ქართული ოპოზიცია, რომელსაც ხელისუფლება ავიწროვებს

ქართული ოპოზიცია, რომელსაც ხელისუფლება ავიწროვებს

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ხელისუფლება „ქართული ოცნებისთვის“ საარსებო წყაროს გადაკეტვას ცდილობს

ეს დახმარებისკენ მოწოდებაა, რომელიც საკმაოდ უცნაურად ჟღერს: ქართულ ოპოზიციას, რომელიც 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დაუპირისპირდება „კამპანიის წარმოების, მოსახლეობასთან შეხვედრების ორგანიზების, სააგიტაციო მასალის დაბეჭდვისა და სოფლიდან და სოფელში გადაადგილებისთვისაც კი, ფული აღარ აქვს“.

ოპოზიციის ლიდერს გაკოტრება არ ემუქრება. ბიძინა ივანიშვილის ქონება, Forbes-ის შეფასებით 5 მილიარდ ევროზე მეტია, რაც საქართველოს წლიურ ბიუჯეტს აჭარბებს. მაგრამ მისი ამ უზარმაზარი რესურსების პოლიტიკური ამბიციებისთვის გამოყენება, როგორც ჩანს, ივანიშვილს პრობლემად ექცა.

ფინანსური ბრძოლის ბოლო ეპიზოდი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი მისი ყველაზე სერიოზული მეტოქის წინააღმდეგ აწარმოებს, 17 აგვისტოთი თარიღდება. სახელმწიფო სამსახურებმა ივანიშვილის კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ გაერთიანებული პარტიების საბანკო ანგარიშების დაყადაღება დაიწყეს. ივნისის თვიდან, კოალიციის ორ მთავარ ლიდერს – ბიძინა ივანიშვილს და ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელ კახა კალაძეს, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ბრალდებით ათობით მილიონი ევროს ჯარიმები დააკისრეს. მიზეზი, მილიარდერის საბანკო ანგარიშებიდან კოალიციაში შემავალი პარტიების ანგარიშებზე თანხების გადარიცხვაა, ასევე ათასობით ქართული ოჯახისთვის თანამგზავრული თეფშების დარიგება (მის საინფორმაციო არხ TV9-ზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით) და კოალიციის წევრებისთვის საავტომობილო მომსახურების შეღავათიან ფასებში გაწევა.

ამ ორი ადამიანისთვის, მათი პარტიებისა და ამ პარტიების სხვა შემომწირველებისთვის დაკისრებული ჯარიმების საერთო ოდენობამ 100 მილიონ ევროს მიაღწია. ოპოზიციამ ჯარიმის ამ ოდენობის გადახდაზე უარი განაცხადა. ხელისუფლებამ კოალიციის აქტივები დააყადაღა.

ბრძოლამ სასამართლოებსა და ორივე ბანაკის ექსპერტთა ბიუროებში გადაინაცვლა. ოპოზიცია ხელისუფლებას მის წინააღმდეგ „საბჭოთა მეთოდების“ გამოყენებაში ადანაშაულებს და იმუქრება, რომ ასეთ პირობებში 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ივლისის დასაწყისში ევროკავშირმა „შეშფოთება“ გამოთქვა, იმის გამო, რომ ხელისუფლება კანონს „ცალმხრივად“ იყენებს და საარჩევნო პროცესში ივანიშვილის „მონაწილეობის შეზღუდვას ცდილობს“. თბილისის ერთგულმა მოკავშირემ, შეერთებულმა შტატებმაც გააკეთა განცხადება, რომ ის ყურადღებით „დააკვირდება“ არჩევნების მიმდინარეობას.

თითქოს ამაში არაფერია განსაკუთრებული ქვეყნისთვის, რომელიც მუდმივ საარჩევნო დავებსა და ხალხმრავალ მანიფესტაციებს არის მიჩვეული, მაგრამ ის თუ რა მოხდება შემოდგომაზე, ძალიან გაურკვეველია. საქმე ის არის, შეძლებს თუ არა საქართველო მისი პოლიტიკური სისტემის მოწიფულობის დამტკიცებას. თუკი სააკაშვილის 9 წლიანმა მმართველობამ (ის ხელისუფლებაში 2003 წლის „ვარდების რევოლუციით“ მოვიდა) რეგიონში უპრეცედენტო გამჭვირვალობა და ლიბერალიზაცია მოიტანა, ჯერჯერობით მაინც არანაირი გარანტია იმისა, რომ ქართული დემოკრატია საკმარისად მომწიფდა ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილებისთვის, არ არის“.

ეჭვებს აძლიერებს ისიც, რომ თავად სააკაშვილის მომავალი გაურკვეველია. პრეზიდენტს არ აქვს 2013 წელს მესამე ვადით კენჭისყრის უფლება, მაგრამ საეჭვოა, რომ იგი სცენიდან საბოლოოდ წავა. გარდა ამისა, მაშინ როდესაც რუსეთთან 2008 წლის ომის ტრამვა კვლავ ქართული პოლიტიკის საფუძველია, არსებობს საფრთხე, რომ სამართლებრივი კამპანიის კლიმატს ის სამხედრო მანევრები დაარღვევს, რომელსაც მოსკოვი კავკასიაში სექტემბერში გეგმავს.

მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, რომელიც მხარეებს საზოგადოებრივი კვლევების თანახმად აქვთ, როგორც ჩანს, სააკაშვილს სიმშვიდის საფუძველს არ აძლევს. აქამდე პრეზიდენტს, რომელსაც მუდმივად ავტორიტარულ მიდრეკილებებში ადანაშაულებდნენ, საქმე სუსტ და დანაწევრებულ ოპოზიციასთან ჰქონდა. 2011 წელს ივანიშვილის გამოჩენით სიტუაცია შეიცვალა.

ბიზნესმენი, რომელმაც საკუთარი ქონება რუსეთში 1990-იან წლებში დააგროვა და 2005 წელს საცხოვრებლად საქართველოში დაბრუნდა, მეტეორივით შეიჭრა ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტზე. მან სოფლებს საჩუქრები დაურიგა და მშობლიური ჭორვილა სამაგალითო ადგილად აქცია, ააშენა თანამედროვე უნივერსიტეტი და მუზუმი. ახლახანს, საკუთარი სტრატეგიაც გამოაქვეყნა, სადაც პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარება და უმუშევრობის წინააღმდეგ ბრძოლაა, რომელიც მოსახელობის 30% მოიცავს.

ხელისუფლება, რომელიც თავდაპირველად ივანიშვილის დისკრედიტაციით კმაყოფილდებოდა, მას მოსკოვის ინტერესების გამტარებელ ოლიგარქად წარმოაჩენდა და მოქალაქეობაც კი ჩამოართვა, იძულებული გახდა მისთვის მიებაძა. შუა ზაფხულში, თბილისმა მასობრივი საოციალური პროგრამის ამოქმედების შესახებ განაცხადა. თუმცა კლიმატი კვლავ სახიფათოა. ორშაბათს, საღამოს, თბილისში ერთ-ერთ შეხვედრაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოწინააღმდეგის „პოსტსაარჩევნო განზრახვებზე“ ისაუბრა და აუდიტორიას „მტრის უწმინდური ხელებისგან“ თავდაცვისკენ მოუწოდა.
foreignpress.ge