სპეცოპერაცია, რომელიც კითხვებს ბადებს

სპეცოპერაცია, რომელიც კითხვებს ბადებს

თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურიდან ხუთი ახალგაზრდა დაიკარგა, რომელთა პოვნა 28 აგვისტოს, დაახლოებით 14.00 საათისთვის მოხერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო-რუსეთის საზღვარზე აყვანილი ყველა მძევალი გათავისუფლებულია, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შოთა ხიზანიშვილის ინფორმაციით, დაღუპულია ორი სპეცრაზმელი, თავდაცვის სამინისტროს სპეცრაზმის სამხედრო ექიმი და დაჭრილია ხუთი სპეცრაზმელი. დაჭრილები გორის ჰოსპიტალსა და თბილისის, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტრომ საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაღუპულთა გვარები გამოაქვეყნა. 
როგორც თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების მიერ გავრცელებულ განცხადებებშია აღნიშნული, გარდაცვლილები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სოლომონ წიკლაური და არჩილ ჩოხელი და თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალების ექიმი, კაპრალი ვლადიმერ ხვედელიძე.
საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებენ. გარდაცვლილთა დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ხარჯს სახელმწიფო დაფარავს.

შს სამინისტროს ცნობით, ლიკვიდირებულია 11 დივერსანტი, 6 კი ალყაშია. მათი დაკავების ოპერაცია გრძელდება.

ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციით, დაღესტნიდან საქართველოში გადმოსულმა შეიარაღებულმა ჯგუფმა მძევლად აიყვანა 5 ქართველი მოქალაქე. გამტაცებლებს არ ჰქონიათ არც რაიმე მოთხოვნები, არც პირობები და ულტიმატუმები წაუყენებიათ ქართული მხარისთვის. მოკლედ, რატომ გაიტაცეს ლეპოტას ხეობაში საქეიფოდ წასული ლაფანყურელი ბიჭები, არ ვიცით.

როგორც ირკვევა, ბიჭების ადგილსამყოფელს სავარაუდოდ, მათივე თანასოფლელებმა მიაგნეს და ინფორმაცია ქართულ მხარეს მიაწოდეს.  

შსს-ს ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შეიქმნა კრიზისების მართვის შტაბი, შინაგან საქმეთა, იუსტიციის და თავდაცვის სამინისტროების შემადგენლობით, რომლებმაც შეიმუშავეს უწყებათაშორისი კოორდინირებული მოქმედების გეგმა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ განახორციელა.

გავრცელებული ინფორმაციით, შს მინისტრი ბაჩო ახალაია სოფელ ლაფანყურში ოპერაციის დაწყების დროიდან იმყოფებოდა, თუმცა გამთენიისას სოფელი დატოვა.

ოპერაცია თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურიდან დაახლოებით 30 კმ-ის მოშორებით  ჯერ კიდევ მიმდინარეობს, სადაც საქართველოსა და დაღესტნის საზღვარი გადის. 

ოფიციალური ვერსიით, ცეცხლის გახსნამდე სამართალდამცველებმა რამდენჯერმე დანებება შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს, რის შემდეგაც ლოპოტას ხეობაში შეიარაღებული დაჯგუფების გაუვნებელყოფის მიზნით ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, 5 მძევლის გათავისუფლება სამ ეტაპად გახდა შესაძლებელი.

დევნის ოპერაციის შედეგად შეიარაღებული დაჯგუფების 11 წევრი ლიკვიდირებულია, 6 კი ამ დროისთვის კვლავ ალყაში რჩება.

ოფიციალური ინფორმაციით, შსს ქვედანაყოფებს ბლოკირებული აქვთ ხეობა. საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა ზომები მიღებულია. დამატებითი დეტალების შესახებ საზოგადოება მოგვიანებით იქნება ინფორმირებული.

ტყვეობიდან გათავისუფლებულები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ჩვენებში ყვებიან, რომ გამტაცებელთაქ ჯგუფში 15 ადამიანზე მეტი იყო, მათ საკმაოდ კარგი შეიაღარება ჰქონდათ, ავტომატები და მუხები. 
მათივე ინფორმაციით, მეგობრები ბუნებაში საქეიფოდ იმყოფებოდნენ, როცა შეიარაღებულმა პირებმა მძველად აიყვანეს.
„მეგობრები ბუნებაში ვიყავით საქეიფოდ, უკან დაბრუნებისას მდინარეს როცა მოვუყვებოდით, რამდენიმე შეიარაღებული ადამიანი შეგვხვდა და გვითხრეს, რომ მძველები ვიყავით და მათ უნდა გავყოლოდით თან. მათთან ყოფნისას გაგვაფრთხილეს, რომ თუკი გაქცევას შევეცდებოდით, ისინი მოგვკლავდნენ“, - ყვება ერთ-ერთი მძევალი.

ერთ-ერთი მძევლის მამა კი არ გამორიცხავს მოხდა გატაცება, ან გატაცების ინსცენირება „პალიტრა ტვ“-სთან საუბრისას 27 აგვისტოს გაუჩინარებული ახალგაზრდის - ტატო ღაღოლიშვილის მამამ იმედა ღაღოლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შეუძლებელია, მშობლიური სოფლიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მყოფ ახალგაზრდებს საკუთარი სახლისთვის ვერ მიეგნოთ და გზა აბნეოდათ. გარდა ამისა, როგორც ტატო ღაღოლიშვილის მამა აცხადებს, გატაცებულები შინიდან „ფლოსტებით“ წავიდნენ, ხოლო უკან სამხედრო „ბათინკებით“ დაბრუნდნენ.
სინამდვილეში რა მოხდა და რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე, ქართული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რეალური სურათი არ იქმნება.

როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი გიორგი ვოლსკი ამბობს, საერთო სურათის შექმნა ძალინ ძნელია, იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ძალიან მწირი ინფორმაცია ვრცელდება.

„სტილია ეს ხელისუფლების და არ გამოვრიცხავ რომ ახლა იწერება რაღაც სცენარი, რომ პროვოკაცია, თუკი ასეთი არსებობს, რუსეთის მხრიდან, რეალურად გამოყენებული იყოს შიდა პოლოლიტიკური მოხმარებისათვის.

სამწუხაროდ, ამისი არაერთი მაგალითი გაგვაჩნია და საზოგადოებას საფუძვლიანი ეჭვი აქვს, ეს ყველაფერი გამოყენებული იქნეს იმისათვის, რომ ხელისუფლებამ მორიგი სცენარი გაითამაშოს იმის დასადასტურებლად, რომ იგი ერთადერთი და შეუცვლელია.

სინამდვილეში რა მოხდა, შეუძლებელია ეს ინფორმაცია საქართველოს საზოგადოების რომელიმე წარმომადგენელს გააჩნდეს, მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდების დონეზე შეიძლება ვილაპარაკოთ. ერთადერთი, რაც შეიძლება ითქვას, ეს არის ის, რომ არსებობს რეალური საფრთხე იმისა, რომ 2006 წლიდან მოყოლებული, რუსეთი რომელიც უპირისპირდება დასავლურ ინტერესებს, საერთოდ სუბრეგიონალურ სივრცეში, მათ შორის ირანის, სირიის ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, არ გამოვრიცხავ, რომ მისი მხრიდან პროვოკაციებს ადგილი ჰქონდეს საქართველოსთან მიმართებაშიც.

თუმცა, ჩვენი ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციების გამოყენება შიდა პოლიტიკური პროცესებისათვის, საქართველოს ინტერესებს უპირისპირდება.

სახელმწიფო ინტერესებზე მოფიქრალი ხელისუფლება ერთადერთ სწორ გზას აირჩევდა და ეს არის იმ ინტენსიური მოწოდებების გათვალისწინება, რომელიც დასავლეთისგან მოდის, მათ შორის ნატოს გენერალური მდივნისგან, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და ევროკავშირისაგან, რომ საქართველოში უნდა შეიქმნას და გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები და ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები. ხოლო, რასაც ხელისუფლება დაგეგმავს ან გააკეთებს, შესაძლოა, ამ ყველაფრის საპირისპიროდ წარიმართოს“,- მიიჩნევს გიორგი ვოლსკი.

ადგილობრივი მოსახლეობისგან ვრცელდება ვერსიები, რომ მძევლებიც და გამტაცებლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და აქტივისტები არიან, რომ თვითონვე წაიყვანეს ბიჭები საქეიფოდ და გატაცებაც თვითონვე გაითამაშეს, თუმცა ასეთ შემთხვევაში საკითხავია, როგორ გაჩნდნენ გარდაცვლილები, „ნაციონალებმა“ სპეცრაზმელები გაწირეს?

კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება არის ის, რომ ზოგიერთ ჯარისკაცს ახლობლები ვერ უკავშირდებიან და არც მათ შესახებ აქვთ რაიმე ინფორმაცია, სპეცოპერაციის დასრულების მიუხედავად კი სამხედრო მანქანების გადაადგილება ლოპოტას ხეობაში გრძელდება. 

გიორგი ვოლსკის თქმით, იმდენი ფაქტი დაგროვდა, რომ ამ მოსაზრებასაც გააჩნია საფუძველი, თუმცა დაზუსტებით არაფრის თქმა არ შეიძლება.

„ფაქტია, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში დაღესტნის პერიმეტრზე საკმაოდ მასშტაბური სამხედრო სწავლებები იწყება. ფაქტია, რომ დაღესტანში მოხდა ტერორისტული აქტი ერთ-ერთი თვალსაჩინო იმამის წინააღმდეგ, რომელიც სამშვიდობო მოლაპარაკებებს ედგა სათავეში, რამაც საკმაოდ სერიოზული აჟიოტაჟი გამოიწვია.

რასაკვირველია, ეს არის სერიოზული თემა, რომელიც დიდ ყურადღებას საჭიროებს. როდესაც რეგიონში ასე დაძაბულია ვითარება, არც ის არის გამორიცხული და სწორიც არის, რომ ხელისუფლებამ ძალოვანი სტრუქტურები მუდმივ მზადყოფნაში ამყოფოს, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც მგონია, რომ ხელისუფლების მიერ გამოყენებული იქნება შიდა პოლიტიკური მიზნებისათვის, იგნორირებას უკეთებს რა, სახელმწიფოებრივ ინტერესებს“,- მიიჩნევს ვოლსკი.  

შეგახსენებთ, რომ ჩეჩნური, აზერბაიჯანული და დაღესტნური საიტები ბოლო დღეებში ავრცელებდნენ ინფორმაციას საქართველო-რუსეთის საზღვართან ცოცხალი ძალისა და საბრძოლო ტექნიკის მობილიზების შესახებ. საუბარი იყო 28 აგვისტოს დიდოეთის რაიონში, რუსული სამხედრო კოლონისა და 80 ერთეული ჯავშანტექნიკის შესვლაზე. 

„ვდაგესტანე“-ს ცნობით, ადგილობრივი მაცხოვრებლების კითხვაზე, თუ რატომ ხდება ძალების გადასროლა, რუსმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ „მოსახლეობა საქართველოსგან უნდა დაიცვან“. საიტები ასევე არ გამორიცხავდნენ, რომ რუსები საქართველოს წინააღმდეგ სპეცოპერაციის ჩატარებისთვის ემზადებოდნენ.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველო-დაღესტნის საზღვართან რუსებმა სამხედრო ჰოსპიტალიც განათავსეს. რუსული მედიის ცნობით, საზღვარზე საჯარისო ნაწილის გადაადგილებები სამხედრო წვრთნებს „კავკაზ 2012“ უკავშირდება.