უწყებათაშორისი სახელმწიფო კომისიის წარმომადგენლებთან კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ შეხვედრა შეთანხმების გარეშე დასრულდა. შესაბამისად, „მაესტროს“ ანტენებზე ყადაღის მოხსნის საკითხი კვლავაც გაურკვეველი ვადით გადაიდო.
მიუხედავად იმისა, რომ კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წარმომადგენლებმა ანტენების დარიგებაზე მონიტორინგის განხორციელების საკითხი დააყენეს, უწყებათაშორისი კომისიისგან ერთადერთი პასუხი მიიღეს, რომ კომისია ამ საკითხს კიდევ ერთხელ განიხილავს და მხოლოდ ამის შემდეგ გასცემს პასუხს.
კოალიციის წარმომადგენლის, „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორის ლაშა ტუღუშის განმარტებით, მათი მიზანი უწყებათაშორის კომისიასა და გიგა ბოკერიასთან კამათი არ ყოფილა, არამედ მთავარი მიზანი გამოსავლის პოვნა იყო. ოპტიმალური გამოსავალი კი ასეთი გახლდათ, რომ ანტენების დარიგებაზე მონიტორინგი უნდა განეხორციელებინა როგორც სამოქალაქო საზოგადოებას, ასევე - სახელმწიფოს. ამასთან, თეფშების დარიგება წინასწარ შედგენილი გეგმის თანახმად უნდა მომხდარიყო, რაც მოსყიდვის ჰიპოთეტურ შესაძლებლობას გამორიცხავდა. რაც შეეხება უწყებათაშორის კომისიის თავმჯდომარე გიგა ბოკერიასთან შეხვედრას, ამის მიზეზი ერთადერთია, კერძოდ, ის, რომ „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრები მიიჩნევენ, რომ „მაესტროს“ სატელიტური თეფშების დაყადაღება პოლიტიკური საკითხია.
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წარმომადგენელის ნინო ზურიაშვილის თქმით, მათ მიერ უწყებათაშორისი კომისიისადმი შეთავაზებული სქემა მარტივი იყო. თუმცა პასუხი ბოკერიასა და პროკურატურის მოთათბირების შემდეგ რამდენიმე დღეში გაირკვევა.
„ჩვენი სქემა მდგომარეობდა იმაში, რომ ცალკე გამოეყოთ „მაესტროს“ საქმე, რომელიც, მტკიცებულებების თვალსაზრისით, განსაკუთრებულად სუსტია. უნდა მოეხსნათ ყადაღა და „მაესტროს“ საქმე დაეხურათ. ამაზე „მაესტროსთანაც“ შეთანხმებულნი ვიყავით. ამის სანაცვლოდ ვთავაზობდით, შესულიყო მონიტორინგის ჯგუფი და ენახა, თუ სად მოხდებოდა თეფშების დაყენება. ამით დარღვევების 100 %-ით აცილება შეიძლებოდა. მონიტორინგის ჯგუფი ამას დააკვირდებოდა და ნახავდა, რომ არ ხდებოდა თეფშის არც ჩუქება, არც „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის სახელით მისი მიტანა, არამედ ეს იყო კომერციული პროექტი,“ -აცხადებს ნინო ზურიაშვილი For.ge-სთან საუბარში.
მისი თქმით, თეფშების გავრცელება არის „მაესტროს“ ბიზნესის ლეგიტიმური საქმიანობა, რაც საკუთარი ბიზნესის გაძლიერებასა და პუბლიკასთან ხელმისაწვდომობას ისახავს მიზნად. ზურიაშვილი აცხადებს, რომ უწყებათაშორის სახელმწიფო კომისიაში ხანგრძლივი საუბრის განმავლობაში კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრები ამაოდ უმტკიცებდნენ ბოკერიას უწყებას, რომ მათი მტკიცებულებები სუსტი იყო, რადგან უწყებათაშორისი კომისიის წევრები საპირისპიროს დამტკიცებას ცდილობდნენ.
„ზოგადად, ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, მაგრამ მიიღებენ თუ არა ასეთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, არ ვიცი. მათ დრო ითხოვეს. რაღაცის იმედი მაქვს, ამიტომაც ჩავერთე ამ პროცესში“, - გვითხრა ნინო ზურიაშვილმა.
ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებელი მამუკა ღლონტი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ „მაესტროს“ თეფშებზე ყადაღის მოხსნის ბედი პროკურატურის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. თუ პროკურატურა არ წარადგენს მტკიცებულებას, „მაესტროს“ ანტენებს ყადაღა უნდა მოეხსნას. ამასთან, თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, მამუკა ღლონტი მონიტორინგის განხორციელების წინააღმდეგი არ არის.
„წინააღმდეგნი არ ვართ, მონიტორინგი განხორციელდეს. თორემ, წესით, ჩვენ არაფერი არ უნდა ვამტკიცოთ, სიმართლე უნდა ამტკიცოს აუდიტის სამსახურმა და პროკურატურამ. წარმოგიდგენიათ, ნებისმიერი ბიზნესი თან საქმეს აკეთებდეს, თანაც ამტკიცებდეს, რომ ცუდს არაფერს აკეთებს?! მე რომ მკითხოთ, ეს მონიტორინგიც სასაცილოა, მაგრამ, ჯანდაბას, იყოს მონიტორინგი“, - აღნიშნა მამუკა ღლონტმა.
მისი თქმით, საქმე ძალიან მარტივადაა. კერძოდ, „მაესტროს“ წარმომადგენლები არავისთან არიან გარიგებულნი, თუმცა, გარიგებულნი რომც იყონ, ამას მტკიცებულება სჭირდება. თუ ამის მტკიცებულება არ არსებობს, ე.ი არ არსებობს საქმე“, -მიიჩნევს მამუკა ღლონტი.
„ადრე თუ გვიან დასავლელი პარტნიორები და დამკვირვებლები მათ მოსთხოვენ, გვაჩვენეთ, რის საფუძველზე დააყადაღეთ ანტენები?! ასეთ შემთხვევაში, პასუხად მიიღებენ იმ სისულელეს, რა სისულელეც აქვს პროკურატურას. ის რაღაც სტიკერები ჩვენ არ მიგვიკრავს და ვინ მიაკრა, ღმერთმა იცის, რადგან ჩვენ ტვირთიც კი არ გვინახავს. გარდა ამისა, გახსოვთ, ალბათ, „გლობალის“ თეფშებს დიდი ასოებით ეწერა „Global“-ი, მაშინ სტიკერები რატომღა ჰქონდა მიკრული?! უცხოელები მიიღებენ ამ უსუსურ ბრალდებებს პროკურატურისგან და შესაბამისი დასკვნაც დაიწერება“, - განმარტავს მამუკა ღლონტი.
მისივე თქმით, „მაესტროს“ ანტენების დაყადაღება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რადგან ხელისუფლებას ეშინია დამოუკიდებელი მედიის, რომელსაც ვერ აკონტროლებს. შესაბამისად, ხელისუფლებას საერთოდ არ აქვს სურვილი, დამოუკიდებელი მედია ეთერში გავიდეს.
„თქვენ წარმოიდგინეთ, საქართველოს მოსახლეობის ორი მესამედი ვერ იღებს ალტერნატიულ აზრს. სწორედ ამაზეა საუბარი, ის ორი მესამედი როგორ არჩევანს გააკეთებს, როდესაც მხოლოდ ცალმხრივი ინფორმაცია აქვს?!“ - კითხულობს მამუკა ღლონტი.