ჩემო საყვარელო ხალხო, მოგესალმებით!
მოგესალმები ჩემო რაჭავ, ლეჩხუმო, ქვემო სვანეთო!
მოგესალმები საქართველოვ!
ვახუშტი ბატონიშვილი აი, ასე აღწერდა რაჭას: „შინაგან არს რაჭა, ფრიად მაგარი მთითა, კლდითა, ხრამითა, ხევითა და ტყითა, შეუალი გარე მტრისაგან“.
უსმინეთ, რა სიტყვებია: „ზაფხულის გრილი, ზამთარ თბილი და უქარო, მოსავლიანი, ნაყოფიერებს ყოველნი მარცვალნი, ვენახნი, ხილნი“. აი, რა უბოძა უფალმა რაჭას!
რაჭა, ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი საქართველოს კუთხეებია. მაგრამ გული და შუაგულია ყველგან, სადაც საქართველოა.
თურმე, ხალხო, შეუძლებელია იდგე ამ ქვეყნის მიწაზე და არ იყო ამავე დროს მის გულში. აი, ასეთი ქვეყანაა ჩვენი საქართველო.
კავკასიონის ციცაბო ფერდობებზე ცხოვრებას საოცარი სიმტკიცე სჭირდება და არც საკუთარი თვალუწვდენელი ისტორიის ღირსეულად ტარებას უნდა ნაკლები ამტანობა.
დაუსრულებლად დუხჭირი ცხოვრება და გაჭირვებასთან გათენებიდან დაღამებამდე ბრძოლა ძალაუნებურად ავიწყებს კაცს თავის ნამდვილ, ჭეშმარიტ წარმომავლობას... ეს უნდა შეწყდეს, ბოლო უნდა მოეღოს ამგვარ ყოფა-ცხოვრებას და ჭაპანწყვეტას.
რაჭველებო, ლეჩხუმელებო, სვანებო, თქვენი მწვერვალები „ქართული ოცნების“ მწვერვალებია, და ჩვენ ერთად დავიპყრობთ მათ, სიტყვა მომიცია!
„ქართული ოცნებისა“ და ყველა ჩვენგანის მიზანია, რომ თანაბარი ყურადღებით და მთელი ძალ-ღონით ვიზრუნოთ საქართველოს გულზე, ყველგან, სადაც ის ფეთქავს.
ასე იქნება პირველი ოქტომბრის არჩევნებში ჩვენი გამარჯვების და ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის პირველივე დღიდან. მე გპირდებით ამას!
განსაკუთრებული სიდინჯე და თავდაუზოგავი შრომის უნარი გამოგარჩევთ თქვენ, ამ კუთხის შვილებს და ესეც ამ მთებში ცხოვრებამ გასწავლათ.
საუკუნეებმა მოიტანა, ალბათ, ეს სიდინჯე და სიდარბაისლე, სამშობლოს დაცვის პასუხისმგებლობამ და საკუთარი მიწის სიყვარულმა და ერთგულებამ შემოგვინახა რაჭაც, ლეჩხუმიც და ქვემო სვანეთიც. დღეს, ამდენ განსაცდელს გამოვლილ კუთხეებს, დაცლის საფრთხე ემუქრება.
ჩვენ ვერ ვეღირსეთ ისეთ ხელისუფლებას, რომლისთვისაც თავისი ქვეყნის მოვლა-პატრონობა და თავის ხალხზე ფიქრი მთავარი საზრუნავი იქნებოდა.
კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე გადაშლილ რაჭას, ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს ბუნებისგან უამრავი სიმდიდრე ერგო. ამ მხარეში თითქმის არ არის სოფელი, საკუთარი ძვირფასი ბუნებრივი რესურსი რომ არ ჰქონდეს.
თუმცა, ყველამ კარგად იცის, როგორი მოვლა-პატრონობა სჭირდება ყველა ასეთ სიმდიდრეს. ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ასეთი რესურსის პატრონია, მიხედავდა, გამოიყენებდა და, სულ ცოტა, მშიერი და დაუსახლებელი მაინც არ ეყოლებოდა მოსახლეობა.
ალბათ, არსად სხვაგან არ იღვრება ასე უმოწყალოდ სასმელი წყალი, როგორც ჩვენში, მაშინ როცა ჩვენს მოსახლეობას უწყლობა სტანჯავს, აღარაფერს ვამბობ, მინერალებით გაჯერებულ სამკურნალო მჟავე წყლებზე, რომელიც ასე უხვადაა ჩვენს ქვეყანაში და მიმხედავი არავინ ჰყავს.
არსად სხვაგან არ იჩეხება ასე დაუნდობლად ტყე, როგორც ჩვენში, ნადგურდება უნიკალური ბუნება, რასაც ეკოლოგიური კატასტროფები მოსდევს თან.
გლეხს ტყე წაართვეს, ხალხო! საქართველოს ტყეების უდიდესი ნაწილი ხელისუფლების ნება-სურვილით ერთი ჯგუფის ხელშია მოქცეული. ყველაზე დიდი სიმდიდრით - ტყის რესურსით ვეღარ სარგებლობს ადგილობრივი მოსახლეობა.
აქ, რაჭაში, იშვიათი სოჭი იზრდება, ჩვენია, ენდემური ჯიშია, ულამაზესი ვერცხლისფერი წიწვებით. ამ სოჭით კარგა ხანია ევროპელებიც დაინტერესდნენ და უკვე რამდენიმე წელია, რაც გააქვთ ქვეყნიდან.
მაგრამ ვისგან ყიდულობენ ამ სოჭს, ვინაა ახლა ტყის მეპატრონე? რა თქმა უნდა, აქ დამსწრეთაგან არავინ იქნება...
როცა ასეთი სიმდიდრეა სოფელ თლუღში, რატომ უნდა ჰქონდეს ამ მცხოვრებ გლეხს ლუკმა-პურის გასაჭირი?! მონოპოლისტებს აქვთ ხელში ჩაგდებული და იმიტომ, აბა, ადგილობრივს და გლეხს ვინ გააკარებს მაგ საქმეს?! ჩვენი მოსახლეობა მხოლოდ მოჯამაგირედ სჭირდებათ! რამდენი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე შეეწირა სოჭის თესლის მოპოვებას, ვინ მოსთვლის.
ამ ქვეყნის დარდი რომ არა აქვს ამ ხელისუფლებას და პირადი კეთილდღეობისთვის რომ ზრუნავს მხოლოდ, იმითაც კარგად ჩანს, რომ 1 კილო სოჭის თესლიდან ბიუჯეტს 6 ლარი შესდის, მაშინ როცა ევროპაში საშუალოდ 100 დოლარად იყიდება.
ან კიდევ, რა გვჭირს ასეთი, ხალხო, რომ უნიკალური ჯიშის ყურძენი - ალექსანდროული და მუჯურეთული გქონდეს, საქვეყნოდ აღიარებულ ხვანჭკარას აყენებდე და მაინც არაფერი ეტყობოდეს ამ ხალხს, მაინც სიდუხჭირეში ცხოვრობდეს.
რატომაა, რომ 2001 წელს 1 კილოგრამ ყურძენს უფრო ძვირად იბარებდა სახელმწიფო, ვიდრე ახლა.
ან რატომ გააუქმეს კანონი, რომელიც ასეთ ღვინოს გაყალბებისგან იცავდა იმით, რომ ღვინის დამზადება მხოლოდ ადგილზე იყო შესაძლებელი. ამით ხვანჭკარისა და სხვა ძვირფასი ღვინოების ფალსიფიკაციის საფრთხე ხომ ახლანდელთან შედარებით მნიშვნელოვად იყო შემცირებული.
2008 წელს ამ ხელისუფლებამ ამოიღო ეს ნორმა და ახლა ხვანჭკარას თუ გინდა აქ, რაჭაში, ჩამოასხამ და თუ გინდა, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში - კაცი არ არის გამკითხავი.
ხელისუფლება ამ კუთხეშიც აპირებს გიგანტური ჰესების მშენებლობას და ეს გადაწყვეტილებაც ისევე ნაჩქარევად და ნაუცბათევად აქვს მიღებული, როგორც საერთოდ სჩვევია.
ჰესების მშენებლობის წინააღმდეგი არავინაა, მაგრამ ეს თქვენ, სპეციალისტებთან ერთად უნდა გადაწყვიტოთ, მცირე ჰესების მშენებლობა უფრო წაადგება ამ კუთხეს და მთლიანად ჩვენს ქვეყანას, თუ გიგანტური ჰესების, რომლებსაც უამრავი პრობლემა სდევს თან, იქნება ეს ეკოლოგიური თუ მიგრაციული.
ერთ დროს სოფელი ურავი, ლუხუმის ხეობაში, დარიშხანის მომპოვებელი იყო და დედამიწის ერთი მეექვსედის - მაშინდელი საბჭოთა კავშირის - მძიმე მრეწველობას ამარაგებდა. ახლა საბადო მიტოვებულია, დარიშხანის საცავი დაზიანებულია, რაც საფრთხეს უქმნის ბუნებას და, რაც მთავარია, ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.
კიდევ უფრო უარესადაა საქმე ლენტეხში, სოფელ ცანაში, სადაც დარიშხანის საბადოს მხოლოდ მავთულხლართები იცავს. ამიტომ ხალხი იწამლება და დღითიდღე მატულობს ონკოლოგიურ დაავადებათა რიცხვი.
იმდენი პრობლემა ჩამოვთავლე, კაცი იკითხავს, არაფერი გაუკეთებია, აბა, ამ ხელისუფლებასო?!
დიახ, ამ ხელისუფლებამ გააკეთა ის, რომ გაუთვლელი და უგუნური გადაწყვეტილებების შედეგად ახლა მამისონის უღელტეხილს რუსები აკონტროლებენ. მამისონზე, საქართველოს მეტეოროლოგიურ სადგურზე, ახლა უკვე რუსული საგუშაგოა გახსნილი.
ჩვენი მესაზღვრეები იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ მამისონის უღელტეხილის საკონტროლო პუნქტი და ქვეყნის სიღრმეში 20 კილომეტრით უკან დაეხიათ, თუმცა ამას უტიფრად უარყოფს ეს ხელისუფლება.
ასე ჩააბარა სააკაშვილმა კავკასიონის საზღვარი... ასე ფლანგავს საქართველოს!
რაც სხვამ, უცხომ ვერ დაგვაკლო, ამ ხელისუფლებამ თავისი უგუნური პოლიტიკით მოახერხა. მას ყველა ღონე უნდა ეხმარა საკუთარი მოსახლეობის ადგილზე დამაგრებისათვის, ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნისათვის, რომ ამით მაინც შეეჩერებინა საუკუნეების განმავლობაში ბუნებრივი მესაზღვრეებისგან - ამ კუთხის მკვიდრებისგან ამ მიწების დაცლა.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ოფიციალურად ამჟამად 47 ათასი ადამიანია დარეგისტრირებული, რაც 2002 წელთან შედარებით 4 ათასი ადამიანით ნაკლებია.
„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ უფრო მეტმა ადამიანმა დატოვა მთა და ქვეყანა. ისეთი პირობებია შექმნილი, რომ ადამიანებს ამ მიწიერი სამოთხიდან წასვლა უწევთ.
უმუშევრობა ჩვენი ხალხის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ამ ხელისუფლებამ არა თუ არ აღმოფხვრა უმუშევრობა, როგორც გვპირდებოდა, არამედ ამ მხრივ ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა. და ეს განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში იგრძნობა.
განახევრებულია სკოლების რაოდენობა. ბავშვი აღარ დარჩა სოფლებში. არადა, ბავშვი ხომ სიცოცხლეა, სოფლისაც და მთელი ქვეყნისაც.
სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხელისუფლება იმ უდიდეს პოტენციალს გამოიყენებდა, რითაც ასე ცნობილია რაჭა. ეს მისი უნიკალური კურორტებია. ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ასეთი რეგიონი ნამდვილად წელგამართული იქნებოდა.
რაჭის ტურისტული პოტენციალი ნაწილობრივადაც არ არის გამოყენებული. ხელისუფლების დაპირება, რომ შაორი და შოვი ტურისტული ცენტრი გახდებოდა, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, მხოლოდ დაპირებად დარჩა.
რაჭაში მიწისძვრამ დაანგრია არა ერთი სახლი. ამდენი წელი გავიდა და სტიქიით დაზარალებული ხალხი ახლაც ელოდება სახელმწიფოსგან დახმარებას.
რამდენი გაჭირვება, რამდენი პრობლემა ჩამოვთვალე, რამდენია კიდევ, რომელსაც არ შევხებივარ. ჩვენ გამოსავალი უნდა ვიპოვოთ, ყველამ ერთად.
ჩვენ ამ გაჭირვებიდან ამოსვლა სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ და ამას მხოლოდ თავდაუზოგავი შრომითა და ბრძოლით შევძლებთ.
ჩვენი ერთობლივი ბრძოლა 1-ელ ოქტომბერს უნდა მოვიგოთ!
შემოდგომაზე, თითქმის ერთ თვეში, საპარლამენტო არჩევნებში ჩვენ დიდი არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი. ეს არჩევნები იქნება ბრძოლა ჩვენი სამშობლოსათვის, ჩვენი ხალხისათვის, და ჩვენ ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ!
გამარჯვებისთვის საჭიროა და გვაქვს კიდეც კარგად გააზრებული და მკაფიო გეგმა, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა განვახორციელოთ.
ამ ბრძოლაში ყველანი ჯარისკაცებად უნდა ვიქცეთ, თანამებრძოლებად, და ყველას უნდა ესმოდეს, რომ მის გარეშე საერთო გამარჯვება ვერ მიიღწევა. ჩვენ ეს ვიცით და ამიტომ ჩვენ გავიმარჯვებთ!!!
(პაუზა)
აქ მრავლად ხართ სვანები შეკრებილი - ქვემო სვანეთიდან. ამიტომ რამდენიმე სიტყვა მინდა გითხრათ სვანეთზე. ვიცი, თავდაჭერილი ხალხი ხართ და ზედმეტად ქება არ გიყვართ. მაგრამ რის თქმასაც ვაპირებ, გადაჭარბებული ნამდვილად არ უნდა იყოს.
თუმცა რა უნდა გითხრათ, სვანებო, სვანეთზე... მთელ ჩვენს ქვეყანას ზემოდან დაჰყურებთ - მედიდურად. მკაცრები და სამართლიანები ხართ. ანტიკურ ხანაში ცნობილი იყო, რომ სვანებს ასი ათასი მეომრის გამოყვანა შეეძლოთ. ეს იმ დროს წარმოუდგენლად დიდი ჯარი იყო.
აი, რა შორიდან მოდიხართ, აი, რა დიდია თქვენი ისტორია, რომელიც ჩვენი, ქართველების, ისტორიისა და კულტურის არა თუ განუყოფელი ნაწილია, არამედ ერთ-ერთი უღრმესი ფესვია.
მისახედია ახლა სვანეთიც, ისევე როგორც ყველა მაღალმთიანი რეგიონი.
ჩვენ ავამოქმედებთ მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონს, რომელიც რეალურად შეუწყობს ხელს მთის სოფლების აღორძინებასა და მოსახლეობის დაბრუნებას.
ჩვენ ავამოქმედებთ განსაკუთრებულ საგადასახადო შეღავათებს ინვესტორებისათვის, რომლებიც რეალურ სამუშაო ადგილებს შექმნიან მთიან და მაღალმთიან რეგიონებში.
ხელისუფლების ამოცანა იქნება თანაბრად იზრუნოს ქვეყნის კუთხეების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე. ქვეყანის არც ერთი კუთხე არ უნდა ვითარდებოდეს დანარჩენი მხარეების ხარჯზე.
„ქართული ოცნება“ დაამკვიდრებს თვითმმართველობას - ჩვენი მოქალაქეები თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებებს თავიანთ სოფლებში, რაიონებსა და ქალაქებში, თავად დაგეგმავენ ბიუჯეტს და თავად იქნებიან მისი განმკარგველები.
კანონით იქნება განსაზღვრული, ცენტრიდან რა თანხა გადაეცემა ადგილობრივ თვითმმართველობას. აღარასოდეს იქნება დამოკიდებული ამ თანხის ოდენობა და გადაცემა-არგადაცემის საკითხი რომელიმე ჩინოვნიკის ნება-სურვილზე.
თვითმმართველობის სიკეთეს ყველანი იგრძნობთ. ჩვენ ამას გპირდებით!
სოფელს ეყოლება პატრონი და ეს პატრონი მისი მოსახლეობა იქნება!
„ქართულ ოცნებას“ დაგეგმილი აქვს, ააღორძინოს ქართული სოფელი და ამისათვის შექმნას ერთმილიარდიანი ფონდი. ეს ასე იქნება, მე ამას გპირდებით!
ჩვენი გეგმის მიხედვით, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოქალაქეები შეძლებენ გრძელვადიანი, ხელმისაწვდომი და შეღავათიანი სესხების აღებას და ამით სარგებლობას; მოწესრიგდება მიწის დაკანონების საკითხები და შეიქმნება სათანადო გარანტიები; გლეხებს ხელი შეეწყობათ თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისებაში, დაფუძნდება კერძო საწარმოები, რომლებიც მომხმარებელს შესთავაზებენ სასოფლო-სამეურნეო ინვენტარს - ტრაქტორებს და ყველა საჭირო აღჭურვილობას, ეს საწარმოები ხელს შეუწყობენ მათ მოსავლის აღებაში, დაბინავებაში და, საჭიროების შემთხვევაში, დასაწყობებაში, ბაზარზე გატანასა და გასაღებაში.
ჩვენ შევცვლით არსებულ პოლიტიკას და ქართულ სოფელს თავის ნამდვილ მნიშვნელობას დავუბრუნებთ, ქართულ ბაზარზე კვლავ დაბრუნდება ჩვენს მიწაზე მოყვანილი მოსავალი.
გპირდებით, 1-ელი ოქტომბრის შემდეგ, როცა ჩვენ ვიქნებით ხელისუფლებაში, მხარში ამოგიდგებით და რთველი ისე ჩაივლის, თქვენ რომ გაგიხარდებათ. ამ კუთხეში მოყვანილი უნიკალური ყურძნის ფასიც ისეთი იქნება, ამ ყურძენს რომ ეკადრება.
ჩვენ ავაღორძინებთ რაჭა-ლეჩხუმში სახელგანთქმული ღვინოების წარმოებას. "ხვანჭკარა", "უსახელაური", "თეთრა", "ალექსანდროული", "ტვიში", "ოჯალეში" და "ციცქა" მზადდება უნიკალური ყურძნის ჯიშებისაგან. აღნიშნული დარგის განვითარება შემოსავლების მნიშვნელოვანი წყარო გახდება როგორც რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, ისე მთლიანად საქართველოსთვის.
ჩვენ გვჯერა, რომ სოფლის მეურნეობის აღორძინების სიკეთე შეხვდება ყოველ ადამიანს, ყოველ ოჯახს. ამას იგრძნობს ყოველი თქვენგანი, და თქვენს წვლილს შეიტანთ ქართული სოფლის მეურნეობის აღორძინების საქმეში.
არავის ეგონოს, ლეჩხუმი დავივიწყე. არის კი ერთი გასაჭირი მაინც ამ ქვეყანაში, ლეჩხუმს რომ არ აწუხებდეს? არა მგონია. ლეჩხუმი ის მხარეა, რომელიც, ვინ იცის, უამრავ გასაოცარ საიდუმლოს ინახავს და დღემდე არავის უმხელს.
მიხვდით ალბათ, რომ ხვამლის მთაზე მოგახსენებთ. ისტორიული წყაროების მიხედვით, სწორედ ხვამლის მასივში, მისი გამოქვაბულების სიღრმეში ინახებოდა ქართველ მეფეთა საგანძური, რომელიც ჯერაც არ არის გამოკვლეული. ამ მთას, სხვათა შორის, თურმე, ანტიკური ავტორებიც იცნობდნენ.
უამრავი ლეგენდაა ხვამლის მთასთან დაკავშირებული. ამ ლეგენდების მიხედვით, ამირანი მის სიღრმეში, კლდეზე იყო მიჯაჭვული. ლეგენდებს რომ თავი დავანებოთ, არა ერთი ფაქტობრივი დასტური არსებობს, რომ ხვამლის მთის მასივი საფუძვლიან არქეოლოგიურ გამოკვლევას საჭიროებს.
აქ, როგორც ჩანს, მართლაც საოცარი აღმოჩენები გველოდება საქართველოს უძველესი ისტორიიდან. არა ერთი ქართველი მეცნიერი-არქეოლოგი დაინტერესებულა ამ პრობლემით, მაგრამ საკმარისი სახსრების უქონლობის გამო სასურველის გაკეთება ვერ შეძლო. მათი მთავარი ოცნება ხვამლის მთის შესწავლა იყო.
ასეთი კეთილშობილური ოცნებების ასრულებაზე თუ არ ვიზრუნეთ, რაღა „ქართული ოცნება“ ვიქნებით. გპირდებით, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ქართველ მეცნიერებსა და მკვლევრებსაც მიხედავს.
თორემ ხომ ხედავთ, უსახსრობის გამო საკუთარ ისტორიასაც კი ვერ ჩავწვდომივართ. არადა, ისტორია განათლების ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. განათლების გარეშე კი უკეთეს მომავალს ვერ ვეღირსებით.
დიახ, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ხელისუფლებისთვის იქნება განათლება.
ჩვენ ყველა სოფელში, სადაც ბავშვები ცხოვრობენ, აღვადგენთ სკოლას, ყველა მოსწავლეს ექნება ხარისხიანი განათლების მიღების საშუალება და აღარ მოუწევთ სოფლიდან სოფელში ფეხით სიარული. ოჯახებს აღარ ექნებათ სახელმძღვანელოების შეძენის პრობლემა. მასწავლებლები დაფასებული იქნებიან, მასწავლებლობა პრესტიჟული პროფესია გახდება, თავისი შრომის შესატყვისი ხელფასით და სოციალური დაცვის გარანტიებით.
ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ყოველი ჩვენგანისთვის არის ჯანდაცვის საკითხი.
თითქოს ჯანდაცვას მიხედეს, ახალი საავადმყოფოები ააშენეს, მაგრამ ამ საავადმყოფოებში სათანადო პროფილის ექიმების ნაკლებობაა და ამიტომ ადამიანს თუ რამე სერიოზული დახმარება დასჭირდა, ან ქუთაისში უნდა ჩავიდეს ანდა, - თბილისში.
ჩვენ მივხედავთ თქვენს ჯანმრთელობას, გპირდებით!
„ქართული ოცნება“ გპირდებათ, რომ 1-ელ ოქტომბერს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, სახელმწიფო იზრუნებს უკლებლივ ყველა მოქალაქის ჯანმრთელობაზე!
„ქართული ოცნება“ გპირდებათ, რომ მიწისძვრით დაზარალებული ოჯახები აუცილებლად მიიღებენ სახელმწიფოს დახმარებას, რომელსაც წლებია ელოდებიან.
„ქართული ოცნება“ გპირდებათ, რომ ჩვენ გავიყვანთ გზას, რომელიც ასე სჭირდება რაჭის მოსახლეობას. ეს გზა რიკოთის უღელტეხილის გარეშე, საჩხერის გავლით, დააკავშირებს რაჭას დედაქალაქთან.
ჩვენ ყველა დანაპირებს შევასრულებთ, ამის სიტყვას მე გაძლევთ!
მე გპირდებით, რომ საქართველოში კანონი იკანონებს. სწორედ კანონი მოსთხოვს პასუხს იმათ, ვინც დღეს უკანონობას სჩადის.
უკანონობა და უზნეობაა ის, რაც ამ დღეებში იკადრა ამ ხელისუფლებამ - უკვე ბავშვებთან დაიწყო ანგარიშსწორება.
იცით ალბათ, აქ, ამბროლაურში, 15-16 წლის ფეხბურთელ ბიჭებს, იმის გამო, რომ „ქართული ოცნების“ მაისურები ჩაიცვეს და ისე გავიდნენ რაიონულ ჩემპიონატში, ფინალში მონაწილეობის უფლება აღარ მისცეს.
ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ლიდერის ნამდვილი სახე - ყველას უპირისპირდება, ვინც გაბედავს და რამე ფორმით საკუთარ პოზიციას გამოხატავს, და ყველა ჩათრეული ჰყავს უკანონობაში, ვისზეც ჯერ კიდევ შეუძლია გავლენის მოხდენა.
ყველამ ვიცით, რომ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების გარდა, უბრალო და, მათი აზრით, უმწეო ხალხის დაშინებაში სხვებიც მონაწილეობენ. ისიც ვიცით, რომ უშუალოდ არჩევნების პროცესისა და შედეგების გაყალბებაში ხელისუფლება სოფლის მამასახლისებისა და მასწავლებლების ჩათრევას აპირებს.
სწორედ ამ ადამიანებს ვაფრთხილებ ახლა: არ დაემონონ ხელისუფლებას და არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნების, ანუ ჩვენი სახელმწიფოს მომავლის გაყალბებაში!
თუ ისინი უარს არ იტყვიან ამ ძალიან მძიმე დანაშაულში მონაწილეობაზე, კანონის წინაშე აგებენ პასუხს, რადგან ჩვენს ქვეყანაში, ერთხელ და სამუდამოდ, კანონის უზენაესობა უნდა დამყარდეს! და დამყარდება კიდეც! ამის სიტყვას მე გაძლევთ!
სააკაშვილი და მისი ხელისუფლების წარმომადგენლების მუქარებს ბოლო არ უჩანს. ხმამაღლა ბედავენ იმის თქმას, რომ მე ქართული სახელმწიფოს მტერი ვარ და რუსეთის სამსახურში ვდგავარ.
ეს უტიფარი ტყუილია, რომელიც ერთადერთ მიზანს ემსახურება: ხალხს ჩემი ნდობა დააკარგვინოს და ქვეყნის მტრად გამომაცხდოს.
აქამდე მეცინებოდა მათ ტყუილებზე, მაგრამ ახლა უკვე ჩვენს მრავალრიცხოვან მხარდამჭერებსაც მოღალატეობას აბრალებენ და ამით საშინელ შეურაცხყოფას აყენებენ.
ნათლად ვხედავ სააკაშვილის ბოროტ განზრახვას - თავისი ძალაუფლების შესანარჩუნებლად მზად არის, ადამიანები სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაჰკიდოს ერთმანეთს.
აი, ეს განზრახვაა მიუტევებელი დანაშაული ქვეყნის წინაშე, რომელიც, არა მგონია, გონიერმა და ღირსების მქონე ხალხმა დაუშვას!
არ შეგეშინდეთ, ხალხო, ჩვენს მხარესაა ცივილიზებული სამყარო, ამ დღეებში მათ მკაფიოდ გამოხატეს თავიანთი პოზიცია და ლენინიზმად შეაფასეს ამ ხელისუფლების საქციელი. ამაზე მწვავე შეფასება რა უნდა იყოს!
დიახ, აღარავინ დახუჭავს თვალს არჩევნების გაყალბებაზე! აღარ გაუვათ!
ჩვენ სიმართლეს გავუკვლევთ გზას და სამართლიანობას დავამკვიდრებთ ჩვენს ქვეყანაში.
1-ელ ოქტომბერს „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს არჩევნებში, შეცვლის ამ ხელისუფლებას და გპირდებით, რომ:
ჩვენ ერთად შევქმნით ისეთ ქვეყანას, რომლითაც ვიამაყებთ ჩვენ და იამაყებენ ჩვენი მომავალი თაობები!
ჩვენ ისეთ ქვეყანას ავაშენებთ, სადაც ვეღარავინ წაართმევს ხალხს თავის არჩევანს!
ჩვენ ღირსებას დავუბრუნებთ ჩვენს ქვეყანას!
ჩვენ ღირსებას დავუბრუნებთ ჩვენს ხალხს!
ჩვენ გავაერთიანებთ ჩვენს ხალხს!
ჩვენი ქვეყანა თავს დააღწევს გაჭირვებას!
ჩვენ ისეთ ქვეყანას ავაშენებთ, სადაც აღარავის დასჭირდება ლუკმაპურის საშოვნელად სამშობლოდან გადახვეწა.
მე გპირდებით, რომ ჩვენ შევამცირებთ გაუმართლებლად მაღალ კომუნალურ გადასახადებს, პენსია არანაკლები იქნება, ვიდრე საარსებო მინიმუმია. თავად საარსებო მინიმუმის ოდენობაც გადაიხედება, შეიცვლება და რეალურ ოდენობას გაუტოლდება.
ჩვენ გავაორმაგებთ სოციალურ დახმარებას და ამას მიიღებს ყველა, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება. სოციალური დახმარება აღარასოდეს აღარავის არ ექნება მოსაპოვებელი ღირსების შელახვისა და დამცირების ხარჯზე, მე ამას გპირდებით!
მე გპირდებით, რომ „ქართული ოცნება“ თქვენთან ერთად იბრძოლებს და უკეთესობისკენ შეცვლის ყველა ადამიანის ცხოვრებას!
საქართველოში დაცული იქნება ადამიანის ყველა უფლება, აზრისა და სიტყვის თავისუფლება; სასამართლო იქნება სამართლიანი, მედია - დამოუკიდებელი, ბიზნესი - ხელშეუხებელი!
ისეთ ქვეყანას ავაშენებთ, სადაც ჩვენს საამაყო ჯარისკაცებსა და პოლიციელებს მიეცემათ იმის შესაძლებლობა, რომ ღირსეულად ემსახურონ სახელმწიფოს!
თავისუფალ საქართველოში თავისუფალი ხალხი იცხოვრებს, რომელსაც აღარ ექნება პოლიტიკური დევნის შიში! მე ამას გპირდებით!
ქართველები, ოსები, აფხაზები, ებრაელები, აზერბაიჯანელები, სომხები, რუსები, ბერძნები და სხვები ისეთ ქვეყანას ავაშენებთ, რომელიც სამშობლო იქნება ყველასთვის!
საქართველო გახდება თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყანა, ევროპული თანამეგობრობის ღირსეული წევრი!
ამ ბრძოლაში ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით, და ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება. მხოლოდ ერთად დგომით მოვიგებთ ამ ბრძოლას!
ჩვენ გვწამს და მტკიცედ გვჯერა, რომ გავიმარჯვებთ არჩევნებში, ქართველი ხალხი გაიმარჯვებს, საქართველო გაიმარჯვებს, ჩვენ ერთად შევქმნით უკეთეს მომავალს და ერთად ავისრულებთ ქართულ ოცნებას!