„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო ფონდში ჩარიცხულ 315 000 ლარს შემომწირველებს უკან დაუბრუნებს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეს-სპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა. საუბარია იმ თანხაზე, რომელიც აუდიტის სამსახურმა კანონთან შეუსაბამო შემოწირულობად სცნო და რის გამოც თავად შემომწირველები გადარიცხული თანხების ხუთმაგი ოდენობით - 1 575 000 ლარით დაჯარიმდნენ.
თაქთაქიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე აღნიშნა, დღეიდან პარტიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება დეტალური ინფორმაცია, სადაც ასახული იქნება საარჩევნო ფონდის ანგარიშეზე ჩარიცხული შემოწირულობები.
„ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ თავს ფინანსური გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტს უწესებს. სწორედ ამიტომ დავუჭირეთ მხარი კანონმდებლობას, რომელიც პარტიათა ფინანსურ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს“, - განაცხადა თაქთაქიშვილმა.
შეგახსენებთ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ ხუთი შემომწირველი მიერ გადარიცხული თანხა, 315 000 უკანონო შემოწირულობად მიიჩნია და მმართველი პარტია 1 575 000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ თავად სახელმწიფო აუდიტის განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულებების წარმომავლობის კანონიერება შეისწავლა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ოფიციალურად მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ პოლიტიკური სუბიექტისათვის სოლიდური თანხების შემომწირველი ხუთი პირის შემოსავლები შეუსაბამოა რაიმე სახის დანაზოგის განხორციელების შესაძლებლობასთან.
„ადმინისტრაციული წარმოების შედეგად ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხუთი შემომწირველი პირის სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე. შესაბამისად, მათ მიერ პოლიტიკური გაერთიანებისთვის შეწირული თანხები ჩაითვალა უკანონო შემოწირულობად და სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული სანქციის (1.575.000 ლარის) ფარგლებში ყადაღა დაედო მათ ქონებას.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიმართავს წინადადებით მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ უკანონოდ მიჩნეული თანხები დაუბრუნოს შემოწირულობის განმხორციელებელ პირებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონის შესაბამისად, აღნიშნული თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ქართველი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მთელი ეს გადარიცხვა-დაჯარიმების პროცესი მხოლოდ საჩვენებელი აქციია, რომლითაც ხელისუფლება ცდილობს შექმნას ილუზია, რომ თითქოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, არამედ „ნაციონალურ მოძრაობასაც“ მკაცრად აკონტროლებს.
პოლიტიკური ექსპერტი გია ხუხაშვილი for.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ეს მხოლოდ საჩვენებელი შოუა და ამით ხელისუფლება ქმნის იმის ილუზიას, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. მაგრამ ხუხაშვილის აზრით, ხელისუფლების მთავარი ამოცანა ეს არ არის. ექსპერტი ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სერიოზული პრობლემები აქვს საერთაშორისო არბიტრაჟებთან დაკავშირებით, ძალიან მძიმე სასამართლო პროცესები ელოდება და ამიტომ, ხელისუფლება ცდილობს, ობიექტურობის ლეგენდა შექმნას. ხუხაშვილი ფიქრობს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს ყველაფერი მის მიერ დაქირავებული ადვოკატების რჩევით გააკეთა, მაგრამ ეს იმდენად უსუსური არგუმენტებია, რომ ამ სიტუაციაში მას ვერ გადაარჩენს.
„მართალია, ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნებისადმი“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ განხორციელებული ქმედებები უკანონოა და მიმაჩნია, რომ შეუძლებელია სამართლებრივ სახელმწიფოში ვინმემ ასეთი კრიტერიუმებით იხელმძღვანელოს, მაგრამ რომ დავუშვათ, თითქოს, ეს სამართლიანი მიდგომაა და იგივე კრიტერიუმებით „ნაციონალურ მოძრაობას“ მივუდგეთ, მათზე, ალბათ, დაახლოებით ორ მილიარდამდე ლარის ჯარიმა უნდა იყოს გამოწერილი, დაწყებული „ნაციონალური მოძრაობის“ კლიპებში ათასლარიანი ვაუჩერებით, ასევე იმ ფულის მოძრაობით, რაც მათ ანგარიშებზე ხდება და იმ შავი ფულის ჩათვლით, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ სალაროში ირიცხება“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.
მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებს ფულის დათმობა ძალიან არ უყვართ, მაგრამ ამ 315 000-ის სახით ცოტა სისხლი გამოიშვეს, თუმცა აქვე ექსპერტი დასძენს, რომ ამით ხელისუფლებამ პრაქტიკულად ფული ერთი ჯიბიდან მეორეში გადაიტანა და ამ ფულს მაინც ისევ თვითონ გამოიყენებს.
„ჩვენ ყოველთვის გვქონდა იმის ილუზია, რომ ხელისუფლებაში ვინმე ერთი მაინც იყო ჭკვიანი, ვინც მათ არაკეთისლინდისიერ, უტიფარ ქმედებებს რაღაცნაირად შეფუთავდა, მაგრამ როგორც ირკვევა, იქ ასეთიც არავინ ჰყავთ. ამდენად, იქ რეალურად თუნდაც ცუდი რაღაცეების დაგეგმვის პოტენციალიც არ ყოფილა, საქმე გვაქვს მხოლოდ უტიფრობასთან და არანაირ ინტელექტთან. ეს ძალიან უსუსური ნაბიჯებია და ამით „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ ასცდება იმ ვერდიქტს, რასაც როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო სამართალში იმსახურებენ“, - აღნიშნავს ხუხაშვილი.
იგივე აზრზეა ფსიქოლოგი მარინა ჩიტაშვილი, რომელიც ამბობს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ საჩვენებელი აქციაა.
„კარგი იქნება, თუ კიდევ ბევრ „ქეისს“ შეისწავლიან, თუნდაც იმის გამო, რომ მათი რესურსები რაღაც ადექვატურს დაემსგავსოს. ეს არის ზუსტად „შოუ-ქეისი“ და მიკვირს, აქამდე რატომ ასეთი რამ არ მოუვიდათ თავში აზრად“, - აღნიშნავს ჩიტაშვილი.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მანანა კობახიძე აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში საერთაშორისო ორგანიზაციები, კერძოდ, ეუთოს საპარლამენტო მისია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ძალიან მკაცრად აკრიტიკებს იმის გამო, რომ ხშირ შემთხვევაში ეს უწყება თვითნებობას ავლენს, ანუ კანონის გამოყენებას მხოლოდ ერთი პოლიტიკური სუბიექტის მისამართით ახდენს. ეს პოზიცია ეუთოს ოფიციალურ ანგარიშში იყო გაცხადებული. ამიტომ, კობახიძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დაჯარიმებაც სწორედ იმის სადემონსტრაციოდ მოხდა, თითქოს, სახელმწიფო აუდიტის სამსახური მმართველი პარტიის მიმართაც ობიექტურად მოქმედებს.
„ეს მათთვის საპიარო თემაა, რათა ამტკიცონ, რომ აუდიტის სამსახური არ თვითნებობს და თითქოს ის თანაბრად ობიექტურია, როგორც „ქართული ოცნების“, ასევე მმართველი პარტიის მიმართაც. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ ცუდად დადგმული შოუა, რადგან „ნაცმოძრაობამ“ ძალიან კარგად იცის, უნდა მიეღო თუ არა ეს შემოწირულობები და ისიც, რომ თუ მიიღებდა, დაჯარიმდებოდა. შემდეგ, ამ თანხის უკან დაბრუნება და მთელი ეს პროცესი ემსახურება იმას, რომ თითქოს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კანონი კი დაარღვია, მაგრამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დაემორჩილა. შემდეგ კი ამას გამოიყენებენ იმის სადემონსტრაციოდ, რომ „ქართული ოცნება“ ჯარიმებს არ იხდის.
ჩვენ ჯარიმებს არ ვიხდით იმიტომ, რომ ეს ჯარიმები აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და უკანონოა. ამიტომაც არ დავაბრუნეთ ჩვენ არაფერი და არც ჯარიმა გადავიხადეთ“, - ამბობს მანანა კობახიძე.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ თავიდან ბოლომდე არღვევს კანონს, ვინაიდან ის 2008 წლის გაყალბებული არჩევნების გზით არის ქვეყნის სათავეში მოსული. ამიტომ კობახიძე აცხადებს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კანონის დარღვევაზე სხვას არ უნდა მიუთითოს და მოუწოდებს მმართველ გუნდს, სჯობს იმას შეეგუოს, რომ ოქტომბერში მას ხელისუფლების დატოვება მოუწევს.