მიხეილ სააკაშვილის სამი გეგმა

მიხეილ სააკაშვილის სამი გეგმა

9 სექტემბერს ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მორიგი აქცია იგეგმება. მართალია, თარიღი არცთუ ისე დიდ ხნის წინათ დაზუსტდა, თუმცა დიდი შორსმჭვრეტელობა არ სჭირდებოდა იმის მიხვედრას, რომ „ქართული ოცნება“ საქართველოს ამ კუთხეში აქციას აუცილებლად ჩაატარებდა. მართალია, ბაჩო ახალაია შინაგან საქმეთა მინისტრად მთავრობაში მორიგი და, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი გადაჯგუფების შედეგად დაინიშნა, მაგრამ მის დანიშვნას ზუგდიდის მაჟორიტარად მამამისის – როლანდ ახალაიას – მაჟორიტარ კანდიდატად დასახელებასაც უკავშირებენ. ექსპერტების აზრით, ზუგდიდის აქციაზე ხელისუფლება მოსინჯავს იმ მეთოდებს, რომელთა გამოყენებაც არჩევნებზე იგეგმება.

შესაბამისად, მეტნაკლებად რეალისტური საარჩვენო პროგნოზების გაკეთებაც სწორედ ზუგდიდის აქციის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

„ქართული ოცნების“ წევრი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას სამ სამოქმედო გეგმაზე მუშაობს: „გეგმა ა“ ამოქმედდება, თუკი არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა“ იმარჯვებს, „გეგმა ბ“ იმ შემთხვევისთვისაა გამიზნული, თუკი არჩევნებში დამარცხდება, „გეგმა გ“ კი არჩევნებს ტოტალურ გაყალბებას გულისხმობს, რის განხორიცელებაც, სავარაუდოდ, უცხოელი დამკვირვებლების სიუხვის შემთხვევაში გაჭირდება.

ამის პარალელურად, ისევ უცნობია, თუ რა გადაჯგუფებებია ქართულ შეიარაღებულ ძალებში, რას ემსახურება თითქოს რეზერვისტების მობილიზება და რატომ გააკეთა ამას წინათ თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა განცხადება, რომ 5 სექტემბრიდან ამერიკის შეერთებული შტატები, საქართველოსთან არსებული შეთანხმებების საფუძველზე, იწყებს საქართველოს დახმარებას გადამზადებაში.

მამუკა არეშიძე: „ჩვენთვის გახდა ცნობილი, რომ სხვადასხვა დახურულ ბანაკებში ინტენსიურად ამზადებენ სხვადასხვა ტიპის ფორმირებებს. ქართულ საზოგადოებაში ვრცელდებოდაა განსხვავებული ინფორმაცია, თავდაპირველად, თითქოს ისინი იყვნენ რეზერვისტები, შემდეგ ითქვა, რომ პარტიზანები არიან, ბოლოს კი – რომ მათ მიტინგების დასარბევად ამზადებენ. ეს არის ინფორმაციის ერთგვარი აჯაფსანდალი, რაშიც ვერაფრით გაერკვა ქართული საზოგადოება.

მაგრამ ჩვენთვის ცნობილი გახდა, რა ხდება: არსებობს ბანაკების ორი ტიპი. მაგალითად, კრწანისის მომზადების ცენტრის ერთ ნაწილში წვრთნას გადიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურის სპეცრაზმელები და პლუს კუნთმაგარი ბიჭები, საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან თავმოყრილი. მათ ამზადებენ მიტინგების  დასარბევად, მაგრამ მათ საფარქვეშ, იმავე კრწანისის ბაზაზე, მეორე ნაწილში, სულ სხვა მომზადებას გადიან სამხედროები, ასევე, სპეცრაზმელები, ოღონდ მათ მიტინგის დარბევასთან საერთო არაფერი აქვთ. მათ ამზადებენ კლასიკური პარტიზანული ბრძოლისთვის. ანალოგიური ვითარებაა საქართველოს ბევრ სხვა კუთხეშიც.

ეს სიტუაცია გვკარნახობს, რომ საქართველოს ხელისუფლების მარაგში არის მოვლენების განვითარების რამდენიმე სცენარი, მათ შორის, ერთი, როდესაც საჭირო იქნება მიტინგების დარევბევა პარველი ოქტომბრის შემდეგ და მეორე, თუ დაინახეს, რომ პირველი ოქტომბრის შემდეგ შეიძლება აზრი აღარ ჰქონდეს მიტინგის დარბევას, იმიტომ რომ სამიტინგო არაფერი იყოს, აპირებენ მანამდე გადადგან გარკვეული ნაბიჯები. აბა, რისთვის უნდა ამზადებდნენ ადამიანებს  პარტიზანული ომებისთვის?!“

მამუკა არეშიძე არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ მოაწყოს პროვოკაცია „სამხრეთ ოსეთის“ პირობით საზღვარზე იმ მიზნით, რომ რუსული სახელმწიფოს მორიგი დარტყმა მიღოს, რაც მას არა არჩევნებში დამარცხებულის, არამედ რუსული აგრესიის გამო ქვეყნიდან დევნილი ხელისუფლების სტატუსს მიანიჭებს.