თუ ვაჟაობა პარტიული ღონისძიება გახდება, ეს ვაჟას დაცინვა იქნება

თუ ვაჟაობა პარტიული ღონისძიება გახდება, ეს ვაჟას დაცინვა იქნება

ვაჟა-ფშაველას შთამომავლის ლელა რაზიკაშვილის სამსახურიდან გთავისუფლების შემდეგ ხელისუფლებამ 25 აგვისტოს ვაჟაობის აღნიშვნა გადაწყვიტა. საინტერესოა, რა მოტივით შეარჩიეს 25 აგვისტო ვაჟაობის თარიღად, მაშინ, როცა 25 აგვისტოს არანაირად არ უკავშირდება ვაჟა-ფშაველას სახელი?! 14 ივლისს, ვაჟას დაბადების დღეს, ოფიციოზმა ვაჟაობაზე ჩასვლა არ ისურვა და და ამ შეცდომის გამართლებას იმით შეეცადა, თითქოს ლელა რაზიკაშვილმა ისინი არ დაპატიჟა. სინამდვილეში, ლელა რაზიკაშვილის ვიდეორგოლები ტელევიზიაში ტრიალებდა და იგი ვაჟაობაზე დასწრების ყველა მსურველს უხმობდა. თუმცა 14 ივლისს ვაჟას დაბადების დღე მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს გაახსენდა. მოგვიანებით კი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერისა და ივანიშვილის ჩარგალში დაპატიჟებისთვის ხელისუფლებამ ლელა რაზიკაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლა.

რა თქმა უნდა, წინააღმდეგი არავინ არის, რომ წელიწადში არა მარტო ორჯერ, არამედ მრავალჯერაც გაიმართოს ვაჟაობის დღესასწაული, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამ ყველაფერს პოლიტიკური მოტივი დაედო ფონად, სიტუაცია ისე გამოიყურება, რომ ლელა რაზიკაშვილი სწორედ 25 აგვისტომდე მოიცილეს თავიდან, რათა, ალბათ, კვლავ არ განმეორებულიყო „შეცდომა“ და ახლანდელ ვაჟაობასაც, 14 ივლისის მსგავსად, ბიძინა ივანიშვილი არ შეერთებოდა.

სხვათა შორის, დუშეთის გამგებელმა ძველ თანამშრომლებს (რომლებმაც ლელა რაზიკაშვილის დათხოვნის შემდეგ სამსახურში დარჩენა აღარ ისურვეს) 25 აგვისტოს, ვაჟაობის ღონისძიების სამზადისისთვის, დახმარება სთხოვა. მართალია, ამ ადამიანებმა პროტესტის ნიშნად უკვე დატოვეს სახლ-მუზეუმი, მაგრამ იმის გამო, რომ მათთვის ვაჟა-ფშაველა სათაყვანო პოეტია, ამ ღონისძიების სამზადისს დათანხმდნენ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ორშაბათიდან ისინი ამავე სამსახურში დარჩებიან.

ხელისუფლების მიერ ლელა რაზიკაშვილის დათხოვნამ ვაჟა-ფშველას შთამომავლების ორ შტოს შორის დაპირისპირსპირება კიდევ უფრო გაამძაფრა. ცნობილია, რომ ვაჟას პირველ მეუღლესთან შეძენილი შვილის - ლევანის შთამომავალი გახლავთ ლელა რაზიკაშვილი, ხოლო ახალი დირექტორი თამარ რაზიკაშვილი ვაჟას მეორე მეუღლის - თამარის ხელში შეძენილი ვახტანგის შთამომავალია. ადგილობრივების განცხადებით, ვაჟას შვილების - ლევანისა და ვახტანგის შთამომავლები წაკამათდნენ, ამას მუზეუმის ახალ დირექტორსა და თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოჰყვა, რის შემდეგაც დირექტორმა მათ ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა და პოლიციით დაემუქრა.

For.ge ადგილობრივებს დაუკავშირდა. ლელა რაზიკაშვილის თქმით, მან ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 14 ივლისს ჩაატარა ვაჟა-ფშაველასადმი მიძღვნილი ღონისძიება, სადაც მთელი საქართველო მიიწვია. ამჯერად კი, ხელისუფლებას სურს, ისევე, გადაფაროს მის მიერ მოწყობილი ღონისძიება, როგორც ეს მოხდა ბეშუმში თუ დიდგორში.

„გადაწყვიტეს, პარტიული ღონისძიება ჩაატარონ. თუმცა მოხარული ვიქნები, თუ ვაჟა-ფშაველას დღესასწაულზე არ ამოვლენ პარტიული, წითელი მაისურებით. 14-ის გადასაფარად უნდოდათ ახლანდელი ვაჟაობის ჩატარება, არ სურდათ, მასპინძელი მე ვყოფილიყავი, ამიტომაც ჩემი გათავისუფლება იჩქარეს“, - განუცხადა For.ge-ს ლელა რაზიკაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლებამ ლელა რაზიკაშვილს ეროვნულ მუზეუმში ერთ-ერთი თანამდებობა შესთავაზა, მაგრამ ამ დაგვიანებულ შეთავაზებას ლელა რაზიკაშვილმა უარით უპასუხა.

„კულტურის სამინისტროს თურმე კი არ მოვუხსნივარ, არამედ ეროვნულ მუზეუმში გადავუყვანივარ, მაგრამ, რატომღაც, ეს შეთავაზება დააგვიანდათ,“ - აცხადებს ვაჟა-ფშველას შთამომავალი.

მისი თქმით, მას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ვაჟაობას არ დასწრებოდა.

„მე იქ არ მივიდოდი, რადგან სხვა საქმეებით ვარ დაკავებული, აურაცხელი პროექტი მაქვს, დაწყებული მიხა ხელაშვილთან დაკავშირებით, ჩემს რეპრესირებულ წინაპრებთან დაკავშირებით. მე ამ საქმიანობას გავაგრძელებ, ვერავინ ხელს ვერ შემიშლის და, რასაც ვაკეთებდი, ზუსტად იმავე ტემპში გაკეთდება ყველაფერი ვაჟას-ფშაველას საქველმოქმედო ფონდის მეშვეობით“.

ამასთან, ლელა რაზიკაშვილი მიიჩნევს, რომ მისი ყოფილი თანამშრომლები გმირები არიან და მათ არ სურთ ამ ფარსში მონაწილეობის მიღება. რაზიკაშვილის განმარტებით, პირადად იგი, ასე თუ ისე, საკუთარ თავს მიხედავს, მისმა ერთგულმა თანამშრომლებმა კი ბოლო ლუკმაზე, ბოლო ხელფასზე თქვეს უარი და უღირსი საქციელის პირობებში მუშაობას არ დათანხმდნენ.

რაც შეეხება 25 აგვისტოს დანიშნულ ვაჟაობას, ლელა რაზიკაშვილის თქმით, ეს ყოველთვის მოძრავი თარიღი იყო, რომელსაც მუზეუმი ადგენდა ხოლმე სახალხო დღესასწაულისთვის. თუმცა, ამჯერად, ყველაფერი მის გათავისუფლებას დაამთხვიეს.

„ჩვენ ერთხელ უკვე ჩავატარეთ საზეიმო ღონისძიება, მოვიწვიეთ მთელი ქვეყანა, ახლა მათაც იგივე გადაწყვიტეს, თანაც, ისე, რომ არ შემითანხმეს, მერე კი მომხსნეს. ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ ყოველთვის ეს იყო მწერლების ღონისძიება, მწერლების დღესასწაული, რომელიც აკრძალულ პერიოდში, კომუნისტების დროს, შიშისა და მუქარის მიუხედავად, მწერლებმა ძალით გაიტანეს. მათ იმდენი მოახერხეს, რომ ვაჟაობა სახალხო დღესასწაულად დამკვიდრდა. ამას კომუნისტების დროსაც კი მწერალთა კავშირი აკეთებდა და მწერლების ღონისძიება ერქვა. დღეს კი ძალიან დამწყდება გული, თუ ამას პარტიული ღონისძიება დაერქმევა. ეს ვაჟას დაცინვა იქნება“.

ამასთან, ლელა რაზიკაშვილი აცხადებს, რომ ბოლო დროს ხელისუფლება ვაჟაობის დღესასწაულს პიარისთვის იყენებს. მაგალითად, შარშან ეს თარიღი 24 სექტემბერს დაამთხვიეს, რადგან სამკილომეტრიანი გზა დააგეს და ამ გზის პრეზენტაცია უნდოდათ.

ჩვენ დავუკავშირდით დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურული მომსახურების მთავარ სპეციალისტს მაია ჭინჭარაულს. მან აღნიშნა, რომ, როგორც წესი, 14 ივლისს ვაჟას იუბილე ტარდება და ეს არანაირად არ ნიშნავს ვაჟაობას.

„იუბილე იუბილეა, ვაჟაობა კი სახალხო დღესასწაულია, რომელსაც ყოველთვის აწყობს მუნიციპალიტეტი და პირდაპირ მუნიციპალიტეტის მოვალეობაა სახალხო დღესასწაულის ჩატარება. ეს წლის დასაწყისშივე გაწერილია საბიუჯეტო ღონისძიებად და დაგეგმილი იყო 25 აგვისტოს. თვის დასაწყისში, 6-ში გვქონდა შატილობა, მოგვიანებით კი დაგეგმილია დუშეთობის ჩატარება. სახალხო დღესასწაულები სწორედ ასეთი განრიგითაა ჩაფიქრებული.“

შეკითხვაზე, რატომ გაათავისუფლეს ლელა რაზიკაშვილი მაინცდამაინც ამ ღონისძიებამდე, მაია ჭინარაული აცხადებს, რომ მას მუზეუმთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთების უფლება არ აქვს.  

„ჩვენი მოვალეობაა ღონისძიების ჩატარება. „ნაციონალები“ ჩვენ არ გვითანხმდებიან, ამოვლენ თუ არა, ისევე, როგორც არცერთი მოკვდავი არ გვითანხმდება, სახალხო დღესასწაულზე მოვა თუ არა. ლელა რაზიკაშვილის გადადგომა აქ არაფერ შუაშია. ვაჟაობა არის დღესასწაული და ყოველთვის უნდა აღინიშნოს, ყოველგვარი ფონის გარეშე. ლელა რაზიკაშვილის გადადგომა კი მუზეუმის პრობლემაა და ამ საკითხს,  ალბათ, მუზეუმი დაალაგებს“.

ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის ფონდის მცველი მანანა გოდერძაული ახალ დირექტორს ინტელექტს უწუნებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მან ძველ თანამშრომლებს სთხოვა, ნუ ჩამიშლით ვაჟაობას, მოდით, მერე დავსხდეთ და დავილაპარაკოთო.

„იქ ლევან რაზიკაშვილის შთამომავლებიც იყვნენ. ქალბატონი ცოტა ხმამაღლა ლაპარაკობდა და ამ დროს დამთვალიერებელი მოვიდა, სამი-ოთხი კაცი იყო. დირექტორმა გვითხრა, სკანდალს ნუ მიტეხავთ, გადით აქედან, თორემ პატრულს დავურეკავო. ეგ იყო და ეგ... ვაჟა-ფშაველა ჩვენი დიდი წინაპარია და, ღმერთო ჩემო, რაზეა საუბარი. პირადად მე თავდაყირა დავდგები, ვიმუშავებ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ვაჟაობა კარგად ჩატარდეს. ორშაბათიდან კი მე აქ აღარ მოვალ.

დარაჯი ალექსი ხუცურაულიც ასეთ პოზიციაზეა. 84 წლის კაცია, ისიც აღშფოთებულია, ალბათ, წავალო. ამასვე ამბობს ზედამხედველი მარიამ რაზიკაშვილი. გარდა ამისა, მუზეუმში ორი ქალბატონია, ისინი მოხუცები არიან, საკმაოდ შეჭირვებულები და ხელფასს ინაწილებენ, 65-65 ლარი გამოსდით. ამბობენ, რა ვქნათ, შვილო, აქედან რომ წავიდეთ, მშივრები დავრჩებით. „ამიტომ, შესაძლოა, მუზეუმში ისინი დარჩნენ“, - გვითხრა მანანა გოდერძაულმა.

მისი თქმით, ლელა მათთვის მარტო დირექტორი არ ყოფილა და იგი მათ ჭირსა და ლხინს იზიარებდა.

„ლელა ინტელექტუალური გოგოა, ამჟამინდელ ახალ დირექტორს კი მხოლოდ იმიტომ ამუშავებდა, რომ თამარ რაზიკაშვილს უჭირდა. ყველას საწყალი გვეგონა. თურმე ჩუმ-ჩუმელა ყოფილა, ჩადიოდა გამგეობაში. ახლაც, უბრალოდ, გამგეობის ხალხს დაჰპირდა, მთელი ჩემი ოჯახი ხმას მოგცემთო და ამიტომაც დანიშნეს დირექტორად. თორემ, საერთოდ, არანაირი განათლება არ აქვს, ლაპარაკიც კი არ იცის. ნეტავ, ბევრი ჟურნალისტი მოვიდეს და ალაპარაკონ. ვინც მოვიდა, ყველამ ნახა, რაც არის. თვითონვე მიხვდებით, მისი წინააღმდეგი რატომაც ვართ“, - აღნიშნა For.ge-სთან საუბრისას გოდერძაულმა.

მისი თქმით, ამ დღეებში ჩარგალს დუშეთის გამგეობიდან ეწვივნენ და მან პირდაპირ უთხრა, კი ბატონო, ჩავატაროთ ვაჟაობა, რაზეა ლაპარაკი, მაგრამ 14 ივლისს რატომ არ მობრძანდითო?! ამის საპასუხოდ გამგეობის წევრებმა თავი იმართლეს, ჩვენ არავინ შეგვატყობინა, არ დაგვპატიჟა ლელამო. მანანა გოდერძაული კი მიიჩნევს, რომ რა დაპატიჟება უნდოდათ, როცა ვაჟას დაბადების დღე, 14 ივლისი, ყველა ადგილობრივმა კარგად იცის.

„პოლიტიკური ფონი დაედო ამას, რადგან ბატონი ბიძინა ივანიშვილი ამოვიდა 14 ივლისს და, ეტყობა, ისინი აღარ მოვიდნენ“, - აღნიშნა მანანა გოდერძაულმა.

მისი თქმით, ვაჟა-ფშაველას შვილის, 1924 წელს დახვრეტილი ლევან რაზიკაშვილის შთამომავალი ნინო რაზიკაშვილი ახლაც ჩარგალშია და მუზეუმის ზემოთ არსებულ სახლში ცხოვრობს. მართალია, ნინო რაზიკაშვილი მუდმივად გორში ცხოვრობს, მაგრამ სახლი ჩარგალშიც აქვს და მთელი ზაფხული აქ არის.

„მუზეუმის გვერდით ხევი ჩამოდის და იმის ნაპირას აქვს სახლი. ჭიჭახელას ვეძახით, ვაჟას ძალიან უყვარდა ეს პატარა ხევი. მოგეხსენებათ, ვაჟას პირველი მეუღლე ეკატერინე ნებიერიძე რომ გარდაეცვალა, მისგან ჰყავდა ლევანი და სამი ქალიშვილი, სწორედ ლევანის შთამომავალია ნინო. სხვათა შორის, „იას უთხარით ტურფასა“ ვაჟამ სწორედ პირველ მეუღლეს მიუძღვნა. ვახტანგი კი მეორე ცოლთან - თამარ დიდებაშვილთან გაუჩნდა. ცოტა კონფლიქტი აქვთ ამ ორი მეუღლის შთამომავლებს. ეს თვითონ იციან, ახლა არავინ იცის სიმართლე. ეს მათი შიდა ოჯახობრივი საკითხია“.