„ქართული ოცნებისთვის“ სარეკლამო ბილბორდები აღარ დარჩა. ყველა ბილბორდი „ნაციონალების“ ბანერებმა დაიკავეს.
ბიძინა ივანიშვილის პრესპიკერის მაია ფანჯიკიძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ თბილისში სარეკლამო ბილბორდების მფლობელ კომპანიებს საარჩევნო ბანერების განთავსების თხოვნით, ჯერ კიდევ, მაისში მიმართა, თუმცა მათგან უარი მიიღო. ამის მიზეზად კომპანიებმა დაასახელეს ის, რომ ყველა სარეკლამო ბანერი დაკავებული იყო. ამის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ აღნიშნული კომპანიებისთვის აღარ მიუმართავს, რადგან მათ ანგარიშებს ყადაღა დაადეს და „ქართულ ოცნებას“ სარეკლამო ბანერების თუ ბილბორდებზე რეკლამის განთავსების ფული აღარ ჰქონდა.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მანანა კობახიძე კანონდარღვევად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის დასაწყისში ნაციონალურმა მოძრაობამ უკვე დაიკავა ქალაქში არსებული ყველა ბილბორდი. გარდა ამისა, სარეკლამო კომპანია, რომელიც რეკლამების განთავსებას ახდენს, სწორედ ხელისუფლების მიერ კონტროლდება.
მანანა კობახიძის თქმით, იმ პერიოდში მათ უკვე დაყადაღებული ჰქონდათ ანგარიშები და რეალურად, არ ჰქონიათ შესაძლებლობა, რაიმე სახის ანგარიშსწორება მოეხდინათ.
„მოგეხსენებათ, ჩვენ პარალიზებულნი ვიყავით. სწორედ ამით ისარგებლეს „ნაციონალებმა“ და მთელ საქართველოში ყველა ცენტრალური ადგილი დაიკავეს, სადაც თავიანთი რეკლამები განათავსეს. ამდენად, ჩვენი ბლოკი თანაბარ პირობებში სივრცის გამოყენების შესაძლებლობას მოკლებულია. ხელისუფლების მხრიდან ყველაფრის მონოპოლიზება ხდება, მათ შორის, - პოლიტიკური რეკლამის, სარეკლამო სივრცის, სარეკლამო დროის“, -აცხადებს მანანა კობახიძე For.ge-სთან საუბარში.
მისი თქმით, ასეთი მცდელობის მიუხედავად, ხელისუფლებას მათი პარალიზება არ გამოუვა, რადგან თუნდაც ამბროლაურის აქციამ მათ დაანახა, თუ რაოდენ ძლიერია საზოგადოების მუხტი. ამდენად, პირადად მანანა კობახიძისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელ ბილბორდზე განათავსებს რეკლამას „ქართული ოცნება“.
„გამარჯვება მაინც გარდაუვალი იქნება, რამდენადაც ამ ხალხში დავინახეთ იმედი და მხარდაჭერა. ნებისმიერ შემთხვევაში, გამარჯვებისთვის ვემზადებით. წინასწარ შემოიყვანეს ახალი სამარშრუტო ტაქსები და არჩევნების გამოცხადებისთანავე ყველა მარშრუტზე „ნაციონალური მოძრაობის“ რეკლამა განათავსეს. ადმინისტრაციული რესურსი, სატრანსპორტო სარეკლამო ბიზნესი მათ ხელშია და ყველაფერ ამას აკონტროლებენ. ცხადია, ეს არასამართლიან საარჩევნო პირობებს ქმნის. ელემენტარულად, რას გვთავაზობენ?! ცარიელი ადგილი აღარ დარჩა ქალაქში“, - აცხადებს ადვოკატი.
ამასთან, მანანა კობახიძის განმარტებით, ბილბორდებზე შექმნილი პრობლემა, ისევე, როგორც სხვა დარღვევების შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო დამკვირვებლებს მიეწოდებათ. რაც შეეხება მეორად სარეკლამო ადგილებს, „ქართულ ოცნებაში“ ამაზე ჯერ არ ჩამოყალიბებულან და მსჯელობა ჯერ კიდევ გრძელდება.
კოალიციის წარმომადგენლის, ჩუღურეთის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვიქტორ დოლიძის თქმით, სარეკლამო ბილბორდებზე ყველგან „ნაციონალური მოძრაობასა“ და ხელისუფლებასთან დაახლოებული ოპოზიციური პარტიების საარჩევნო ბანერებია განთავსებული.
„ჩვენ არ გვჭირდება ბილბორდები, ბილბორდები იმათ სჭირდებათ, ხალხთან რომ არ აქვთ საქმე და გაუცხოებულნი არიან. ჩვენი ბილბორდი ჩვენივე შეხვედრებია. ყოველდღიურად დავდივართ, დღეში შვიდ-ათ შეხვედრას ვატარებთ და ადამიანებს ველაპარაკებით. ასე რომ, სარეკლამო ბანერები ჩემთვის მხოლოდ და მხოლოდ პიარკომპონენტია. მე რომ მკითხოთ, საერთოდ არ მჭირდება ბილბორდი. სამარშრუტო ტაქსებზე დააკრეს თავიანთი ბანერები. მონოპოლიაა ამ ბიზნესში და იგი დღეს გამოყენებულია სახელმწიფო ადმინისტრაციულ რესურსად“, - აცხადებს ვიქტორ დოლიძე For.ge-სთან კომენტირებისას.
მისი თქმით, თუნდაც ჩუღურეთის რაიონში ყველა ადგილი ნაციონალებისგანაა დაკავებული. მეტიც, ბილბორდები ქდმ-სა და მემარჯვენეებსაც აუღიათ. თუმცა ხალხმა ბანერების გარეშეც კარგად იცის, ვის უნდა მისცეს ხმა.
„ამ პარტიებზე როცა ვსაუბრობ, ბუნებრივია, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვგულისხმობ. ისინი „ნაცმოძრაობამ“ დაიქირავა და იარონ ახლა ამ ბილბორდებით... ეს ნაკლებად მაინტერესებს, მე ხალხთან მაქვს შეხვედრები. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ამას ლენინიზმი უწოდა, რაც ტყუილად არ მომხდარა. ისინი დეტალურად ფლობენ ყველა ინფორმაციას და ეს ინფორმაცია მიეწოდებათ არა მხოლოდ ევროპელ პარტნიორებს, არამედ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებსაც. ყველამ ყველაფერი კარგად იცის“, - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.
ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურის ხელმძღვანელის ნონა ყანდიაშვილის ცნობით, თავის დროზე მათ მიმართეს „აუთდორს“, თუმცა ამ კომპანიამ სულ რაღაც რვა თუ ცხრა ადგილი გაიმეტა დედაქალაქში. ამას კიდევ დაემატა აბსოლუტურად გამოუსადეგარი რამდენიმე სამარშრუტო ხაზი.
„სასაცილოა, როდესაც მთელი ქალაქი და მთელი ქვეყანა „ნაცმოძრაობის“ ბილბორდებითაა გადაჭედილი, ჩვენ კი რეკლამის განთავსებაზე პრობლემა შეგვექმნა. რეკლამას ვერ განვათავსებთ, არ არსებობს ადგილები. ყველგან, სადაც გაივლით, „ნაცმოძრაობის“ ბანერებია, ამდენად, აზრს კარგავს რეკლამის განთავსება. გარდა ამისა, ყველა ანგარიშს ინკასო ადევს და, ფიზიკურად, ბლოკს საშუალება არ აქვს, გააკეთოს რეკლამა. ასეთ პირობებში რეკლამის განთავსებას არანაირი აზრი არ აქვს“, - გვითხრა ნონა ყანდიაშვილმა.
მისივე განმარტებით, დასავლელ პარტნიორებს ძალიან გაუკვირდათ, როცა ნახეს, თუ რა ხდება ქალაქში. კერძოდ, მთელ თბილისში მხოლოდ რვა სარეკლამო ბანერი გამოყვეს, რაც სასაცილოა.
„ერთადერთი, რაც შეგვიძლია, ისაა, რომ დროის უფასო მონაკვეთში ვათავსებთ სარეკლამო რგოლებს. ყველაფერ ამის გათვალისწინებით, უნდა ჩავთვალოთ, რომ ქვეყანაში სარეკლამო კამპანია არ მიმდინარეობს“, - აცხადებს ნონა ყანდიაშვილი.