ივლისის დასაწყისში, როდესაც მოულოდნელად პარლამენტის დაცლა დაიწყო, სამთავრობო კულუარებში ამბობდნენ, რომ სააკაშვილმა ბრძანა, შენობა აგურ-აგურ დაშალეთო. მაშინ ის გორში „ქართული ოცნების“ მიერ გამართული აქციის გამო გაბრაზებულა და, როგორც ჩანს, ჯავრის ამოყრა პარლამენტის შენობაზე გადაწყვიტა.
ძნელია სათქმელია, რა შუაშია პარლამენტი „ქართული ოცნების“ აქციებთან. მაგრამ, უმრავლესობაში იმასაც ამბობენ, რომ სააკაშვილს ეშინია, არჩევნებზე ივანიშვილმა უმრავლესობით მოსვლა არ შეძლოს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში პარლამენტი ისევ თბილისში არ გადმოიტანოს.
ივანიშვილის გუნდიდან არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ ისინი გამარჯვების შემთხვევაში კონკრეტულად პარლამენტის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით პლებისციტს ჩაატარებენ. დიდი ალბათობით კი მხარდაჭერა პარლამენტის დედაქალაქში ყოფნას ექნება. ამიტომაც, როგორც ჩანს, სააკაშვილი ფიქრობს, რომ შენობით დანგრევით ამის აღსრულებას ხელს შეუშლის.
ასეა თუ ისე, ივლისში დასაწყისში პარლამენტში ძალიან ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ დაცლის გადაწყვეტილება სააკაშვილის ბრძანებას უკავშირდებოდა.
მას შემდეგ, რაც პარლამენტის დაცლასთან დაკავშირებით მედიაში აჟიოტაჟი ატყდა, პროცესი შენელდა, თუმცა, არ შეჩერებულა და მთელი ამ ხნის განმავლობაში ნივთები ნელ-ნელა გაჰქონდათ.
შაბათ-კვირას კი უკვე შენობის დანგრევა დაიწყო. უკვე „პირველი რესპუბლიკის“ და „ილია ჭავჭავაძის“ სახელობის დარბაზების დემონტაჟი გახორციელდა და ახლა იქიდან ოვალური მაგიდები, ტრიბუნები, პრეზიდიუმი და სხვა ნარჩენები ფიცარ-ფიცარ გაიტანეს. გატანილია დარბაზებში განთავსებული ნივთებიც.
როგორც პარლამენტში ამბობდნენ, გადაწყვეტილი იყო, რომ ამ დარბაზების დანგრევა შაბათ-კვირას განეხორციელებინათ და ორშაბათ დილას ორივე დარბაზის კარები უნდა დაეკეტათ. ეს რომ ასე მომხდარიყო, ვერავინ გაიგებდა, დაინგრა თუ არა დარბაზები, რადგან, როგორც წესი, თუკი ამ დარბაზებში რაიმე ღონისძიება არ ტარდება, დაკეტილია.
ამ თემაზე ოფიციალური კომენტარი ისევ არ კეთდება. ამ საკითხზე პასუხისმგებლობა პარლამენტის აპარატის უფროსს, დავით ჯანიაშვილს აკისრია, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში პარლამენტში არც იმყოფება. ამიტომაც არ არსებობს პასუხი, რატომ დაანგრიეს ეს ორი დარბაზი და ქუთაისში გადასვლამდე საჭირო რომ გახდეს რაიმე შეხვედრის ჩატარება, სად ჩაატარებენ.
მეორე კითხვა კი უკვე ტექნიკურ პროცედურებს ეხება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუკი ეს დარბაზები პარლამენტმა დააგრია, მაშინ მას ამ სამუშაოს ჩასატარებლად ტენდერი უნდა გამოეცხადებინა. პარლამენტის ვებ-გვერდზე კი არანაირი სატენდერო განცხადება არ არის განთავსებული. სატენდერო განყოფილების თანამშრომლება ისიც კი თქვეს, რომ მათ ამის შესახებ არაფერი სმენიათ და განყოფილების უფროსთან გადაგვამისამართეს. კომენტარის გაკეთება, ცხადია, არც მან არ ისურვა და გვითხრა, რომ პასუხებს ჯანიაშვილი გაგვცემდა. ჯანიაშვილი კი ჯერჯერობით არანაირ განმარტებას არ აკეთებს.
ამასთან, თუკი პარლამენტის შენობა ვინმემ იყიდა და დემონტაჟს ის ახორციელებს, მაშინ ეს მაინც უნდა თქვან. მაგრამ ამ თემაზე საუბარი არც ეკონომიკის სამინისტროში სურთ და არც პარლამენტში. მუშებმა ისიც კი არ იცოდნენ, ამ სამუშაოს შესასრულებლად ისინი ვინ დაიქირავა.
რამდენიმე დღის წინ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ნოდარ ხადურმა ეკონომიკის სამინისტროს და ითხოვდა პასუხს, გაიყიდა თუ არა პარლამენტის შენობა და, თუ გაიყიდა, ვინ იყიდა. მაგრამ ეკონომიკის სამინისტრომ, რომელსაც აბარია სახელმწიფო ქონების განკარგვა, ნოდარ ხადური პარლამენტში გადაამისამართა და ამის ოფიციალური წერილიც არსებობს. არადა, პარლამენტი საერთოდ არ არის უფლებამოსილი, რომ სახელმწიფო ქონების გაყიდვაზე ფლობდეს ინორმაციას.
სხვა საკითხია, რომ ეკონომიკის სამინისტრო არაკომპეტენტურ პასუხებს იძლევა, ამ შემთხვევაში საინტერესო ის არის, რომ ივლისში პარლამენტის დაცლას პარლამენტის ხელმძღვანელობა პარლამენტის ქუთაისში გადატანას უკავშირებდა და ცალსახად ითქვა, რომ შენობის დანგრევა არ იყო განზრახული. ახლა კი ფაქტია, რომ შენობის დანგრევა დაწყებულია. თანაც იქამდე, ვიდრე პარლამენტი ქუთაისში გადავა და შენობას მყიდველი გამოუჩნდება.
ამ დარბაზების დანგრევას მხოლოდ ოპოზიციური ფრაქცია
„ერთობა სამართლიანობის“ წევრები აპროტესტებენ. დიმიტრი ლორთქიფანიძე კითხულობს, თუ რა ბედი ელის პარლამენტის შენობის ნულოვან სართულზე მდებარე სამლოცველოს და იუნკერების საფლავებს.
„როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, მაგიდები და პრეზიდიუმი
აგლიჯეს, დალეწეს და დარბაზებიდან ასეთ მდგომარეობაში გაიტანეს. მინდა ყველას შევახსენო, რომ თავის დროზე I რესპუბლიკის სახელობის დარბაზს ეს სახელწოდება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში იმ უმნიშვნელოვანესი მოვლენის საპატივსაცემოდ მიენიჭა, როგორიც1918 წლის 26 მაისს ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღება იყო. ისტორიული მეხსიერების წაშლა დღევანდელი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიზანია და როგორც ჩანს, პარლამენტის შენობის ფარული გასხვისება ამ მიზნის გახორციელებასაც უკავშირდება. ახლა მაინტერესებს, რა ბედი ელის სამლოცველოს და 500 იუნკერის საფლავს“, - აცხადებს ლორთქიფანიძე.