იმაზე, თუ რა მსგავსებაა ვერა ქობალიასა და დავით ლორთქიფანიძეს შორის, ეკონომიკის სამინიტროსა და მუზეუმების გაერთიანებას შორის, ამჟამინდელ და საბჭოთა მმართველებს შორის; თბილისის რომელ ნაწილშია აბრაკადაბრა და რა მნიშვნელობა აქვს მუზეუმებს, ტურიზმის განვითარების საქმეში, პრესა.გე–ს პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი ესაუბრა, რომელიც ახლო წარსულში პარლამენტარი იყო; შედარებით ადრე საკონსულო დეპარტამენტს უდგა სათავეში, ხოლო საბჭოთა კავშირის დროს, გარკვეული პერიოდი გიდ–თარჯიმნად მუშაობდა და მუზეუმების ძალიან ხშირი სტუმარი გახლდათ.
შეგახსენებთ, რომ 2004 წლის 30 დეკემბრიდან, ერთი ქოლგის ქვეშ გააერთიანეს: ჯანაშიას სახელობის ისტორიის მუზეუმი, ხელოვნების მუზეუმი, ეროვნული გალერეა, ღია ცის ქვეშ ეთნოგრაფიული მუზეუმი, ქარვასლა; ამას გარდა მუზეუმები: ახალციხეში, მესტიაში, დმანისში, ვანში, სიღნაღში და 2 სამეცნიერო კვლევითი ცენტრი – არქეოლოგიური კვლევის ცენტრი და პალეონტოლოგიის ინსტიტუტი. მუზეუმების ამ გაერთიანებას სათავეში იქიდან მოყოლებული დღემდე დავით ლორთქიფანიძე უდგას.
მიმდინარე წლის 17 აპრილს, პრესა.გე–მ გამოაქვეყნა მასალა სათაურით, „ნიკა რურუამ მისაღების მოსაწყობად მუზეუმიდან 4 ტილო წაიღო“, რომელშიც ჰამლეტ ჭიპაშვილის კომენტარიც იყო, გიგო გაბაშვილის გაუჩინარებულ „ალავერდობასთან“ დაკავშირებით; ეს ნამუშევარი კომუნისტური საქართველოს ერთ–ერთმა მმართველმა, (ნიკა რურუას მსგავსად) მუზეუმიდან გაიტანა, მისაღებში დაიკიდა. მოგვიანებით „ალავერდობა“ გაუჩინარდა. როგორც ჰამლეტ ჭიპაშვილმა გვითხრა, მუზეუმების ერთგვარი შემოვლა, სწორედ პრესა.გე–ზე გამოქვენებული მასალის შემდეგ გადაწყვიტა.
ჰამლეტ ჭიპაშვილი: მუზეუმების ამჟამინდელი მდგომარეობით დავინტერესდი. გარდა იმისა, რომ უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში, მუზუემში ნამყოფი არ ვიყავი, ჩემს მოსაზრებასა და ნათქვამში ეჭვი, რომ არ შემპარვოდა, გადავწყვიტე მუზეუმები თავად მენახა. მოგეხსენებათ, ზაფხულობით თბილისსა და დანარჩენ საქართველოში მრავალი სტუმარი ჩამოდის. მათთვის უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ის, რასაც ქართველი მასპინძლისგან ისმენენ, რომ საქართველო არის დიდი ისტორიისა და კულტურის ქვეყანა, რომ ისტორიული თვალსაზრისით, საქართველოსთანა ქვეყანა, მსოფლიოში არ არსებობს, რომ კულტურის ძეგლები ჩვენთან უხვადაა...
რაღაც შორს წავიდეთ?! სააკაშვილის თითქმის ყოველი საჯარო გამოსვლა ტურიზმთანაა დაკავშირებული. მას მგონი ძილშიც ტურისტები და ტურისტული ქვეყანა ესიზმრება, საერთოდ თუ სძინავს, მაგრამ ტურიზმი მხოლოდ სასტუმრო და „ოფიციანტი“ არ არის; ესაა განვითარებული ინფრასტრუქტურა, თავისი აეროპორტებით, სამანქანე, სარკინიგზო, საჰაერო გზებით და რაც მთავარია, არა ნაკლები მნიშვნელობა აქვს ტურიზმის ობიექტებს – მუზეუმებს.
რომელი მუზეუმები დათვალიერეთ?
– ხელოვნების მუზეუმში ვიყავი. დიდი სურვილი მქონდა კიდევ ერთხელ მენახა სახელმწიფო მუზეუმი. ამ მუზეუმების ხშირი სტუმარი გახლდით, როდესაც ვმუშაობდი „ინტურისტში“ და შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროში. მრავალი სტუმარი, როგორც მაღალი, ისე დაბალი რანგის, სწორედ ამ მუზეუმებში მიგვყავდა; იქ, სადაც კაცი ასე თუ ისე მაინც შეიძლება გაეცნოს ქართულ ხელოვნებასა და კულტურას. სახელმწიფო მუზეუმი დიდი ხანია დაკეტილია და იქ არავითარი დამთვალიერებელი არ არსებობს.
დავით ლორთქიფანიძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ მუზეუმში „აბსოლუტურად თანამედროვე აუდიტორია“ გაკეთდა, რომელშიც თურმე აგერ უკვე 3 წელია საღამოები იმართება.
– რომელი საღამოები იმართება? მე, ერთმა ჩვეულებრივმა მოქალაქემ, 1 კვირის განმავლობაში, ვერაფრით დავადგინე, მუშაობდა თუ არა ეს მუზეუმი. ბოლოს ბუღალტერიაში დავრეკე, რადგან დანარჩენები ტელეფონს არ იღებდნენ. ბუღალტერმა მიპასუხა, რომ „მუზეუმი მუშაობს, მიბრძანდით პუშკინის მოედანზეო“. ანუ მან მიმასწავლა სადაც უნდა მივსულიყავი და ეს იყო ხელოვნების მუზეუმი. ამასთან, მირჩია მეორე რამ გამეკეთებინა – კუს ტბაზე, ეთნოგრაფიულ მუზეუმში წავსულიყავი. მე არც ერთი და არც მეორე არ მაინტერესებს, მინდა ის მუზეუმი დავათვალიერო, რომელშიც თქვენ ხართ–მეთქი, – მივუგე და „ეს ბატონო, კარგა ხანია დაკეტილია, არ მუშაობს, აქ რემონტი მიმდინარეობსო“.
რა ქნან ბატონო, არ გაარემონტონ მუზეუმები?
– რემონტი ცხადია, აუცილებელი, საჭირო და სასარგებლოა, მაგრამ ძალიან მარტივად, რომ ვთქვათ, რემონტი ერთდოულად ორივე მთავარ მუზუემში, ანუ ხელოვნების მუზეუმში და სახელმწიფო მუზეუმში, რბილად, რომ ვთქვათ, მიუღებელია.
რატომ ერთდოულად? აი, მაგალითად, ხელოვნების მუზეუმში ხშირად შედიან უცხოელი ტურისტები.
– შედიან და ცხადია, მხოლოდ საგანძურს ნახულობენ. ასე ვთქვათ, ბუღალტერს „დავუჯერე“ და ხელოვნების მუზეუმში მივედი, ბილეთი ვიყიდე და მინდა გითხრათ, რომ ასეთი ძვირი ბილეთები მსოფლიოს არც ერთ მუზეუმში არ არსებობს.
ანუ რა ღირს ბილეთი?
– 15–20 ლარი ღირს. ესეც დასაფიქრებელი მომენტია. მინდა შევახსენო ჩვენს „ძვირფას“ დავითს და კულტურის სამინისტროს, რომელთაც ერთი რამ უნდა იცოდნენ – დამთვალიერებლის ფულით ვერც ერთი მუზუემი ვერ აშენდება და ვერ იარსებებს; სახელწმიფომ კეთილი უნდა ინებოს და მუზეუმების არსებობის ფული გადაიხადოს. ასეა მთელ მსოფლიოში. ბრიტანეთის მუზუემში შესვლა მაგალითად, უფასოა. რაც შეეხება საფრანგეთის მუზეუმებს, თქვენ იხდით თქვენი სინდისიდან გამომდინარე; თუ ფული არ გაქვთ, არაფერსაც არ გადაიხდით.
საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული ვყვიროდით, რომ ჩვენისთანა კულტურის ქვეყანა მსოფლიოში არ არსებობს, მაგრამ იმ კულტურას და მის კერებს, რომელსაც ეს მოსაზრება უნდა განემტკიცებინა, არც მაშინ უყურებდა ვინმე და არც ახლა აქცევენ ყურადღებას, მაგრამ მაშინ კიდევ რაღაც თანხა იყოფოდა, ამ მუზეუმებს სახელმწიფო ინახავდა, რემონტები ტარდებოდა, მაგრამ არა ისეთი, როგორიც მუზეუმებისთვისაა საჭირო.
რა შეიცვალა მაგალითად იქ, სადაც ეროვნული საგანძურია განთავსებული, საბჭოთა პერიოდის შემდეგ?
– ფაქტიურად არაფერია შეცვლილი. კარგა ხნის წინ იქ რემონტი გაკეთდა, მაგრამ პრიმიტიულ დონეზე – მაგალითად, გათბობა–გაციება ისევ ისე ხდება, როგორც ოდესღაც იყო. განათებაც ძალიან დაბალ დონეზეა და საერთოდ, საგანძურში არ არის ისეთი ატმოსფერო, როგორიც ცივილიზებულ სახელმწიფოს შეეფერება. როდესაც შენ ამას არქმევ ერის საგანძურს, ეს ნიშნავს, რომ კეთილი უნდა ინებო და საგანძური შესატყვის პირობებში ამყოფო და არა ისეთ შეუფერებელ გარემოში, როგორიც მივარდნილ სოფელსა და რაიონსაც არ შეესაბამება.
კიდევ რა ნახეთ ხელოვნების მუზეუმში?
– იქვე მირჩიეს პირველ სართულზე მენახა აღმოსავლური ხელოვნების (ძირითადად სპარსული) ნიმუშების გამოფენა. ჩავედი და ვნახე, მაგრამ სჯობდა არ მენახა – გამოფენილი ექსპონატები არის გაცილებით დაბალი დონის, იმასთან შედარებით, რაც მუზეუმში ინახება; როგორც ვიცი, ამ მუზეუმში არის ირანიდან წამოღებული, ომის დროინდელი ირანული ნოხები და კიდევ ათასი საინტერესო ნივთი, რომლებიც ამ გამოფენაზე არ ჩანს და ვერც სხვაგან ნახავთ.
რაც შეეხება ატმოსფეროს, კედლები დახეთქილი, გაშავებულია, უმძიმესი ვითარებაა შემქნილი – ერთი წუთითაც ვერ იფიქრებთ, რომ თქვენ ხართ ცივილიზებულ სამყაროში. ზემოთ პატარა ადგილია დატოვებული, სადაც ნაქსოვებისა და ხელით ნაკეთი ნივთების გამოფენა იმართება.
მეორე სართულზე ახლახანს ქართული შესამოსელი იყო გამოფენილი.
– გასაგებია, მაგრამ ეს არ არის მთავარი იქაურობისთვის. ამ მუზეუმს ჰქონდა და აქვს (არ ვიცი მომავალში ექნება თუ არა) საგამოფენო დარბაზები, რომელიც ძალიანაა დაზიანებული, გადაკეტილია და იქ ვერ შეხვალთ. სექციები და დარბაზები დაკეტილია და ამ მუზეუმში, საგანძურის გარდა სხვას ვერაფერს ნახავს ადამიანი, ისევე, როგორც ვერ ნახავთ სახელმწიფო მუზეუმს, რომელიც იმდენადაა საინტერესო, რამდენადაც მოგეხსენებათ, იქ ერის ისტორია უნდა იყოს წარმოდგენილი.
ნებისმიერ ადამიანს აინტერესებს იმ ქვეყნის ისტორია, რომელშიც სტუმრად იმყოფება. როცა ნებისმიერ ადამიანს ვამბობ, ამ ხელისუფლების წევრები არ მყავს მხედველობაში, რომლებიც უცხოეთში ხშირად დახეტიალებენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არც ერთი მათგანი მუზეუმში ნამყოფი არ არის; ამათ თავიანთ ლაპარაკზე ეტყობათ ვინ არიან.
აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას რომ უცხოელი, რომელიც საქართველოში ჩამოვა და ქართული კულტურის, საქართველოს ისტორიის გაცნობის სურვილი გაუჩნდება, მას ეს შანსი არავითარ შემთხვევაში არ ექნება.
რატომ ბატონო ჰამლეტ, ოკუპაციის მუზეუმში ხომ მიჰყავთ ხოლმე საპატიო სტუმრები?
– ოკუპაციის მუზეუმი ხომ საერთოდ, მუზეუმი არ არის?! ეს არის დროებითი ე.წ. გამოფენა, რომელიც მაგალითად შეიძლება იყოს ქარვასლაში, ან სადმე სხვაგან. ასეთი „მუზეუმის“ არსებობა სახელმწიფო მუზეუმის ტერიტორიაზე, მიუღებელი და სასირცხვილოა, თვითონ მუზეუმის ხელმძღვანელობისთვის.
თქვენს პირისპირ დავით ლორთქიფანიძე, რომ იყოს, ალბათ გეტყოდათ – გრანდიოზული რემონტი მიმდინარეობს, დიდი პროექტი ხორციელდება და რა ვქნათ ბატონო, თანამედროვე სტანდარტებს არ მივუახლოვდეთო?!
– მე ეს მესმის 1964 წლიდან. 64 წელს, როდესაც „ინტურისტში“ გიდ–თარჯიმნად მუშაობა დავიწყე, იმ დღიდან დაწყებული ხელში მეჭირა კალამი და ვწერდი, ხან ცეკას, ხან მინისტრთა საბჭოს, რომ ის დარბაზი, სადაც ჩვენი ერის საგანძურია მოთავსებული, უაღრესად ცუდ მდგომარეობაშია და ეს არ არის ის შენობა, სადაც შეიძლება უცხოელი სტუმარი მიიყვანო. ამის თაობაზე არა მარტო მე ვწერდი. ამაზე ძალიან ბევრი წერილი აქვს მიწერილი იმ პერიოდში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, თენგიზ გორდელაძეს, მაგრამ არსაიდან ხმა არსით პასუხი ყოფილა.
ახლა ისევ ვიგებთ ლორთქიფანიძის მოსაზრებას, პროექტი გვაქვსო. ეს პროექტი არ ნიშნავს იმას, რომ შენ ერთდოულად გამორთო მოქმედებიდან ყველა მუზეუმი; მით უმეტეს, როდესაც იცი მშენებლობის და რემონტ–რეკონსტრუქციების ჩვენეული ხარისხი და ტემპი. სწორედ ამ ტემპით შენდება პოლიციის რაიონული განყოფილებები.
რატომ, სასტუმროებიც ხომ სწრაფად შენდება?
- სასტუმროებიც შენდება, მაგრამ, ეს სასტუმროები არ არის მუზეუმი. ასეთი სასტუმროები, გნებავთ „შერატონი“ და გნებავთ „ჰილტონი“ ნებისმიერ ქვეყანაში, თუნდაც მივარდნილ აფრიკულ სახელმწიფოში შეიძლება ნახოთ. თუკი ჩვენ ამ 6 წლის განმავლობაში ასე დაბეჯითებით ვაკეთებდით გზებს, ვაშენებდით პოლიციის შენობებს, მუზეუმებმა რა დააშავეს?!
პოლიციას ყველაზე საუკეთესო შენობა ჰქონდა; არ იკმარეს ბატონო, უცხოელი არქიტექტორი მოვიწვიეთ და აეროპორტის გზაზე აკვარიუმი ავუშენეთ. ეს თუ შეიძლება, რა გახდა ამ ხნის განმავლობაში მუზეუმების გარემონტება? მით უმეტეს, მაშინ, როდესაც სააკაშვილი დაბეჯითებით გვარწმუნებს, საქართველო ტურიზმის ქვეყანა უნდა იყოსო. ტურიზმი იწყება სწორედ კულტურით და ხელოვნებით და არავითარ შემთხვევაში ჰილტონის ნახვით, ან ჰილტონში ცხოვრებით.
ცხადია, ჰილტონი აუცილებელია, მაგრამ, როდესაც უცხოელი საქართველოში ჩამოდის, ვიმეორებ, რომ მას უპირველეს ყოვლისა, აინტერესებს შენი კულტურა, ხელოვნება, რაც შექმენი შენი ისტორიის განმავლობაში. მას არ აინტერესებს ჰილტონი და სააკაშვილის მიერ აშენებული უსახური ხიდი ძველ ქალაქში. ნებისმიერი უცხოელი ამ აბრაკადაბრას შეაფასებს, როგორც ქირურგიულ ჩარევას ძველ დედაქალაქში.
6 წელი თუ მუზეუმების გარემონტებას სჭირდება, მაშინ მე გეკითხებით, როგორ შენდება სასტუმროები, ან ადმინისტრაციული შენობები 2 წლის განმავლობაში?! ანდა როგორ აკეთებენ, პოლიციის რაიონულ განყოფილებებს, ასე სწრაფად?! თუ იმისთვის ფული არსებობს, მუზეუმებისთვის რატომ არ იძებნება?! პრობლემა იმაშია, რომ ამათ სამწუხაროდ, მუზეუმი არ აინტერესებთ. როგორც მამა–მარჩენალმა ბრძანა, საქართველოს ისტორია 2003 წლის დეკემბრიდან იწყება და არა იქიდან, რაც გამოფენილი უნდა იყოს სახელმწიფო და ხელოვნების მუზეუმებში.
პრობლემად თანხის უქონლობას არ ასახელებენ; გლობალური რემონტი მიმდინარეობსო, – განმარტავენ.
– და მერე 6 წელი? ხალხნო, ექვს წელში მთელ ქალაქებს აშენებენ. ნაზარბაევმა 3–4 წლის განმავლობაში დედაქალაქი ასტანა ააშენა, მთელი თავისი მუზეუმებითა და სასახლეებით.
რამდენად მიღებული პრაქტიკაა, მუზეუმების გაერთიანება, ერთი ქოლგის ქვეშ?
– ეს ცალსახად მიუღებელია. ვინმემ ერთი წუთით წარმოიდგინოს ნიუ იორკის, ლონდონის, ან საბერძნეთის მუზეუმების გაერთიანება. ეს ხომ სასაცილოა?! სატირალი რომ არ იყოს. მსგავსი პრაქტიკა არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ არსებობს. საერთოდ, როდესაც მუზეუმის დირექტორი ენა გადმოვარდნილი ლაქლაქებს დღევანდელ კარგ ვითარებაზე, ეს დადებითის მაჩვენებელი ნამდვილად არ არის. მას თავიდანვე უნდა ეთქვა, რომ ამ მუზეუმების გაერთიანება იყო დაუშვებელი და მიუღებელი, მაგრამ ეტყობა ბევრი მუზეუმების „ნაჩალნიკობამ“ მოხიბლა.
მუზეუმებს დაახლოებით ისეთი რამ დამართეს, რაც ეკონომიკის სამინისტროს – სხვა სამინისტროები დაშალეს და დეპარტამენტებად შეიყვანეს, ეკონომიკის სამინისტროში, რომელიც ფაქტიურად აღარ არსებობს, რის დასტურადაც თუნდაც იმ მაგალითის მოყვანაა საკმარისი, რომ ამ უწყებაში, ყოველ მეორე დღეს ცვლიდნენ მინისტრს და ბოლოს ამ თანამდებობაზე გაუნათლებელი, უვიცი, ტლუ გოგო დანიშნეს.
ის რასაც ესენი ოპტიმიზაციას ეძახიან, ხშირ შემთხვევაში გამართლებული არ არის. არ შეიძლება ლორთქიფანიძემ უხელმძღვანელოს თუნდაც სახელმწიფო მუზეუმის გვერდით არსებულ ხელოვნების მუზეუმს; აღარაფერს ვამბობ სიღნაღზე, ეთნოგრაფიულ მუზეუმზე, კუს ტბაზე და ასე შემდეგ. რა არის ასეთი ფენომენი და რა ყველაფერი იცის ამ არქეოლოგმა?! ამ თანამდებობაზე სპეციალისტია საჭირო. ისე როგორც ვერა ქობალია ვერ გაიგებს ტურიზმი, მშენებლობა და თვითონ ეკონომიკა რა არის, ისე ვერ გაიგებს ლორთქიფანიძე რა არის ამ მუზეუმების დანიშნულება, ცალ–ცალკე აღებული.