58 მოსამართლეს დიღომში საჩუქრად ოროთახიანი ბინა გადაეცემა. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სამმართველოს დეპარტამენტმა მრავალპროფილიანი სახლის მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა, რისთვისაც
საქართველოს ბიუჯეტიდან 6 მილიონ 120 ათასი ლარი განისაზღვრა.
ამ ეტაპზე უცნობია, რა დამსახურებისთვის მიანიჭეს 58 მოსამართლეს ასეთი პრივილეგია. ისიც უცნობია, რა კრიტერიუმით გამოარჩევენ საქართველოს 300-ზე მეტი მოსამართლისგან 58 რჩეულს. თუმცა, ის კი ცნობილია, რომ რვა თვის შემდეგ ხელისუფლების გამორჩეულ მოსამართლეებს საქალაქო სასამართლოსთან ახლოს, დავით აღმაშენებლის ხეივნის მეათე კილომეტრზე მშენებარე ცხრასართულიან, ორსადარბაზონიან სახლში ჩააბარებენ ოროთახიანი ბინების გასაღებს. თანადაფინანსების პრინციპით, ბინის ღირებულების 33 %-ს მოსამართლეებს საერთო სასამართლოების დეპარტამენტი დაუფარავს.
მოსამართლეების მიმართ გამოჩენილ კეთილგანწყობას ჩვენი ოფიციოზი სოციალური დაცვის ეფექტურ მიდგომას უკავშირებს, თუმცა უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ეს არ შეესაბამება გაცხადებულ მიზნებს და აქ კორუფციული სქემა იმალება.
ხელისუფლებისგან მიძღვნილი გულუხვი საჩუქარი მოსამართლეებისთვის არახალია. ჯერ კიდევ 2010 წელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ათ მოსამართლეს პრეზიდენტისგან სიმბოლურ ფასად ბათუმის ცენტრში გადაეცა ბინები. მაშინაც მოიძებნა გასამართლებელი მიზეზი, ამ მოსამართლეებს თურმე არ ჰქონიათ საცხოვრებელი ფართები ხსენებულ ტერიტორიაზე. ახლა კი „დამსახურებულ“ მოსამართლეთა რიცხვი 58-მდე გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ შესაბამისი პირდაპირპროპორციულობით გაიზრდება მათი „დამოუკიდებლობის“ ხარისხი.
აღნიშნულ ფაქტს ეხმიანება ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისათვის“ თავმჯდომარე დიმიტრი ლორთქიფანიძე.
For.ge-სთან საუბარში იგი აცხადებს, რომ მოსამართლეების ამ სახით დასაჩუქრება გაუმართლებელი აქტია, რამაც მას საკონსტიტუციო სასამართლოს ბათუმში გადატანის პერიოდის ანალოგიური ფაქტი გაახსენა, როცა პრეზიდენტმა სიმბოლურ 1 ლარად ორ მოსამართლეს ბინა გადასცა.
„ამ შემთხვევაშიც, მოსამართლეების მოქრთამვა ხდება იმ გარკვეული სამუშაოს ფასად, რომელიც მათ წლების განმავლობაში გასწიეს. მხედველობაში მაქვს იმ უკანონო გადაწყვეტილებების მთელი კასკადი, რაც მათ აქვთ მიღებული, როგორც სისხლის სამართლის წარმოებაში, ისე სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე. როგორც ჩანს, მათ დაუფასდათ თავიანთი კაპიტულანტური დამოკიდებულება აღმასრულებელი ხელისუფლებისა და პრეზიდენტის წინაშე, ვინაიდან ისინი არ წარმოადგენენ დამოუკიდებელ სახელისუფლო შტოს, დამოუკიდებელ სასამართლო ხელისუფლებას და, უბრალოდ, არიან აღმასრულებელი ხელისუფლების დანამატნი“, - აღნიშნა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
მანვე გაიხსენა, რომ მოსამართლეს ისედაც ძალიან მაღალი ხელფასი აქვს, რაც საჯარო სამსახურში მყოფი პირისთვის გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე თუნდაც პარლამენტის წევრის ხელფასი. აქ რამდენიმე ათას ლარზეა საუბარი. გარდა ამისა, მოსამართლეებს პრემიის სახით საკმაოდ მაღალ დანამატს აძლევენ, რაც, ხშირ შემთხვევაში, გაორმაგებულ და გასამმაგებულ ხელფასს გულისხმობს.
„რა თქმა უნდა, მოსამართლე უზრუნველყოფილია ბინით და დამატებითი საჩუქრის სახით მათთვის ბინის გადაცემა სწორედ ქრთამის ლეგალიზაციის მცდელობაა. ეს არის მათი მონური მორჩილების ფასი“, - მიიჩნევს დეპუტატი.
მეტიც, დიმიტრი ლორთქიფანიძეს მსოფლიოში არსად ეგულება ისეთი პრეცენდენტი, როცა მოსამართლეს, დამატებითი ჯილდოს სახით, ბინას გადასცემენ. მით უმეტეს, აქ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზეა საუბარი, ანუ უბრალო მოქალაქეების ჯიბის ხარჯზე.
ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ოპოზიციონერი დეპუტატი მიიჩნევს, რომ ეს პირდაპირ კორუფციული მაგალითია და წინასაარჩევნოდ ამ კამპანიის დაწყება მკვეთრი მესიჯია მოსამართლეებისთვის, რომ მათ მომავალშიც დაუფასდებათ მონური მორჩილება. ამასთან, დიმიტრი ლორთქიფანიძე არ გამორიცხავს, რომ, მოსამართლეებს გარდა, შესაძლოა, სხვა მიმართულებისა და პროფესიის ადამიანებიც აღმოჩნდნენ ბინებით დასაჩუქრებულნი.
ადვოკატი ლია მუხაშავრია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მოსამართლეებზე ზეგავლენის მოხდენა ხელისუფლებას ნამდვილად გამოადგება და მმართველი გუნდი ამ ფაქტს არა მარტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოიყენებს, არამედ სამიდღემჩიოდ, რადგან ასეთი საჩუქრის მიღება ნებისმიერ პირს საჩუქრის გამცემზე დამოკიდებულს გახდის.
მისი თქმით, ჩვენს სასამართლოს საზოგადოების მხრიდან ნდობა ისედაც არ ჰქონდა და ახლა ეს არის სრულიად შემზარავი და წარმოუდგენელი ფაქტი. ამდენად, ადვოკატის აზრით, საზოგადოებამ ამაზე აშკარა პროტესტი უნდა გამოხატოს, რადგან ეს არის ყველაზე ცუდი რამ, რაც კი შეიძლება ხელისუფლებამ მოსამართლის დამოუკიდებლობას დამართოს.
„თუ თბილისში 58 ისეთი მოსამართლე გვყავს, ვისაც ბინა არ აქვს, ვაი, ჩვენს თავს, რადგან მოსამართლეს ელემენტარული ყოფითი პრობლემები მოგვარებული თუ არ აქვს და დამოკიდებულია იმაზე, ექნება თუ არა ბინა, ასეთი მოსამართლე, თავისი ყოფითი და სოციალური პრობლემებიდან გამომდინარე, დამოუკიდებელი ვერასდროს იქნება. მე არ მესმის, რატომ დაინიშნა ამდენი უბინაო მოსამართლე თბილისში?! ალბათ, მათ, სადღაც რაიონებში, საქართველოს ტერიტორიაზე ჰქონდათ საცხოვრებელი სახლები. რატომ არიან ისინი ასეთ პრივილეგირებულ მდგომარეობაში?! თანაც, რაკი არ არის წინასწარ განსაზღვრული მკაფიო კრიტერიუმი, თუ ვის უნდა მიეცეს ბინა, ახლა დაიწყება დოღი და შეჯიბრი იმაში, ვინ „დაიმსახურებს“ ამ ბინის მიღებას. ეს სრულიად დაუშვებელია. რაც არ უნდა კონფიდენციალურად მომხდარიყო ეს, მოსამართლეებს შორის ამ ცნობის გავრცელება ძალიან სერიოზულ ვნებათაღელვას გამოიწვევდა, რადგან დაახლოებით 300 მოსამართლე გვყავს“, - აღნიშნა ლია მუხაშავრიამ.
მისი თქმით, თუ საქართველოს მოსამართლეთა მთლიანი რაოდენობის ერთ მეხუთდს ასეთ პრივილეგიას ანიჭებენ, მაშინ ამ პრივილეგიას დამსახურება სჭირდება. ამიტომაც ამას აუცილებლად მოჰყვება კონკურენცია და შეჯიბრი იმისთვის, რომ ეს პრივილეგია მოიპოვონ. ადვოკატის აზრით, როცა მოსამართლე უბინაო და უქონელია, და თანაც, სახლის მიღებას აპირებს, რა თქმა უნდა, დავას არამც და არამც არ გადაწყვეტს სამართლიანად.
ლია მუხაშავრიას განმარტებით, კომუნისტების დროსაც იყო ასეთი პრაქტიკა. მოსამართლეებს მაშინაც აძლევდნენ ბინებს, მაგრამ მაშინ ეს ბინები არავის კერძო საკუთრება არ ყოფილა. თუ ბინა კოოპერატიული იყო, მას აშენებდა კოოპერატივის წევრი და შეჰქონდა ბინის საფასური. ხოლო, თუ განსაკუთრებული შემთხვევა გახლდათ და, მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ვიღაც გადაჰყავდათ ერთი ადგილიდან მეორეზე, ბინას უქირავებდნენ, ან დროებით, მოსამართლის მოვალეობის შესრულებამდე გადასცმდნენ. თუმცა ეს არამც და არამც არ ნიშნავდა საკუთრებაში გადაცემას.
„მოსამართლეებისთვის ბინების საჩუქრად გადაცემის ამ წარმოუდგენელი ფაქტის გასაჩივრება, სამწუხაროდ, ჩვენში არ მოხერხდება, რადგან ბიუჯეტშია შეტანილი ეს მუხლი და საბიუჯეტო ცვლილებას ძალიან რთული საპარლამენტო პროცედურა სჭირდება. მთელი ქვეყანა რომც დავირაზმოთ და მომჩივანნი და მოსარჩელე გავხდეთ, გარწმუნებთ, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მყოფი არცერთი მოსამართლე ამ სასამართლო საკითხს არ განიხილავს და მომჩივანის სასარგებლოდ არ გადაწყვეტს. მოსამართლეებისთვის ეს ნამდვილი საჩუქარია, პირდაპირ ბინების საკუთრებაში გადაცემა, რაც პირდაპირი დატვირთვაა იმისთვის, რომ ამ მოსამართლემ ნებისმიერი დავალება უნდა შეასრულოს და ნებისმიერი უკანონობა დააკანონოს,“ - აცხადებს ლია მუხაშავრია.