„მედია ეკუთვნის საზოგადოებას და არა მის მფლობელებს“, - ასეთი განცხადება ტელემაყურებელთა კავშირის ხელმძღვანელმა გიორგი კევლიშვილმა დღეს for.ge-ს პრეს-კლუბში გააკეთა. მანვე ტელემაყურებელთა კავშირის მოთხოვნები და მედია-საშუალებებისადმი შეთავაზებები წარმოადგინა. ორგანიზაცია ქართულ ტელეკომპანიებს მოუწოდებს ორი კვირის განმავლობაში დაასახელონ მათი მფლობელების ვინაობა, გამოაქვეყნონ და საჯარო და ხელმისაწვდომი გახადონ ინფორმაცია 2012 წლის 1იანვრიდან 31 ივლისის ჩათვლით პერიოდში მიღებული შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ. ამასთანავე, ტელემაყურებელთა მოთხოვნაა, ქართულმა ტელეკომპანიებმა საზოგადოებას ყოველკვარტალურად მიაწოდონ ინფორმაცია წინა კვარტალში მიღებული შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ.
ტელემაყურებელთა კავშირში აცხადებენ, რომ უკლებლივ ყველა მედია-საშუალების მხრიდან ასეთი მიდგომა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეალური გამჭვირვალობის დამკვიდრებას და ტელემაყურებელს მისცემს საშუალებას, თავად გაერკვეს, რომელი ტელეარხი რა ფინანსური წყაროებით არსებობს.
ტელემაყურებელთა კავშირის ხელმძღვანელი გიორგი კევლიშვილი ამბობს, რომ მის ორგანიზაციას მედია-საშუალებებისთვის კონკრეტული რეკომენდაციებიც აქვს. კერძოდ, კავშირი რეკომენდაციას აძლევს მედია-საშუალებებს, შეიმუშავონ საკუთარი, ან შეუერთდნენ უკვე არსებულ ეთიკის კოდექსს, გამოაქვეყნონ ფასეულობები და სტანდარტები, რომელთა შესაბამისადაც ისურვებდნენ საზოგადოებას ემსჯელა მათ შესახებ.
„ვთავაზობთ ყველა მედია-საშუალებას, შემოიღონ „შიდა ომბუდსმენის“ ინსტიტუტი. ომბუდსმენის, როგორც თვითკირიკისა და თვიცენზურის ფუნქცია უნდა იყოს მედია-საშუალების მუშაობის უწყვეტი მონიტორინგი და კონსტრუქციული კრიტიკა, ასევე მუშაობის გაუმჯობესების მიზნით, საზოგადოებასთან ურთიერთობა“, - განაცხადა კევლიშვილმა.
მისივე თქმით, კარგი იქნებოდა, თუკი მედია-საშუალებების ხელმძღვანელობა დააწესებდა მმართველი საბჭოს ღია კრებებს, სადაც მოქალაქეებს დასწრების და საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალება ექნებოდათ.
ტელემაყურებელთა კავშირის პრეს-კონფერენციას პენ-კლუბის წარმომადგენელი ირაკლი კაკაბაძე და უფლებადამცველი დაჩი ცაგურია ესწრებოდნენ, რომლებმაც განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ ტელემაყურებელთა კავშირის ინიციატივას.
„დღეს მე პენ-კლუბს წარმოვადგენ და საერთაშორისო „პენი“ ზრუნავს იმაზე, რომ მთელს მსოფლიოში სიტყვის თავისუფლება იყოს შენარჩუნებული. საქართველოში ამ მხრივ ძალიან მძიმე სიტუაცია გვაქვს. დღეს კი ახალი ტიპის ცენზურაზეა საუბარი. თუკი საბჭოთა კავშირის პერიოდში სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფ მედიაზე იყო საუბარი, დღეს გაჩნდა ახალი ტერმინი „აუტსორსინგი“, როდესაც სახელმწიფო ახდენს ოლიგარქებისთვის გარკვეული მედია-საშუალებების გადაცემას, ეს ოლიგარქები კი ვითომდა კერძო საკუთრების საფარქვეშ, მმართველი კორპორატიული, ოლიგარქიული სახელმწიფო კლანის ინტერესებს ატარებენ. ანუ რეალურად თავისუფალი სიტყვა იყიდება და ამაში მთავარ როლს, სახელმწიფოსთან ერთად კერძო მედია-მაგნატები თამაშობენ. დღეს ჩვენთვის ძალიან მნიშვენლოვანია, საზოგადოებამ დაიწყოს იმის განხილვა, თუ ვინ არის ეს ხალხი, ვინ და როგორ დანიშნა ეს ხალხი და რა გზით დაეპატრონენ ისინი მედია-საშუალებებს და როგორ ყიდულობენ ჩვენი ბავშვების ცნობიერებას“, - აცხადებს პენ-კლუბის წარმომადგენელი ირაკლი კაკაბაძე.
მისივე თქმით, ტელეკომპანიების მფლობელთა საკითხის გაუმჭვირვალობა ხელისუფლებისათვის არასასურველი ფაქტების დამალვას განაპირობებს. ამის მაგალითად, კაკაბაძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული ამბები მოიყვანა. კერძოდ, კაკაბაძის განცხადებით, მედია-საშუალებები, სადაც ჟვანიას სიკვდილის ოფიციალური ვერსია ეჭვქვეშ იქნა დაყენებული, დღეს აღარ არსებობს.
„ქრონოლოგიურად მოვყვები ამ ამბავს. ბატონი ჟვანიას გარდაცვალების დღესვე, ტელეკომპანია „მზეზე“ ირაკლი იმნაიშვილმა თავის გადაცემაში დასვა კითხვა, რამდენად შესაძლებელი იყო პრემიერ-მინისტრის ასე გარდაცვალება. ამას მოჰყვა იმნაიშვილის გადაცემის დახურვა, ტელეკომპანია „მზის“ გასხვისება, ხოლო თავად ჟურნალისტი დღეს დევნილობაში იმყოფება.
2005 წლის მაისში, ვახო კომახიძემ ამ საკითხზე გადაიღო ფილმი, სადაც სერიოზული კითხვები დასვა. ეს ფილმი ჯერ არც ერთმა არხმა არ გაუშვა, რადგან ამაზე ბოკერიას დირექტივა არსებობდა, ხოლო შემდეგ ამის გაკეთება გაბედა ტელეკომპანია „202“-მა. სამ თვეში შალვა რამიშვილი დაიჭირეს, „202“ კი გაასხვისეს, რის აღკვეთაც მიუხედავად სერიოზული მცდელობისა ვერ შევძელით.
და ბოლოს, უკვე 2007 წლის ზაფხულში გოგა ხაინდრავამ და ლევან გაჩეჩილაძემ ინგა გრიგოლიას გადაცემაში დასვეს საკითხი, რომ ჟვანიას გარდაცვალების ხელახალი გამოძიება უნდა ჩატარებულიყო. რამდენიმე თვეში იყო 7 ნოემბერი და ამის შემდეგ ტელეკომპანია „იმედს“ რა ბედიც ეწია, ყველამ კარგად ვიცით“, - ამბობს კაკაბაძე.
მისი თქმით, ეს მხოლოდ ერთი კონკრეტული მაგალითია იმისა, თუ როგორ იზღუდება საქართველოში თავისუფალი სიტყვა.
უფლებადამცველი დაჩი ცაგურია კი სვამს კითხვას, როგორ ახერხებენ კონკრეტული ადამიანები, რომ ვიღაც მათ ტელეკომპანიებს ჩუქნის.
„ძალიან საინტერესოა, როგორ ხდება, რომ ერთ მშვენიერ დღეს კონკრეტული კომპანიის მფლობელი იღვიძებს და ყველაფერს, რაც აბადია, ჩუქნის მაგალითად ვიღაც უდესიანს, ან ვიღაც ბეჟუაშვილს და ა.შ. ჩემთვის დღემდე ამოუცნობია, როგორ შეიძლება ვინმემ ვინმეს აჩუქოს ტელეკომპანია. თუ კომპანია „იოლს“ ვინმე ვინმეს აჩუქებს, ეს რა თქმა უნდა, საინტერესოა და ამით შესაბამისი ორგანოებიც უნდა დაინტერესდნენ. მით უმეტეს საინტერესოა ტელეკომპანიის ჩუქება, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩუქება ბრჭყალებშია და რეალურად საქმე გვაქვს ტერორისტულ აქტთან, რომელიც მის მფლობელს, ან მფლობელის ოჯახის წევრს მოუწყვეს. ასევე ის ტერაქტი, შემდეგ, ყოველდღიურად ჩვენს გონებაზე გრძელდება, რადგან ის გამომძალველი, რომელმაც ტელეკომპანია ხელში ჩაიგდო, შეტევას ჩვენს გონებაზე ახდენს“, - ამბობს დაჩი ცაგურია.