„ქართული ოცნება“ ცდილობს, ამერიკა მწვავე საარჩევნო დავაში ჩააბას

„ქართული ოცნება“ ცდილობს, ამერიკა მწვავე საარჩევნო დავაში ჩააბას

„ქართული ოპოზიცია ობამას ადმინისტრაციის მწვავე საარჩევნო დავაში ჩაბმას ცდილობს“, - ამ სათაურით აქვეყნებს ვრცელ სტატიას ამერიკული გამოცემა The Hill-ი . სტატიის სრულ ვერსიას „foreignpess“-ი აქვეყნებს. როგორც სტატიის ავტორი, ჯულიან პეკე აღნიშნავს, საქართველოს მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ყველაფერს აკეთებს იმის მისაღწევად, რომ ობამას ადმინისტრაციამ პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში არსებული სავარაუდო დარღვევები დაგმოს.

სტატიის თანახმად, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი და საქართველოს ყველაზე მდიდარი კაცი ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ შეერთებული შტატები უნდა ესაუბროს მიხეილ სააკაშვილს, რათა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უზრუნველყოს. სხვაგვარად, ამერიკამ შეიძლება დაკარგოს მისი ყველაზე ახლო მოკავშირე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კავკასიის რეგიონში, აცხადებს ივანიშვილი.

ჟურნალისტმა ივანიშვილთან თარჯიმნის მეშვეობით სატელეფონო ინტერვიუც ჩაწერა.

„ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა ბოლო 20 წლის განმავლობაში არის ის, რომ შეერთებულმა შტატებმა – ამ დიდმა, ძლიერმა სახელმწიფომ, საქართველო თავის ახალგაზრდა მეგობრად მიიღო. ეს არის ის, რის გაძლიერებასაც ვიმედოვნებ მომავალში, მაგრამ ეს არის ასევე ის, რასაც ჩვენ დავკარგავთ. ხალხი ხედავდა, რომ სააკაშვილს შეერთებული შტატები ეხმარებოდა და თუ ჩვენ ავტორიტარულ რეჟიმს მივიღებთ, ხალხი შეერთებული შტატების წინააღმდეგ განეწყობა“, - აცხადებს ივანიშვილი.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სტატიაში საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნისა და უწყებათშორისი კომისიის ხელმძღვანელის გიგა ბოკერიას კომენტარიც არის.

„ამ ფონზე, ეს განცხადება ჩემთვის არის იმ საერთაშორისო კამპანიის ნაწილი, რომლის მიზანი ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრაა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ივანიშვილი ემზადება ისეთი სიტუაციისთვის, როდესაც, თუ დამარცხდება თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში, განაცხადებს, რომ ხმები მოპარულია და ქუჩის გამოსვლებისთვის მოემზადება. იტყვის, რომ იყო უამრავი კრიტიკა… ასევე, შეეცდება ისეთი შთაბეჭდილება შექმნას საერთაშორისო მედიაში, რომ არჩევნების მოპარვის ფაქტი დიდი სიურპრიზი არ იქნება“, - განაცხადა ბოკერიამ.

ივანიშვილი თავის მხრივ აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ზაფხულის დასაწყისში შეერთებული შტატების ელჩმა ჯონ ბასმა თავისი პოზიცია დატოვა, სიტუაცია ბევრად გაურესდა.

„შეერთებული შტატები იმდენი ხნის განმავლობაში ისეთ ინვესტიციებს დებდა საქართველოში, სააკაშვილი დემოკრატიის შუქურად იყო შერაცხული, და ახლა მათ სააკაშვილის ნამდვილი სახე დაინახეს“, - განაცხადა მან და დასძინა - „ამის აღიარება არც ისე სასიამოვნოა“.

მაგრამ მისი თქმით, შეერთებული შტატები ერთადერთია, რომლის ხმასაც მნიშვნელობა აქვს.

„სააკაშვილის ყველაზე დიდი იარაღი იმის წარმოდგენაა, რომ ის დემოკრატია. თუკი შეერთებული შტატები ეტყოდა მას, რომ „ის, რასაც შენ აკეთებ დემოკრატია არ არის, ერთადერთი რამ რაზეც სააკაშვილი დგას გაქრებოდა – მას არ აქვს ნავთობი, არ აქვს ფული, არაფერი არ აქვს“, - ამბობს ივანიშვილი.

რას ფიქრობენ საქართველოში იმასთან დაკავშირებით, მოახერხებს თუ არა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, რომ ამერიკის ადმინისტრაციამ სააკაშვილის მიმართ კრიტიკული პოზიცია დააფიქსიროს, ამასთან დაკავშირებით for.ge ქართველ ექსპერტებსა და თავად კოალიციის წარმომადგენელსაც ესაუბრა.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამბობს, რომ ეს არარეალური ამოცანაა და ქართული ოპოზიცია სავარაუდოდ ასეთი არაადექვატური არ არის, რომ დღეს, როდესაც ამერიკაშიც წინასაარჩევნო პერიოდია, ასეთი ამოცანა დაისახოს მიზნად.

„როდესაც ამერიკაში წინასაარჩევნო კამპანია უკვე ფინიშის სწორზე გადის, ამერიკას არ აქვს ტრადიცია, რომ ამ დროს საგარეო პოლიტიკაში იაქტიუროს. ამაში იგულისხმება ისეთი ქვეყნებიც კი, რომელთა მიმართ ვაშინგტონი სიმპათიით არის განწყობილი, ასევე ისეთი საკითხებიც, რომლებიც ამერიკისთვის წინასაარჩევნო ჭრილში გადამწყვეტია, მაგალითად, ისრაელთან და ირანთან ურთიერთობა. ამ საკითხშიც კი, ამერიკა სიფრთხილეს ავლენს. „ქართულ ოცნებაში“ არიან თედო ჯაფარიძე და ირაკლი ალასანია (ასევე სხვებიც), რომლებმაც ამერიკა ბრწყინვალედ იციან და არ მგონია, რომ მათ ასეთი ფატასტიკური ამოცანა დაესახოთ, რადგან ამერიკა ამაში არ ჩაერევა“, - ამბობს სოსო ცინცაძე.

მისი თქმით, ამერიკაში დღეს ძირითადი აქცენტი საშინაო პოლიტიკაზეა გადატანილი. ამისთვის საკმარისია ამერიკულ მედიას გადავავლოთ თვალი და ვნახოთ, რა არის ამერიკელი ამომრჩვლის პრიორიტეტები. ცინცაძის თქმით, ამერიკელ ამომრჩეველს ვერ აიძულებ, საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანია აღიქვას პრიორიტეტად და შეეცადოს ობამაზე იქონიოს გავლენა.

„რატომ ვსაუბრობთ ობამაზე? თუ ასეა, საქართველოს მიმართ უფრო კეთილგანწყობილები რესპუბლიკელები არიან, მაგალითად იგივე სენატორი მაქკეინი, მაგრამ გამორიცხულია, ამერიკა ამ დროს ჩვენს საშინაო საქმეებში ჩაერიოს. შესაძლოა, ამერიკელი ჟურნალისტი საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ესაუბრა, ოპოზიციონერებმა შესაძლოა, მას თავიანთი პრობლემები შესჩივლეს და ისიც უთხრეს, რომ მათ ამერიკა ყურადღებას არ აქცევს. არა მხოლოდ ამერიკა, ახლა ევროპელები რომ იყვნენ საქართველოში, მათზე ივანიშვილმა ღიად განაცხადა, რომ მეტი ყურადღების გამოჩენა სთხოვა. შესაძლოა, ოპოზიციამ ამერიკელ ჟურნალისტს ეს ყველაფერი შესჩივლეს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციის მიზანია, თეთრი სახლი აიძლოს, თავისი წინასაარჩევნო კამპანიის ძირითად კომპონენტად საქართველოში მიმდინარე მოვლენები აქციოს. ეს სრულიად არარეალური იქნებოდა“, - აღნიშნავს ცინცაძე.

პოლიტიკური ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ვერ ხედავს მიზეზს, რატომ შეიძლება გაუგებარი იყოს ის, რომ ივანიშვილი ცდილობს, საქართველოში მიმდინარე პროცესების შეფასებაში რაც შეიძლება ფართო წრეები ჩართოს. მით უმეტეს თუ დავითვლით (წმინდა ფინანსურად, რომ აღარაფერი ვთქვათ მორალურზე) იმ ზარალს, რომელიც ივანიშვილმა ამ პოლიტიკურ ბრძოლაში განიცადა და, რომლის მიმართაც მას არ აქვს იმის გრძნობა, რომ ეს სამართლიანი იყო, საყვარელიძე ფიქრობს, რომ ივანიშვილი, რა თქმა უნდა, ეცდება, ეს მისთვის საზიანო და სახიფათო პოლიტიკა შეაჩეროს, გინდ უცხოელი პოლიტიკოსების და გინდ სხვა ნებისმიერი საშუალებით. ამიტომ, ექსპერტისთვის გაუგებარია, ეს ფაქტი რატომ უნდა იწვევდეს შეფასებას.

რაც შეეხება იმას, რა დამოკიდებულება შეიძლება ამერიკას საქართველოს მიმართ ჰქონდეს, რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ თავად ამერიკას ამჟამად საკმაოდ მძიმე წინასაარჩევნო პერიოდი აქვს, ისევე როგორც ყველა არჩევნების წინ.

„თუ გავიხსენებთ იმას, რომ ობამას ოპონენტები როგორც ადრე, ახლაც რესპუბლიკელები არიან და თუ გავიხსენებთ, რომ რესპუბლიკელების ფავორიტია სააკაშვილი, ხოლო თუ მის ხელისუფლებაში ყოფნას რაიმე ხარვეზები აქვს, ეს ძალაუნებურად რესპუბლიკელებს მიეწერება, მაშინ გამორიცხული არ არის, სააკაშვილის კრიტიკა დემოკრატებმა და მათ შორის ობამამაც, თავისი საარჩევნო კამპანიის ეფექტურობისთვის გამოიყენონ, თუკი ეს, ასე ვთქვათ, კარგად მოჯდა ენაზე. მაგრამ, თუ კარგად მოჯდა იმიტომ ვამბობ, რომ ობამას ადმინისტრაციას ადრე ასეთი კრიტიკა პრაქტიკულად არ გაუმჟღავნებია და ახლა სააკაშვილის მიმართ მისი კრიტიკულობა შეიძლება ძალიან არადამაჯერებელი იყოს“, - ამბობს საყვარელიძე.

„ქართული ოცნების“ წევრი ვიქტორ დოლიძე კი მიიჩნევს, რომ კოალიციამ ამ საკითხში უკვე შეძლო გარკვეული წარმატების მიღწევა.

„მოდით ასე ვთქვათ, პროგრამა მინიმუმი, რომელიც ჩვენს წინაშე იყო დასახული, არის საერთაშორისო თანამეგობრობის სრულფასოვნად ინფორმირება, თუ რა ხდება რეალურად საქართველოში. ჩვენ ეს შევძელით და მიმაჩნია, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადება ამის ნათელი მაგალითია. კაი ხანია საერთაშორისო თანამეგობრობა ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ მათ საქართველოში არსებული რეალობის შესახებ იციან, მათ არ სურთ, სააკაშვილი ქვეყნის სათავეში დარჩეს და არ მოხდეს პუტინიზაცია (მე ამას ვგულისხმობ) და რა თქმა უნდა, მათ სურთ, რომ საქართველოში საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი არჩევნები ჩატარდეს“, - აცხადებს ვიქტორ დოლიძე.

მისი თქმით, კოალიციის პროგრამა მაქსიმუმი არის ის, რომ უკვე ღიად მოხდეს ამ განწყობის დაფიქსირება, მათ შორის ამერიკელების მხრიდანაც. დოლიძის თქმით, შემთხვევითი არ არის საქართველოში ამერიკის ელჩის, ნორლანდის მიერ კონგრესში გაკეთებული მოხსენება და ესეც ამ კამპანიის ნაწილია.

„მიუხედავად არჩევნებისა და არჩევნებით ობამას ადმინისტრაციის დაკავებულობისა, არ მგონია, ისინი ძალიან კარგად არ აკვირდებოდნენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს. საერთოდ, მათ სტრატეგიულ ინტერესებში საქართველოში რეალური დემოკრატიის დამყარება შედის. ამიტომ, არ მაქვს საფუძველი, ვიფიქრო, რომ ისინი ნაკლებ ყურადღებას მიაქცევენ ჩვენთან მიმდინარე პროცესებს. ყველამ კარგად იცის, როგორი სიტუაციაა ჩვენთან, ეს არ არის დემოკრატია, პრაქტიკულად ეს არის დემოკრატიის მარცხი და ავტოკრატიის დამყარების მცდელობა. დღეს ჩვენ ვართ ზღურბლზე, ან დემოკრატია დამყარდება საქართველოში, ან ავტოკრატია. თუკი ამერიკა, ან ნებისმიერი სხვა ქვეყანა ხელს შეგვიწყობს, რომ სწორ გზაზე წავიდეთ, ბუნებრივია, ხალხიც ამ ქვეყნის მიმართ კარგად განეწყობა და რა თქმა უნდა, ანალოგიურად, ადექვატური რეაქცია იქნება რეალობაზე თვალის დახუჭვაზე, რასაც მე გამოვრიცხავ“, - ამბობს დოლიძე.