რაჭველები ოცნებას 1 ოქტომბერს აიხდენენ

რაჭველები ოცნებას 1 ოქტომბერს აიხდენენ

ამბროლაურში 27 აგვისტოს, „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართული აქციების დეტალები, ჩვენი თხოვნით, სპეციალურად for.ge-ს მკითხველისთვის მოგვაწოდა ანა მიქაუტაძემ, რომელიც ახლო წარსულში ეროვნული მოძრაობის აქტივისტი იყო. იგი წარმოშობით სოფელ ზნაკვიდანაა და ამჟამად რაჭაში დასასვენებლად იმყოფება.

სხვადასხვა რეგიონებსა და ქალაქებში აქამდე გამართულ აქციებთან შედარებით ამბროლაურის აქცია მცირერიცხოვანი იყო - მიტინგს დაახლოებით 8 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა, მაგრამ გასათვალისწინებელია ის, რომ იმ რეგიონებიდან, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ აქციები გამართა, რაჭა ყველაზე მეტადაა ხალხისგან დაცლილი და მიტოვებული.

მიუხედავად დაშინებისა, ამბროლაურის აქციაზე ადგილობრივები მაინც მივიდნენ, მაგრამ იყო სოფლები, საიდანაც რაიონულ ცენტრში ჩასვლისგან თავი შეიკავეს. ასეთი იყო ჩემი და ანა მიქაუტაძის მშობლიური სოფელი ზნაკვა. პირად საუბრებში ზნაკველებმა აღნიშნეს, რომ უმჯობესი იყო ამბროლაურში ჩასვლისგან თავი შეეკავებინათ - „მთავარია 1 ოქტომბერს რა მოხდება. გვერწმუნეთ, ზნაკველები ჩვენს ოცნებას 1 ოქტომბერს ავიხდენთ“-ო.

„ქართული ოცნების“ ამბროლაურის აქციამდე სოფელ ზნაკვაში ამავე ორგანიზაციის ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დათო დარახველიძე იყო ასული. ამან თურმე ძალიან გააღიზიანა ამბროლაურის რაიონში „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო შტაბის უფროსი გია ჭელიძე, რომელიც წარმოშობით ზნაკვიდან ყოფილა. ის ზნაკველებს დამუქრებია - იცოდეთ არაფერი შეგეშალოთ და 27-ში ამბროლაურის აქციაზე წასვლა არც გაიფიქროთო.

ანა მიქაუტაძემ ამბროლაურში გამართულ აქციაზე შეიტყო სოფელ თლუღში მომხდარი საოცარი ამბები - გენერალური პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე, ამჟამად თვალს მიფარებული ნიკა გვარამია თურმე თლუღში ისვენებს. მას დედა თლუღელი ჰყოლია. „აქციამდე რამდენიმე დღით ადრე ნიკა გვარამიას „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებისთვის 50-50 ლარი ჩამოურიგებია და თან უთხოვია თქვენი სურვილები გაამჟღავნეთო. ჰოდა, ერთ-ერთ ახალგაზრდა რაჭველს ე.წ. ლეპტოპი მოუსურვებია. მისთვის კი ეს სურვილი „ნაცმოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გოჩა ენიქიძეს აუხდენია“.

თლუღში გაცილებით გულუხვობა გამოუჩენია „ნაცმოძრაობის“ საპარლამენტო უმრავლესობის თავმჯდომარეს, პანკისში ტყვედნამყოფ პეტრე ცისკარიშვილს. მისი ბებია თლუღელი ყოფილა. ცისკარიშვილს „ნაცმოძრაობის“ რაჭველი აქტივისტებისთვის 150-150 ლარი ჩამოურიგებია.

ბუნებრივია, ადამიანს გაუჩნდება კითხვა - რის სანაცვლოდ ჩამოარიგეს ფული? როგორც ანა მიქაუტაძეს რაჭველებმა განუმარტეს, „ნაცმოძრაობის“ ფულჩამორიგებულ აქტივისტებს დაევალათ აღეწერათ ის ხალხი, ვისაც გადაწყვეტილი ჰქონდა ამბროლაურში „ქართული ოცნების“ აქციაზე წასვლა. მათი ნაწილი თურმე სოფლის გამოსასვლელთან იდგა და გულმოდგინედ ინიშნავდა ამბროლაურისკენ მიმავალი ადამიანების ვინაობას და მათი მანქანის ნომრებს.

ამბროლაურის აქციაზე ხალხმა შეკრება სამი საათიდან დაიწყო. ძალიან ცხელოდა და ხალხი ჩრდილს იყო შეფარებული. „ქართული ოცნების“ აქციას მხარდაჭერა გამოუცხადეს და იმერეთიდან პარტიული დროშებით ჩავიდნენ კახა კუკავას „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლები.

როგორც ანა მიქაუტაძემ გვითხრა, ამბროლაურის აქციაზე დაინახა: მანუჩარ მაჩაიძე, ლევან ყიფიანი, ნუკრი კაკილაშვილი, გია აბესალაშვილი, დიმა ჯაიანი, ნოდარ ჯავახიშვილი, გია ცაგარეიშვილი, დათო საგანელიძე, ზაზა აბაშიძე.

ამბროლაურის აქციაში მონაწილეობდნენ: ონიდან, ლენტეხიდან და ცაგერიდან ჩასული ადამიანები. სანამ სიტყვით გამოსვლები დაიწყებოდა, ამბროლაურის კულტურის სახლის ანსამბლმა იმღერა. მიტინგი  ზურაბ ქაფიანიძის შვილმა გახსნა. მან თქვა, ზურაბ ქაფიანიძის ნაცვლად ვლაპარაკობ და მის სულს უხარია ის, რაც ახლა ამბროლაურში ხდებაო. შემდეგ სიტყვით დავით საგანელიძე გამოვიდა და აღნიშნა, რომ ახლა მრავალძალში მეუფე ელისე წირავს და მრავალძალის ეკლესია ივანიშვილის აღდგენილიაო.

ანა მიქაუტაძის თქმით, დათო დარახველიძე ივანიშვილმა ამბროლაურში გამართულ აქციაზე ძალიან შეაქო. თქვა, რომ მასზე არასწორ ინფორმაციებს ავრცელებენ, მაგრამ რეალურად ძალიან პატიოსანი კაცია,  კონტროლის პალატაში რეზო შავიშვილის დროს მუშაობდა და იყო ძალიან წესიერი, გაწონასწრორებული ადამიანი, რომელმაც იქაურობა თავისი ნებით დატოვაო.

იმერეთიდან ახალგაზრდები სამფეროვანი დროშებით ჩასულან. მათ ანა მიქაუტაძეს უთხრეს, რომ „ქართული ოცნების“ წევრები იყვნენ.

„აქციაზე ერთ-ერთ მამაკაცს სამფეროვანი დროშა ეჭირა. მას გავესაუბრე. აღმოჩნდა თამაზ კობახიძე სოფელ ხოტევიდან, რომელიც 1991-1992 წლებში, სახელმწიფო გადატრიალებამდე ე.წ. ბუნკერში იყო. მან მითხრა, „ეს ის დროშაა, რომელიც „ბუნკერში“ ზვიადის გვერდით იყო. მე 1992 წლის შემდეგ ხოტევში ვცხოვრობ, იძულებული გავხდი თბილისი დამეტოვებინა, რადგან სამსახურიდან ჩემი პოლიტიკური შეხედულებების გამო გამათავისუფლესო“.

მოედანი, რომელზეც აქცია გაიმართა, ხალხით სავსე იყო. ძალიან ბევრ ადამიანს ვკითხე მონაწილეთა რაოდენობის შესახებ და საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივედი, რომ აქციაზე 8 000-მდე ადამიანი იყო“, - ამბობს ანა მიქაუტაძე.

მისივე განმარტებით რაჭველები ივანიშვილს არაჩვეულებრივად შეხვდნენ -  „მხოლოდ ივანიშვილს კი არა?! „ოცნების“ დროშებით რომ შემოდიოდნენ, რაჭველები ტაშით და სიხარულით ეგებებოდნენ. ივანიშვილს სიტყვა ტაშით, შეძახილებით რამდენჯერმე შეაწყვეტინეს, მაგრამ ეს არ ყოფილა ორგანიზებული აქტიურობა - ეს იყო აქაურების დადებითი დამოკიდებულების გულწრფელი გამოხატულება. ამბროლაურის აქციის მაგალითზეც ნათელია, რომ ხალხს ცვლილება უნდა“.