„ქართული ოცნების“ ლიდერები ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა დახურულ ფორმატში ერთ საათს გაგრძელდა. შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ მხრიდან ირაკლი ალასანია, ვიქტორ დოლიძე, დავით ზანკალიანი და ალექსი პეტრიაშვილი იმყოფებოდნენ. სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ირაკლი ალასანიამ კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათ დეტალური საუბარი ჰქონდათ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან და ისინი ყველა მიმდინარე საკითხის შესახებ საქმის კურსში ჩააყენეს.
„ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ წინასაარჩევნოდ რეგიონებსა და დედაქალაქში შექმნილ ვითარებაზე, ვისაუბრეთ იმ ჯარიმებსა და ფინანსურ ზეწოლაზე, რომელსაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ იყენებს. ვისაუბრეთ პოლიტიკური ნიშნით დაკავება-დაპატიმრებებზე. გარდა ამისა, შეხვედრისას ტელეკომპანია „მაესტროს“ მიერ გადაღებული იმ ვიდეო-მასალის თაობაზეც ვისაუბრეთ, რომელზეც ასახულია, თუ როგორ ამზადებს პოლიცია სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულ პირებს. ჩვენ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიას შესაბამისი მასალები გადავეცით და მივიღეთ დაპირება, რომ მას დიდი ყურადღებით შეისწავლიან და მოახდენენ რეაგირებას“, - განუცხადა ჟურნალისტებს ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ ეუთომ საქართველოში საარჩევნო სადამკვირვებლო მისია 22 აგვისტოს დააფუძნა. მისიას ნიკოლაი ვულჩანოვი ხელმძღვანელობს და იგი 15 საერთაშორისო ექსპერტისა და ქვეყნის მასშტაბით განაწილებული 28 გრძელვადიანი დამკვირვებლისგან შედგება. ამასთანავე, მისიის ფარგლებში საქართველოში ჩამოვა 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი, რომელიც საარჩევნო დღის მიმდინარეობას და ხმების დათვლის პროცესს დააკვირდება.
„ქართული ოცნების“ ლიდერებისა და მისიის ხელმძღვანელობას შორის შეხვედრის თაობაზე for.ge-ს კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, ალექსი პეტრიაშვილი ესაუბრება.
ალექსი პეტრიაშვილი: „პირველ რიგში, გეტყვით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები უკვე ჩამოდიან საქართველოში. ეუთოს სადამკვირვებლო მისიას განსაკუთრებული მნიშვენლობა ენიჭება. ამ დღეების განმავლობაში ჩვენ სხვადასხვა მისიების ხელმძღვანელებს შევხვდით. მათ შორის უმნიშვნელოვანესი იყო ეუთოს საპარლამენტო მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრა. ამჯერად კი შეხვედრა გვქონდა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან, ბატონ ვულჩანოვთან. ჩვენ მას ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო მდგომარეობის შესახებ ჩვენეული ხედვა გავაცანით.
უნდა აღინიშნოს, რომ ბატონი ვულჩანოვის მისიაში, რომელიც უკვე ჩამოვიდა, არიან ექსპერტები, რომლებიც კონკრეტულად პარტიების დაფინანსების საკითხებთან დაკავშირებით მუშაობენ, ასევე არიან ექსპერტები, რომლებიც სხვა პარტიული საკითხების შესწავლის კუთხით მუშაობენ და ზოგადად ამ კუთხით აფასებენ წინასაარჩევნო გარემოს. ჩვენი მხრიდან ირაკლი ალასანიამ მათ ინფორმაცია მიაწოდა ყველა იმ დარღვევების შესახებ, რასაც ჩვენს ქვეყანაში აქვს ადგილი და რასთან დაკავშირებითაც საერთაშორისო თანამეგობრობა უკვე საკმაოდ მძაფრად რეაგირებს. ასევე ეუთოს სადამკვირვებლო მისიას გადავეცით დოკუმენტური მასალებიც იმის საილუსტრაციოდ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში როგორ გააქტიურდა ხელისუფლება ამ მიმართულებით და გამოვთქვით იმედი, რომ ეს თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება და მისიაც ყველა აქტუალურ საკითხზე ასევე მძაფრ რეაგირებას მოახდენს.
დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც ჩვენ შევხვდით, იყო ოთხი ადამიანი, მათ შორის თავად მისიის ხელმძღვანელი ბატონი ვილჩანოვი, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ მომავალი კვირიდან უკვე ეუთოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია ჩამოვა და იქნება საკმაოდ მრავალრიცხოვანი შემადგენლობა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან საკმაოდ მკაცრი განცხადებები გაკეთდა, რასაც საქართველოს ხელისუფლების გაღიზიანებაც მოჰყვა. საერთოდ, რამდენად ხშირია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების მხრიდან ამგვარი შეფასებები?
- საერთოდ, მე არ მიყვარს გადაჭარბებით საუბარი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ტიპის წარმომადგენლების მხრიდან ამგვარი განცხადებები გაკეთდა. მინდა გითხრათ, ამან კონკრეტული შედეგი გამოიღო. ისეთმა ორგანიზაციამ, როგორიც ნათია მოგელაძის უწყებაა, ჩვენს აქტივისტებთან მიმართებაში, ჩვენს პარტიულ საბანკო ანგარიშებთან მიმართებაში, რეალურად უკან დახევა დაიწყო. ამასთანავე, მოგეხსენებათ, თვეების განმავლობაში ჩვენი ცენტრალური ოფისი თბილისის მერიის მიერ ბლოკირებული იყო და პრაქტიკულად ჩვენი ოფისის ნაწილი გაურკვეველი კომპანიის მიერ იყო ოკუპირებული, რაზეც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა დაუყოვნებლივ მოახდინეს რეაგირება და ამას მაშინვე შედეგი მოჰყვა. ამიტომაც ამგვარი ორგანიზაციების წარმომადგენლების რეაქციებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, რათა ხელისუფლება დროზე მოაქციონ ჩარჩოებში და არჩევნები ნორმალურ, მშვიდ გარემოში ჩატარდეს. ხაზს ვუსვამ, აქ საუბარი არ არის თანასწორ და სამართლიან გარემოზე, რადგან ეს პირობები უკვე დიდი ხანია ყველანაირად დაირღვა. დარღვევის ფაქტები უამრავია და მათი დიდი ნაწილი ეუთოს სადამკვირვებლო მისიას მივაწოდეთ და მომავალშიც ინფორმაციების ურთერთგაცვლაზე შევთანხმდით.
აქვე მინდა აღვნიშნო, ხელისუფლება იმდენად აგონიულ მდგომარეობაშია, რომ უკვე ისეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციაზეც კი, როგორიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაა, ამბობს, თითქოს მისი წარმომადგენლები „ქართულმა ოცნებამ“ მოისყიდა, რომ ისინი „ქართული ოცნების“ ლობისტებმა შეცდომაში შეიყვანეს და ა.შ. ეს არის ევროპის საბჭოსა და ეუთოს შემადგენლობაში მყოფი რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლებისგან შემდგარი მისიები, რომლებიც ასე ცალმხრივად მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით არანაირ შეფასებებს არ აკეთებენ. ამიტომ, საქართველოს ხელისუფლებისთვის ეს ძალიან სერიოზული ნიშანი იქნება, ხოლო თუ ეს არ იმუშავებს, დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო თანამეგობრობა მთელს ამ პერიოდში, ანუ არჩევნებამდე და არჩევნების დღის ჩათვლით, ძალიან პრინციპული იქნება.
ბატონო ალექსი, უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ არაერთხელ გავხდით მოწმე იმისა, რომ აშკარად გაყალბებული არჩევნები ჩვენს ხელისუფლებას დასავლეთმა „გაუპრავა“. როგორ ფიქრობთ, ამჯერადაც ხომ არ ვდგავართ იგივე საფრთხის წინაშე?
- ეს აღარ მოხდება. ასეთი განცხადებები იყო ყველაზე მკაფიო ნიშანი და დადასტურება იმისა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არაფერზე თვალის დახუჭვას არ აპირებს. აქვე უნდა ითქვას, რომ პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესშია, რომ ხელისუფლების ცვლილება არჩევნების გზით მოხდეს. საქართველომ ეს ტესტი უნდა ჩააბაროს და არავინ მისცემს სააკაშვილის ხელისუფლებას იმის უფლებას, რომ მან ეს გამოცდა ჩაშალოს, ან ვერ ჩააბაროს. ამიტომაც, მათთვის უმჯობესია ემზადონ იმ შედეგისთვის, რაც აუცილებლად დადგება და ეს არის პირველ ოქტომბერს ხელისუფლების შეცვლა.
დასავლეთის დამოკიდებულება სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ შეცვლილია და ამას ძალიან მკაფიო და მძაფრ განცხადებებში კიდევ ბევრჯერ დავინახავთ.