ქართული არჩევნები

ქართული არჩევნები

დემოკრატიულმა დამკირვებლებმა ევროპიდან მიაღწიეს იმას, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებულ მწვავე ბრძოლაში საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს შორის, დროებით ცეცხლი შეწყდა. თუმცა ეს შემდეგ კითხვას აჩენს: ითამაშებს თუ არა თბილისის წუხილი საკუთარ საერთაშორისო იმიჯზე შესაბამის როლს ქვეყანაში პირველ ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების საქმეში.

იმ დღიდან, რაც შარშან ივანიშვილმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ომი გამოუცხადა და ექვსპარტიული კოალიცია „ქართული ოცნება“ ჩამოაყალიბა, სახელმწიფო აუდიტორები მილიარდერს და მის პოლიტიკურ თანამებრძოლებს ჯარიმას ჯარიმაზე აკისრებენ თითქოსდა წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევის გამო. ადგილობრივმა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა არაერთხელ დააყენეს ეჭქვეშ ამ ფინანსური ჯარიმების კანონიერება, თუმცა ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ „ბიძინა“ (მას აქ ასე ეძახიან) ელექტორატს ყიდულობს და გამოუსწორებელი კანონდამრღვევია.

და ამ დროს, დედაქალაქში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. შეიძლება ეს დამთხვევად მივიჩნიოთ, მაგრამ სწორედ იმ დროს, როდესაც PACE-ს წარმომადგენლებმა, რომლებიც საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიის დემოკრატიულობის ხარისხის შეფასებისთვის ჩამოვიდნენ, აღნიშნული ჯარიმების კანონიერება ეჭქვეშ დააყენეს, აუდიტორებმა ერთ-ერთი ასეთი ჯარიმის აღსრულება გადაავადეს.

განმარტებით ბარათში იუსტიციის სამინისტრომ წაილუღლუღა, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი თითქოს სხვა სახელმწიფო სააგენტოებთან და უწყებებთან კონსულტაციები იყო.

არ არის დაზუსტებული ის, თუ რა ვადით „გადაიდო“ ჯარიმის აღსრულება, მაგრამ დიდი შანსია, რომ ასეთი სიტუაცია გაგრძელდება მანამ, სანამ დასავლელი დამკვირვებლები ყურადღებით დააკვირდებიან წინასაარჩევნო კამპანიას.

თბილისი, რომელმაც გადაწყვიტა პოზიციების განმტკიცება საერთაშორისო არენაზე, ცდილობს არჩევნების დროს სახე არ დაკარგოს. ივანიშვილის კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ ფინანსური დაპირისპირების ირგვლივ გაჩაღებული სკანდალი (რასაც ივანიშვილის პრესსამსახური ენერგიულად აშუქებს შეერთებულ შტატებში) აშკარად ის პიარია, რომელიც ხელს უწყობს ჭორაობას ვაშნგტონთან ან ბრიუსელთან.

[უნდა ითქვას, რომ იმიჯის საკითხები ივანიშვილის გუნდსაც სერიოზულად აღელვებს. როგორც EurasiaNet.org-ს კოალიციის ერთ-ერთმა პიარმენეჯერმა მოსწერა, აუდიტორების მიერ „ქართული ოცნების“ ანგარიშების დაყადაღება იმას ნიშნავს, რომ კოალიციას „წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ღონისძიებების გამართვისთვის ფული აღარ აქვს“ - განცხადება, რომელიც არ ემთხვევა კოალიციის მიერ გაცხადებულ გეგმას, რომ ის არჩევნების წინა დღეს თბილისის ცენტრში შემაჯამებელი მიტინგს მართავს].

დავუშვათ, რომ პიარი და პოლიტიკა ყოველთვის ფეხდაფეხ მიჰყვებიან ერთმანეთს, მაგრამ მათ, ვინც დიდი ხანია თვალს ადევნებს პოლიტიკურ რეფორმებს საქართველოში, შეიძლება იკითხონ, რა უფრო სჭარბობს ამ წინასაარჩევნო კამპანიაში: პრინციპები თუ პიარი?
foreignpress.ge