასთან დაკავშირებით ვრცელდება, ძალიან მწირია და ამასთანავე ურთიერთგამომრიცხავი ფაქტებით არის გაჯერებული. თუმცა, საქართველოში ლოპოტას ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მაინც რამდენიმე ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ხეობაში დაღესტნელ სამართალდამცველებს გამოქცეული დივერსანტები შემოვიდნენ. მეორე ვერსიით კი არ არის გამორიცხული, დივერსანტების უკან რუსული სპეც-სამსახურები იდგნენ. ამგვარი ეჭვი საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა, დავით დარჩიაშვილმა გამოთქვა.

ქართველი ექსპერტები ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში საქმე უფრო რთულად არის, თუმცა საზოგადოებაში გაჩენილ შიშს, რომ შესაძლოა, ლაფანყურის სპეცოპერაცია რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტში გადაიზარდოს, არც ერთი მათგანი არ ეთანხმება.

მესამე ვერსია კი, რომელიც საზოგადოების გარკვეულ ნაწილში არსებობს, არის ის, რომ შესაძლოა ეს ყველაფერი საქართველოს ხელისუფლების მიერ არის ინსპირირებული. ეჭვები ამასთან დაკავშირებითაც გამოითქვა, თუმცა ვიმეორებთ – ქართველ ექსპერტებს ინფორმაციის სიმწირის გამო შეფასებების გაკეთება უჭირთ.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ სულ მალე არჩევნები მოდის და შესაძლოა ეს ყველაფერი ამ კონტექსტში განვიხილოთ.

„მე მგონი ეს ყველაფერი წინასაარჩევნო კონტექსტში განიხილება და ამიტომ მირჩევნია, სიმშვიდე შევინარჩუნოთ და როგორმე მივიდეთ არჩევნებამდე. არ არის გამორიცხული, რომ ეს მოვლენები არჩევნების ჩაშლასთან ან გადადებასთან იყო დაკავშირებული. ამიტომ სჯობს, სიმშვიდე შევინარჩუნოთ, არჩევნები რომ ჩატარდება და ქვეყნის სათავეში ახალი ხელისუფლება მოვა, ეს ყველაფერი გამოძიებული იქნება. მე არ მეჩქარება ამბის გაგება, ამაზე მეტად არჩევნების ჩატარება მეჩქარება. ამიტომ არც კი ვიტყვი იმას, რასაც ვფიქრობ, რადგან ახლა ეს მხოლოდ დაძაბავს ვითარებას“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

მისი თქმით, პროვოკაცია იმის პროვოკაციაა, რომ მასზე ვიღაც წამოეგოს და თუკი ეს პროვოკაცია იმაზე გათვლილი, რომ არჩევნები ჩაიშალოს ან გადაიდოს, ამიტომ სჯობს, რომ არჩევნები არ ჩაიშალოს. ამიტომ, ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ყველაფერი გვერდზე უნდა გადავდოთ და ჯიუტად მივიდეთ არჩევნებამდე.

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი, კახა კუკავა ამ ოპერაციას ხელისუფლების მიერ ინსპირირებულ პროვოკაციას უწოდებს და ამბობს, რომ სექტემბერში მეორე და მესამე სერიას უნდა ველოდით. კუკავას თქმით, მისმა პარტიამ ჯერ კიდევ დაახლოებით ორი კვირის წინ გააკეთა განცხადება, რომ ამგვარი ოპერაცია მზადდებოდა.

„მაშინ ჩვენ ვთქვით, რომ ამგვარი ინფორმაცია გვქონდა აჭარასთან დაკავშირებით, თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ეს აჭარაში მოხდებოდა, თუ კახეთში. იქ ადამიანები დადიოდნენ ოპოზიციის, კერძოდ კი „თავისუფალი საქართველოს“ სახელით და ხალხს ეუბნებოდნენ, რომ დაგეგმილია რუსეთიდან სამხედრო დაჯგუფებების შემოსვლა, რომლებიც ოპოზიციას სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარებიანო. მე ვფიქრობ, რომ ლოპოტას ოპერაციას ექნება გაგრძელება. მოსახლეობას ჯერ კარგად დაატერორებენ და დააზომბირებენ, რომ მოსალოდნელია შეიარაღებული პროვოკაცია, ხოლო შემდეგ, უკვე არჩევნებთან მიახლოებულ პერიოდში იქ ოპოზიციის ლიდერების კვალი და სახელები ამოტივტივდება“, - ამბობს კუკავა.

მისი თქმით, ხელისუფლების ამოცანა არის ერთი მხრივ ის, რომ პროპაგანდაში ისტერიული ტონი შეინარჩუნოს, თითქოს მას რუსეთი ებრძვის და ყველაფერი დანარჩენი, რაც ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ხდება, რუსეთის მიერ არის მართული, ხოლო მეორე მხრივ ოპოზიციის მიმართ რეპრესიებისთვის რაღაც სამართლებრივი საფუძველი შექმნას. კუკავას თქმით, თეორიულად ძნელია იმის გამორიცხვა, რომ დაღესტნიდან ტერორისტები საქართველოში გადმოსულიყვნენ, მაგრამ ამაში ლოგიკას მაინც ვერ ხედავს.

„აქ საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ მუსულმან ტერორისტებს ამერიკა, რუსეთი და მთელი მსოფლიო ვერ ერევა და ის, რომ ჩვენ ეს ადამიანები ორ საათში ასე ცხვრებივით ჩაგვივარდნენ ხელში, ესეც ცოტა არ იყოს ეჭვს იწვევს ჩემში“, - აღნიშნავს „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი.  

დღის ბოლოს კი მომხდართან დაკავშირებით განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა, თუმცა განცხადება იმდენად არაფრისმთქმელი იყო, რომ მან არა მხოლოდ გაფანტა ეჭვები და რაიმე კონკრეტული ინფორმაცია მიაწოდა მოსახლეობას, არამედ უფრო გაუგებარი გახადა, თუ რა მოხდა რეალურად საქართველო-დაღესტნის საზღვართან.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას და ქართულ საზოგადოებას არაფერი ემუქრება.

„ჩემთვის განსაკუთრებულად მძიმეა საუბარი იმაზე, რომ ჩვენი სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები ბოლო დღეების მოვლენებს ემსხვერპლნენ, მაგრამ ისინი იმას შეეწირნენ, რომ საქართველოში იყოს მშვიდობა და საქართველო ვეღავინ ვეღარასდროს აიღოს. ჩვენ ყველანი, მე, ჩემი მთავრობა, ვიცავთ საქართველოს, ჩვენ ყველანი ვართ საქართველოს ჯარისკაცები და ჩვენ შევძლებთ საქართველოში მშვიდობის შემდგომ დაცვასაც და ქვეყნის შემდგომ განვითარებასაც. მინდა, ამ მხრივ ყველა დავამშვიდო, ადგილობრივ ხალხს და საერთოდ, ჩვენს საზოგადოებას არაფერი ემუქრება. რაც შეეხება ამ ხალხს, ვინც პასუხი უნდა აგოს, ვინც ჩაიდინა ჩვენი სპეცრაზმელების მკვლელობა, მათი მოქმედებები საქართველოში ყველა მეთოდის გამოყენებით ბოლომდე იქნება აღკვეთილი და ჩვენ ყველა ზომას ვიხმართ, რომ არასდროს ასეთი რამ საქართველოში მომავალში აღარ განმეორდეს. ეს იქნება კარგი მაგალითი რაიმე ცუდის განხორციელების მცდელობის მსურველებისთვის“, - განაცხადა სააკაშვილმა.