უკანასკნელი დღეების განმავლობაში საქართველოს ევროპის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მრავლად ეწვივნენ და საკმაოდ მკვეთრი განცხადებებიც გააკეთეს. ნახსენები იყო სიტყვა „ლენინიზმი“, რითაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელმა ჩვენთან წინასაარჩევნოდ შექმნილი ვითარება შეაფასა. შეგახსნებთ, ამ განცხადებამ ხელისუფლების წარმომადგენლების გაღიზიანება გამოიწვია, ოპოზიცია კი იმაზე ალაპარაკდა, რომ დასავლეთში მიხეილ სააკაშვილის გუნდის მიმართ განწყობები შეცვლილია და მას არჩევნების გაყალბების უფლებას აღარვინ მისცემს.
სხვაგვარად ფიქრობს პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა, რომელმაც განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები აუცილებლად გაყალბდება და საქართველოში მასობრივი საპროტესტო აქციები გახდება საჭირო. ამასთანავე, კუკავა ფსევდოოპოზიციის მსგავსად ხელისუფლებისთვის არჩევნების მოგების მილოცვას არ აპირებს და ბოლომდე იბრძოლებს. For.ge-სთან არჩევნების გაყალბების თემაზე საუბრისას კახა კუკავამ რევოლუციაც ახსენა.
გთავაზობთ ინტერვიუს „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერთან.
კახა კუკავა: არჩევნები რომ გაყალბდება, ეს სრულიად ცხადია. აქვე გეტყვით, რომ არჩევნების გაყალბება მაინცდამაინც საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების ჩაყრას არ გულისხმობს. არჩევნების გაყალბება არის ნებისმიერი ის გარემოება, როდესაც ამომრჩევლის მიერ მიცემული ხმების რაოდენობა საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილ ხმების რაოდენობას მნიშვნელოვნად არ ემთხვევა. დარღვევები წინასაარჩევნო პერიოდშიც სახეზეა, მიმდინარეობს ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების დარბევები, რეპრესიები, უზარმაზარი ფინანსური სანქციების დაკისრება და ა.შ. ამდენად, პოლიტიკურ პარტიებს შორის საარჩევნო კამპანიის წარმოებისთვის თანაბარი გარემო არ არის. აქედან გამომდინარე, ის, რომ არჩევნები გაყალბდება, ეჭვსაც არ იწვევს. რაც შეეხება მასობრივ აქციებს, მე არ მითქვამს, რომ მასობრივი გამოსვლები აუცილებლად იქნება, მე ვთქვი, რომ ეს აუცილებლად საჭირო გახდება. ეს საკითხი რა თქმა უნდა, დამოკიდებულია ძირითად ოპოზიციურ ძალაზე, „ქართულ ოცნებაზე“, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ საპროტესტო აქციებს მხარს არ უჭერს.
მე მხოლოდ ის ვთქვი, რომ არჩევნების გაყალბების შემდეგ აუცილებელი გახდება მასობრივი გამოსვლები, რადგან ძალიან მარტივად შეგვიძლია ვივარაუდოთ, ამის გარეშე რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ხელისუფლების სატელიტი ოპოზიციური პარტიები. ისინი გააკეთებენ ზუსტად იგივეს, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე დღეს გააკეთეს, როდესაც გიგი უგულავას გამარჯვება მიულოცეს. ამის სანაცვლოდ კი ვიცე-სპიკერის და კომიტეტის თავმჯდომარეების პოსტები მიიღეს.
თქვენ ამბობთ, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში მასობრივი საპროტესტო აქციები გახდება საჭირო. ჩვენ მომსწრე ვართ არაერთი ასეთი გამოსვლებისა, მათ შორის ყველაზე ხანგრძლივი იყო 2009 წლის გაზაფხულზე გამართული სამთვიანი აქციები, რომელსაც არანაირი შედეგი მოჰყვა. დღეს შეიძლება, რომ აქციებმა რაიმე შედეგი გამოიღოს?
- რა თქმა უნდა, ამ ტიპის მასობრივი აქციები არანაირ შედეგს არ გამოიღებს. თქვენ იხსენებთ 2007-2009 წლის საპროტესტო აქციებს, თუმცა შეგვიძლია გავიხსენოთ 2003, ან თუნდაც 1990 წელი, როდესაც ამგვარმა აქციებმა შედეგი გამოიღო. ამიტომ, დავაზუსტებ, რომ უნდა გაიმართოს მასობრივი აქციები, რომლებსაც მოჰყვება ისეთი გადამწყვეტი ნაბიჯები, როგორიც გადაიდგა 1990 და 2003 წლებში.
ანუ თქვენ რევოლუციაზე საუბრობთ
- ნუ... როგორ არის იცით – როდესაც ასეთი პროცესი წარმატებით დასრულდება, შემდეგ ამას რევოლუციას უწოდებენ, ხოლო თუ წარუმატებლად დასრულდება, მაშინ - არეულობას.
უკანასკნელ დღეებში საქართველოს ხელისუფლების მისამართით ევროსტრუქტურების წარმომადგენლების მხრიდან საკმაოდ მკვეთრი განცხადებები გაკეთდა, რამაც კონკრეტული შედეგები გამოიღო, მაგალითად „ქართულ ოცნებაში“ შემავალ პოლიტიკური პარტიების საბანკო ანგარიშებიდან ხელისუფლებამ ინკასო მოსხნა, ასევე კოალიციის ოფისის წინ არსებული ღობის დემონტაჟიც განხორციელდა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დასავლეთი სააკაშვილს არჩევნების გაყალბების საშუალებას არ მისცემს. ამასთან დაკავშირებით როგორია თქვენი მოსაზრება?
- ზუსტად ასეთივე მოლოდინი იყო ხოლმე საქართველოში ყველა წინა არჩევნებზე, მაგრამ ეს მოლოდინი არც ერთხელ არ გამართლდა. რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით, რომ არჩევნებისთვის ევროპელი დამკვირვებლები ჩამოდიან, მაგრამ ახლა ჩვენ ისეთ მდომარეობაში ვართ - „წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო.“ საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლის ასგვერდიან მოხსენებაში რაღაც ორი ისეთი სიტყვა იყო, რასაც ოპოზიციური ტელეარხები მთელი დღე ატრიალებდნენ. სამწუხაროდ, არავინ საუბრობს, თუ რა იყო ამ მოხსენების ძირითადი შინაარსი და მხოლოდ ის რაღაც ერთი ეპითეტი აიტაცა ყველამ. სამწუხაროდ, ეს მოხსენება ხელისუფლების მიმართ კრიტიკული არ ყოფილა. გაკრიტიკებული იყო მხოლოდ ფინანსური სანქციების საკითხი, თუმცა ესეც პროგრესია, რადგან ადრე ასეთ კრიტიკასაც კი არ ჰქონდა ადგილი. თუ ეს ტენდენციად იქცა, ამას შედეგები ექნება. თუ ამას არანაირი შედეგი არ მოჰყვა, მაშინ თავისუფლად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ამ განცხადებების იგნორირებას მოახდენს.
თქვენი მოსაზრება გასაგებია, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან, როგორ ხედავთ, შეცვლილია თუ არა საქართველოს ხელისუფლების მიმართ დასავლეთის დამოკიდებულება?
- დასავლეთის დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლების მიმართ შეიცვალა 2007-2008 წლებში და მას შემდეგ საქართველოს ხელისუფლების რეპუტაცია დასავლეთისთვის მისაღები არ არის. თუმცა მსოფლიოში უამრავი რეჟიმი არსებობს, რომელთა რეპუტაცია უფრო დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის, მაგრამ დასავლეთი მათ არა მხოლოდ არ აკრიტიკებს, არამედ მათთან აქტიურად თანამშრომლობს კიდეც. მაგალითად, არავის აქვს ილუზია, რომ საუდის არაბეთში, ბირმაში, ბაჰრეინში (ან სხვა უამრავი ქვეყანა შემიძლია კიდევ ჩამოგითვალოთ) დემოკრატია ყვავის, მაგრამ დასავლეთი ამ რეჟიმებს არ აკრიტიკებს, რადგან ეს ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ ინტერესებში ჯდება. საერთოდ, მიმაჩნია, რომ პოლიტიკაზე საუბრისას ტერმინი „დასავლეთიც“ ნელ-ნელა ხმარებიდან უნდა ამოვიღოთ, რადგან პოლიტიკური თვალსაზრისით ევროპა და ამერიკა ორი აბსოლუტურად განსხვავებული სამყაროა. ევროპა, რა თქმა უნდა, ყოველთვის უფრო ობიექტური იქნება პოლიტიკური პროცესების მიმართ, ხოლო ამერიკა, როგორც თანამედროვე იმპერია, თავისი სტრატეგიული ინტერესებით იხელმძღვანელებს.
საქართველოზე რომ არ ჩავიციკლოთ, ავღანეთის მაგალითს მოგიყვანთ. როდესაც ავღანეთში პრეზიდენტ კარზაის მეორე ვადით არჩევნები ჩატარდა, იქ ევროპელი დამკვირვებლების დამოკიდებულება უკიდურესად კრიტიკული იყო. მათ პირდაპირ თქვეს, რომ კარზაიმ არჩევნები გააყალბა და ეს კონფლიქტი იმდენად მწვავე იყო, რომ კარზაიმ რამდენიმე ევროპელი დამკვირვებელი საკუთარი ხელით სცემა. ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია კი იყო ასეთი - საერთოდ არ გვაინტერესებს კარზაიმ რამდენი ბიულეტენი ჩაყარა საარჩევნო ყუთებში იმ დროს, როდესაც იგი თალიბანთან და ალ-ქაიდასთან ბრძოლაში გვეხმარება. ეს არის პრინციპები, რასაც თანამედროვე რეალური პოლიტიკა ეფუძნება. ამიტომ ძალიან კარგია, რომ ევროპელი დამკვირვებლები საქართველოსთან მიმართებაში ხანდახან მაინც რაღაცას გაახმოვანებენ ხოლმე, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ სანამ საქართველო ამერიკის კლანჭებს თავს არ დააღწევს, მანამდე არ უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ საქართველოში თავისუფალი არჩევნები ჩატარდება. როგორც საბჭოთა კავშირში არა არჩევნების, არამედ ცეკა-ს დირექტივებით წყდებოდა საქართველოს მომავალი ცეკა-ს პირველი მდივნის ბედი, ასევე ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ სანამ საქართველოში ამერიკის კოლონიური ადმინისტრაცია დამხობილი არ იქნება, მანამდე არჩევნები არის ფორმალობა და რეალურ გადაწყვეტილებებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში ღებულობენ.
თქვენი აზრით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში ჯერ ისევ, ასე ვთქვათ, აწყობთ სააკაშვილი?
- ეს ძალიან კარგად ჩანს NDI-ს და IRI-ს კვლევებში. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოახერხა ის, რომ კაგებე-სგან განსხვავებით ცივილური მეთოდებით ისწავლა იმპერიული დირექტოვების გაცემა. თუ ადრე კაგებე-ს მაღალჩინოსნები თავიანთ დირექტოვებს ძალიან უხეში მეთოდებით ავრცელებდნენ, ახლა ამერიკის შეერთებული შტატები ამას „საზოგადოებრივი აზრის კვლევას“ უწოდებს, რასაც აბსოლუტურად იდენტური დატვირთვა აქვს.
უკანასკნელ პერიოდში საქართველოში არსებობს მოსაზრება, რომ თუკი მიხეილ სააკაშვილი იგრძნობს, რომ მის ხელისუფლებაში ყოფნას საფრთხე დაემუქრება, შესაძლოა იგი რაიმე სამხედრო პროვოკაციაზე წავიდეს. ამ მოსაზრებას უფრო აძლიერებს ნინო ბურჯანაძის ბოლოდროინელი განცხადება, როდესაც იგი საუბრობდა 2008 წელს სააკაშვილის განზრახვაზე, დაეწყო აფხაზეთთან ომი. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია პრეზიდენტისგან ამგვარ რადიკალურ ნაბიჯებს, ანუ სამხედრო პროვოკაციას ველოდოთ?
- კი. სააკაშვილი არის ავანტიურისტი და კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მთელი მისი მოტივაცია ხელისუფლების შენარჩუნებაა და ეს ხელისუფლება რა ტერიტორიაზე და რა საზღვრებში იქნება, მისთვის აბსოლუტურად მეათეხარისხოვანია. მთავარია, რომ არსებობდეს ნარკოტრაფიკისთვის საჭირო ტრასა, იარაღით ვაჭრობისთვის საჭირო ტერიტორია და ფულის გათეთრებისთვის საჭირო სივრცე. საქართველო დღეს არის უამრავი არალეგალრი ოპერაციებით დატვირთული კრიმინალური ზონა. სწორედ ეს არის გადამწყვეტი და არა ის, იქნება თუ არ იქნება საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთი, ან სამხრეთ ოსეთი.
დაბოლოს, თქვენ განაცხადეთ, რომ არ აპირებთ ფსევდოოპოზიციის მსგავსად ხელისუფლებას არჩევნებში გამარჯვება მიულოცოთ. იქნებ დაგვიკონკრეტოთ, რას გულისხმობთ?
- ჩვენ გამოვალთ, არჩევნებს მივცემთ ადექვატურ შეფასებას და ხალხს რეჟიმის წინააღმდეგ მასობრივი აქციების გამართვისკენ მოვუწოდებთ. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი: ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს აქციები არ იქნება მასობრივი, თუ ამ პროცესს „ქართული ოცნება“ არ შემოუერთდება.
„ქართული ოცნების“ წევრები აცხადებენ, რომ ხელისუფლების შეცვლას მხოლოდ არჩევნების გზით აპირებენ და როგორ ფიქრობთ, ისინი წამოვლენ მასობრივ აქციებზე?
- ვერ გეტყვით, ალბათ უმჯობესია, ამ კითხვას მათ თავად გასცენ პასუხი. კოალიციის ერთ-ერთ წარმომადგენელს, ზაქარია ქუცნაშვილს პირდაპირ ეთერში დავუსვი ეს შეკითხვა, რას მოიმოქმედებენ ისინი არჩევნების გაყალბების შემთხვევაში და მან მიპასუხა, რომ სასამართლოში სარჩელს შეიტანენ. ჯერ-ჯერობით ამ საკითხზე კოალიციის სხვა ლიდერის მოსაზრება მე არ მომისმენია.